ცუდი მასწავლებლის ძიებაში
11.04.2017იყო დრო, როდესაც მასწავლებლობა მეტად პატივსაცემ და მნიშვნელოვან პროფესიად ითვლებოდა. იმ ხანად კი პატივსაცემი და მნიშვნელოვანი პროფესიები, მოგეხსენებათ, კაცებს ეკუთვნოდათ. როგორც კი სხვა, უფრო მიმზიდველი და მრავალფეროვანი სამუშაოები გაუჩნდათ, კაცებმა დაიწყეს ამ კეთილშობილური საქმის მიტოვება. ქალებმა კი, ვინაიდან მსგავსი მრავალფეროვნება სამუშაო ადგილების მხრივ არ "ემუქრებოდათ", ნელ-ნელა კაცების მიერ ათვალწუნებულ მასწავლებლობას მიჰყვეს ხელი – ეს სამუშაო საშინაო საქმეებს ადვილად შეუთავსეს. როლების ეს ცვლილება ხარჯეფექტურიც აღმოჩნდა, რადგან ქალი მასწავლებელი ნაკლებ ანაზღაურებაზეც დათანხმდა – ოჯახში მთავარი შემომტანი თვითონ ხომ არ იყო.
ახალმა რეალობამ სხვა აღმოჩენებიც მოიტანა: მასწავლებლობა, ეს ხომ ნამდვილად ქალის საქმეა! აქამდე სად ვიყავით?! ქალი მზრუნველია, დედაა და ბუნებით მოსდგამს ბავშვებისთვის სწავლების უნარი. მზრუნველი და მგრძნობიარე რომ არის – ეს კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასკმარისად რაციონალურია, ლოგიკაც აკლია, და მგრძნობიარობის გამო შესაძლოა სკოლაში წესრიგი და დისციპლინა ვერ დაიცვას. სწორედ ამ ნაწილში გადაწყვიტეს კაცებმა, ჩარეულიყვნენ და თავიანთი სიტყვა ეთქვათ. საჭირო იყო, ისეთი წესები შემოეღოთ, რომლებიც საშუალებას მისცემდათ, ქალი მასწავლებლები, სასწავლო პროცესი და ბავშვები ეკონტროლებინათ.
განათლების პატრიარქალურმა მოდელმა, რომლის მთავარი პრინციპია იერარქიულობა, ერთი ჯგუფის მიერ მეორის დომინაცია, მეტი შემართებით განაგრძო არსებობა. მასწავლებლების კონტროლისთვის ნაირ-ნაირი სტანდარტები გაჩნდა; კაცმა თეორეტიკოსებმა, კაცმა მკვლევრებმა ზედმიწევნით ზუსტი „მეცნიერული“ მეთოდებით დაიწყეს სწავლებისა და ბავშვების მართვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევები კონკრეტულ კულტურულ და სოციალურ სივრცეში ტარდებოდა, აცხადებდნენ, რომ მტკიცებულებები ობიექტურია და მათი გამოყენება ნებისმიერ მასწავლებელს ნებისმიერ კლასში, ნებისმიერ ბავშვთან სამუშაოდ შეუძლია, მათი ბიოგრაფიების, კლასის და სქესის მიუხედავად.
პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ არ შეიძლებოდა ქალების ნებაზე მიეშვათ სწავლების შინაარსი, ეს კაცებს უნდა გადაეწყვიტათ და, შესაბამისად, ამ სფეროშიც დადგა სახელმწიფო რეგულაციების აუცილებლობა. კაცების მიერ განსაზღვრული ღირებული ცოდნა რაციონალურ და ლოგიკურ ჭეშმარიტებებს მოიცავდა; ცოდნის ფლობის გაზომვა და შეფასება მარტივი გზებით უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ, განათლება ფოკუსირებული გახდა მხოლოდ ასეთ ცოდნაზე. დროთა განმავლობაში, რაც უფრო გაიზარდა დასასწავლი „ჭეშმარიტებების“ ოდენობა, მით ნაკლები ადგილი რჩებოდა სხვა ტიპის ცოდნისთვის. ადგილობრივი, კულტურული, ინდივიდუალური, სხეულებრივი, გრძნობითი და სულიერი სკოლამ ბოლომდე ჩამოიფერთხა და დახურდავდა გამოცდაზე შემოხაზულ ერთადერთ სწორ პასუხზე.
განათლება ურთიერთობებზე დაფუძნებული, არასტაბილური, სპონტანური, მაძიებლური და დიალოგური პროცესიდან გარდაიქმნა წინასწარ განსაზღვრული მეთოდებით დადგენილი შინაარსის გადაცემის ტექნიკურ პროცესად.
კაცებმა ვერ ანდეს ქალ მასწავლებლებს განათლებაში პროფესიული თავისუფლება და დაშალეს ის მარტივ მამრავლებად, რასაც მხოლოდ გაზეპირება და პატიოსნად შესრულება სჭირდებოდა.
კარგი ქალი მასწავლებელი მდუმარე და მორჩილი მასწავლებელია. მან ზედმიწევნით იცის მასზე დაკისრებული ვალდებულებები სწავლების ფორმასა და შინაარსზე და კარგად აქვს გათავისებული მათი ერთადერთობა, ჭეშმარიტება და გარდაუვალობა.
კარგი მასწავლებელი დუმს. მერე რა, რომ მეცნიერული ცოდნა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტები, საკლასო ოთახის რთული სოციალური და სააზროვნო დინამიკის ერთ ასპექტსაც ვერ ხსნის სრულყოფილად და ვერ პასუხობს.
განსხვავებულად მოაზროვნე და მოქმედი მასწავლებელი – უარყოფილია სისტემის მიერ. ის ცუდი მასწავლებელია.
მასწავლებელი, რომელიც სკეპტიკურად განიხილავს დადგენილ წესებს, მზად არის, უპასუხოს ბავშვების კითხვებს „აკრძალულ“ და უადგილო თემებზე, არ ეშინია ბავშვების წინაშე ძალაუფლების დათმობის, სულ გამოცდების ბნედაში არ არის – ცუდი მასწავლებელია. ზედამხედველებმა ზუსტად იციან, რომ ასეთ მასწავლებლებთან ბავშვები ბევრ უსარგებლო რამეზე მოცდებიან და, საბოლოო ჯამში, გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების ამ ფორმის კრიტიკა საუკუნეს ითვლის, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ ეპოქაშიც, განათლება ისევ ამ ინდუსტრიული პერიოდის საყრდენ სვეტებზე დგას. ერთი ჯგუფის მიერ მეორის დომინაცია კვლავ რჩება სკოლის უმთავრეს მახასიათებლად. იერარქიის ფსკერზე, როგორც უწინ, ძირითადად ქალი მასწავლებლები არიან, რომლებმაც ანალოგიური წყობის მოდელი საკლასო ოთახში უნდა გადაიტანონ წარმატებით (და ამით თავიანთი პროფესიონალიზმი დაადასტურონ). წლიდან წლამდე უფრო და უფრო კონკრეტული ხდება სასწავლო საკითხები. მატულობს სტანდარტების და გამოცდების რაოდენობა. გლობალიზაციასთან ერთად გაიზარდა მათი მასშტაბიც: დღეს მნიშვნელოვანი გახდა „ღირებული“ ცოდნის საერთაშორისო შეფასებები. სრულიად განსხვავებული ქვეყნები, განსხვავებული კულტურით, ენით, ეკონომიკით, გეოგრაფიით, ისტორიითა და განათლებით, კუნთებს ატოლებენ ერთმანეთს ეთგო-ს (OECD) საერთაშორისო საგანმანათლებლო ტესტების წინამძღვრის ანდრეას შლაიხერის კურთხევითა და შეწევნით. როდესაც არათუ სკოლაში, საბავშვო ბაღშიც კი, ბავშვებს გამოცდებით იღებენ, შეუძლებელია არ დასვა კითხვა: იქნებ არასწორ გზას ვადგავართ? თუკი აქედანვე ბავშვები ხედავენ, რომ მათ შორის განსხვავებები – გარიყვის ან პრივილეგირების საფუძველია, როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ისინი ოდესმე ოდნავ უფრო თანასწორ საზოგადოებას შექმნიან? რა აზრი აქვს განათლებას, რომლის მთავარი მიზანია, ერთმანეთს შეაჯიბროს განსხვავებული ბავშვები, მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და სირთულეებით, კითხვებით და პასუხებით, თანაც შეაჯიბროს ისეთ ცოდნაზე, რომლის სარგებლიანობა, არათუ ხვალ, დღესაც კი საეჭვოა? თუკი განათლება სილაღეს ართმევს ბავშვებს მათგან დროსა და სივრცეში აცდენილი უინტერესო ნარატივებით და ძალადობრივი გზებით, რატომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მემკვიდრეობით გადაცემულ ძალადობრივ პოლიტიკას, ეკონომიკას და დაზიანებულ გარემოს რამეს უშველიან?
როგორი შეიძლება იყოს ალტერნატიული განათლება ბავშვებისთვის, ვისთვისაც ტერორიზმი და პირდაპირ ეთერში მკვლელობა მხოლოდ და მხოლოდ ფონია სადილის დროს? ვისთვისაც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ჩვეულებრივი ამბავია; ვინც სულ ბეწვის ხიდზე გადის ზიზღსა და გულისრევას შორის სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში, ვინც გეიმერობს და არ უსწავლია რეალურ სიტუაციებში, რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის ანი და ჰოე.
იქნებ არასწორ კითხვებს ვსვამთ და ამიტომაც ვიღებთ არასწორ პასუხებს? იქნებ საკუთარი თავის, სხვებისა და გარემოს მიმართ სიკეთე არის ის, რაზეც სკოლაში უნდა ფიქრობდნენ? იქნებ იმისთვის, რომ უკეთეს საზოგადოებაზე ტყუილად არ ვიოცნებოთ, განათლების ღირებულებითი ღერძი უნდა გავხადოთ სოლიდარობა, ნაცვლად იმის მტკიცებისა (სიტყვით თუ საქმით), რომ უთანასწორობა ბუნებრივი და გარდაუვალია (აბა, ჰკითხეთ ნაკლებ პრვილეგირებულებს). შესაძლოა, ნამდვილი ცნობისმოყვარეობა წახალისდება მაშინ, როდესაც ბავშვები შეძლებენ, ყველაფერზე დასვან კითხვა: „რატომ ეგრე და არა სხვანაირად?“ და არაფერი მიიღონ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად (მათ შორის, მასწავლებლის ნათქვამი, რა თქმა უნდა!). შესაძლოა, განათლება სულაც არ მოითხოვს მინისტრებიდან რესურსცენტრების უფროსებისკენ – დირექტორებისკენ – მასწავლებლებისკენ და ბოლოს ბავშვებისკენ მიმართულ მუშტების ბრახუნს და ათასგვარ უაზრო, უმიზნო წესს, რომლებიც საბოლოო ჯამში მხოლოდ იერარქიის ჯაჭვში ზემდგომთა ძალაუფლების დემონსტრირებას ემსახურება. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლა, ტრანსფორმაციული ცოდნა დგება იქ, სადაც არ ვფიქრობთ გამოცდებზე, ეროვნულ სტანდარტებსა და ანგარიშვალდებულებაზე.
შესაძლოა, დადგა დრო, გავხდეთ „ცუდი“ მასწავლებლები.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
ავტორი: ნატა პაიჭაძე