გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რესტორანი ეზო

ჩამოხვალ ეზოში?

რესტორანი „ეზო“

მდებარეობა: გ. ქიქოძის ქ. #16.
მუშაობის დრო: ყოველდღე ორშაბათის გარდა, 13:00-დან 01:00-მდე
wi-fi: არის.
პარკინგის თადარიგი ადრიანად დაიჭირეთ: ძველი სოლოლაკური ქუჩაა და პიკის საათში შეიძლება გაჩერება გაგიჭირდეთ.
იპოვით facebook-ზე: https://www.facebook.com/EZO.Restaurant

ზამთარი ძალას იკრებს და არ გაგიჭირდებათ, წარმოიდგინოთ, თუ როგორ ტოვებთ მანქანაში ბენზინის სუნთან შერეულ უსიამოვნო სითბოს და შემცივნული შედიხართ გზისპირა რესტორანში, სადაც არ თბილა, რადგან მგზავრების დიდი მისვლა-მოსვლაა და კარი წარამარა იღება, მაგრამ როგორღაც მაინც სულ სიმყუდროვე და სტუმართმოყვრული ხალისი სუფევს.

როცა გვიან საღამოს რესტორან „ეზოში“ შევედი, მივუჯექი ხის მაგიდას და ღიად დატოვებულ კარს გავხედე მოკუნტულმა, ზუსტად ეს გავიფიქრე: რა უცნაურია, ცივა, მაგრამ თბილა; ეს დამხვდური გოგონა უცხოა, მაგრამ მასპინძელივით გულითადად მიღიმის. მასპინძელივით – ანუ არა რესტორნის სტანდარტული მიმტანივით.

ასე სადად დაიწყო ჩემი და „ეზოს“ ურთიერთობა და არც შემდეგ გადაზრდილა გურმანი-რესტორნის სასიამოვნო, მაგრამ დისტანციურ და ოფიციალურ ურთიერთობაში. კარი არ დაკეტილა და ღია შუშაბანდის ერთ-ერთი სუფრიდანაც უწყვეტად შემოდიოდა „სიმონიშვილების ჭაჭით“ ინსპირირებული ღიღინი, ქაქანი და ზოგჯერ კამათიც. სხვა მხრივ, სიმშვიდე იდგა ფანჯრების შუქით განათებულ ფართო, ძველ სოლოლაკურ ეზოში (აი, ისეთში, რომლის შუაგულშიც ონკანი და კუსტარულად მიდგმული ნიჟარა, ხის რიკულებიან აივნებზე – ქოთნის ყვავილები, თოკებზე – გაფენილი ჭრელი სარეცხია). მაგრამ აი, შემოამატეს ჩვენს სუფრას ცხელი კერძები და სითბომაც იმატა. სხვანაირად გათბობს ტაფით მოტანილი შემწვარი კარტოფილი თავისი წითელი ტყემლით, ახლადგამომცხვარი მჭადი თავისი გუდის ყველით; გუდის ყველი კი თავისი სოუსებით – აჯიკა-ტყემალ-პომიდვრით, ხის დაფაზე დაბრძანებული შემწვარი ხორცი ბოსტნეულთან ერთად და – ხაშმის საფერავი.

ეს ყველაფერი ასე უბრალოდ, გლეხურად, რა თქმა უნდა, სპეციალურად მოგვიტანეს; რადგან როცა „ეზოში“ ხარ, შემქმნელების ჩანაფიქრის მიხედვით, მართლა საკუთარი სახლის ეზოში უნდა იგრძნო თავი. უნდა გჯეროდეს, რომ აქ თითოეული ინგრედიენტი ნატურალურია, მფლობელების მიერ სოფელ-სოფელ სიარულის დროს მოძიებული; უნდა გეგონოს, რომ ტაფით კარტოფილი მიმტანმა კი არა, დედამ მოგიტანა – სახლში არ ხართ? რა საჭიროა გაპრანჭვა.

ეს ყველაფერი ასეცაა: სანდო ფერმერებს „ეზოელები“ მართლა სოფლებში ეძებენ და ეს ხორცის სინაზესაც ეტყობა, ბოსტნეულის სიცინცხლესაც და მჭადის ფქვილის სიფაფუკესაც. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იმასაც გაიფიქრებ, რომ არ არის გამორიცხული, დედაშენი უკეთ წვავდეს კარტოფილს; უფრო გემრიელად შუშავდეს ბოსტნეულს და, ვინ იცის, მჭადიც კი უფრო ხრატუნა გამოსდიოდეს. შეიძლება ისიც გაიფიქრო, რომ აქაური მენიუ ჯერ სრულყოფილი არაა, ჯერაც საკუთარი თავის ძიებაშია; ახალგაზრდა მზარეულის მიერ მიგნებული გემოები ჯერ უნდა „დაჯდეს“ და დაღვინდეს, მაგრამ რა უცნაურია – ეს ყველაფერი არ გაგაღიზიანებს. მით უმეტეს, არასდროს იტყვი, აქ ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. პირიქით, „ეზოში“ წასვლა კიდევ მოგინდება, ხან ბავშვებით – რადგან ეზოში სათამაშოები და უსაფრთხო გარემოა; ხან მეგობრებთან ერთად – ერთი სტუმრის მიერ ხატოვნად ნაქები 75-პროცენტიანი ჭაჭა და სადილის ბოლოს გასინჯული ფელამუშის გემო ჩამრჩა გონებაში.

ავტორი: ოლივია ჯაში

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა