ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცივი ფესტივალები

ცივ ქალაქებში ან წელიწადის ცივ დროს გამართულ ფესტივალებს განსაკუთრებული ხიბლი აქვთ. ასეთ დროს, არც მზეზე მიფიცხების ცდუნება არსებობს და არც ლამაზი კაბების ფრიალის. როცა გარეთ ცივა, კინოდარბაზი უალტერნატივო ადგილი ხდება კინომოყვარულებისთვის. ყველაზე დიდი სკანდინავიური ფესტივალი ქალაქ გოთენბურგში ამ დღეებში მიმდინარეობს. ბერლინალეს კინოფესტივალი კი ზუსტად ორ კვირაში დაიწყება. ჩვენი ქალაქის მთავარი კინომოვლენაც, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, ზამთრის ფესტივალების სიაშია.

აღმაშენებლის 164-ში, ძველი კინოსტუდიის შენობაში, დერეფნის მარჯვენა მხარეს ორი პატარა ოთახია. პირველში, რომელიც ძირითადად, გოგონებითაა სავსე, სულ ეწევიან, მეორეში კი მხოლოდ ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მატულობს მღელვარება. ერთკვირიანი კინოთავგადასავალი, დეკემბრის პირველ კვირას, ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში იგეგმება.

– იუპერი არ ჩამოდის, ხო? და შარლოტა?

– ვინ შარლოტა?

– შარლოტა, რამპლინგი.

– ბელა ტარმა მოიწერა, არ მცალიაო.

– აი ვეი ვეის მიწეროს რა ვინმემ.

გვიანი შემოდგომიდან შენობაში უკვე ყინავს, სიგარეტის კვამლი მხოლოდ სითბოს ილუზიას ქმნის. კონტრასტი მისაწერ-დასაპატიჟებელ ვარსკვლავთა სიასა და ამ კედლებს შორის იმდენად დიდია, რომ იქ მოხვედრისთანავე რწმუნდები – თბილისის კინოფესტივალი სასწაულებს ახდენს – წელს უკვე მეთვრამეტედ მოუყარა თავი წლის საუკეთესო ფილმებს, ჩამოიყვანა ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები თავიანთი მასტერკლასებით. ფესტივალს 80-მდე სტუმარი ეწვია და 131 ფილმი აჩვენეს.

კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში ყოველთვის დებიუტანტი რეჟისორები მონაწილეობენ ხოლმე. წელს ამ სექციაში ნაჩვენები 10 ფილმიდან შვედური „ყორნები“ გახდა გამარჯვებული (რეჟისორი იენს ასური). საუკეთესო რეჟისურისთვის კი ვერცხლის პრომეთე გადაეცა მილად ამალის ფილმს „არშიყი“. ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა ქართულმა ფილმმა „საშიში დედა“ (რეჟისორი: ანა ურუშაძე), რომელიც „ქართული პანორამის“ გამარჯვებულიც გახდა. რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის მიიღო პრიზი, ხოლო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი მარგო ზუბაშვილის „ანა“ გახდა.

მიუხედავად მრავალფეროვანი პროგრამისა, მაინც არის ფილმები, რომლებსაც ყველაზე დიდი სჯა-ბაასი მოჰყვება ხოლმე ჩვენებამდეც და ჩვენების შემდეგაც.

ერთ-ერთი ასეთი, შარშანდელი ბერლინალეს გამარჯვებული, უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის სურათი „სულისა და სხეულის შესახებ“ იყო.

ფილმი სიყვარულის ისტორიას გვიყვება, რომელიც შუახნის ენდრესა და ახალგაზრდა მარიას შორის ვითარდება აგრობიზნესის ჰორორის მთავარ დაწესებულებაში, ცხოველების სასაკლაოში, სადაც ენდრე მენეჯერია, ხოლო მარია – ჰიგიენის ინსპექტორი. ფილმი სასტიკი კადრებით იწყება: კომერციული ძალადობის დემონსტრირებით – ცხოველების ხოცვით და დანაწევრებით, რომელიც ქალაქის მტაცებელი მოსახლეობის ზურგს უკან ხდება, ისე, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება მანამ, სანამ საღამოს სადილზე ხორცისგან მომზადებულ კერძებს შეექცევიან. იმ რამდენიმე მაყურებელმა (დიდი ალბათობით, ვეგეტარიანელებმა), ვინც დარბაზი მალევე დატოვა, სამწუხაროდ, ვეღარ ნახა ენდრეს და მარიას დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც სასაკლაოსგან შორს, სულ სხვა სამყაროში – სიზმრებში ვითარდება. ისინი ერთნაირ სიზმრებს ხედავენ და ორივენი თოვლიან ტყეში მორბენალი ირმები არიან. რუტინულობისა და ყოველდღიურობის ბანალურობის შიშით, წყვილი საკუთარ ურთიერთობას, ერთი შეხედვით, უცნაურად და ექსცენტრიკულად, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან საინტერესოდ ავითარებს.

მეორე ფილმი, რომელიც მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევდა, იყო მიჰაელ ჰანეკეს „ბედნიერი დასასრული“, რომელიც მისი წინა ნამუშევრის, „სიყვარულის“ ერთგვარი გაგრძელებაა. ამჯერად ფოკუსში ცოლის მკვლელი ჟორჟი და მისი შვილები ხვდებიან. ესაა ევროპული კეთილდღეობისა და ბურჟუაზიული, დისფუნქციური ოჯახის სატირა, რომელსაც ხაზად გასდევს თაობათა შორის დაპირისპირებისა და ოჯახის წევრებს შორის გაუცხოების თემა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰანეკეს ფილმები ყველაზე მეტად ალბათ ჰორორის ჟანრს ენათესავება, მას მაინც საკუთარი ჟანრი აქვს – უშეცდომოდ აწყობილი სცენარით, როლებისთვის ზედგამოჭრილი მსახიობებითა და კინემატოგრაფით – ამ შემთხვევაში კრისტიან ბერგერის ოპერატორული ნამუშევრით.

ევროპული ფორუმის სექციაში აჩვენეს ალექსანდრე კობერიძის „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“; მობილური ტელეფონით გადაღებული ყველაზე ხანგრძლივი ქართული ფილმი (3 საათი და 20 წუთი). ეს არის ნახევრად მხატვრული და ნახევრად დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ჯარისკაცისა და ქალაქში ახლახან ჩამოსული ბიჭის სიყვარულის ისტორიას ომის პარალელურად ჰყვება. ფილმში თითქმის არ საუბრობენ და დროდადრო ერთი და იგივე ტექსტი გვესმის, სასაცილო და თან საოცრად სევდიანი. მოციმციმე ეკრანზე გადღაბნილი კადრები კი თბილისის ქუჩებს და ნაცნობ ადგილებს გვაჩვენებს, რაც ძალიან აკლია ქართულ ფილმებს. შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორს, განსაკუთრებული ხედვის გარდა, დიდი თავდაჯერება და გამბედაობა აქვს – მან მაყურებელი თითქმის 4-საათიანი, ტელეფონით გადაღებული ექსპერიმენტის სანახავად დასვა დარბაზში.

მაყურებლის ფავორიტი იყო იაპონური „მისტერ ლონგი“ (რეჟისორი: საბუ). თუ აზიური კინოს ყურებას მიჩვეული არ ხართ, პირველი სცენა შესაძლოა მოსაწყენი მოგეჩვენოთ, ან შესაძლოა, არასოდეს მოგინდეთ იმ ფილმის ნახვა, რომელშიც დასაწყისშივე ოცზე მეტ ადამიანს კლავენ, მაგრამ „მისტერ ლონგის“ შემთხვევაში მალევე დარწმუნდებით, რომ ეს არის იშვიათი, უნიკალური და სრულყოფილი კინემატოგრაფიული გამოცდილება. ეს არის ფილმი სიყვარულსა და სიკეთეზე და მისი მთავარი ღირსება გენიალურობამდე მისული სიმარტივეა, რომელშიც ადამიანებს შორის ხშირად სრულიად აუხსნელი კავშირები ჩანს.

შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის „კვადრატს“ ასევე მოჰყვა მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია. წლევანდელი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათი რამდენიმე უცხოურ რეცენზიაშიც შეაფასეს, როგორც თანამედროვე ხელოვნების კრიტიკა. თუმცა, აშკარაა, რომ რეჟისორის სარკაზმი სცდება ერთი კონკრეტული მუზეუმის ფარგლებს და წარმოადგენს არა უბრალოდ თანამედროვე ხელოვნების, არამედ ზოგადად, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოში მცხოვრები საზოგადოების კრიტიკას.

ოსტლუნდი, მისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმითა და ირონიულობით აღწერს საშუალო ფენის ყოველდღიურობას და პარალელურად გვაჩვენებს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებასაც.

ფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ფილმით „ნამე“, რომელიც პირადად ჩემთვის, „მისტერ ლონგის“ შემდეგ ყველაზე „იაპონური“ ფილმი იყო სიურრეალისტური პეიზაჟებითა და სცენარით.

თბილისის კინოფესტივალი 10 დეკემბერს დასრულდა გილერმო დელ ტოროს ფილმით „წყლის ფორმა“, რომელიც აუცილებლად მოეწონებოდათ მათ, ვისაც ზღაპრები უყვართ. „წყლის ფორმა“ არის ფილმი განსხვავებულობით გამოწვეულ მარტოობაზე და მეგობრობისა და სიყვარულის აუცილებლობაზე. იმ ამბის ყურება, რომელიც ლაბორატორიის დამლაგებელი ქალის, ელაიზასა და უმანკო მონსტრის თავს ხდება 1960-იანი წლების ამერიკაში, არა მხოლოდ გვართობს, არამედ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებულის მიღების უნარი.

ბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ 18 წლის შემდეგაც, ფესტივალს კვლავ უდგას მწირი ბიუჯეტის პრობლემა, რაც მის ორგანიზებას წარმოუდგენლად ართულებს. კინოფესტივალს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს, სახელმწიფოსგან კი სათანადო მხარდაჭერა არ აქვს. ის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც კინოფესტივალი წლის განმავლობაში ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობებისგან იღებს, ქვეყანაში კინოხელოვნების განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, დღეს საქართველოში არ არსებობს მუნიციპალური კინო. კინოფესტივალი უკვე წლებია გამოდის ინიციატივით, აღდგეს და პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდეს კინოთეატრ „აპოლოს“, რომელიც მუნიციპალური კინოს ფუნქციას იტვირთავს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ქვეყანაში კინოს განვითარების საფუძველი სწორედ ასეთი კინოთეატრებია, საჭიროა მეტი სივრცე, სადაც ადამიანები ფილმების ნახვას შეძლებენ.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა