გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ღვინო ვახუშტი მენაბდე

ღვინო და მისი წინააღმდეგობები | მეხუთე ნაწილი

დაწვრილებით

დასასრულის დიალექტიკა

ღვინოს შეუძლია გარდაქმნას სამყარო მისი სულიერი და უსულო ნაწილებით. ღვინის და კერძის შეხამებისას სწორედ ეს ხდება. შესაძლოა, ეს შეხამება აღმოჩნდეს ცუდი, თუ ერთსაც გაუფუჭდება გემო და მეორესაც, ან იყოს წარმატებული, როცა ორივეს ღირსება ამაღლდება. ყოველი ასეთი შემთხვევა ადასტურებს, რომ ნამდვილი ცვლილება მიმართებების გარდასახვაში უნდა ვეძიოთ. იმ მოდიფიკაციაში, რომელიც დაგვანახებს სიახლეებს არა სუბიექტებს, არამედ მათ ურთიერთაღქმებს შორის.

შარშან მეგობრებმა მდინარე ბჟუჟის ხეობაში გასეირნება გადავწყვიტეთ. თან ერთი ბოთლი ღვინო გავიყოლეთ. თანაბრად გავინაწილეთ ჭიქებში და ბებერი ხეების ხავსმოკიდებული ფესვების სიმწვანეში ჩაფლულებმა მალევე მოვუთავეთ ხელი. საუბრისას, მოულოდნელად ერთ-ერთმა ჩვენგანმა შენიშნა, რომ გარშემო ყველაფერი უფრო ცოცხალი ჩანდა, ვიდრე იქამდე. ყველაფერს ჩვეულზე უფრო ხასხასა ფერი ედო. თითქოს ნამდვილ ბალახსა და ფოთლებს ვხედავდი, თითქოს, ფილტრი, ბარიერი ჩამოგვეხსნა და რეალური სამყარო ვიხილეთ, უკეთ გავიგეთ ბუნების, კომუნიკაცია დავიწყეთ მასთან. ბესიკ ხარანაული წიგნში „დიდი სმა“ ასე სვამს საკითხს: „რისთვის ვარ მე აქ, თუ ისევ ის ვიქნები, რაც ვიყავ აქამდე“. საჭიროა გარდასახვა. მხოლოდ ცვლილება ამართლებს არსებობას და ამისთვის ღვინო საუკეთესო საშუალებაა.

სწორედ სმის, გარდასახვისა და თხრობის მაგიის შესახებ მოგვითხრობს ეს წიგნი, სადაც ავტორს ლიტერატურად უქცევია სმა. შენც ისე უნდა მიუდგე, თითქოს, სასმელს აჭაშნიკებ, გამოზომილად, მისკდომა არ ვარგა, წყურვილს კი მოგიკლავს, მაგრამ გემოს ვერ ჩაგაყოლებინებს. „სასმელი თუ არ გვექნა, / ან მოყვარეს რითი დავხვდეთ, / ან მტერი რითი შემოვირიგოთ“, - ეს სიტყვები წაუმძღვარა ავტორმა ნამუშევარს და, მიუხედავად იმისა, რომ მასში სახელდებით მხოლოდ ლუდსა და არაყს შეხვდებით, ადვილი მისახვედრია, ეს მხოლოდ ნაწარმოების მოქმედების ადგილის გამოა და არა იმიტომ, რომ ღვინოზე იმავეს ვერ ვიტყოდით.

მაგრამ მაინც რა ფუნქცია აქვს სასმელს ან მტრებთან, ან მეგობრებთან? პასუხი ადამიანის ტანჯვანზე მოგვიყვება, შეუძლებლის მცდელობაზე, მარცხისთვის განწირულობაზე, წვალებაზე და უბედობაზე. „მუდმივი უსამართლობაა კაცისადმი ამ ქვეყანაზე: ერთი ლუკმისათვის ათასი ნამცეცი დაგიცვივა, ერთი ყლუპისგან კინაღამ დაიხჩვები...“, „კარგები [კი] მხოლოდ აჭიანურებენ ცუდობის ამბავს“.

ადამიანად ყოფნა ძალების გრანდიოზულ მობილიზებას მითხოვს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ეს წიგნი გვასწავლის სიმსუბუქეს, როგორც ერთადერთ ხერხს, რომელიც ამ არაადამიანური სამუშაოს შესრულებას შეგვაძლებინებს.

„ღარიბო, აიგდე სიღარიბე, მდიდარო, აიგდე სიმდიდრე, ცოცხალო, აიგდე სიცოცხლე... მჩხაპნელო, აიგდე - ნაწერი!“

რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ბრძოლა და გამარჯვება იმ ძალაზე, რომელიც ადამიანს უსჯის სიღარიბეს და სიმდიდრეს, სიხარულს და ტკივილს, დუმილს და მეტყველებას და ეს პარადოქსია, რადგან მოითხოვს სიმსუბუეს იქ, სადაც მხოლოდ ტვირთი და პაუხისმგებლობაა. ამიტომ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენ სიკვდილს სიცოცხლით ვზომავთ და ეს შეცდომაა: „მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“.

ზეიმს სმა უხდება, დიდი სმა, სტუმრები, ბუკი და ნაღარა. ვისი პირითაც ეს წიგნი მეტყველებს, მკვდარია. ეს გასაღები გახლავთ და გასაღები, რომელიც ამავდროულად გამოწვევაა, რადგან „სიკვდილზე რაც ვიცით, ცოცხლისგანაა, სიკვდილს ჯერ კალამი ხელში არ სჭერია...“, მაგრამ ყველაფერი წინაა. სიკვდილი წერას „დიდ სმაში“ იწყებს, ანდაც სიკვდილმა წერა დაასრულა და დიდ სმაში, ანუ ამ ნაწერის წასაკითხად, მოგვიწვია, ამიტომ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენ სიკვდილს სიცოცხლით ვზომავთ (რაც მეთოდოლოგიურად მცდარია). ისევე, როგორც სიმთვრალეს ვზომავთ სიფხიზლით.

გიორგი კეკელიძემ შეძლო სიფხიზლისთვის სიმთვრალიდან შეეხედა. მის ბოლო კრებულში შესულია ლექსი „თითქმის თვითმკვლელის სიმღერა“, რომელშიც გვეუბნება, რომ „ფხიზელი ადამიანები არასდროს არიან მართლები / რადგან ფხიზელ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ“. სიმართლის გასაგებად სიკვდილიც უნდა გავიგოთ, თუმცა სიფხიზლე „აუქმებს სიკვდილს“ და მის გაგებას შეუძლებელს ხდის. იმისთვის, რომ სიკვდილის და სიცოცხლის, როგორც მთლიანობის, გააზრება ეცადა, გიორგის დასჭირდა უარი ეთქვა კლასიკური მოდელზე, სადაც ალკოჰოლი ადამიანებს სითამამეს სძენს, ის ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს. მან გეზი ოდნავ შეცვალა და თქვა, რომ ადამიანებს ღვინო აძლევს, არა მხოლოდ სიმართლის თქმის, სიმართლის მოსმენის, მისი გათავისების ძალას: რომ სიცოცხლე ტყუილია და საჭიროა ცოტაოდენი ალკოჰოლი იმისთვის, რომ სიმართლე მივიღოთ, სიკვდილი მივიღოთ, რათა მერე, ჯოჯოხეთში მოხვედრილებმა, აღმოვაჩინოთ, რომ სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, ისევ იქ ვართ, იმ სიცოცხლეში, რომლისგან თავის დაღწევასაც სიკვდილით ვცდილობდით. აღმოვაჩინოთ, რომ ნამდვილი სასჯელი ჩვენი ცოდვებისთვის სადმე, ცხელ ჯურღმულში, ადუღებული კუპრით სავსე ჩახანაში ხარშვა კი არაა, არამედ იმ ცხოვრების გამეორება, რომელიც ერთხელ უკვე გავლიეთ, შეცდომებით, გაჭირვებით, ღირსების შელახვითა და მარცხით. აი, ეს არის ჯოჯოხეთი: ხელახლა გაიარო ის, რაც ერთხელ უკვე იწვნიე, ოღონდ თან ისე, რომ წინასწარ იცოდე ყველა შენი შეცდომის და გადაბრუნებული კოჭის შესახებ, თუმცა ვერაფერს ცვლიდე. უბრალოდ, ელოდებოდე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, როგორ დაუშვებ შეცდომას. ამაშია მთელი პარადოქსი - სიკვდილამდე სიცოცხლე ტყუილია, სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე სიმართლე, თუმცა მათი სცენარი იდენტურია.

სიცოცხლის და სიკვდილის პარალელური განცდის შესაძლებლობაზე ფიქრობს ბესიკ ხარანაულიც. ერთგან ის წერს:

„ტყე ძალიან გავდა უკვდავებას, საიდანაც ვიშვი, გავიქეცი უკანვე, რომ მეხილა სინამდვილე, სადაც ალბათ მოვკვდები“.

„დიდი სმა“ სრულდება ნატვრით რეალობაზე, სადაც ადამიანში ძილთან ერთად სიკვდილიც შედის, სადაც სიკვდილი არა ერთხელ და სამუდამოდ, არამედ კიდევ და კიდევ გვეწვევა, არა ნამდვილი სიკვდილი, არამედ რაღაც უფრო სუსტი და ნაკლებად გამანადგურებელი. ბესიკი ამ ტექსტში ოცნებობს სამყაროზე, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ადამიანში თანაარსებობენ, მაგრამ ეს მხოლოდ დიდ სმაშია შესაძლებელი. სიფხიზლის დროს ეს პარადოქსად რჩება და მას მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედება ხდის ფარდას ისევე, როგორც ყველა მსგავს შემთხვევას, რომელთაგან ერთი ნაწილი ამ ტექსტმა აღწერა, მეორე კი, უფრო დიდი და შთამბეჭდავი, მის მიღმა რჩება, როგორც უშუალოდ მისაღები გამოცდილება, რადგან სწორედ ასეთია ჩვენი ამოცანა - წინააღმდეგობებს შორის არსებულ დაძაბულობაში დავინახოთ საკუთარი თავი, პარადოქსის მეშვეობით აღვიქვათ სამყარო და დიალექტიკურად ავხსნათ ის. რომ იყოს წრებრუნვა.

ილუსტრაცია: ნანუკა მეგრელიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა