ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წიგნის მრავალი განზომილება

ლიტერატურის მთავარი მეტოქე ყოველთვის იყო ეკრანი, დაფა, გაშლილი ორგანზომილებიანი სივრცე, რომელიც შეზღუდული პერსპექტივის მიუხედავად მაინც ყოველთვის ახერხებდა კითხვის პროცესს მოეწყვიტა ადამიანი. თუმცა, თავისი ისტორიული გამოცდილების გამო, ლიტერატურამ შეძლო და ორგანულად ინტეგრირდა თანამედროვე ციფრულ პლატფორმებში, იმ გარემოში, რომელიც ერთი შეხედვით, მას ჩაყლაპვას უქადდა.

სულ თავიდან იყო ფრესკა, შემდეგ ნახატი, კინო, ტელევიზია, პორტატული გეიმბოი თუ ვიდეო-თამაშები, სოციალური ქსელი და აპლიკაციები, რომლებიც სმარტფონში გვაქვს - ყველა ეს მედიუმი ყოველთვის ლიტერატურისთვის განკუთვნილ თავშესაქცევ დროს ითვისებდა, რადგან ლიტერატურა რჩებოდა ისეთ გარემოდ, რომელიც არ უფრთხოდა ახალ გამოწვევებსა თუ ფორმალურ ცვლილებებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისი წიგნების მსოფლიო დედაქალაქი გახდა და სხვა არაერთ აქტივობასთან ერთად გამოაცხადა ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ჯეოლაბთან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება. კონკურსის მონაწილეები Unity-ს ძრავაზე ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან. 

საქართველოში ამ მიმართულებით გამოცდილება მწირი გვაქვს, თუმცა მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიაში უკვე მრავალი წელია იქმნება ციფრული ინტერაქტიული წიგნები, ძირითადად საბავშვო გამოცემები. ეს ერთი მხრივ, პრაქტიკულია, რადგან ბავშვი უფრო ინტენსიურად ერთვება კითხვის პროცესში, კონკრეტულ ასაკში ესა თუ ის ინტერაქტიული წიგნი შეიძლება ხელს უწყობდეს მოტორიკის განვითარებასაც; მეორე მხრივ კი უფრო ცოცხალი ხდება მშობლისა და შვილის ურთიერთობის პროცესი წიგნის კითხვისას, რადგან მსგავსი წიგნები იმაზე მეტ ჩართულობას მოითხოვენ, ვიდრე თუნდაც კლასიკური დასურათებული წიგნი.

რაში სჭირდება ლიტერატურას სხვა მედიუმებთან თანაცხოვრება? რჩება თუ არა ის ისევ ლიტერატურად? ბევრს იქნებ იოლ სვლადაც ეჩვენებოდეს ამბის თხრობაში მკითხველის ჩასათრევად ამგვარი ხერხების გამოყენება, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. ამბის მოყოლისას ორი რამაა უმთავრესი: თავად ამბავი და ფორმა. სწორედ თხრობის ფორმის ძიების მონაპოვარია  მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ჟანრები. ციფრულ ეპოქაში კი, როცა ძიების პროცესიც ციფრულ სივრცეში გადადის, წიგნის თანამედროვე ინდუსტრიაც აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ნაბეჭდი მასალით და ლიტერატურაში მკითხველის ჩართვის ახალ გზებს ეძებს ისე, რომ მკითხველი არც საკუთარ სმარტფონს მოსწყვიტოს. ის გიქმნის განცდას, რომ დროს არ გართმევს, რომ ისევ თამაშს აგრძელებ.

თამაში და ეკრანი რომ მთავარი „დასაძლევი“ ბარიერებია, ამიტომაც არის, რომ ვიდეო თამაშები მომავლის ერთ-ერთ უმთავრეს სახელოვნებო ფორმად მიიჩნევა. იმასაც ფიქრობდნენ, რომ ვიდეოთამაშები  ადრე თუ გვიან კინემატოგრაფიასაც ჩაანაცვლებს, რომ ის გასცდება ხელოვნების აბსტრაქტულ იდეასაც და მატერიალურ ფორმას შეიძენს - გახდება ხელშესახები, ჩვენს გარშემო შექმნის ალტერნატიულ რეალობას, სადაც ცხოვრება მართლა შესაძლებელი იქნება. ეს ისევ ახალი ფორმის ძიების პროცესია, სადაც უცვლელია ამბის მოყოლის ვნება. რა მნიშვნელობა აქვს ამბავი რომელიმე კანონიკური ანბანითაა ნაწერი თუ კოდის ენით?! ამბავი ამბავია, თუკი მისი წაკითხვა შეგიძლია. ლიტერატურა და თამაში კი თავიანთი კოდურ-მწერლობითი ნათესაობით ისევე ორგანულად შეიძლება თანაარსებობდეს, როგორც მუსიკა და ტექსტი, გრაფიკა და ხმა.

დღეს, როდესაც მთხრობელი სულ სხვა ბაზაზე დგას, ახალი სტილები და მედიუმები აქვს ათვისებული, მას შეუძლია ამბის ფრაგმენტები სხვადასხვა ფორმას მოარგოს და ლიტერატურა უფრო მეტად კოლაჟურ ხელოვნებად აქციოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი თავია ლიტერატურაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პირველყოფილი ხელოვნებაა, ლიტერატურას აქვს უნარი იყოს სრულიად თანამედროვეც, ვირტუალურიც და ასე კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდეს.

ინტერაქტიული წიგნის შექმნა იმაზე უფრო ცოცხალი პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. იქ ყველა ამბავს დამოუკიდებელი სიცოცხლე აქვს რომელსაც უსმენ, უბრუნდები, ხელახლა გადაწერ და ტექსტის, მელოდიის, კოდის, რუნის თუ ნახატის ფორმას აძლევ. 

„ინტერაქტიული წიგნის“ კონკურსი ამავე დროს, ნამუშევართან მუდმივი მიბრუნების გამოცდილებას აძლევს კონკურსანტებს. ბავშვებისთვის საწყის ეტაპზევე შეიძლება შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც ის გამოიმუშავებს იმ სამუშაო უნარებს, მომავალში სხვადასხვა სახის შემოქმედებითი პროცესისას რომ გამოადგება. 

და ბოლოს, ინტერაქტიული წიგნი შეიძლება მკითხველისთვის გარკვეულ სიკეთეებს ატარებდეს, მაგრამ თავს მოვიტყუებთ თუ არ ვაღიარებთ, რომ მისი შექმნა უპირველეს ყოვლისა შემქმნელისთვის არის ყველაზე ამაღელვებელი პროცესი. ყველა ნახატი ხომ ავტორის პერსპექტივიდანაა დახატული, ყველა ფილმში ხომ კამერა ოპერატორის თუ რეჟისორის თვალით გვიჩვენებს აღბეჭდილს. ინტერაქტიული წიგნიც ასევეა მნიშვნელოვანი ავტორისთვის - ის შემოქმედებითი პროცესის, როგორც კულტურის გამრავალფეროვნებას ემსახურება და თუნდაც ავტორისეული, მონოლითური პერსპექტივის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას უწყობს ხელს. ეს ის პროცესია, რომელიც ყველამ, ვისაც თხრობის სურვილი აქვს, ადრე თუ გვიან უნდა გამოსცადოს. 

კონკურსში სარეგისტრაციო ბმული

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა