ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბოლო კვირა

იმიტომ რომ სხვა სათაური ვერ მოვიფიქრე და თან ძალიან მომწყინდა ამ დღიურების წერა

სექტემბრის ბოლო კვირაა. დღეები დამოკლდა, ღამეები გაიზარდა. დილაობით გრილა.

სექტემბრის ბოლო კვირა ყველაზე ნელა გავიდა. თუ მანამდე დღეების დამახსოვრებას ვერ ვასწრებდი, ეხლა საათები თითქოს არც გადიოდნენ.

ხუთშაბათი დაიწყო ჩაინათაუნში რესტორნების მიმოხილვით. გიდი, რომელიც გვიყვებოდა აქუარი ჩინური საჭმელის ისტორიას, ჯორჯიას მეძახდა. ჯორჯია, რამდენი დამფლინგი შევუკვეთო შენთვის? ერთ-ერთი დამფლინგი, ხინკლის ასლი იყო და გამახსენდა ტკბილი სამშობლო. ვიფიქრე ჩემს ახალ მეგობარს მოვუყვებოდი რომ ჩვენც გავქვს ზუსტად ესეთი საჭმელი, ხინკლას ვეძახით, პახმელიაზე ვჭამთ ხოლმე. მაგრამ აღარ მოვუყევი. დამეზარა. თან ცივ ომზე ვლაპარაკობდით. თვითონ სარაკეტო მეცნიერი იყო, ესე 80 წლის. ამიტომაც სალაპარაკო ბევრი გვქონდა, შეთქმულების თეორიები, პროპაგანდა, 60-იანი წლები, კენედი. კაი, კენედიზე არ გვილაპარაკია, მაგრამ წინადადება კარგად დაამთავრა კენედიმ, ამიტომ იყოს.

მეორე დღეს ისევ ჰარლემში წავედი. ჯაზის პატარა მუზეუმი ვნახე. კიდევ ტექსტების გამოფენა. ჰოდა ეს ჰარლემიმ ხო ყველას გაუგია, თითქმის, ვისაც ჯაზი და ამერიკა უყვარს იმათ მაინც. ჰოდა, აღმოსავლეთში როგორც ვეძახით ყავახანაში ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მალე ქრება ყველაფერი. როგორ მიყვება ადამიანებს უბნებიც, კაფეებიც, ადგილებიც. საკულტო ადგილები ისე ცვდება ბოლოს ტურისტების თვალებისგან და კამერებისგან, რომ მათგან მოხლოდ გაფერმკრთალებული ღია ბარათები რჩება.

ბოლო კვირის მესამე დღეც ჰარლემში გავატარე. ამჯერად სამკურნალო მცენარეების გასაცნობ ვორქშოფზე ერთ-ერთ ქომუნითიბაღში. 3 მცენარე გავიცანი, პირველის სახელი არ ვიცი ქართულად როგორაა, კალენდულა და ვარდი. პირველი ყველაზე ნაზი იყო, მეორე ოქროსფერი და უფრო ინტენსიური, ვარდი ლიმონით - მეწამული ფერის, უცნაური გემოთი. დალევ და ენიდან ვარდის შეგრძნება კიდევ დიდი ხანი არ ქრება. ვარდი სიყვარულის ჩაია და გულისთვის ყოფილა კარგი, კალენდულა - ენერგიის, პირველი - სიმშვიდის. ყველა ზუსტად იმეორებს გემოს, რისთვისაც არის.  ერთი ერთში. ბაღი აგურის კორპუსების შუაში იყო, ჰარლემის კიდეში. ადგილობრივი ბირჟავიკები განსაკუტრებით დაინტერესდნენ ვორქშოფით, როცა მათმა მეგობარმა ვოქრშოფიდან ამბავი მიუტანა - ჩაი ვიაგრა იღებაო. პირველი მცენარე - რომლის სახელიც არ მახსოვს - დამშვიდების გარდა, ბუნებრივი ვიაგრაც აღმოჩნდა. იმიტომ რომ, როგორც იამაიკელმა ჯადოქარმა ახსნა - სექსუალური ენერგია და სიმშვიდე და დასვენება ერთმანეთთან დიდ კავშირში არიანო. ამიტომაცაა, თურმე, მთელი ვოლსტრიტის 25-30 წლის ყმაწვილები ვიაგრაზე სხედან. იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ისვნებენ და ვერ მშვიდდებიან. ჰმ.

ჰარლემის მერე უბანში დავბრუნდი და სტრენდის წიგნების მაღაზიაში შევიარე - განრიგის მიხედვით. ნიუ იორკის ერთ-ერთი ძველი წიგნების მაღაზიაა. ღმერთო ჩემო. რომ გამოვედი, უკვე ბნელოდა. ყველაზე მეტად ეს ადგილი დამაკლდება. იმიტომ რომ გამახსენდა თბილისში ბიბლუსი და ძალიან დავსევდიანდი. მეორე სართულზე გავატარე ასი საათი, სადაც ხელოვნების, მოდის და არქიტექტურის განყოფილებაა. ვერ მივხვდი რომ მეყიდა ეს ყველა წიგნი თბილისში როგორ უნდა წამეღო. მოკლედ ბოლოს შევთანხმდით რომ ჩემი ჩემოდნის პერიმეტრზე რამდენი წიგნიც დაეტეოდა, მხოლოდ იმდენს ვიყიდდი. ნახევარი დეთუს კომიქსებმა დაიკავა, ნახევარი ჩემმა წიგნებმა. ბოლო სართულზე იშვიათი და საკოლექციო წიგნების საცავია.

დილით ცენტრალ პარკში უნდა წავსულიყავი ჩიტების საყურებლად და ვერ გავიღვიძე. დაძინებამდე იმდენი ვიფიქრე ჩიტებზე, რომ სიზმარში ვნახე. უცხო ქალაქი იყო, ფოთლებს მოლურჯო ფერი ჰქონდათ და ჩიტები, ზოგი ლურჯი, ზოგი ყვითელი, ზოგი მოვარდისფრო, ვერ გაიგებდი, ფოთლები იყვნენ, ყვავილები თუ ვარსკვლავები.

კვირას ვმოხალისეობდი ისთ ვილჯში, food not bombs- ში. უსახლკაროებისთვის ვამზადებდით საჭმელს და გიჟ აირიშს გადავეყარე. სანამ საჭმლის კეთებას დავიწყებდით, 15 წუთში ყველაფერი მომიყვა საკუთარი ახალგაზრდობის, ანარქისტობის, ჯადოსნური სოკოების, პროტესტების შესახებ. მეორე 15 წუთში, სანამ ბოსტნეულს ვჭრიდი, გამომკითხა ყველაფერი საქართველოზე და ჩემზე. იქნებ ვინმესთან მოაწერო ხელი და დარჩეო. მე ჩემი ცოლი ეგრე გავიცანი, ეკვადორიდან არის და ხელი მოვაწერეთ რომ დარჩენილიყო და მერე ერთმანეთი შეგვიყვარდაო. პასტა მოვამზადეთ, ბოსტნეულით, დიდ ქვაბში. ერთ ერთ პარკში მივიტანეთ და მაგიდა გავშალეთ. ეგრევე რიგი დადგა. ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა, აირიში წუწუნებდა, პლასმასის კოვზები და თეფშები რომ საშინელებაა ვერ გავაგებინე ვერავისო.

დასვენების დღეს სტივენი და ლიდია გავაცანი ერთმანეთს. კიდევ რას ვაკეთებდი, ვერც ვიხსენებ. მეორე დღეს, დილით ჯონ ფეკნერი ვნახე. ბრუკლინში ვიკატავეთ. მომიყვა როგორ დაიწყო ტექსტების კეთება, როგორ დასდევდნენ ძაღლები და როგორ შეიცვალა ეხლა ყველაფერი. 70 წლის იქნება. შეიძლება მეტისაც. და ეხლა მოუკვდა. 80 წლის იყოო. ჩემს არქივზე ვმუშაობო. როცა ბერდები, გიწევს წარსულ გადახედო და დაალაგოო. თავის წიგნი მაჩუქა, მე ვერცხლის დრო. ჯონ ფეკნერი არტისტია, ვინც 70 იანების ბოლოს ქუჩებში ტექსტების კეთება დაიწყო, ბებერი ხულიგანი. პირველად რომ ვნახე მისი ნამუშვრის ფოტო broken promises, ყველაფერი დავიკიდე რასაც მანამდე ვაკეთებდი და ტექსტების კეთება დავიწყე. მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი რომ მაშინ რომ მცოდნოდა რომ 10 წლის მერე ფეკნერის მანქანით ბრუკლინში ვიკატავებდი და იმ ადგილებს მაჩვენებდა, სადაც წლების წინ მისი ნამუშევრები იყო, გამოვყლევდებოდი. ბოლოს ვუთხარი რომ ისაა, ვის გამოც დავიწყე იმის კეთება რასაც ვაკეთებ, ჰოდა მემგონი კინაღამ ატირდა, მეც კინაღამ ავტირდი, ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობეთ და დავიშალეთ.

დანარჩენი დავალებები ერთმანეთს მიეწყო, სვირინგების მუზეუმი, რამდენიმე გამოფენა, ჰაერის იოგა ანუ იოგა ჰაერში, კომიქსების მაღაზიები, უცხოებთან ლაპარაკი ქუჩაში.

სამშაბათს აპექსარტში მივედი, ყველას დავემშვიდობე. შევთანხმდით რომ მალე შვხვდებით.

ბოლო კვირა დამთავრდა და დარჩა ბოლო დღე. ცარიელი, დავალებების გარეშე. ოქტომბრის დასაწყისის ერთ ერთი პირველი დღე.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა