
ცინიზმის პოლიტიკა
05.09.2017თუკი გამოგრჩათ, გეტყვით, რამდენიმე თვის წინ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევამ ქართველი ახალგაზრდების შესახებ, ონლაინლიბერალებს ნაზი აღშფოთებისა და სევდიანი უხერხულობის ტალღად გადაგვირბინა. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 75% მშობლებთან ერთად ცხოვრობს, 34% უმუშევარია, 62% მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს, 91%-ს სწამს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, 46%-ს ლგბტ ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და სიგარეტზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე გართობაზე ან ახალ წიგნებზე.
აღშფოთების რა ვთქვა, მაგრამ სევდიანი ნამდვილად არის. განსაკუთრებით, პირველი და ბოლო პუნქტების გამო. თუმცა, ასეთ კვლევებს, როგორც წესი, ერთი ნაკლი აქვს – იკვლევს „რა?“-ს, მაგრამ არაფერს ამბობს „რატომ?“-ის შესახებ. ალბათ, ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ეგ რომ იკვლიო, საკითხის შესწავლას, მინიმუმ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან უნდა შეუდგე. მაქსიმუმ კი – დამოუკიდებლობის დაკარგვიდან. არადა, ისიც ცხადია, რომ ფაქტები კონტექსტების გარეშე, ამ ფაქტებისვე დამახინჯებული ინტერპრეტაციის მთავარი წყაროა.
თაობების დატოლება და შეცვლილი გარემოებების გათვალისწინების გარეშე დასკვნების გამოტანა ალბათ ყველაზე უფრო მოსალოდნელი შემხვედრი ნაბიჯია, რასაც საზოგადოება დგამს ხოლმე, საკუთარ კრიზისებზე რეაგირებისას. ამჯერადაც ასე მოხდა. მედიამ მხოლოდ იმის შესახებ დაწერა, რაც კვლევაში ნახა. არაფერი, სულ არაფერი თქმულა იმაზე, თუ როგორია რეალობა ამ დახვავებულ პროცენტებს მიღმა.
ეს მხოლოდ ჩვენი მედიის ამბავი არაა. ჟურნალმა „Time“-მა თანამედროვე ახალგაზრდებს (თაობა Y-ს, იგივე მილენიალებს, დაბადებულებს 1980-იანების მეორე ნახევრიდან 2000-იანების პირველ ნახევრამდე შუალედში) „მე მე მე თაობა“ უწოდა. 2013 წელს გამოქვეყნებული სტატია ამტკიცებდა, რომ თაობა Y უფრო ზარმაცია, ვიდრე წინა, თაობა X; რომ ახალგაზრდები ნარცისიზმით არიან შეპყრობილები და მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ. საინტერესოა, რომ ავტორი სტატიას ასევე კვლევებსა და პროცენტებზე, როგორც მყარ არგუმენტებზე, საუბრით იწყებს, საკმაოდ მკაცრად აღწერს მილენიალების თვისებებს, ქცევებს, თუმცა, სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: „დიახ, ჩვენს ხელთ არის მთელი ეს ემპირიული მონაცემები ნარცისიზმზე, სიზარმაცეზე, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულობაზე. მაგრამ თაობის განსაკუთრებულობას მონაცემები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებს ესა თუ ის თაობა მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე“. ზუსტადაც, საქმე პროცენტებში კი არა, გამოწვევებშია და იმაში, თუ ვისგან გვერგება ხოლმე ეს გამოწვევები მემკვიდრეობით.
ჩემი თაობის ხმად ვერ გამოვდგები. არა იმიტომ, რომ ან მე ვარ განსაკუთრებული, ან ჩემი თაობა. უფრო იმიტომ, რომ დღესდღეობით საინფორმაციო ველის (რომელიც დიდწილად განგვსაზღვრავს და გვაყალიბებს ინდივიდებს) სრული ფრაგმენტაციის პირობებში ვცხოვრობთ. სოციალური მედიისა და ელექტრონულად გაშუალებული ურთიერთობების გადამკიდე, კიდევ უფრო რთული ხდება, ილაპარაკო ჯგუფების სახელით, კიდევ უფრო ცხადია, რომ ნებისმიერი ჯგუფი იმდენად არაჰომოგენურია, რომ თითქმის შეუძლებელია ერთიანი ნარატივის გამოდნობა. თუკი პოსტმოდერნისტებს სწამდათ, რომ მეტანარატივების დრო დამთავრდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ეპოქაში მეტა კი არა, უბრალოდ ნარატივების დროც წავიდა. ამიტომაც ყველა იმ პრეტენზიაზე ვერაფერს ვიტყვი, რაც ჩემს თაობასთან აქვთ. მხოლოდ ერთ საკითხს შევეხები, რის გამოც მე და ჩემს მეგობრებს (ან არც ისე მეგობრებს) ხშირად პასიურ-აგრესიულად გვაკრიტიკებენ ხოლმე – ცინიზმს.
ამ თემაზე რეფლექსია ალბათ აღიარებით უნდა დავიწყოთ – დიახ, მეც და არაერთი ახალგაზრდაც ჩემი თაობიდან ცინიკურები ვართ. ხმამაღლა ცინიკურები. ინტერნეტის დამსახურებით ამის დემონსტრირებისთვის არეალი ყოველთვის გვაქვს. აღარავისგან გვჭირდება ხელდასხმა ჩვენი ცინიკური დამოკიდებულებების გამოსახატად. მაგრამ ცინიზმი მხოლოდ პერსონალური დამოკიდებულება არაა, კარგად თუ დავუკვირდებით, შეიძლება მისი პოლიტიკური ბუნებაც დავინახოთ. ჩვენი ცინიზმი პოლიტიკურია. ის არის პასუხი დღეს გაბატონებულ, სწორედ იმ თაობის ჩამოყალიბებულ დისკურსებზე, რომელსაც ჩვენი ცინიზმი არ მოსწონს. ცინიზმი პასუხია იმედგაცრუებებზე, რომელიც მათი დამსახურებით ჩვენი იდენტობების განმსაზღვრელი გახდა. ასევეა სიზარმაცეც, ნარცისიზმიც, ქსენოფობიაც და ყველა ის „ნაკლი“, რომელსაც პროცენტებით გვიანგარიშებენ ხოლმე.
სულ ბოლო, ორგანიზებული ცინიზმის მაგალითი რომ გავიხსენოთ – პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“, რომელიც თვალში საცემად ახალგაზრდული და იმდენად ცინიკურია, რომ წინასაარჩევნო ვიდეორგოლით პარლამენტში „ბებიაჩვენისას და ბაბუაჩვენისას“ მიღებით გვაშინებდა არჩევნების დღეს პასიურობის შემთხვევაში, რელიგიურ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ცდილობს, ახალგაზრდებს დაეხმაროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ექსპლოატაციისგან თავის არიდებაში. გასაკვირი თითქოს არც არაფერია, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება რაღაცით რელიგიურია. მაგრამ მათი ცინიზმი გაცილებით უფრო მასშტაბურ ცინიზმზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საპასუხო რეაქციაა. ასეა სხვა შემთხვევებშიც – ჩვენი ცინიზმი პასუხია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტების ცინიზმზე. სხვა რა უნდა უწოდო, მაგალითად, საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას, რომლის დამსახურებითაც უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის შემთხვევაში, წლობით გაგიშვებენ ციხეში. ცინიზმი არ არის, როდესაც, დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვის სახელით, ქალაქის ქუჩებს ადამიანებისგან ათავისუფლებენ და მათ ადგილს ავტომობილები იკავებენ? ცინიზმი არ არის, როდესაც ტრანსგენდერს კლავენ და სასამართლო დამნაშავეს მხოლოდ იმ ნაწილში სჯის, რომლის მიხედვითაც მკვლელმა დანაშაულის ადგილი გადაწვა, თავად მკვლელობის აქტი კი დაუსჯელი რჩება, თითქოს არავინაც არ მომკვდარა?
ფილოსოფოსი ბერტრან რასელი ჯერ კიდევ 1930 წელს წერდა, რომ ახალგაზრდული ცინიზმი პასუხია მმართველების, ძალაუფლების ცენტრების სისულელეებზე, ხოლო „სამყაროს მმართველები, მართალია, ყოველთვის სულელები იყვნენ, მაგრამ ასეთი ძლიერები არასდროს ყოფილან“. ასე რომ, ნუ გიკვირთ საპასუხო ცინიზმი. ყოველი მომდევნო თაობა რევანშია წინა თაობის შეცდომების გამო. ჩვენ კი იმაზე მეტი მიზეზი გვაქვს რევანშისთვის, ვიდრე თქვენ – აღშფოთებისთვის.