ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩვენი დროის Bassiani

ბასიანის ამჟამინდელი სამყოფელი დინამოს სტადიონის მიწისქვეშეთია. პირველად რამდენიმე თვის წინ მივადექი. ბეტონის ფართო კიბეებით მიწის ქვეშ ჩავდივარ. ერთი სული მაქვს, როდის შევალ და ვნახავ კლუბს, რომელზეც თვეებია ლეგენდები დადის. სანამ ჩავალ, ალაგ-ალაგ ეჭვებში ვარ – ქართველებს შეფასებებში გადაჭარბება გვიყვარს, უცხოელებმა ალბათ რამე „ეგზოტიკური“ ნახეს, თორემ, რა უნდა ხდებოდეს დინამოს მიწისქვეშ ასეთი განსაკუთრებული? მხოლოდ სამიოდე ციტატით რომ შემოვიფარგლოთ, მსოფლიოში ცნობილმა ტექნოარტისტებმა, სხვადასხვა დროს, ბასიანს „მსოფლიოს სცენისთვის სამაგალითო კულტურის შემქმნელი“, „აღმოსავლეთ ევროპის ბერგჰაინი“ და „პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი“ უწოდეს. აქ ჩამოსული ასეულობით სტუმარი არტისტის სრული უმრავლესობა მეორე დღეს საჯაროდ ვერ მალავდა აღფრთოვანებას. რანაირად, კი მაგრამ, შედარება ბერლინურ კლუბ ბერგჰაინთან, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოს ტექნოსცენის ცენტრად ითვლება?

ბავშვობა მახსენდება. აქ, სადაც ახლა ტექნოს მძიმე გუგუნის ხმა მესმის, ოდესღაც ცურვასა და წყალბურთზე დავდიოდი.

დენსფლორი, სადაც ახლა ათასამდე მსმენელი იკრიბება, ადრე დიდი საცურაო აუზი იყო, ხოლო დერეფანი, რომელიც ბეტონის ფართო კიბეების გავლის შემდეგ უნდა გავიარო, ჩემი პირველი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ეროტიკული ხილვების ადგილი – ოდესღაც მამაკაცების გასახდელი.

წარსულის ხილვებსა და აწმყოს, ანუ შორიდან მომავალი გუგუნის ხმებს შორის გაჭედილი ჩავდივარ კლუბში, ბნელ დერეფანს მივუყვები და დენსფლორზე შევდივარ.

თითქმის წლინახევრიანი არსებობის მანძილზე, ამ კლუბს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ტექნოსცენის არტისტები სტუმრობდნენ: Ben Klock, Roman Flügel, Marcell Dettmann, Schakelton, Legowelt, Function და ა.შ. ასევე იმართებოდა უმნიშვნელოვანესი ლეიბლების ღამეები: Giegling, Lobster Theremin, Northern Electronics, Illian tape და Ostgut Ton – რომელიც თავის მხრივ ზემოთ ხსენებული ბერგჰაინის ლეიბლია. ამიტომ, დესნფლორზე შესულს, ბუნებრივია, რომ მოლოდინი დიდი მაქვს.

ვისაც ოდესმე ტექსტში რაღაც გრანდიოზულის აღწერა უცდია, მიმიხვდება, რამდენად რთულია არაბანალური ეპითეტებით აღწერო ის, რაც არის დიდი, ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რომ შეგიძლია უბრალოდ მონუმენტური უწოდო. ამ მონუმენტურ, ბეტონის გიგანტურ, ბნელ სივრცეს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები – 1.500 ადამიანს იტევს, გაფაციცებით ვათვალიერებ. (შედარებისთვის, მსოფლიოში ცნობილი კლუბების დიდი ნაწილის ტევადობა ხშირად 800 ადამიანს არ სცდება ხოლმე). შიგადაშიგ ბეტონის შავბნელ კედლებსა და ჭერზე ასხლეტილ განათების სხივებს მივყვები და ვხვდები, რომ ალკოჰოლითა და ნარკოტიკული საშუალებებით გაბუჟებული ჩემი სხეული, ფეხის გულებიდან იწყებს დათბობას. ეს სითბო, ბეტონის იატაკიდან ტყვიებივით გამოსროლილი უმძიმესი ბასების ვიბრაციით მთელ სხეულს ედება და ვბრუვდები.

სხეულის შიგნიდან მფეთქავი არანორმალური ენერგია, მგონია, რომ თანდათან გამომანგრევს და სისხლისა და ოფლის უკანასკნელ წვეთს აქ დავტოვებ. ეს ყოფილა ბასიანი! – ვფიქრობ ჩემთვის და რამდენიმე საათს გადაბმულად ვატარებ დაუოკებელი ეიფორიით სიამოვნების მიღებაში.

თუ კარგად გავაანალიზებთ მიზეზებს, რის გამოც ამ, ერთ დროს ბეტონის საუფლომ, რიგითი კლუბის გარდა, საქართველოში სრულიად ახალი სოციო-კულტურული სივრცისა და მოძრაობის ფუნქცია შეიძინა, გასაგები გახდება ის არა მხოლოდ გასართობი, არამედ ღრმა ინტელექტუალური და ემოციური ბმა, რაც უამრავ ადამიანს გაუჩნდა ამ სივრცის მიმართ.

დავიწყოთ იმით, რომ ბასიანზე ბნელა, მინიმალისტური განათება ტოტალურ წყვდიადს ქმნის! დაკარგული პრივატულობის, დაკარგული ინდივიდუალიზმისა და სრული საჯაროობის ეპოქაში, როდესაც ყველას თვალი ყველას ხედავს და ყველას გონება ყველას თვალის მოსაწონი აქტების ჩადენაზე ფიქრობს, ბასიანზე თითქმის ვერავინ გხედავს. არ ფიქრობ, როგორ გამოიყურები, რა გაცვია, როგორ ცეკვავ, რამდენად ძვირადღირებული საათი გიკეთია. გულითაც რომ გინდოდეს, ძნელია გაიპრანჭო და ძნელია, იყო ყალბი.

ეს სიბნელე სრული თანასწორობისა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, გულწრფელობის ძვირფას საშუალებას იძლევა. ადამიანები ხომ უფრო თავისუფლები ვართ იქ, სადაც ვართ მარტო, ხოლო სხვის თავისუფლებას ვაფასებთ მაშინ, როდესაც საკუთარი თავისუფლებით ტკბობის შესაძლებლობა გვაქვს.

ამიტომ არ მიკვირს, რომ ბასიანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და უსაფრთხო ადგილია, სადაც ყველაზე ჩაძაბული ბაბულიკები და ყველაზე თავაშვებული გეებიც კი ერთმანეთის თვალწინ ვერთობით და ერთმანეთს ბედნიერებას ვაცდით. ის ბაბულიკები, რომლებიც საკუთარი ყალბი მანერებისგან, მკაცრად დადგენილი აგრესიული იმიჯისგან და პრივილეგირებულობის განცდისგან თავისუფლდებიან, იმიტომ, რომ აქ მათ თითქმის ვერავინ ხედავს, ისევე, როგორც შუა დენსფლორზე საზოგადოებრივი რეპრესიებისგან გათავისუფლებულ მოზასავე გეი წყვილს. სიბნელეში განცდილი ეს თავისუფლების აქტები კი, მოგვიანებით, სინათლეში, კლუბს მიღმა ცხოვრებაშიც აუცილებლად განმეორდება, რაკიღა სიამოვნებას ისევე აქვს გამეორების „ლომკა“, როგორც პირველ კარგ სექსს. ეს კი ბასიანს ემანსიპატორული მოძრაობის ფუნქციას ანიჭებს.

ბასიანის, როგორც მოძრაობის მნიშვნელობა გაიზარდა მაშინაც, როდესაც კლუბი ქვეყანაში მოქმედი სადისტური ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მთავარ შეკრების ადგილად და დასაყრდენად იქცა. არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელისუფლებას არსებული პოლიტიკის ცვლილების გარდაუვალობას არ დაანახებს.

აბსურდია, ადამიანებს იჭერდე ნივთიერებების მიღების გამო, რომელთა გარეშეც უბრალოდ არ არსებობს მსოფლიო საკლუბო ინდუსტრია, რადგან კლუბში მთავარი მოზღვავებული ენერგიით ტკბობაა;

ამ ენერგიის მიღებითა და გაცემით, ემპათიით, სიყვარულის უკომპლექსოდ გამოვლინებით ტკბობა. ასევე იმ მიძინებული ფანტაზიის შრეების გამოცოცხლება, რომლის დანახვაც რაღაც მომენტში ყველას სჭირდება საკუთარი თავის სრულად აღსაქმელად. ამიტომაცაა, რომ კლუბიდან გამოსვლა ბევრისთვის ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს და ვიღაცებს თუ ამ განცდების მისაღწევად გარკვეული ნივთიერებები სჭირდებათ, სახელმწიფოსთვის პრობლემა არ უნდა იყოს, არა?

თუმცა ბასიანის ღამეში საქართველოს მოქალაქის ამ ყოველდღიურ საზრუნავებს მუსიკა ახშობს – აქაურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს კრავს და თავის თავში მოიცავს.

როგორი დამწყები მსმენელიც არ უნდა იყო, რისი მსმენელიც არ უნდა ყოფილიყავი იქამდე, ბასიანის დენსფლორზე, დღესდღეობით საქართველოში არსებული უძლიერესი საკლუბო საუნდსისტემიდან, Funktion-One-ის დინამიკებიდან გამომავალი მძიმე ბითები თუ მიიღე და განიცადე, ცხადზე ცხადი ხდება, რომ ტექნო – სულის სიმძიმის მუსიკაა. მასზე ვერ გაერთობი მხოლოდ პრიმიტიული გართობისთვის. მას უნდა უსმინო, ეს ვიბრაციები ფიზიკურად შეიგრძნო, შენს ტკივილსა თუ სიხარულზე ჩაფიქრდე, დამძიმდე და საპასუხო ვიბრაცია გაუშვა სივრცეში.

ეს ერთგვარი ინტელექტუალური და სხეულებრივი ინტერაქციაა, შინაგანი ამბოხია, რომელიც ტოტალური სიბნელისა და მარტოობის ფონზე უებარ წამლად ედება ადამიანის დაღლილ სულსა თუ გონებას და რა გასაკვირია, რომ სახეზე ბედნიერების ღიმილი გეხატება.

ეს ღიმილი, ეს დაუზოგავად დაცლილი გულწრფელი ემოცია არის ის, რაც, როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად აგიჟებთ კლუბის უცხოელ სტუმრებს. ცნობილი ტექნოარტისტები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ქალაქების საუკეთესო კლუბებში უკრავენ, ბასიანის ღამის შემდეგ კულტურულ შოკს ამიტომაც ვერ მალავენ, ვერც საჯარო პოსტებსა და ვერც პრივატულ საუბრებში. ალბათ არცაა გასაკვირი, რომ სრულ სოციალურ კომფორტსა და ფუფუნებაში მცხოვრები, აუღელვებელი საშუალოსტატისტიკური ევროპელი მსმენელის შემდეგ, მათთვის ნამდვილი ემოციების, ტკივილისა და ბედნიერების მიღების ღამე სწორედ აქ დგება, თბილისში, ბასიანზე. აქ, სადაც ყოველდღიური აბსურდით დაღლილი ადამიანები ყველაზე მძაფრად განიცდიან და იღებენ ამ სულის სიმძიმის, შინაგანი ბრძოლების, ამბოხის მუსიკას. შესაბამისად, ყველაზე მძაფრადაც გამოხატავენ ემოციებს. არტისტისთვის კი, აბა, რა უნდა იყოს იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე საუნდსისტემიდან გამოსროლილი ემოციების უკან ერთიორად დაბრუნება?

დილის 10 საათია. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ქართველი მუსიკოსი, გიგი ჯიქია, იგივე HVL, უკანასკნელ კომპოზიციას ამოარტყამს. რაღაც საოცარი, ყოველგვარი ზედაპირულობისა და დეკორაციებისგან დაცლილი, სრულიად ადამიანური სითბო და სევდა მუსიკოსის თითებიდან პირდაპირი მნიშვნელობით სულში იღვრება, სიამოვნებისგან ვიკუმშები, მუსიკა წყდება, ბეტონის შავბნელი ჭერიდან უეცრად ხასხასა, ფირუზისფერი განათება გვადგება თავზე და ბასიანის აისიც დგება – გათენდა.

კლუბიდან ახალი ფიქრებით სავსე გამოვდივარ, პირდაპირ დეზერტირების ბაზართან. ქალაქი აფუსფუსებულია, მტვირთავები მძიმე საგნებს მიათრევენ, მწვანილის გამყიდველი, ჩაშავებული თვალებით, ქინძს და კამას აცალკევებს – დღეს, ყოვლისმომცველი სოციალური გულგრილობის წყალობით დამშეულ ოჯახს დააპურებს. ქუჩებს უკვე მანქანების ხმაური აყრუებს. „ტაქსი არ გინდა?“ – მიყვირის ტაქსისტი. არ მინდა. „კაპიუშონს“ ვიფარებ, სათვალეს ვიკეთებ, სახლამდე გზას ფეხით მივუყვები და წინა ღამეს ვაჯამებ.

რა უნდა ვქნათ, რომ ქუჩაში მოფუსფუსე თითოეული ადამიანი ახლა ისევე განიცდიდეს ამ მზრუნველურ სითბოსა და ეიფორიას, რამაც წინა ღამეს თავბრუ დაგვახვია? რა უნდა ვქნათ, რომ ეს ემპათია და სიამოვნება არა მხოლოდ დინამოს ძველ აუზზე, არამედ აქ, ქუჩაში განვიცადოთ თითოეულმა ადამიანმა, ერთმანეთთან?

ბასიანის ღამესა და თბილისის დღეს შორის კონტრასტი იმდენად მძაფრია, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთია: ან სრული კაპიტულაცია, ან მიზანმიმართული ბრძოლა თავისუფლებისთვის.

როგორ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს ვიღაცებისთვის, ფაქტია, რომ ეს სივრცე თავისი მონუმენტურობით, სიბნელით, მუსიკით, მარტოობით, სევდისგან დაცლით გამოწვეული ეიფორიითა და თავისუფლების განმეორებადი აქტებით, ნამდვილად იქცა ჩვენს კულტურაში თავისუფლებისთვის ბრძოლის შესაძლოა არა ერთადერთ, მაგრამ ყველაზე დიდ და ძლიერ ველად. „Bassiani is the best thing happened in Georgia“, – განაცხადა ცნობილმა ლეიბლმა, Giegling-მა ცოტა ხნის წინ. არა, რა იცის ახლა ამ ლეიბლის წარმომადგენელმა, საქართველოში რა მომხდარა საუკეთესო და რა არა? წაიკითხა? იკვლია? გვკითხა ვინმეს? სავარაუდოდ, არცერთი, უბრალოდ, იგრძნო – პირდაპირ კლუბის სივრცეში გამოსროლილი ემოციებით.

სიბნელეში, მარტო, სარკის გარეშე (ჰო, ბასიანზე ვერსად ნახავთ სარკეს, საპირფარეშოებშიც კი), თავის თავთან და მძიმე მუსიკასთან დარჩენილი, თუნდაც ერთი ღამით გათავისუფლებული ადამიანის ემოციები ყველაზე გულწრფელია საიმისოდ, რომ კომუნიკაციის ახალი ფორმები ეძიოს, იგრძნოს საკუთარი სულისა და სხეულის თავისუფლებაც და დააფასოს სხვისიც. რაც მთავარია, გაიტანოს თანასწორობასა და თავისუფლებაზე ორიენტირებული კულტურული პროცესი კლუბიდან – გარეთ, ღამიდან – დღის სინათლეზე. პროცესი, რომელსაც მოკრძალებით ჩვენი დროის ბასიანს ვუწოდებდი.  

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა