ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბრექსიტის პიროსის გამარჯვება?

ცოტა ხნის წინ პრაღაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელთან საუბარი ევროკავშირის სკეპტიკოსებზე ჩამოვარდა: „დიახ, მე ევროკავშირის შენარჩუნების მომხრე ვარ...“, მითხრა მან. თუმცა, პატარა პაუზის შემდეგ, გააგრძელა: „მაგრამ, როდესაც ევროკავშირში შესვლას მივეცი ხმა, მე ჩვენნაირ ქვეყნებთან ერთიანობას დავუჭირე მხარი: ჰოლანდია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი... ამ ხალხებს ერთმანეთის გვესმის. ახლა კი ვეღარ ვხვდები, ვისია და როგორია ევროკავშირი. ამისთვის ხმა ნამდვილად არ მიმიცია“. ვფიქრობ, მისი ეს გულწრფელი დაბნეულობა კარგად ასახავს იმ გაორებას, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს:

ბევრი მოქალაქე ხედავს ევროკავშირის ისტორიულ წვლილს მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ წინსვლაში, მაგრამ ვეღარ ხედავს მას, როგორც მომავლისკენ მიმავალ მატარებელს.

ევროსკეპტიციზმი და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები დიდი ხანია ძალებს იკრებენ, როგორც ევროპის დამფუძნებელ ქვეყნებში, ისე მის შედარებით ახალ წევრებშიც. მათი გავლენის ზრდა რამდენიმე ფაქტორის კომბინაციას ეფუძნება: შრომითი მიგრაცია ევროკავშირის შიგნით; ეკონომიკური დაღმასვლა, პოლიტიკური ელიტებით უკმაყოფილება, კორუფცია; და ბრიუსელის, ანუ ევროკავშირის წარმოდგენა, როგორც არადემოკრატიული, ბიუროკრატიული ინსტიტუტისა, რომელიც ახალ კანონებს კი ქმნის, მაგრამ ანგარიშს არავის აბარებს. ბოლოდროინდელმა უპრეცედენტო მიგრაციულმა ტალღამ სირიიდან და ასევე, ევროპის შუაგულში მომხდარი ტერორისტული აქტების წყებამ დამატებითი საწვავი მისცა იმ მოძრაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ხალხებსა და სახელმწიფოებს დამოუკიდებლად უფრო შეუძლიათ გაუმკლავდნენ პრობლემებს და რომ მათთან ბრძოლაში ბრიუსელი დაბრკოლება უფროა, ვიდრე შესაძლებლობა. ისტორიული მოვლენების ერთობლიობამ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ სამეზობლოსა თუ თავად ამ ქვეყნების დედაქალაქებში ნოყიერი ნიადაგი შექმნა ბოლო დროის უდიდესი პოლიტიკური მიწისძვრისთვის ევროპაში.

ამ ტექტონურ მოვლენაში მხოლოდ ევროსკეპტიკოსთა დადანაშაულება არასწორია და არსებული მდგომარეობის გარკვევაში ხელს შეგვიშლის. შეცდომაა ყველა ევროსკეპტიკოსის მონათვლა უპასუხისმგებლო პოპულისტად. ევროპის მოქალაქეები ეძებენ ახალ გასაღებს ახალი პრობლემებისთვის და ბევრი მართლაც გულწრფელად ხედავს მეტ ეროვნულ სუვერენიტეტს, როგორც ახალ ან, უფრო სწორად, მივიწყებულ ძველ გამოსავალს.

„უფრო და უფრო მჭიდრო კავშირი“, ევროკავშირის ეს დევიზი სწორი მიზანი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ დრო შეიცვლა, გლობალიზაცია და ინტეგრაცია ვეღარ მუშაობს ყველასათვის – ასეთია ბევრი მათგანის პოლიტიკური გზავნილი.

ამიტომაც, ბრექსიტი გარკვეულწილად დემოკრატიული პოლიტიკური აჯანყებაცაა სტატუსკვოს წინააღმდეგ. მისი ინსპირაცია ის შიშები, გაუცხოება და სირთულეები იყო, რომლის ტალღაზეც, სამწუხაროდ, ოსტატურად იცურა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა კამპანიამ.

ეს რეფერენდუმი წარმატებაა სხვა ევროსკეპტიკური პარტიებისთვისაც, ჰოლანდიასა და საფრანგეთში საკმაოდ მაღალია ასეთივე რეფერენდუმის ალბათობა – მსგავსივე შედეგით.

ევროპისთვის ეს გამოცდის ეპოქაა. მას შეუძლებელი მისიის შესრულება მოუწევს: ერთი მხრივ, უნდა შეინარჩუნოს შიდა სტაბილურობა და ეკონომიკური წესრიგი, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა გააგრძელოს ისეთ საგარეო საფრთხეებთან გამკლავება, როგორიცაა მიგრაცია, ეკონომიკური სტაგნაცია, ახლო აღმოსავლეთის და სირიის კონფლიქტები, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა და უამრავი სხვა. ამ ამოცანას ისიც ართულებს, რომ საშინაო და საგარეო პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია და იზოლაციაში მათი გადაწყვეტა წარმოუდგენელი იქნება.

არის თუ არა ეს ევროკავშირის დასასრული? – ეს არის მთავარი კითხვა ამ ეტაპზე. ევროსკეპტიკოსებმა მოკლე ვადაში დიდ გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პიროსის გამარჯვებაა.

ბრიტანული ფუნტის დაცემა და ის ეკონომიკური სირთულეები, რომელიც ბრიტანეთს გრძელვადიანად თუ არა, ახლო მომავალში მაინც ელის; მისი შესაძლო დაშლა, რისი უბრალო პერსპექტივაც კი მის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ის ეკონომიკური შედეგები, რომელიც ბევრი ოჯახისათვის დადგება, ვფიქრობ, მრავალ ამომრჩეველს ჰოლანდიაში, საფრანგეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში უკეთ დააფიქრებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

ბოლო რამდენიმე დღეში ბრიტანეთში ახალი რეფერენდუმის მოთხოვნით სამ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხოლო ტვიტერში ახალი პოპულარული ჰეშთეგი: Regrexit-ი გამოჩნდა. შესაძლებელია, Brexit-ის გამარჯვება ევროსკეპტიკოსთა დასუსტების წინაპირობა გახდეს სხვაგან, რადგან სხვა ამომრჩევლები, სხვა ქვეყნებში ახლა უფრო მეტად გაიხსენებენ ერთ კარგ ინგლისურ გამოთქმას: „better safe than sorry“*. 

*სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო

ავტორი: ლევან ცუცქირიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა