ბურგერი არ არის კატლეტი
23.08.2018ბურგერი არ არის კატლეტი! ქართულ კულინარიულ სცენაზე ამ გაკვეთილის სწავლა, როგორც ჩანს, მზარეულებს, ჯერაც უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სულ უფრო მეტი საბურგერე ჩნდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ახლა მაინც იქნება შესაძლებელი ამ ქალაქში წესიერი ბურგერის ჭამა, ბევრი ასეთი რესტორნიდან მაინც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებით გამოდიხარ. სანამ გიამბობთ შთაბეჭდილებებზე, რაც ოთხი საბურგერე რესტორნიდან წამოვიღე, მოდი, ბურგერის რამდენიმე მთავარ წესზე შევთანხმდეთ:
კარგ ბურგერში ხორცი სწორი პროპორციით უნდა იყოს ცხიმიანი, რათა ხორცის ბურთი შეწვისას არ დაპატარავდეს და არ გამოშრეს.
კარგი ბურგერის პური არაფრის დიდებით არ უნდა იყოს სველი, არც ზედმეტად ტკბილი ან ფუნთუშასავით რბილი.
კარგი ბურგერი ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს შემწვარი, სასურველია მედიუმზე, ან medium rare-ზე (ბოლომდე შემწვარი ხორცი ბურგერის შეურაცხყოფაა და ასეთ მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული ხორცი ვისაც უყვარს, ის უბრალოდ თავს იტყუებს, რომ საერთოდ ხორცი უყვარს).
და რაც ყველაზე მთავარია: კარგ ბურგერს არც ზედმეტი შესუნელება უხდება – ესაა სწორედ ის ბოლო წესი, რაც ბურგერს კატლეტისგან ყველაზე მეტად განასხვავებს. კატლეტს სუნელებისა და სხვა ინგრედიენტების დამატება სჭირდება, ბურგერს კი ცოტა პილპილისა და გვარიანად მარილის მეტი არაფერი უნდა. კატლეტს ფორმის მიცემა და ხელისგულებით დიდხანნს გაბრტყელება სჭირდება, ბურგერი კი მაშინაა საუკეთესო, როცა მზარეულის ხელები ნაკლებად ეხება.
ასე რომ, ყველაზე რთული დასაჯერებელი ბურგერზე ისაა, თუ რა ცოტა სჭირდება მას იმისათვის, რომ კარგი იყოს. კრეატიულობა ხარისხს ვერ განსაზღვრავს – ბურგერში მთავარი შემოქმედებითი წვა არ არის.
აი, ამ წესების გათვალისწინებით ახლა უკვე შევაფასოთ თბილისის ყველაზე დაფასებული საბურგერეები.
#4 Burger House
პუშკინის ქ. #25
როგორც ტურისტულ სივრცეში განლაგებულ რესტორანს, ამ ადგილს ყველაზე მეტი რევიუ აქვს ონლაინ, მაგრამ მან ყველაზე მეტადაც გამიცრუა მოლოდინი. პატარა და მყუდრო რესტორანი კია, მკაფიოდ ჰიპსტერულ ესთეტიკაში გადაწყვეტილი დეკორით. თან ოფიციანტმა ისიც კი მკითხა, რა ტემპერატურაზე შევწვათ ხორციო, რამაც გულში იმედი ჩამისახა, მაგრამ მალევე ჩამოვყარე ყურები – მედიუმის ნაცვლად (რაც შევუკვეთე) ხორცი well done-ის დონეზე იყო შემწვარი. თან ამისთვის ზუსტად 26 წუთს ვიცდიდი, რაც, ვფიქრობ, მაინც გადაჭარბებული მოლოდინის დროა ბურგერისთვის. კარტოფილი თხლად იყო დაჭრილი და სუნელებითაც გემრიელად გაწყობილი, პურიც – გემრიელი და კარგად დაბრაწული, ფასიც – გონივრულობის ფარგლებში – 15 ლარზე ნაკლებად, ხარისხიან ბურგერს ბევრგან ვერსად შეჭამ ქალაქში. მომეწონა ისიც, რომ მინიბურგერიც იყო მენიუში, რაც ეღირებოდა 10 ლარი. თუმცა, თანხის დაზოგვა კატლეტივით ბურგერის საჭმელად არ ღირს. იმ დღეს, დავასკვენი, რომ რესტორნის არჩევაში ნაღდად შევცდი.
#3. Pipes
ვაშლოვანის ქ. #8 და ფაბრიკის ტერიტორიაზე
Pipes-ს ბევრი საუკეთესო საბურგერე რესტორნად მიიჩნევს ქალაქში. თუმცა, მოკლედ და კონკრეტულად – ეს არ არის მართალი. წლების განმავლობაში აქ შთამბეჭდავად იცვლებოდა მენიუ, მაგრამ ბოლო ვარიაციამ – ხორცის გუნდის შუაგულში ჩაყოლებული ყველით – ბურგერების მოყვარულებს გვაფიქრებინა, რომ ეს სიაფანდობაა და არა ბურგერი. იმ დღეს, როცა Pipes-ში ვჭამე, მენიუზე ასახული სამი სხვადასხვა სახის ბურგერი „აღარ ჰქონდათ“, რამაც უნებურად გამახსენა საბჭოური ყაიდის რესტორანი, რომლის მენიუც არარსებული კერძებით იყო გატენილი.
ხის პალეტების ესთეტიკით გაწყობილი ინდუსტრიული სტილის ინტერიერი Pipes-ში ისეთია, რომ გიბიძგებს – ჭამო და გარეთ გამოვარდე, მაგრამ მერე რა? შეხვედი, ჭამე, გამოხვედი, თანაც 20 ლარზე ნაკლებად – ასეთი განლაგებაც მშვენიერია ბურგერის მოყვარულისთვის. მოცდის დროც ნორმალურია – 16 წუთი, თუმცა, აქაც მომიტანეს ბოლომდე შემწვარი ბურგერი, ერთი ეგ იყო, ხორცის გუნდა კარგ, ხარისხიან პურში იდო, თუმცა, თვითონ ხორცი ზედმეტად იყო სუნელებით გაწყობილი და სულ მთლად კლავდა ხორცის ბუნებრივ გემოს, რაც ასე დასაფასებელია ბურგერში. ამ დროს კი, ირონიაა, რომ მსხვილად დაჭრილ კარტოფილის ფრის აკლდა სუნელიც და, შესაბამისად, გემოც.
#2. Burger Classico
ჭავჭავაძის გამზ. #40
ბევრი ნაკლის მიუხედავად, Burger Classico ჩემი ახალი საყვარელი საბურგერეა თბილისში. რაღა თქმა უნდა, ატმოსფერო აქაც ჰიპსტერულია, შიგადაშიგ, ჯემიროქუაის ჰანგებით გაჯერებული. შავი ხელთათმანიც ადგილზეა, პეწიანი მჭამელებისთვის, ხოლო ჭიქებს ნათურის ფორმა აქვს – მეტი ესთეტიკისთვის, მაგრამ დაივიწყეთ ბრენდინგის ეს გაცვეთილი ილეთები, მთავარია, Burger Classico-ს არ ეშლება იქ, სადაც საჭიროა – ბურგერის მომზადებაში.
ჩემს შეკვეთას – მედიუმზე შემწვარ ხორცს – თქვენ წარმოიდგინეთ და, აქ კი ნამდვილად ემჩნეოდა მედიუმისათვის დამახასიათებელი ვარდისფერის ნიშნები, ბურგერის სხვა ინგრედიენტებიც ახალი ჩანდა და ხარისხიანი. პური ზომაზე ოდნავ უფრო ტკბილი იყო, ხორცის გუნდა კი – პურზე ოდნავ პატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცის ფარდობით ცხიმიანობაზე ჯერაც სამუშაო აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც გემრიელი იყო, სპეცსოუსების ჩათვლით. იცოდეთ, რომ ფასები აქ იმის მიხედვით მერყეობს, თუ რამდენგრამიან ხორცს შეუკვეთავთ ბურგერისთვის. ნამდვილად რომ დაგანაყრებს, ეგრე ჭამა აქ კაცზე 25 ლარი დაგიჯდებათ. ჩემი შეკვეთის მოტანას 35 წუთი მოანდომეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ საღამოს მართლა ბოლომდე სავსე იყო რესტორანი.
#1. Burgio
ამაღლების ქ. #8
ეჭვის ნატამალიც არ მეპარება, რომ ქალაქში საუკეთესო საბურგერე ადგილი Burgio არის. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ სინამდვილეში აღარ არის. ეს მყუდრო ადგილი, რომელიც ამაღლების ქუჩაზე, ერთ ციცქნა სარდაფში მდებარეობდა, დაიკეტა რამდენიმე თვის წინ. მაშ, რაღატომ უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ ადგილზე, რომელიც აღარ არის? იმიტომ, რომ სწორედ Burgio-ში ჰქონდათ ბურგერი, რომლის სადარიც იშვიათად თუ მიჭამია ჩემს სიცოცხლეში. თუ სადმე არსებობს ბურგერის პლატონური იდეალი, Burgio-სი იყო მასთან ყველაზე ახლოს. ახლა ისღა დამრჩენია, ვიჯდე და ვიფიქრო, ნეტავ მალე ისევ გახსნან-მეთქი, ვიდრე წავიდე და მდარე ხარისხის ბურგერი ვჭამო სადმე სხვაგან. დაუჭირეთ თქვენც Burgio-ს მხარი აქ: https://www.facebook.com/burgioburger/.
ავტორი: მიხა ერისთავი