გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თითები

ჩემი პრეზიდენტი | ზოი ლეონარდი

ყოველი არჩევნების წინ სოციალურ ქსელში ზოი ლეონარდის ტექსტს ვდებ ხოლმე. მაგარი ტექსტია – „მე მინდა პრეზიდენტი…“.

წინასაარჩევნო ტყუილებში, სამაშველო რგოლივითაა. ოცნებაა – შეუძლებელი.

ზოიმ ეს ტექსტი 1992 წელს, წინასაარჩევნოდ, თავის ლესბოსელი მეგობრის, მწერალ ეილენ მაილსის მხარდასაჭერად (ან ინსპირაციით) დაწერა – რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ამ ტექსტს გრძელი ისტორია აქვს – შიდსთან ბრძოლაზე, სიღარიბეზე, პოლიტკორექტულობაზე. ეს ისტორია შეგიძლიათ დაგუგლოთ.

მართალია, პრეზიდენტს ვეღარ ვირჩევთ, მაგრამ მერის არჩევნები ახლოვდება. ისევ მოვძებნე ჩემი საყვარელი წინასაარჩევნო ტექსტი და სანამ დავდებდი, ვიფიქრე, ვთარგმნი-მეთქი.

გადავთარგმნე და არ მომეწონა, მერე ავდექი და თავიდან დავწერე.

ეს ტექსტი ჩემი არაა, ზოის ტექსტის თარგმანია – ცოტა სხვანაირი, აქაური.

ზოი არტისტია და დარწმუნებული ვარ, რომც გაიგოს, არ ეწყინება. აქ რომ ყოფილიყო, თვითონაც ასე დაწერდა. 2017 წლის საქართველოში, წინასაარჩევნოდ.

ამ შემთხვევაში ეს ტექსტი, ვინმე კონკრეტულის მხარდასაჭერად არაა დაწერილი.

ამ შემთხვევაში, ეს ტექსტი სურვილია, რომ თუ ძალაუფლება არა, უფლება მაინც ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისი ხმაც ბილბორდებზე გამოკრულ კანდიდატებს არასდროს ესმით.

 

ჩემი პრეზიდენტი 

ნარკომანი პრეზიდენტი მინდა. კრაკაძილს რომ იჩხირავდა და იოდის სუნი ასდიოდა. წამლის გამო ციხეში რომ იჯდა და სახლიც ბანკმა გაუყიდა.

უმუშევარი და ლოთი პრეზიდენტი მინდა. მაღაზიაში ნისიით. პახმელიაზე გულაჩუყებულს ხელები რომ უკანკალებს.

ტრანსი პრეზიდენტი მინდა, ღამღამობით ცირკთან რომ დგას და არ იცის, სახლში ცოცხალი დაბრუნდება თუ არა.

ჭიათურის მაღაროდან მინდა პრეზიდენტი, მიწის ქვეშ, სიბნელეში რომ თხრის შავ ოქროს სხვისთვის. აფეთქებისას მხედველობა რომ დაკარგა და მხოლოდ სიზმრებსღა ხედავს.

ქალი პრეზიდენტი მინდა, ქმარი რომ ყოველდღე სცემდა, სახლიდან რომ გამოიქცა და ჩალურჯებული თვალებით ზის პირდაპირ ეთერში.

ღარიბი პრეზიდენტი მინდა. დევნილების დასახლებაში რომ ცხოვრობს და სახელმწიფო ყოველთვე 35 ლარს უხდის დაკარგული სახლის სანაცვლოდ.

სოფლელი პრეზიდენტი მინდა, ღამეებს რომ დედაქალაქში ტაქსაობაში ატარებს და იშვიათად სძინავს.

პიდარასტი პრეზიდენტი მინდა, ბავშვობიდან რომ სცემენ და ურტყამენ. დასცინიან და მასხრად იგდებენ.

ისეთი პრეზიდენტი მინდა, კიბო რომ აქვს და ან გადარჩება, ან არა.

პრეზიდენტი, ვინც უკვე 5 აბორტი გაიკეთა და ჯოჯოხეთით ემუქრებიან.

ზანგი პრეზიდენტი მინდა, თბილისში რომ შავ მუშად მუშაობს თბილი ქვეყნებიდან ჩამოსული.

პრეზიდენტი – მუშა, ბეტონის მშენებარე კორპუსებში, სართულების კიდეებზე, როგორც დანის პირზე, ისე რომ დადის.

ისეთი პრეზიდენტი მინდა, ვინც თვითონ დაიყენა საძინებელში კამერა და ონლაინ აქვს გაშვებული თავისი ღამის ცხოვრება. ვისაც ფარული ჩანაწერების და სიტყვა „ტყნაურის“ არ ეშინია.

ვინც პურის რიგში მდგარა. ვისაც „კათარზისში“ უჭამია. ვისაც ღამე ქუჩაში გაუტარებია.

ვისაც ბევრჯერ უცდია თვითმკვლელობა. ვისაც ყოველდღე ცემით ემუქრებიან მიკროსაფინანსოები. ვისაც ქალაქის ფსიქოტროპული აფთიაქების რუკა აქვს და გაბრუებულს, დღეები ისე გადის, რომ საჭმელი არც ახსენდება. ვინც არსადაა ჩაწერილი, თავის თავს ხმა რომ მისცეს.

პრეზიდენტი მინდა, ვისაც არ რცხვენია შეცდომების. ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული და ვინც პოლიციელებს უმოწყალოდ უცემიათ არაფრის გამო.

და ვიცი, რატომაც არის ეს შეუძლებელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა