ჩანაწერები კიევიდან
01.03.2022 | 6 წუთიანი საკითხავი
ტიმოფეი ბრიკი. კიევის ეკონომიკური სკოლის პროფესორი
გამარჯობა მეგობრებო! ეს ჩემი ბოლო რამდენიმე დღის ჩანაწერებია, კიევიდან.
24 თებერვალი
დილის 5 საათისკენ გვეღვიძება. ტელეგრამით გვირეკავს მეგობარი: დაიწყო!
ერთდროულად ათობით მეგობარს ვწერთ Telegram-ით, Whatsapp-ით, Viber-ით: თანამშრომლების ჩატში, სტუდენტების ჩატში, მეზობლების ჩატში, ჩატში-რომელიც-მეგობრის-დაბადების დღის-დასაგეგმად-შეიქმნა, ვურეკავთ მშობლებს.
- მეგობრების დიდი ნაწილი მაშინვე დასავლეთისკენ დაადგა გზას: ჟიტომირი, ვინიცა, ლვოვი, ტერნოპილი. წამოდითო, გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ მაინც კიევში დარჩენა გადავწყვიტეთ.
- შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ყველაფერს ვატყობინებთ. როგორც კი ვინმე დაწერს update ან status, ყველა იწერება თავის ადგილსამყოფელს და მდგომარეობას. ვპოსტავთ ინფორმაციას საწვავზე, საცობებზე და შესაძლო დაბომბვის საფრთხეებზე გზებზე. კიდევ ვაზიარებთ მათ მისამართებს, ვისაც ხალხის შეფარება შეუძლია.
- თითქოს მზად ვიყავით კიევში დასარჩენად, მაგრამ მაინც აგვიტანა შიშმა. მე და ჩემმა გოგომ ერთი კვირის წინ მოვიმარაგეთ საჭმელი, წყალი, წამლები, თბილი ტანსაცმელი. ყველა საბუთი თან გვაქვს. ხელით ამოვიწერეთ მისამართები და ნათესავების, მეგობრების ტელეფონის ნომრები უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც. ზურგჩანთებიც ჩავალაგეთ. თავიდან გამოვტენეთ, მერე ათასი რამე ამოვალაგეთ და მარტო ყველაზე აუცილებელი დავტოვეთ. სპეციალური ტელეგრამის ჩატბოტი გვაქვს Ready to Everything. იქ იწერება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუქციები, მაგალითად: რა არის ყველაზე აუცილებელი, რა უნდა ატარო, როგორ უნდა მოიქცე შეტევის დროს, შეიარაღებული ძალების მისამართები. google map-იც გამოგვადგა, ახლომახლო თავშესაფრის საპოვნელად.
- ყველა ოფიციალური ჩატები და არხები მოვინიშნეთ: ქალაქის ადმინისტრაციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხალხი ჭორებს და ყალბ ინფორმაციასაც ავრცელებდა, ამიტომ სახელმწიფო ამასაც უნდა გამკლავებოდა. ჩვენმა მეგობრებმა Vox Ukraine-იდან სპეციალური ხაზი შექმნეს, დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
- მოხალისეები ადგენენ სიებს, პეტიციებს დასავლელი მთავრობებისთვის, სანქციების მოთხოვნით. ვებსაიტებს და არხებს მონიტორინგს ვუწევთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება შევაჩეროთ და დავბლოკოთ ასეთი წყაროები. თან ვპასუხობთ ათას უცხოელ მეგობარს, კოლეგას, კონფერენციის მონაწილეს, ჟურნალისტებს. ხშირად პასუხებს ვასქრინშოტებ და ისე ვუგზავნი სხვებსაც. რუსი მეგობრებისგანაც მივიღე მესიჯი: „ეს ყველაფერი მართალია?“ თავიდან არ ჰქონდათ ამდენი ინფორმაცია.
- მთელი დღე ვკითხულობდით შეტევებზე უკრაინის ყველა მხარეს. ასეთი ტაქტიკა აქვთ: ჯერ ინფრასტრუქტურას ბომბავენ, მერე საზღვრებს ჭრიან. ბევრმა ექსპერტმა გაგვაფრთხილა, რომ სწორედ ასე მოხდებოდა. აი, ბელორუსიდან რუსული ჯარის შემოჭრა ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის. უეცრად მივხვდი, რომ უბრალოდ აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი.
25 თებერვალი, ვიღვიძებთ დილას 4-4.30 საათზე, აფეთქების ხმა გვაღვიძებს. უამრავ ფოტოს და ვიდეოს ვპოულობთ ონლაინ, ოფიციალურ განცხადებებსაც, რომ კიევის საჰაერო დაცვის სისტემამ ორი რაკეტა ჩამოაგდო. ერთი საცხოვრებელ უბანში დაეცა. რამდენიმე ჩემი მეგობარი ცხოვრობს იქვე. სასწრაფოდ გადადიან სხვა უბანში.
- დილას მეგობრებს ვკითხულობთ. ჩვენ სახლის სარდაფში ვიმალებით. როგორც დიდ ქალაქებში ხდება, მეზობლებს არ იცნობ, არ იცი მათი სახელები, ხშირად არც კი ესალმები ალბათ. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ საოცარი მეზობლები გვყოლია. გავცვალეთ კონტაქტები, კატები გავაცანით ერთმანეთს, ვილაპარაკეთ სამსახურზე, ცხოვრებაზე. ბოლოს ერთ-ერთი მატარებლით დასავლეთ უკრაინაში წავიდა, ახლო ნათესავთან.
- 11 იქნებოდა, არ მახსოვს, ჩემს გოგოს ვუთხარი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებამდე გავისეირნოთ-მეთქი. უამრავი ხალხი იყო, ქალები, კაცები, ახალგაზრდებიც - მოხალისეებად ეწერებოდნენ.
- სამხედრო ჰოსპიტალშიც გავიარეთ, სისხლის ჩაბარება გვინდოდა, მაგრამ მარტო დილით ვიბარებთო, გამოგვიშვეს.
- მთელი დღე მოვანდომეთ თავშესაფრამდე ჩასვლას და უკან დაბრუნებას. ახალი დონაციების შესახებ გავიგეთ და გავავრცელეთ ინფორმაცია. ხალხი მოლოტოვის კოქტეილებისთვის ბოთლებს აგროვებს, წამლებსაც, პორტატიულ გაზის ქურებს. ჩემი ოჯახი ოფიციალური დონაციისთვის „Дія“-ს იყენებს. მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა ჯარისთვისაც შეეგროვებინათ ბიუჯეტი. წამში მილიონები გადაირიცხა.
- რუსული სამხედრო ძალები გოსტომელში ცდილობდნენ დაშვებას.უკრაინული ჯარი მთელი დღე ქალაქს იცავდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ცხოვრობს იქ. მისი ქმარი თავდაცვაში მუშაობს. „ფეისბუქზე“ ერთმანეთს ვამხნევებდით.
- თან ვკითხულობთ ახალ ამბებს დივერსანტებზე, კიევშიც და სხვა ქალაქებშიც. უკრაინელ მოქალაქეებს სთხოვენ სპეციალური ნიშნების პოვნაში დაეხმარონ, რასაც რუსი დივერსანტები ტოვებენ კედლებზე, სახურავებზე. ამ ნიშნებს სარაკეტო დარტყმების დროს სამიზნეებად იყენებენ. მე და ჩემი გოგო საღამოს ამ ნიშნების საძებნელად წავედით. ვერც ერთი ვერ ვიპოვეთ.
- კომენდანტის საათი გამოაცხადეს: 22:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე.
- მთელი ღამე თავშესაფარში ვრჩებით. მთავრობა აცხადებს, რომ წინ მძიმე ღამეა. კიევს თავს ჩრდილოეთიდან ესხმიან (ტანკები მოდიოდნენ). მოსალოდნელია საჰაერო შეტევებიც.
- ჩვენს თავშესაფარში კარგი ინტერნეტია. მთელი ღამე ახალ ამბებს ვკითხულობთ, ადგილობრივი შეტაკებების შესახებ. წავიკითხე, რომ უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსული მანქანების კოლონა კიევში, ბერესტეისკას გარშემო. მე ხშირად დავდივარ მეტროსადგურ „ბერესტეისკაში“, კიევის ეკონომიკის სკოლის მახლობლად, სადაც ვასწავლი და ვაკეთებ კვლევებს. ეს შეტაკება საკმაოდ ახლოსაა ჩვენს კამპუსთან.
26 თებერვალი,
- დილით პირველად ვკითხულობ ამბავს, რომ ლობანოვსკის ქუჩაზე სახლი დაბომბეს. ჩემი მეგობარი ცხოვრობს იქ. შესანიშნავი სოციოლოგი, ფანტასტიკური ადამიანი ორი შვილით. წარმოშობით დონეცკიდანაა. კიევი მისი მეორე სახლია. მოგვიანებით ფეისბუქზე აქვეყნებს, რომ ცოცხალია და უსაფრთხოდ.
- მერე ვკითხულობ სრულიად გიჟურ ამბავს: ვიღაც მეტროში, თავშესაფარში მშობიარობს.
- უკრაინის არმიისთვის მძიმე დღეა. სასტიკი ბრძოლებია რამდენიმე ქალაქში. ყველაზე მეტად მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ კიევში, ჩემს უბანში რუსული ცხენოსანი ჯარი მოძრაობს. ეს ის უბანია, სადაც დავიბადე - ობოლონი. ჩვენი არმია მთელი დღეა მათ დასდევს და აიძულებს დაიხიონ უკან.
- ჩემს შეყვარებულს რუსეთიდან ნათესავები ურეკავენ.ზუსტად ვიცით, არაფერიც არ ხდება, კიევში არავითარი თავდასხმის საფრთხე არ არსებობსო.მალე გაირკვა, რა კარგად სცოდნიათ.
- რუსეთის არმია ბომბავს საცხოვრებელ უბნებს ქალაქებში. ონლაინ გაჩნდა ფოტოები, ვიდეოები ქალაქებიდან.
- ჩვენი არხებით ვრცელდება ინფორმაცია, როგორ შეიძლება დაეხმაროს ხალხი სამხედროებს: მოხსნან საგზაო ნიშნები, რუსული მანქანების გამოჩენისთანავე აცნობონ შესაბამის უწყებებს. სულ უფრო მეტი მეგობარი უერთდება თავდაცვის ძალებს.
ბოლოს მაინც სახლში დარჩენა გადავწყვიტეთ. დასვენება და ფსიქიკური ჯანმრთელობა აუცილებელია. ასეთი პრაქტიკა შევიმუშავეთ:
1. ერთს სძინავს, მეორე სიახლეებს და საჰაერო განგაშს ადევნებს თვალს.
2. ჯიხურებშიც სძინავთ, მაგრამ ჩვენ ყოველ საათში ვაყენებთ მაღვიძარას.
27 თებერვალი.
- მოვლენების, შემთხვევების დათვლა უკვე შეუძლებელია. შეტაკებები, მშვიდობიანი მოქალაქეების ფორმაში გადაცმული დივერსანტები, კიევის ირგვლივ ქალაქების დაბომბვა. ძალიან ვღელავთ სუმსა და ხარკოვზე.
- გამაოგნებელია მათი ტაქტიკა კიევში. დივერსანტები შესანიღბად იყენებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს.
- შემაშფოთებელია ამბები ბელორუსიიდან. ქვეყანა რუსულ ძალებს უერთდება.
- მთელი დღე სახლში ვართ. ხვალამდე ახალი კომენდანტის საათია გამოცხადებული. ვმუშაობ კოორდინაციაზე, უცხოელ მეგობრებთან და ინსტიტუტებთან სასაუბროდ, ღონისძიებების მომზადებასა და ინფორმაციის გავრცელებაზე.
კიევის ეკონომიკური სკოლის დონაციის ბმული