ღვინო და მისი წინააღმდეგობები | მესამე ნაწილი
ღვინო და მისი წინააღმდეგობები | მეორე ნაწილი
ღვინოშია ჭეშმარიტება - სორენ კირკეგორი
კირკეგორს აქვს ერთი დიალოგის ფორმის ნაწარმოები „IN VINO VERITAS“ („ღვინოშია ჭეშმარიტება“), რომლის მეორე სახელია „წვეულება“. კირკეგორი ამ ტექსტში სიყვარულის ფენომენის მოხელთებას ცდილობს და ეხმაურება პლატონის „ნადიმს“, მაგრამ ეს სხვა და უფრო რთული საქმეა, ვიდრე ახლა რასაც შევჭიდებივართ.
ღვთისმოსავი დანიელი ფილოსოფოსი იმით იწყებს მსჯელობას, რომ ამბიდან ღირებული მხოლოდ ის არის, რაც ჩვენს მახსოვრობაში რჩება, მსგავსად იმ ღირსებისა, რომელიც ღვინოში წყლის ნაწილაკების აორთქლების შემდეგ ნარჩუნდება. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ეს გვაფიქრებინებს, რომ რაც ღვინის ზემოქმედების დროს წარმოიშობა, მხოლოდ ის არის ღირებული. ამიტომ ბანკეტის დასასრულს თანამეინახეთ სთავაზობენ სიტყვით გამოსვლას, ოღონდ მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც საკმარისად იგრძნობენ ღვინის ძალას. კირკეგორის აზრით, ასეთი მდგომარეობის უტყუარი მანიშნებელი სლოკინია. სხვათა შორის, კაფკას მთვრალი პერსონაჟიც ასლოკინებს.
ამ უტყუარი ნიშნის გამოჩენისთანავე თითოეულ წევრს საზეიმო ვითარებაში შეუძლია საუბრის წამოწყება და თავისთავად ცხადია, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტი იქნება, რადგან როგორც ბანკეტის მოსაწვევზე წაუწერიათ - In Vino Veritas.
მაგრამ, მოდი, ვცადოთ და უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ, რა შინაარსს ატარებს ეს სენტენცია. რატომ არის ღვინოში ჭეშმარიტება? ან რას ნიშნავს ეს? ბანკეტის გეგმის მიხედვით, მის „მონაწილეებს მხოლოდ იმაზე უნდა ელაპარაკათ, რაშიც დარწმუნებული იყვნენ“. ეს არ უნდა ყოფილიყო სიტყვების უბრალო გაცვლა-გამოცვლა. „არ უნდა თქმულიყო ჭეშმარიტება გარდა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ღვინოშია - [უნდა შეექმნათ ვითარება] როცა ღვინო ჭეშმარიტების მცველია, ხოლო ჭეშმარიტება ღვინის მცველი“.
ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ღვინო ჭეშმარიტებას ალაპარაკებს ადამიანს, არამედ იმასაც, რომ არც არსებობს სხვა ჭეშმარიტება გარდა იმისა, რომელიც ღვინის ზემოქმედების ქვეშ წარმოითქმება. ღვინოში აორთქლდება ის, რაც ჭეშმარიტებას ამსუბუქებს, ათხიერებს, ასატანს ხდის და ბღალავს. გამომსვლელი „უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, როცა იტყვის იმას, რასაც სხვა გარემოებებში უთქმელად შეინახავდა“. სწორედ ის, რასაც სიფხიზლის დროს არ ვამბობთ, წარმოადგენს ჭეშმარიტებას; და სწორედ ამიტომ არის ღვინოში ჭეშმარიტება.
ღვინის ჭარბად მოხმარების შემდეგ მსმელი იმპულსებით კი არ მოქმედებს, არამედ პირიქით - „საკუთარ თავს განსაკუთრებული სიმყარით ფლობს“.
ღვინის მთელი ჭეშმარიტება სწორედ ამ პარადოქსში იყრის თავს. ერთი მხრივ, ალკოჰოლის ზემოქმედების შემდეგ ადამიანი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ ბარიერებს, ვეღარ ფლობს მათ და სწორედ ეს ხდის შესაძლებელს ჭეშმარიტებას, რომელიც მისი პირით გამოითქმება. ეს გულწრფელობა, შემაკავებლების გარეშე საუბარი იქცევა ნამდვილ სიტყვად, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს დაკარგვა ხდება საკუთარი თავის ფლობაც, რადგან სწორედ ისე წარმოადგენს ადამიანი საკუთარ თავს, როგორიცაა ჭეშმარიტად, და იმას ამბობს, რასაც ფიქრობს ჭეშმარიტად.
ჩვენდა სამწუხაროდ, კირკეგორთან ერთად, კაფკასგანაც ვიცით, რომ სამყარო მანამ არის ჭეშმარიტი, სანამ სასმელი ზემოქმედებს, ეს ჭეშმარიტება კი ის არის, რომ არავითარი ჭეშმარიტება არ არსებობს.
ირგვლივ მხოლოდ სიცარიელეა, რომელსაც საკუთარ წარმოდგენაში ვქმნით, წარმოდგენაში, რომელსაც ღვინო აშიშვლებს და გვალაპარაკებს.
შესაძლებელია ამ საუბრიდან აზრის გამოტანა ვერ მოხერხდეს? დიახ! ის ხომ სამყაროს აღწერს.
ილუსტრაცია: ნანუკა მეგრელიშვილი