გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ღვინო ვახუშტი მენაბდე
თეგები: #ღვინო

ღვინო და მისი წინააღმდეგობა | მეოთხე ნაწილი

დაწვრილებით

მესამე ორს შორის - როლან ბარტი

როლან ბარტის წიგნში „მითოლოგიები“ ერთ-ერთ თავს ასე ჰქვია „ღვინო და რძე“. სიმართლე რომ ითქვას, სწორედ ეს ტექსტი გახდა ამ ციკლის დაწერის საფუძველი. უფრო სწორად მიზეზი. საქმე ის არის, რომ წლების წინ ეს გამოცემა მეგობარს ვათხოვე, შემდეგ, როდესაც უკან დამიბრუნა, ფურცვლისას ვიპოვე არშიაზე მიწერილი სიტყვები, „რა ხანია ველი შენს ესსეს ღვინოზე“. მაშინ არც მიფიქრია, რომ ღვინოზე რამის დაწერა შემეძლო, მაგრამ არც ეს მოწოდება დამვიწყებია. ცოტა ხნის წინ და რაღაც მიზეზით ბარტის ეს წიგნი გადმოვიღე თაროდან, მინაწერს გადავაწყდი, მან კიდევ ერთხელ დამაფიქრა ხელი მომეკიდებინა ამ საქმესთვის. თუ ტექსტებში რამე საინტერესოს წააყდებით მისი წახალისების დამსახურებად ჩათვალეთ, თუ ვერა - ჩემს გაზვიადებულ წარმოდგენად საკუთარ შესაძლებლობებზე.

მზისა და მიწის შერწყმით მიღებული ეს სითხე თავიდან მყარი სუბსტანცია.

- წერს ბარტი იქ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მყარი სუბსტანცია თხევადად იქცეს, საჭიროა მესამე ჩაერიოს. მესამე ადამიანია. მეღვინე, რომელიც საბოლოო ფორმას აძლევს სასმელს. ადამიანის და ბუნების თანამშრომლობის ეს შედეგი მათი ჰარმონიული თანაცხოვრების, შერწყმის შესაძლებლობის განცდას წარმოშობს. ღვინო სისხლში მიდის პირდაპირი მნიშვნელობით - ამდენად ვხდებით მზის და მიწის - ბუნების ნაწილი.

რახან ღვინო ისე მოგვემართება, როგორც ცოცხალი ფენომენი, ჩვენ მას ადამიანურ თვისებებს მივაწერთ: მსუბუქი, ხალისიანი, მძიმე, ღრმა, მაგრამ, ამავდროულად, ეს სიტყვები ხომ სამყაროს აღსაწერადაც გამოდგება? გარემომცველი ბუნების და სამყაროს. ჩვენ ღვინოში ადამიანური და ბუნებრივი სამყაროს გაერთიანებას ვცდილობთ. ამავდროულად, ძველ ერთობას ვიხსენებთ, რომელიც არსებობდა. ღვინომ შეიძლება დაგანაყროს. ვერცერთი კერძი ვერ მოგიკლავს წყურვილს, მაგრამ ღვინოს კერძის შეცვლა შეუძლია. ყოველ შემთხვევაში თავის ასე მოჩვენება. ამ მეტაფორას ღვინის შესახებ, რომ მან შეიძლება დაგანაყროს, მივყავართ მის თავდაპირველ სუბსტანციასთან - იმასთან, რომ ოდესღაც ის მყარი ფორმით გაჩნდა. თუმცა, ღვინო ცვლილების შედეგია და გასაგებია, მას ადამიანებშიც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა. „უპირველეს ყოვლისა, ის გარდამსახველი სუბსტანციაა, რომელსაც ძალუძს შეცვალოს გარემოებები და მდგომარებები და საგნებს მათი საწინააღმდეგო დაუპირისპიროს: მაგალითად სუსტი გააძლიეროს ან ჩუმი აქციოს ყბედად“, - წერს ბარტი. აქ ერთი დამატება უნდა შემოვიტანოთ. ღვინოს არ შეუძლია არაფრისგან შექმნას რაიმე, სიცარიელე შემოატრიალოს. შემოტრიალება ხომ ისედაც ორ მხარეს გულისხმობს. გულისხმობს რომ რაღაც არის, უბრალოდ ეს რაღაც იქამდე ნაკლებად მნიშვნელობდა, მიძინებულს ჰგავდა, არასწორ მხარეს იყო მიმართული. საჭიროა მისი წინა პლანზე წამოწევა.

ისეც ხომ არ არის, რომ ღვინო არაფრისგან ჩნდებოდეს?! მის შესაქმნელად საჭიროა ნივთიერებების სახეცვლა. ღვინის რესურსი უკვე არის ყურძენში. ჩემს მეგობარს უყვარს ღვინო. ამ სიყვარულის აღსაწერად არაფერს დავწერ, მხოლოდ იმას რაც სხვებს უთქვამთ, მისთვის „ყურძენი არის ღვინო კაფსულებში“. ეს მართალია. ყურძენი არ წარმოშობს ხილის, როგორც საჭმელის ასოციაციას. ის, მიუხედავად მისი მყარი ფორმისა, სითხეა. თუ ადამიანში სიმამაცის ნაპერწკალი არ არის, ამას ღვინო ვერაფერს უშველის. ღვინო თავად გარდასახულია, მყარი ფორმა - თხევადად, შაქარი - ალკოჰოლად, მინერალები - არომატად. ეს გარდასახვა წინაპირობას მოითხოვს - უკვე არსებულს, რომელიც უნდა გარდაიქმნას, გაძლიერდეს. ქრისტეც წყალს იყენებს მისი პირველი სასწაულისთვის, როცა მას ღვინოდ გარდაქმნის. ღვინო ცოცხალი ნივთერებაა და მუდმივ ტრანსფორმაციაშია, ტრანსფორმაციაშია მისი მიმღებიც. მაგრამ ამ გარდაქმნისთვის საჭიროა რაღაც საფუძველი, ისეთი წერტილი, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება და ეს წერტილი ადამიანშია. თომა აქვინელი, მართალია, ალჰოლის მეშვეობით ადამიანური ნაკლის გაძლიერებაზე საუბრობს, მაგრამ პრინციპულად ის ეთანხმება ამ აზრს. ღვინოს არ შეუძლია ადამიანს ისეთი რამ მიანიჭოს, რომელიც მას იქამდე არ ჰქონდა, თუ მხიარულების მარცვალს იპოვის, კიდევ უფრო გაამხიარულებს, სევდიანს კი მეტ სევდას მოუტანს.

ღვინო კომუნიკაციაში შემოდის. მიმართულებას აძლევ, მაგრამ ვერ აკონტროლებ. შეიძლება ერთმა ბოთლმა დაგცეს, ან რამდენიმე შეირგო. ის მესამეა ორს შორის.

ამ ტექსტში რამდენჯერმე გამახსენდა მეგობრები, და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ღვინის სმისთვის კამპანიაა საჭირო. მას მარტო არ სვამენ და ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. გაშლილ სუფრაზე ღვინის სმა სოციალიზაციის აუცილებელი პირობაა. ის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ კითხვის ნიშნებს სმა კი არ წარმოშობს, არამედ მასზე უარი. როგორც ბარტი წერს, დალევაზე უარის თქმისას აუცილებელია „ახსნა-განმარტება“. შემდეგ აგრძელებს: „ღვინის სმის ცოდნა ეროვნული ტექნიკაა, რომლითაც ფრანგი ფასდება და ხდება მისი ღირსების, თვითკონტროლისა და კომუნიკაბელურობის უნარის აღიარება“.

ეს ძალიან ჰგავს ქართულ სიტუაციას. ღვინო სოციალიზაციას მიელტვის (ერთი ქართული კომპანიის ღვინის ეტიკეტზე წერია კიდეც: „ღვინო საუბრისა“), კომუნიკაციის წამახალისებელი ხდება. მარტო სმა ღვინის ფლანგვაა. როცა მარტო სადილობა უწევდა, ბაბუაჩემი ღვინოში წყალს ურევდა, თითქოს მის საკრალურობას ამცირებდა და, ამდენად, გაფლანგვით მიღებულ ზიანსაც - წყლის გარევით შედარებით მისაღებს ხდიდა მარტო სმის აქტს.

ისევ ბარტს დავუბრუნდეთ. ის წერს, რომ „საფრანგეთში სიმთვრალე შედეგია და არასდროსაა მიზანი; [...]

ღვინო არა მარტო მაგიური ნექტარია, ის ასევე სმის ხანგრძლივი პროცესია.

ღვინო ერთ-ერთი ის სასმელია, რომელთან ერთადაც ბახუსი გვერდითი ეფექტივით ჩნდება. პირველადი კი თავად ღვინისგან მიღებული სიამოვნებაა და არა ალკოჰოლური თრობისგან. ღვინო ნამდვილად არის პროცესი - როგორც სასიამოვნო, ისე დამანგრეველი შედეგებით, მაგრამ ეს პროცესი ყოველთვის სასიამოვნოა. სმა ერთგვარი ძალისხმევაც არის, რადგან სიამოვნების მისაღებად სმის დროს საჭიროა ნებისყოფა, როგორც სმის ტემპის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით, რომელიც, როგორც ცნობილია, ნასვამს, დიდად არასოდეს მოსდევს. სმის სირთულეც ეს არის და ეს არის მისი წინააღდეგობაც. ის მოითხოვს დისციპლინას, იმისთვის, რომ სიამოვნების გახანგრძლივება შეძლო, მაგრამ პარალელურად ძირს უთხრის ნებისყოფას და თვითშემზღუდავ ბარიერებს ანგრევს. 

ილუსტრაცია: ნანუკა მეგრელიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა