ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #LGBTQ

ჩვენ ერთმანეთს უკვე ვხედავთ

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა ის,

რომ არა ვარ მსხვერპლი".

მარგარეტ ეტვუდი

 

„შენ თუ იმის მოსმენა გინდა, როგორ გვცემენ ქუჩებში, როგორ გვაგინებენ და გვკლავენ, იცოდე, არ ვაპირებ ამის მოყოლას.

სხვა რამეზე ვილაპარაკებ, ამაზე – არა“. მესამე ტრანსგენდერი ქალია, ვინც ინტერვიუს დაწყებამდე ღიად და ცოტა კატეგორიულად მაფრთხილებს.

უკვე რამდენიმე თვეა მათთან საუბრებს ვიწერ, ერთი პატარა კრებულისთვის ისტორიებს ვაგროვებ. ვხვდები მათ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ნელ-ნელა მიმძაფრდება იმის შეგრძნება, რომ ამ მცირერიცხოვან თემში რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება. ბოლოდროინდელი ხმაურიანი თუ ნაკლებად რეზონანსული ტელეეთერების, რეპორტაჟებისა და კამპანიების შემდეგ, საჯაროდ გამოჩენის შემთხვევები უეცრად ხშირდება – თემის ხილვადობა იზრდება თუ არა, პროტესტის ნაპერწკლები მაშინვე ჩნდება. „ჩვენგან ამის მოსმენა უნდათ – როგორი საცოდავები ვართ, როგორ ვეზიზღებით ყველას, როგორ ვიტანჯებით. ჰოდა, დიდი ბოდიში, მე არავის მსხვერპლი არ ვარ“.

> > >

ფსიქოლოგი ლინდა გარნეტსი, ჯერ კიდევ 1990 წელს აღწერდა, თუ როგორ უცვლის სოციო-პოლიტიკური მოვლენები კონკრეტულ სიტყვებს მნიშვნელობას. როდესაც ადამიანებს რეგულარულად ესხმიან თავს მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული სექსუალობა აქვთ, ნელ-ნელა „სექსუალობა“ ადამიანის ჩაგვრასთან ასოცირდება და სიყვარულის გაზიარების, ადამიანების სიახლოვის ნაცვლად, ტკივილის, ტანჯვისა და დასჯის კონოტაციას იძენს.

ჩაგრულ თემს მიღმა კი, ადამიანები, როგორც წესი, ძალადობის ახსნას ეძებენ. გარნეტსი ამბობდა, რომ ის, ვისაც სამართლიანობის სწამს, ვისაც სჯერა, რომ სამყაროში ყველაფერი მიზეზშედეგობრივია, დროთა განმავლობაში მიდის დასკვნამდე, რომ ადამიანებს სამართლიანად ჩაგრავენ, იმიტომ, რომ განსხვავებული სექსუალობა აქვთ. და მაშინ, როდესაც არ არსებობს ნარატივი, რომელიც ძალადობის ფენომენს ხსნის, მჩაგვრელის ირაციონალურ შიშებს არაფერი აშიშვლებს და ძალადობის სოციო-პოლიტიკური კონტექსტი საერთოდ არ ჩანს, ყველაზე საშიში რამე ხდება – ის, ვისაც ჩაგრავენ, საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებს, მსხვერპლის როლში იკეტება და საბოლოოდ, დეპრესიამდე, სრულ სასოწარკვეთამდე მიდის. ჩაგვრა კი, ამ დროს ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა და მისი ნორმალიზება ხდება.

დღეს, ჩვენს ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში, ალბათ, სწორედ ეს მომენტია – სექსუალობა პირდაპირ ჩაგვრასთან ასოცირდება. საინფორმაციო სივრცეში ერთმანეთს ცვლის ტექსტები და იმიჯები, სადაც ადამიანების აღქმა მათ სექსუალობამდე ვიწროვდება, ისინი უმრავლესობის მსხვერპლები არიან, მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო.

„უმრავლესობას თქვენი საჯარო გამოჩენა აღიზიანებს. რას ფიქრობთ ამაზე?“

„შენ მზად ხარ იმისთვის, რომ ხვალიდან ძალიან ისეთი, არაადეკვატური რეაგირება მოჰყვეს შენს პერსონას და შენს მონათხრობს?“

„ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც თქვენ“.

„არ შეიძლება, ისე გვექცეოდეთ, როგორც ცხოველებს…“

ეს, ხშირად, კეთილი ზრახვებით შექმნილი შინაარსებია, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების ტკივილის გასაჯაროებაა. თუმცა, ეს გულწრფელი ცდები, უნებურად, ისევ უსუსური მსხვერპლის ხატის რეპრეზენტაციად იქცევა, რადგან აქცენტები კვლავ უცვლელი რჩება – ძალადობა კი აუხსნელი. ამ შინაარსებში – დღევანდელი ბრძოლა წაგებულია. ეს ისაა, რასაც წინა საუკუნის პოპულარული თრეშშოუები გვთავაზობდნენ. ეკრანიდან, ტექსტებიდან მუდამ გარიყულები, დამარცხებულები გველაპარაკებიან და შველას, გადარჩენას გვთხოვენ.

ენი როთის წიგნი „ტრავმის პოპკულტურა: როგორ იყიდება სხვისი ტკივილი მასმედიაში“ (2011) ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მედიახატებს იკვლევს. როთი ამბობს, რომ ერთი და იმავე სათქმელის მრავალჯერ გამეორებით უსასტიკესი ძალადობაც, დროთა განმავლობაში, ჰორორიდან მელოდრამად გადაიქცევა. უფასურდება ამბავი, თუ ამ შინაარსებს სულ ახალ-ახალი შრეები და სიღრმე არ ემატება. განმეორება დრამატიზმს კლავს და მოვლენას, ამბავს ბანალურ კიტჩად აქცევს. ასე მოვიდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა იმიჯი ჰანა არენდტის რეპორტაჟებიდან (ადოლფ ეიხმანის პროცესის გაშუქებიდან) ოფრა უინფრის შოუმდე, სადაც ამ სისასტიკეს სანახაობის ფორმა აქვს და მხოლოდ მსუბუქ სენტიმენტებს აღძრავს. გამოდის, ეს მედიისთვის მარადიული ამოცანაა: თან ჩაგრულთა ამბებს მოჰყვეს – ტრავმული გამოცდილების დასაძლევად ძალადობა აუცილებლად სიტყვად, ტექსტად, იმიჯად, ხატებად იქცეს, ანუ თან განმეორდეს, მაგრამ სათქმელი არასდროს გაცვდეს.

ალბათ, დღეს, ჩვენი მთავარი გამოწვევა, ჩაგვრის განმარტების ხელახალი გააზრებაცაა – როგორ შეიძლება, განსხვავებულ სექსუალობას უცხოს, საშიშის, ცოდვის კონოტაცია ჩამოსცილდეს და ადამიანის შინაგან სამყაროს, სიყვარულს დაუკავშირდეს. არ ვიცი, ეს პროცესი საიდან უნდა დაიწყოს. ახალი იდეები და ხედვა პირველად ალბათ ისევ თემში გაჩნდება. „მე არავის მსხვერპლი არ ვარ“, ჩემი აზრით, უკვე გზავნილია – განრისხებული ამოძახილი, რომელიც დაახლოებით ამას გულისხმობს: თუ სულ ესაა, რასაც მთავაზობთ, თუ სულ ესაა, რასაც ჩემში ხედავთ, ვიფიქრებ იმაზე, მინდა თუ არა, ხვალ ეს ვიყო. იმაზეც დავფიქრდები, ღირს თუ არა ასე ღიად თქვენთან ლაპარაკი, ღირს თუ არა თვითონ ჩაგვრის გამჟღავნებაც. 

ის, რაც გვინდა მოხდეს, ჯერ წარმოსახვაში დაიბადება და შემდეგ, რიტორიკაში გადმოვა. ის, რაც გვინდა მოხდეს, აუცილებლად ხმამაღლა უნდა ითქვას, თორემ ახლანდელ გზავნილებს და მედიაიმიჯებს ჯერჯერობით საპირისპირო მხარეს მივყავართ. ისევ იმ დროში გვაბრუნებს, სადაც ჯერ ხელებს ვაფათურებდით, ახალი მნიშვნელობის გვეშინოდა და ამიტომ თვალებს ვხუჭავდით, იმ ახლის არსებობის დავიწყებას ვცდილობდით. უბრალოდ, დღეს ეს გავლილი გზაა – ჩვენ ერთმანეთს უკვე ვხედავთ. ვხედავთ, მაგრამ ჯერ ვერ ვგრძნობთ. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა