
ჩვენი სახელია ჯენეზისი
ALIENIST, PSYCHOLOGIST, INISE MY HEAD, INSIDE MY BRAIN...
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვიჯექი, თვალები დახუჭული მქონდა და სცენაზე მდგარ ღვაწლმოსილ შემსრულებელს ვუსმენდი. დროდადრო თვალებს გავახელდი, შევავლებდი მზერას მომღერალს, ისევ დავხუჭავდი და ჩემთვის ვამბობდი - დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფილარმონიაში ვარ, სცენაზე დგას ბლიქსა ბარგელდი.
მაშინ მეგონა, რომ საქართველო მართლაც "გაბრწყინდა". მას მერე, რაც ეს მოხდა, Psychic Tv-ის ჩამოსვლა ასე წარმოუდგენლად აღარ მომჩვენებია, თუმცა ჩემი ერთი მეგობარი კარგა ხანს ვერ იჯერებდა, რომ პი-ორიჯი ბასიანზე იმღერებდა. ეს ამბავი რომ გაიგო, დაწვრილებით გამომკითხა, ვისთანაც შეეძლო ყველასთან დააზუსტა, სხვადასხვა მედიაში გადაამოწმა, ბილეთების ყიდვის საიტზე შევიდა და გამოვიდა, მაგრამ თავი მაგრად ეჭირა და ბოლომდე სჯეროდა, რომ ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. აი, როცა ტელევიზორში ნახა, როგორ აძლევდა ინტერვიუს ჯენი შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის ტაქსების გაჩერებაზე ქართველ ჟურნალისტებს, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.
პი-ორიჯის გაელვება - მისი თანხმობა, ჩამოსვლა, 2-საათიანი მაგიური პერფორმანსი, წასვლა და თუნდაც მისი ფეისბუკპოსტი: საოცარი იყო, მადლობა ყველას იმისთვის, რომ ცვლილებების გჯერათ, მართლაც ზმანებასავით იყო. ყველა, ვინც კი ამაში მონაწილეობდა, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც - მანამდე. მათ, ვინც იქ ვიყავით, გაგვიმართლა, ვინც არ ყოფილხართ (ის ჩემი მეგობარი ბასიანზე არ წამოვიდა, დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: ღვთაებასთან პირისპირ შესახვედრად მზად არა ვარო), ეგებ ეს საუბარი - თავისუფლებაზე, სიკეთეზე, ამბოხის დასასრულზე, სიყვარულზე, თანაარსებობასა და ლუციფერის დამარცხებაზე, რამეში დაგეხმაროთ.
ასეთი Cut Up -ების შემდეგ მგონია ხოლმე, რომ სულერთია, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. როცა მაგები ცვლიან რეალობის ფუნდამენტს, სიტუაციის უკან დაბრუნება ძნელად თუ ვინმეს შეუძლია.
ნინო: ჯენეზის, თქვენი წარდგენა ათასნაირად შეიძლება: მუსიკოსი, პოეტი, არტისტი, ოკულტისტი, „ცივილიზაციის მტერი“, ინდუსტრიული მუსიკის არქიტექტორი – „ინდასტრიალის ღმერთი“, მაგი, პანდროგინი, გინესის რეკორდის მფლობელი, 1982 წელს Psychic TV-მ 14 ალბომი გამოუშვა 9 თვეში...
ჯენეზისი: ჰა-ჰა-ჰა-ჰა, ჰო, მაგას რა დამამახსოვრებინებს...
ნინო: ექსპერიმენტატორი, მკვლევარი და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მხოლოდ როლებია, ნიღბები, რომლებსაც ალბათ საჭიროების მიხედვით იყენებდით. თქვენ თვითონ რად თვლით საკუთარ თავს, თავად როგორ წარადგენდით ჯენეზის ბრაიერ პი-ორიჯს[a]?
ჯენეზისი: როგორ ავუხსნათ ეს ფენომენი ვიღაც სხვას, არა? ჰმმ, საინტერესოა… ერთხელ, როდესაც ჩვენი[b] ვადაგასული პასპორტის განახლებას ვცდილობდით, საბუთების შევსებისას მაგიდასთან მჯდომმა ბიუროკრატმა მექანიკურად გვკითხა – თქვენი საქმიანობა? სწორედ ამ მომენტში თავში ერთმა აზრმა გაგვიელვა – კულტურის ინჟინერი! ჰოდა, ეგრეც ვუთხარი – კულტურის ინჟინერი-მეთქი, მან თქვა OK და სიტყვასიტყვით ჩაწერა: კულტურის ინჟინერი. ლამაზად კი ჟღერდა – კულტურის ინჟინერი, მაგრამ იყო თუ არა ეს სიმართლე? აი, ამაზე დავიწყეთ ფიქრი.
როცა წარსულს გადავხედეთ, მივხვდით, რომ თავისუფლად შეგვეძლო გვეთქვა – 1975 წლის 3 სექტემბერს[c] ჩვენ მუსიკის ახალი ჟანრი ინდასტრიალი (Industrial Music) შევქმენით, მანამდე ასეთი მუსიკა უბრალოდ არ არსებობდა. ამ დღიდან მოყოლებული მუსიკალურ არენაზე სულ უფრო მეტი და მეტი ჯგუფი, მაგალითად, Cabaret Voltaire, Clock DVA, უკრავდა იმგვარ მუსიკას, რომელიც ზუსტად ის არ იყო, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ ძალიან ახლოს იყო მასთან და ისინიც ინდასტრიალის კონცეფციას დაუკავშირდნენ.
ნელა, მაგრამ შეუქცევადად ინდასტრიალი გლობალური მოვლენა გახდა. დღემდე არსებობს კლუბები, დიჯეები, დამოუკიდებელი ლეიბლები, ცნობილი ჯგუფები, მაგალითად, Nine Inch Nails, მაისურები, ტანსაცმელი – ამ კონცეფციის ყველანაირი გამოხატულება არსებობს და აი, ამიტომაც ვართ ჩვენ კულტურის ინჟინრები. ჩვენ შევცვალეთ მუსიკის ისტორია, შევცვალეთ სამუდამოდ.
ჩვენი აზრით, მიზეზი, რის გამოც ეს იდეა მომწიფდა, ჩვენი და სან-ფრანცისკოს გამომცემლობა Research[d]-ის კოლაბორაცია გახდა. 1960-იან, გვიან 1950-იანებში ინგლისში, კვირაში ერთხელ ამ გამომცემლობის ჟურნალი მოგვდიოდა, და კვირიდან კვირამდე გიგროვდებოდა მიმდინარე კულტურის ქრონიკა. როცა 12 ნომერი იკრიბებოდა, საჩუქრად სპეციალურ ჩასადებს გაძლევდნენ და, საბოლოოდ, იღებდი ენციკლოპედიას.
თავიდან ჩვენ ამ გამომცემლობისთვის დავიწყეთ სრულფასოვანი კვლევა ცეკვაზე. მერე, ვთქვით, რა მაგარი იქნებოდა, იგივე რომ გავაკეთოთ იმ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელზეც არავინ ლაპარაკობს, ან ხალხმა არ იცის, სად იპოვოს; რა მაგარი იქნება, რომ შევაგროვოთ და ადვილად მოსაძებნი გავხადოთ ყველასთვის ის იდეები და სხვადასხვაგვარი კონცეპტები სამყაროს შესახებ, რომლებიც ადამიანებს აქვთ და ვაქციოთ ეს იდეები თეორიებად. ასეც მოხდა, ჩვენ გარდავქმენით ეს ყველაფერი კვლევად.
პირველი იყო უილიამ ბეროუზი, ბრაიან გაისინი და თრობინგ გრისლი (Throbbing Gristle). მეორე – ინდუსტრიული კულტურის ცნობარი (Industrial Culture Handbook), რომელშიც სხვებიც იყვნენ ჩართული, შემდეგ თანამედროვე პრიმიტივები (Modern Primitives) – სვირინგებსა და პირსინგზე… ვიღას ახსოვს დღეს, რომ 1991 წელს ბრიტანეთსა და შტატებში და ბევრგან სხვაგანაც ჯერ კიდევ აკრძალული იყო პირსინგის გაკეთება, ნიუ-იორკში არალეგალური იყო ტატუს ტარება, ჩვენ კი იმხელა ინფორმაცია მივაწოდეთ ხალხს, რომ მათ თვითონ დაიწყეს ტატუების და პირსინგების კეთება.
სისტემა იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ხალხში არსებობს მძაფრი სურვილი, გადაიაზროს ის, თუ როგორ აღიქვამს, როგორ ექცევა საკუთარ სხეულს. ზუსტად ამას ვცდილობთ ჩვენც – გავიგოთ, რა არის ის ქვეკონტექსტი, ის ფარული ამბავი, რაც ამოძრავებს პოპულარულ კულტურას ამა თუ იმ მოცემულ მომენტში. სულ ის უნდა ეძებო, თუ რაშია დამალული ენერგია, ან რას არ ყოფნის ენერგია იმდენად, რომ ეს პრობლემა ხდება. მერე უკვე მთელი გულისყური იმაზე გაქვს მომართული, გააძლიერო, ან პირიქით – შეასუსტო ეს მამოძრავებელი ენერგია იმის მიხედვით, თუ როგორაა საჭირო. ესაა კულტურის ინჟინერია, სხვა არაფერი. მართლა სასწაულია ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ორ-სამჯერ „გადავაწყვეთ“, „შევასწორეთ“ კულტურა მთელ მსოფლიოში, რაც ხშირად არ ხდება, ხომ ხვდებით.

ნინო: მიუხედავად თქვენი წარმოუდგენლად ფართო გაქანებისა, გულწრფელად გეტყვით, რომ საქართველოში ცოტამ თუ იცის ვინ არის ჯენეზის ბრაიერ პი-ორიჯი, და მათთვისაც თქვენ პირველ რიგში მუსიკოსი ხართ…
ჯენეზისი: და როგორ ფიქრობთ, იქნება ხალხი კონცერტზე?
ნინო: ვნახოთ, მგონი კი... ჰოდა, რას ვამბობდი... არადა, თქვენი „ცხოვრებისეული თრიფი“ რამდენ ადამიანს ეყოფოდა! მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ალბათ არსებობს რაღაც ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც თქვენს ყველა ექსპერიმენტს აერთიანებს, არა?
ჯენეზისი: ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი შემოქმედებითი ინსტრუმენტი, რომელიც მე-20 საუკუნეში მოგვეცა ადამიანებს, არის Cut Up[e]; ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებული იდეა, რომელიც თავდაპირველად ბრაიან გაისინს გაუჩნდა და მერე უილიამ ბეროუზმა დაიწყო მისი გამოიყენება. ორივე სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამ ტექნიკით და ჩვენთვისაც ნამდვილი წყალობა იყო მათთან მეგობრობა. Cut Up-ის მთავარი იდეა ჩვენც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გავთავისუფლებულიყავით კულტურის მისტიფიკაციისგან, ელიტიზმისგან, დავფიქრებულიყავით – რა შეგვრჩა ამ გაშიშვლების მერე?
მაგალითად, ჩვენ ვიცოდით, რომ მუსიკის კეთება გვინდოდა, მაგრამ არა ისეთის, რომელიც ყველგან გვესმოდა. ჰოდა, ვისხედით ჩვენს სტუდიაში და ვიყურებოდით გარშემო: ერთ კუთხეში ბასგიტარა იდო, მეორე კუთხეში – კრის კარტერი სინთეზირებას ცდილობდა, გაგახსენებთ, ეს 1975 წელია; იქით ფეთხუმი პიტერ კრისტოფერსონი აწყობდა ბოქსს რვა თუ ცხრა უოქმენისგან, რომლებიც მიქშერთან იყო შეერთებული. სემპლერს აკეთებდა, ფაქტობრივად, ხელნაკეთ სემპლერს, იმ დროში, როდესაც სემპლერები საერთოდ არ არსებობდა, და, რა თქმა უნდა, ქოუზი ფანი ტუტი… უკვე ვიცოდით, რომ ვიღაცას გიტარაზე უნდა დაეკრა, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მივხვდით, რომ ეს ვიღაც უნდა იყოს ქალი!
იმ დროს მთელი როკი სირების დატოლებაზე იყო გადასული: ვინ დაუკრავს ყველაზე სწრაფად? ყველაზე დიდხანს? ყველაზე ხმამაღლა? ამიტომ ვთქვით: მოდი, დავარღვიოთ ეს სტერეოტიპი და დავაკვრევინოთ ისეთს, ვინც ამ იმიჯში საერთოდ არ ჯდება, ვინც ტექნიკურადაც კი არ იცის დაკვრა.
დღემდე ასეა, რამდენადაც ვიცით, ქოუზიმ ახლაც არ იცის, როგორ ააწყოს გიტარა, ჩვენ კი დღემდე არ ვიცით, როგორ იკვრება, მაგალითად, „სამი ბრმა თაგვი“. ჰო, აშკარად არ ვართ მუსიკოსები და, მიუხედავად ამისა, 400 ალბომზე მეტი გამოვუშვით. ჰა-ჰა-ჰა-ჰა!
ჰოდა, რა არის მუსიკა? ვთქვათ, რაღაც, რაც ხმებისგან შედგება... კარგი, მაშ, ხმა მუსიკის ნაწილი ყოფილა, და რიტმი, რიტმი რაღაა? ნებისმიერი რამ, რაც მეორდება... ანუ, თუკი დღეს დაარტყამ დოლს და მეორედ ამავე დოლს დაარტყამ 6 წლის შემდეგ, ეს იქნება შენი რიტმის სიგრძე და თუ რიტმს სწორედ ასე შეხედავ, წარმოიდგინე, რამდენი თავისუფლება დაგრჩება ყველაფრისთვის. უცბად ყველა კარი გაიხსნება შენ წინაშე და თვითონვე მოგინდება, რაც შეიძლება შორს მოისროლო ის წინასწარი მოცემულობები, რაც შენს ქმედებებს, აზრებს განაპირობებდა. ვთქვათ, პოპმუსიკის მაგალითი რომ ავიღოთ: პოპსიმღერა შეიძლება იყოს მხოლოდ სამი ან სამ-ნახევარი წუთი, და უნდა იყოს კუპლეტი, ქორი, კუპლეტი, ბრეიქი შუაში, კუპლეტი… ქორი, ქორი, ქორი. რატომ?! ვინ დაადგინა ასე?! აი, მაგალითად, ბობ დილანმა დაარღვია სიმღერის წერის ძველი წესები, შემდეგ ლუ რიდი მოვიდა და მან უკვე ბობ დილანის წესები შეცვალა – ქუჩის რეალურ ცხოვრებაზე, ხალხის რეალურ ამბებზე დაიწყო წერა. და მერე მოვედით ჩვენ და ვთქვით, რომ ყველაფერზე შეიძლება წერა, რაც არ უნდა იყოს, გინდა აფრიკელ მებრძოლებზე წერე, რომლებიც როდეზიაში ადამიანებს ხოცავენ; და გინდა წერე იმაზე, თუ როგორია პიკის საათის დროს მეტროში ჩასვლა. ყველაფერი შეიძლება იქცეს სიმღერის ტექსტად, ყველაფერი! არ არსებობს ცენზურა. ჰა-ჰა-ჰა-ჰა.
66 წლის ვართ, თითქმის 67 წლის ვიქნებით მალე და ჯერ კიდევ არ გავზრდილვართ. და ესეც ამ ყველაფრის ნაწილია – უნდა შეინარჩუნო ბავშვური აღტაცების უნარი. რატომ იქცევა ვიღაც მაინცდამაინც ასე? ან რატომ ეშინიათ ადამიანებს რაღაცის? ან რატომ არეგულირებს კანონი ქცევის გარკვეულ ნორმებს? ვის აქვს უფლება, გიკარნახოს არა მხოლოდ ის, რომ ნებართვის აღების გარეშე აბორტის გაკეთება არ შეგიძლია, არამედ, გიკარნახოს ისიც, დაიხატო თუ ვერ დაიხატო რაღაც საკუთარ ტანზე?
ძალაუფლებაში მყოფი ადამიანები გვკარნახობენ ამ ყველაფერს და იმავეს აკეთებს პოლიციაც, ამიტომ, როგორც კი თავისუფლებაზე დავძრავთ სიტყვას, განგაშის ზარს რთავენ. და აქ ერთვება სწორედ Cut Up-ი. ბეროუზი ამბობს, მოდი, ამოვჭრათ და ვნახოთ, სინამდვილეში რას გვეუბნებიან ჩვენ.

დილა: ბეროუზმა ეს მაგიური ინსტრუმენტი ლიტერატურაში შემოიტანა და ამტკიცებდა, რომ მწერლობა რეალობის აღწერის უნარში მხატვრობას 50 წლით მაინც ჩამორჩება. თქვენ კიდევ უფრო შორს წახვედით და ქათაფების ტექნიკა მუსიკაში გამოიყენეთ, მაგრამ არც ამაზე გაჩერდით და პანდროგინის პროექტი[f] წამოიწყეთ. დაიწყო მაგიით, მერე ლიტერატურა, შემდეგ მუსიკა, ბოლოს სხეული, რა იქნება შემდეგი? სად, რაში შეიძლება გამოვიყენოთ მომავალში ეს ტექნიკა?
ჯენეზისი: ამ საუბარს რომ მოვრჩებით, საღამოსკენ, ნიუ-იორკში ერთ ღონისძიებაზე მივდივართ, სადაც უნდა მივეხმაროთ ჯგუფს, რომელსაც დოკუმენტური ფილმის გადაღება უნდა Thee Temple ov Psychick Youth-ზე[g]. TOPY – როგორც შემოკლებით ვეძახით, 1981-დან 1991 წლამდე არსებობდა. ამ პერიოდში პერფორმანსის გზით, ჩვენს სხეულსა და გონებას იმხელა სტრესი და ტკივილი მივაყენეთ, ისე გამოვფიტეთ, რომ შამანური ხილვები დაგვეწყო, სხვა ენებზე ავლაპარაკდით, გამოცხადებებს ვხედავდით, აღქმის ცვლილებები დაგვეწყო. ეს ყველაფერი მოულოდნელ ბონუსად მოჰყვა პერფორმანსის გზით მუშაობას, ადამიანის სხეულზე დაფიქრებას, იმაზე დაფიქრებას, თუ ვის აქვს უფლება, დაეპატრონოს ჩვენს სხეულებს. პირველი, რისი გაკეთებაც საჭიროდ ჩავთვალეთ, იყო იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცა და ჩვენით არ აგვირჩევია. მაგალითად, ვინ დამარქვა სახელი, მინდა ეს სახელი მერქვას, თუ მგონია, რომ სხვა სახელი უფრო შემეფერება? საინტერესოა, რომ როცა ბრაიან გაისინს პირველად შევხვდით პარიზში 1980-იან წლებში, ეგრევე ეგ გვკითხა: – იცი თუ არა შენი ნამდვილი სახელი? და ჩვენ ვუთხარით, რომ კი! ჩვენი სახელია ჯენეზისი. იმ წუთიდანვე, როგორც კი ჩაისახები, ყველა გარშემო – ჯერ მშობლები, მერე ნათესავები, უფრო მოგვიანებით – საზოგადოება, სკოლა და სხვები – საკუთარ მოლოდინს გაწებებენ თუნდაც მხოლოდ სახელის შერჩევით.
ასე რომ, იმ პერიოდში, როცა სქესობრივ მომწიფებას გადიხარ, აუცილებელია, მტკიცედ თქვა: თავად ავირჩევ ყველაფერს, რასაც ჩემი სახელი დაერქმევა. თავად ავირჩევ ყველაფერს, რაც გაკეთდება ჩემი სახელით. თუნდაც ამისთვის სახელის შეცვლა დამჭირდეს; თუნდაც დამჭირდეს, უარი ვთქვა ყველანაირ წინასწარ განწყობაზე, რაც ჩემ შესახებ ჰქონდათ ახლობლებს, როცა ჩემზე, ჯერ კიდევ მუცლად მყოფზე, ამბობდნენ: აჰ, ბიჭია? მინდა, ასეთი იყოს… აჰ, გოგოა? – ნეტა ასეთი და ასეთი გამოვიდოდეს. არა და არა! შენ უნდა იყო მხოლოდ ის, რაც გინდა რომ იყო.
ჩვენი TOPY -ს დროინდელი ნამუშევარი ეხებოდა სხვადასხვა ტექნიკას, თუ როგორ შეიძლება გათავისუფლდეს ნებისმიერი ადამიანი გავლენისგან, სხვისი ძალაუფლებისგან, რომ ამოიცნოს, აირჩიოს, რა სურს თვითონ, რისკენ ისწრაფვის, ვინ არის. ამას რაღაცნაირად უნდა ჩაეჭიდო და არ დაგავიწყდეს, რადგან ხშირად, ჯადოქრობის და შამანიზმის სხვადასხვა გამოვლინებით როცა ახერხებ, თავად დაწერო საკუთარი ბიოგრაფია – ეგოცენტრული ხდები, საკუთარი მიღწევები გაბრმავებს და ამბობ: მე ძლევამოსილი მაგი ვარ! კუდიანი! ის ვარ, ეს ვარ, შემიძლია მოგნუსხო და მოგაჯადოო იმიტომ, რომ კარგად ვფლობ ყველა მსგავს ეშმაკობას და ისიც ვიცი, თუ როგორ ქმნიან ადამიანები საკუთარ თავს. თუმცა, თუ ამ ფიქრებში ხარ, ესე იგი, ჩიხში შეხვედი – ამის იქით დასასრულია; არაფერია საკუთარი გასიებული ეგოს გარდა, რომელიც აღარაფერში გადგება.
თუ მართლაც გააცნობიერებ, რატომაა კარგი, ჩამოიხსნა მემკვიდრეობით მიღებული მძიმე ტვირთი, მიხვდები, რომ ერთადერთი რამ, რაც ფართო გზაზე გაგიყვანს, ჯგუფების, ქომუნითების შექმნაა. მაინცდამაინც კომუნებს არ ვგულისხმობ, რადგან კომუნებში მთელი ფული ცენტრში იყრის თავს და ასე შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს, ვგულისხმობ ქომუნითის, როგორც ანალიტიკური ინსტიტუტის (think-tank) მსგავს რაღაცას, რომლის ყველა ბინადარიც გარკვეული შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული და მთელ თავის ძალისხმევას ახმარს იმას, რომ როგორმე შეცვალოს ადამიანის მოდგმა; რომ უფრო გააადამიანუროს ის. მაგალითებით დაუმტკიცოს, რომ დიდსულოვნება სჯობია სიხარბეს, გაზიარება სჯობია დაპატრონებას; სიყვარული სჯობია ქედმაღლობასა და ზიზღს.
ჩვენ გაერთიანებების, ქომუნითების ახალი მოდელები გვჭირდება, უნდა მოვიგონოთ თანაარსებობის ახალი გზები. შეხედე ადამიანთა მოდგმას, როგორც ამებას, როგორც ერთ ორგანიზმს. როცა ამებას რაღაც ვნებს და აზიანებს, ის მთელ თავის რესურსს იყენებს სიმრთელის აღსადგენად, ჭრილობის მოსაშუშებლად.
როცა ადამიანთა მოდგმა იქცევა ადამიანურ მოდგმადაც და ერთ ორგანიზმად შეკვრას შეძლებს, მაშინ შეიცვლება ყველაფერი; ამ დროს აღმოვაჩენთ საკუთარ პოტენციალს არა ინდივიდუალურად, არამედ – როგორც მოდგმა და ისტორიასაც საერთოს დავწერთ, დავიპყრობთ პლანეტებს და ვარსკვლავებს, ვისწავლით, როგორ ვიმოგზაუროთ „ჭიის ხვრელში“[h] და არ ექნება საზღვარი ადამიანურ შესაძლებლობებს. თუ აქამდე ეს საზღვარი არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგოიზმის ხარბი პოლიტიკა გვაფერხებს.
დილა: გვჭირდება სხვა პლანეტაზე გადასახლება? NASA-ს მარსის კოლონიზაცია უნდა, კორპორაციებსაც უნდათ მარსზე დაჯდომა, ილონ მასკმაც გათქვა კოსმოსის კოლონიზაციის გეგმები... თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? შეგვცვლის ეს? იქნება ეს კაცობრიობის ძველი ისტორიის დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისი?
ჯენეზისი: დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, ფაქტობრივად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს კაცთა მოდგმისთვის. თუ ასე გაგრძელდა, როგორც ახლაა, აშკარად გადამწყვეტი იქნება. და მგონი, არაფრის შეცვლა არ უნდათ მათ, ვინც ძალაუფლებაშია, რადგან ახლომხედველები არიან, მომავალისკენ არ იყურებიან; სანამ თვითონ არიან ცოცხლები და სანამ შეუძლიათ ამ უკუღმა დატრიალებული თამაშით მაინც ისიამოვნონ, არაფერზე ნაღვლობენ, არც ის აინტერესებთ, გველოდება წინ მომავალი საერთოდ თუ არა.
ზუსტად ამიტომაც, ის გარყვნილი გონება, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაზე კონტროლი და ძალაუფლება აქვს, ის სტრუქტურა, რითაც ეს ბინძური გონებაა მოწყობილი და რითაც ის მოქმედებს, უბრალოდ, უსარგებლოდ უნდა იქცეს; გავლენა უნდა დაკარგოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ადამიანმა ქცევა შეიცვალოს, შეცვალოს ფუნდამენტი, თორემ გამოვა, რომ კოსმოსში ასე წასვლით, გადავარჩენთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმ არანორმალური კაცობრიობის ყველაზე მახინჯ თვისებებს, რომელსაც ძალაუფლება უყვარს. ამიტომაც ვამბობ, რომ გამოსავალი ქომუნითების შექმნაა.
ლედი ჯეიმ მითხრა ერთხელ ერთი მარტივი რამ: შეიძლება ბოლომდე არ გჯეროდეს რეინკარნაციის, მაგრამ გაცილებით უფრო ჯანსაღია, სწორედ რეინკარნაციის იწამო იმიტომ, რომ თუ რეინკარნაციის ნაცვლად იმას ირწმუნებ, რომ სიკვდილის წინ ერთი მონანიება დაგიმკვიდრებს სამოთხეს, მერე ხომ შეგიძლია ისევ დაუბრუნდე უპასუხისმგებლობას, ძალადობას, ეგოიზმს, უტიფრობას, რადგან სულ არ დაგაინტერესებს, შენ მერე მძღნერს დატოვებ თუ არა – შენ ხომ თავი ქუდში გაქვს, მოინანიე და სამოთხე გერგო. ხოლო თუ რეინკარნაციის გჯერა, მოგიწევს, მალე ისევ დაუბრუნდე შენს დატოვებულ ქაქს და, თუ მართლა ასე მოგიწევს, მაშინ არც მოგინდება, მძღნერი დატოვო, არა?
თითოეულმა საკუთარი, პერსონალური სამყაროს შეცვლის უნდა იწამოს, რადგან, როგორც ჩანს, თითოეული ჩვენგანი ცალკე სამყაროა. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანები შემოდიან, რჩებიან და გადიან, სხვადასხვა დროით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით, მაგრამ ბოლოს პასუხისმგებლები საკუთარ სამყაროზე მაინც ჩვენ თვითონ ვართ.
დილა: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თქვენთვის ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა მექნებოდა – ჯენ, რა არის მაგია?
ჯენეზისი: მაგია ღმერთის მიერ მონიჭებული უფლებაა. ჩვენ გვჯერა, რომ მაგია რეალურად მუშაობს… თქვენც ხომ იცით, იმდენ საოცარ რამეს მივაგენით, რომელიც მეცნიერულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება, და არაა რთული გასაგები. გირჩევთ ჩემი წიგნი Thee Psychic Bible წაიკითხოთ, რუსულად გამოიცემა მალე თავიდან, ვიცი, რომ საქართველო რუსეთი არაა, მაგრამ შეიძლება უფრო გაგიადვილდეთ წაკითხვა.
დილა: ჩვენ ვაპირებთ ქართულ ენაზე თარგმნას.
ჯენეზისი: მოკლედ, ნებისმიერს შეუძლია, საკუთარი ისტორია თვითონ დაწეროს. არა აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებს, მაგრამ თუ სჯერა, ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს. შეიძლება ხილვა გქონდეს ან დაგესიზმროს, შეიძლება – ისე მიხვდე, რისი პოტენციალი გაქვს, როგორი გინდა იყოს შენი სამყარო, და როცა ამას მიხვდები, უნდა იცხოვრო ისე, როგორც გინდა. შეიძლება ამის 10% განახორციელო, მაგრამ მთავარია, მოინდომო, არაფრის გეშინოდეს, რადგან ყველა საზოგადოება ამ ქვეყანაზე შიშით იმართება; კანონები არსებობს იმისთვის, რომ შიში ასაზრდოოს, პოლიცია და საერთოდ ძალოვანი სტრუქტურები იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგაშინოს და დაგარწმუნოს, რომ ის, რისი თქმაც შენ გინდა, არასწორია.
ნინო: მაგრამ, სისტემა ჩვენ გარშემო, ეს ილუზიების ქარხანა, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც არ არის „ნორმალური“, რაც „სხვანაირია“, სულ უფრო და უფრო მოქნილი ხდება, ის მეამბოხეებსაც კი საკუთარი შეცდომების აღმოსაჩენად იყენებს და ასე აუმჯობესებს საკუთარ თავს. ამ დაუსრულებელმა მარყუჟებმა შეიძლება სასოწარკვეთაში ჩაგაგდოს, თქვენ არ გქონიათ ასეთი შეგრძნება?
ჯენეზისი: ძვირფასო, ეს რა საგონებელში ჩაგვაგდე! რა თქმა უნდა, გვქონდა სასოწარკვეთის და უიმედობის მსგავსი მომენტები, როდესაც ვფიქრობდით, როგორ შეიძლება რამე შეცვალოს იმ მცირედმა, რასაც ვაკეთებთ? მაგრამ მალევე მივმხვდარვართ, რომ სხვა გზა არ გვქონდა – ყველა ვარიანტში უნდა გამოგვეყენებინა თითოეული შანსი და თითოეული მედია ჩვენსავით მოაზროვნე ადამიანებთან დასაკავშირებლად, ანდა იმ ადამიანებთან დასაკავშირებლად, რომლებიც გვისმენენ მაინც, და დაგვერწმუნებინა ჩვენი თავი, რომ ეს გადაგვარჩენს, მაინც გამოვფხიზლდებით.
თუმცა, ჰო, არის ეს განმეორებადობა, ყველა მდგომარეობა წრეზე ტრიალებს – თავი და ბოლო უერთდება, თავის თავში ბრუნდება და მარყუჟის ეფექტს ქმნის; იმასაც ვხვდებით, რომ ხშირად სპეკულაციებზე ვაგებთ მსჯელობას, რადგან გამორიცხულია ჭეშმარიტად იცოდე, რა როგორ არის.
ერთხელ, როდესაც დიდი აფეთქების იდეაზე ვფიქრობდით, წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ არაჩვეულებრივი, გენიოსი მათემატიკოსი სტივენ ჰოუკინგი და მივხვდით, რომ ჩვენთვისაც აუცილებლად დადგებოდა მომენტი, როცა საბოლოოდ „ყველაფრის თეორიასb“[i] A theory of everything (ToE) დავწერდით. ამ თეორიას დავარქმევდით „დიდი ტერფის თითის თეორიას“[j] – Theory of TOE – აბრევიატურით, და ამით რაღაცნაირად უფრო დავამიწებდით, უფრო გავამყარებდით ჩვენს მოსაზრებებს. მაგრამ ის მომენტალურად შეაზანზარებდა სამყაროს, მას მოჰყვებოდა ცვლილებები და ჩვენც ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდებოდით. დიდი აფეთქება შეიძლება იყოს ზუსტად ის მომენტი, როცა გააზრებულად თავისუფლდები იმ თეორიისგან, რომლის შესახებაც არაფერი გახსოვს, რადგან მხოლოდ წინ და უკან დადიხარ, დასაწყისიდან დასასრულისკენ და ასე გრძელდება უსასრულოდ.
სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაც ეს არის: როგორ დავაღწიოთ თავი ამ შეკრულ წრეს, loop-ს? არსებობს თავდაღწევის გზა?
ძალიან უცნაური, ძალიან ფილოსოფიური კითხვაა, შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს კიდეც, რაც მგონი, მე უკვე დიდი ხნის წინ დამემართა, ჯერ კიდევ წლების წინ, ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა.

ნინო: ბობ დილანზე მინდა გკითხოთ...
ჯენეზისი: უი, უი, ჰო, კარგა მოზრდილი ტორტის ნაჭერი მისცეს, არა?
ნინო: ჰო, ნობელი მისცეს ლიტერატურაში, ამერიკულ დიად სასიმღერო ტრადიციაში ახალი პოეტური ენის შექმნისთვის. რას ფიქრობთ, ესეც სისტემის ერთ-ერთი ეშმაკური „მარყუჟია“?
ჯენეზისი: ჯერ ერთი, რატომ იყო აუცილებელი იმის თქმა, რომ მაინცდამაინც ამერიკული სიმღერის ტრადიცია განავითარა? ვითომ რატომ არ შეიძლებოდა, იგივე გვეთქვა ლატვიური სიმღერის ტრადიციის განვითარებაზე? ძალიან ბანალური კოლონიზატორული მიდგომაა. იგივეა, ხალხი მარტო ბიბლიას და ყურანს რომ ციტირებს მაშინ, როცა არსებობს უზარმაზარი ბიბლიოთეკა ტიმბუქტუში, სადაც თითქმის იმავე ხნის ხელნაწერები ინახება. ასეთივე სიძველის ტექსტებია სამხრეთ ამერიკაში, მაიას ტომის და აცტეკების ტექსტები, ანდა ვიკინგების – სკანდინავიაში… ჰოდა, რატომ იკითხება ყველაფერი აბრაამისეული რელიგიების ენაზე, რატომ ირეკლება ყველაფერი მის სარკეში? რატომ ვისმენთ უსასრულოდ ბრაზიანი მომთაბარეების ერთი პატარა ტომის ისტორიას უდაბნოში, ეგვიპტესა და ახლანდელ ისრაელს შორის? რატომ გახდა ის ყველას საზიარო ისტორია? რატომ, როცა უამრავი ხალხი იყო აფრიკაში, რომელიც ასევე რაღაცას აკეთებდა; ფილოსოფიურად აზროვნებდა, საოცარი ხედვა ჰქონდა, ან – ავსტრალიაში, ან ჩინეთში და განსაკუთრებით – სწორედ ჩინეთში? რატომ მივეჯაჭვეთ ასე ამ გამაოგნებლად სულელურ, დრომოჭმულ კონცეპტებს? სისულელეა მთელი ეგ დაჯილდოების ამბავი და თვითონ ნობელის პრემიაც დიდი სიბრიყვე მგონია.
ნინო: ჯენეზის, რა არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი Alienist-ში?
ჯენეზისი: ჩანაწერები ჩვენთვის არის ურთიერკავშირის დამყარება ისეთ ადამიანებთან, რომელთაც აინტერესებთ რაღაცის გაგება. Alienist მორიგი აბზაცია იმ დიალოგში, რომელიც თქვენთან გავაბით, იმის გაგრძელება, რაც იყო Snakes-ში, რომელიც თავის მხრივ იყო მომდევნო აბზაცი Hell is Invisible-ის გასაგრძელებლად და მანამდე Heaven is Her/e-ის[k] გასავრცობად. ეს ყველაფერი საუბარია მხოლოდ, ანდა, თუ გნებავს, დღიური უწოდე, იმის აღსაწერად, თუ სად ვიყავით და სადამდე მოვედით, რა დავასკვენით, რა ისტორიებს მივაგენით ფიქრის პროცესში.
Alienist-ს ორი მთავარი დანიშნულება აქვს: ერთია, შევახსენოთ ადამიანებს, თუ საიდან იღებს სათავეს ის მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, და როგორ დაიწყო როკმუსიკის, როგორც ხალხის ხმის ამსახველი მუსიკის ისტორია. ამიტომაც გავაკეთეთ ორი ქავერი, გვინდა, ხალხმა წაიკითხოს ჩვენი გზავნილი, რადგან მიგვაჩნია, რომ ახლა სადაც აღმოვჩნდით, ძალიან ჰგავს იმ გარემოებას, როგორშიც 1960-იან ანდა 1980-იან წლებში ვიყავით, როდესაც საზოგადოების ტრადიციული ნორმები დაიმსხვრა. პირველი ჰარი ნილსონის სიმღერა[l] Jump Into The Fire – „ცეცხლში რომც ჩახტე, ამით მაინც ვერ გათავისუფლდები“. ესაა ფაქტობრივად განაცხადი ომის წინააღმდეგ, ის უპირისპირდება ეგოიზმს, ამიტომაც ვამბობთ ჩვენ: გაიხსენე წარსული, გაიხსენე, როგორი იყო კულტურა შენს ახალგაზრდობაში; გაიხსენე, რას ამბობდნენ მუსიკოსები, რომლებიც სერიოზულად უდგებოდნენ მუსიკას – სინამდვილეში, ისინი სიმღერით ცდილობდნენ, იდეები გაეზიარებინათ შენთვის. როგორც წესი, ესაა იდეები იმის შესახებ, თუ რა არის ამაზრზენი ადამიანურ ქცევებში და რა არის მომხიბვლელი და შთამაგონებელი მასში.
და ასევე თჰე ჩრეატიონ-ის The Creation-ის[m] How does it feel to feel[n], რითაც ვამბობთ: შეხედე ამ ბენდს, მათ დაუკრეს პირველად ვიოლინოს ხემით გიტარაზე; მათ, ჯგუფმა The Creation და არა – „ლედ ზეპელინმა“ – „ლედ ზეპელინმა“ ეს უბრალოდ გაიმეორა. როგორია ცხოვრობდე ეპოქაში, როცა ადამიანებს დაჩლუნგებული აქვთ გრძნობები, როცა მოჯადოებულები არიან ტელევიზიით, მედიით, გულგრილობით იქამდე, რომ კომპიუტერებში კეთდება პოპმუსიკა. ვის სჭირდება ეს? ეს არის მედიის საშუალება, დაიპყროს ადამიანების გონი, ესაა მასების ოპიუმი. რას ნიშნავს, გრძნობდე ამ გრძნობას? გახსოვს საერთოდ? თუ უკვე შეპყრობილი ხარ ფეისბუკით და სოციალური მედიით და გაქვს ილუზია, რომ უფრო სისხლსავსედ ცხოვრობ, ვიდრე მანამდე ცხოვრობდი? ადამიანები ფიქრობენ, რომ ინტერნეტი აკავშირებთ, სინამდვილეში კი გათიშულები არიან.
ამავე ალბომში ჩვენ ვმღერით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიმღერას: I’m Looking For You[o], აქ ანგელოზები ლუციფერს ეუბნებიან, რომ ამბოხი მარცხით დასრულდა და დასცინიან მას. მაგრამ ძალიან ორაზროვნად, ფაქტობრივად ღიად ვტოვებთ ამ საკითხს. არის კი ლუციფერი მართლა ბოროტი ძალა? თუ ეს კარგი ანგელოზების ვარაუდია? ვინ არის სინამდვილეში უფრო სპეტაკი? რომელი მათგანი ფლობს პირვანდელი განზრახვის სიწმინდეს? რომელი მათგანი ცდილობს ცოდნის გავრცელებას და გაზიარებას? რაღა თქმა უნდა, თავისი თავდაპირველი გაგებით სწორედ ლუციფერს ესადაგება ეს ყოველივე! მას მოაქვს სინათლე, ცოდნა და სიბრძნე.

მარს დილა: როგორც პრომეთეს.
ჯენეზისი: დიახ, და ჩვენც ამას გთხოვთ, დაბრუნდით უკან, შეიცვალეთ ხედვის რაკურსი. და ბოლო Alienist, სიმღერა თანამედროვე პოლიტიკაზეა, დევნილების საკითხზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ცხელი წერტილიდან მოემართებიან დასავლეთ ევროპისკენ, რომ გადარჩნენ.
გიგრძვნიათ თავი ასე უარყოფილად? – სიმღერების ტექსტებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე, მაგრამ ასეთი კითხვაც დევს ერთგან. რიტმი და სტრუქტურა მეგობრულია ამ ჩანაწერში, მაგრამ ამავდროულად ისმის სიტყვები: Alienist, psychologist, inside my head, inside my head, inside my brain, inside my mind[p]. მეტიც, ეს სიტყვა – Alienist – ინგლისურ ენაში არ ნიშნავს მხოლოდ უცხოპლანეტელს, ესაა უცხო, უცხო – სხვა ქვეყნიდან, ასე რომ, ბევრი ორმაგი მნიშვნელობა გვხვდება, ზოგჯერ მრავლობითი მნიშვნელობებით, მოკლედ, არაჩვეულებრივი სიტყვაა და ჩვენც ვერ გავუძელით ამ ცდუნებას, გვეთამაშა მისი ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობებით. ზოგჯერ მარტო ამას ვაკეთებთ ხოლმე: ვაკვირდებით, რა გამოვა საბოლოოდ, როგორც უილიამ ბეროუზმა თქვა cut up-ებზე: ახლა კი ვნახოთ, რა იქნება სინამდვილეში.

დილა: ჯენ, ერთი პატარა რჩევა მინდა გთხოვოთ. აი, თქვენ გაიხსენეთ, რომ იყო დრო, როდესაც ინგლისსა და ამერიკაში პირსინგები არალეგალური იყო, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, განვითარებად სამყაროში, სადაც ძალიან რეალურია, რომ პირსინგის ტარების გამო მაგრად გცემონ. რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ისეთ სასტიკ, პატრიარქალურ გარემოში იზრდებიან, სადაც ძირითადი თავისუფლებების მოპოვებაც კი არ არის ადვილი?
ჯენეზისი: ღმერთო ჩემო, საგონებელში ჩაგვაგდეთ. შეიძლება ასე ჩანს და რაღაც თვალსაზრისით ეს ასეც არის, რომ დასავლეთში ალტერნატიული ცხოვრება და აზროვნება ადვილია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 1991 წელს ჩვენ ჩვენი მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობა თავს დაგვესხა – მიზანმიმართულად ჩვენ და ჩვენს ოჯახს დაესხა თავს მხოლოდ იმის გამო, რასაც ვამბობდით; იმის გამო, რასაც ახლაც ვლაპარაკობთ. წაგვართვეს ორი სახლი – თითოეულის ფასი, დღეს, მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს. ერთ ღამეში დავრჩით ქუჩაში ჩვენ და ჩვენი ორი შვილი, ხელში ჩემოდნებით, სხვა ყველაფერი დავკარგეთ მხოლოდ იმის გამო, რასაც ვლაპარაკობდით. ასე რომ, გარედან ჩანს იოლი, თორემ ბევრი ტკივილი და ტრავმა გამოგვივლია. დედააზრი კი ისაა, როგორც ლედი ჯეიმ თქვა ერთხელ, არაჩვეულებრივად: კლდეს ხედავ? – გადახტი! ეგრეც უნდა ქნა, უბრალოდ, წინასწარ უნდა იცოდე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს… დაგიჭირონ? ციხეში ჩაგაყუდონ? გცემონ? მოკვდე? ხარ მზად, ეს რისკი გაწიო სიმართლის დევნაში? და თუ ხარ მზად, მაშინ თანამოაზრეები უნდა მოიპოვო და არასდროს დაიხიო უკან – იცხოვრო ზუსტად ისე, როგორც გწამს და როგორც გჯერა, რომ გინდა ცხოვრება.
განსაკუთრებული მადლობა მუზამეს
ინტერვიუს ორგანიზებისთვის.
[a] Genesis Breyer P-Orridge – 1971 წელს პი-ორიჯმა ოფიციალურად დაირქვა Genesis P-Orridge. Genesis-ი მისი ზედმეტსახელი იყო, P-Orridge კი porridge-დან (ინგლისურად ფაფა, მისი სტუდენტობის ძირითადი საკვები) მოდის. Breyer – ჯენეზისის მეორე ცოლის გვარია, რომელიც მის სახელს მოგვიანებით დაემატა.
[b] პი-ორიჯი საკუთარ თავს მრავლობით რიცხვში მოიხსენიებს. ჯენეზისი მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ლედი ჯეის სიკვდილის მიუხედავად, მათი ერთობა, Pandrogeny პროექტი გრძელდება.
[c] ამ დღეს ჯენეზის პი-ორიჯმა, კრის კარტერთან, ქოუზი ფანი ტუტისა და პიტერ კრისტოფერსონთან ერთად დააარსა ლეგენდარული ჯგუფი Throbbing Gristle (იორკშირულ სლენგზე – ერეგირებული პენისი)
[d] ერთ-ერთი პირველი ამერიკული პანკ-როკ გამომცემლობა, რომელიც ცნობილია თავისი გავლენით მთელი მსოფლიოს ანდერაუნდ კულტურაზე. პირველი საქმიანობა დაიწყეს ლოურენს ფერლინგეტისა და ალენ გინზბერგის მიერ შეწირული 200 დოლარით.
[e] აკუწვის ტექნიკა, ინგლისურად cut-up, ასევე cut-up technique - ლიტერატურული ხერხი, რომლის დროსაც ტექსტი სრულიად შემთხვევითი თანმიმდევრობით იკუწება და ირევა, რათა შეიქმნას ახალი ნაწარმოები. მეთოდი გამოიგონეს 1920-იან წლებში დადაისტებმა და განავითარეს ბრაიან გაისინმა და უილიამ ბეროუზმა. ლიტერატურის გარდა ამ ტექნიკამ დიდი გავლენა იქონია ელექტრონულ, ექსპერიმენტულ მუსიკასა და კინოზე.
[f] უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად და cut-up-ის ტექნიკით ინსპირირებულმა ჯენეზისმა და მისმა მეორე ცოლმა ლედი ჯეიმ (ჟაკლინ ბრაიერმა) 1993 წელს წამოიწყეს ექსპერიმენტი სახელად Pandrogenyე Project. ქირურგიული და ჰორმონალური თერაპიის გამოყენებით წყვილმა დაიწყო საკუთარი სხეულის მოდიფიკაცია. მათ სურდათ, ერთმანეთის დამსგავსების გზით შეძლებოდათ, თავი პანდროგინულ, მესამე არსებად აღექვათ. ამ პროცესის აღსაწერად მათ ისეთი სიტყვა შეარჩიეს, რომელსაც არ ჰქონდა "ისტორია", რათა ეს ტერმინი სრულიად ახალი ინფორმაციის მატარებელი გამხდარიყო.
[g] TOPY (სულიერი ახალგაზრდობის ტაძარი) ოკულტური ჯგუფი, რომელიც ჯენეზისმა 1981 წელს დააარსა. რელიგიურ ჯგუფს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა, რიტუალები და რელიგიური პრაქტიკა, თუმცა არ აქვს იერარქიული სტრუქტურა. თავად ჯენეზისმა, იმ მიზნით, რომ მისგან პიროვნების კულტი არ შეექმნათ, მოგვიანებით ჯგუფი დატოვა.
[h] “ჭიის ხვრელი“ (Wormhole) – ხვრელი ჰიპერსივრცეში, რომელიც სივრცე-დროის კონტინიუმის ორ დაშორებულ წერტილს აკავშირებს.
[i] A theory of everything (TOE) – ყველაფრის თეორია, ფინალური, უკანასკნელი თეორია – ჰიპოთეტური თეორია, რომელიც მოიცავს და აერთიანებს სამყაროს ყველა ფიზიკურ ასპექტს.
[j] სიტყვებით თამაში. Toe ინგლისურად ფეხის თითს ნიშნავს.
[k] Psychic TV-ს ალბომები: Snakes ‒ 2014 წლის ალბომი, შთაგონებული პი-ორიჯის მოგზაურობით დასავლეთ აფრიკაში; Hell Is Invisible... და Heaven Is Her/e – 2007 წლის ალბომი, რომლის ცენტრალური იდეა Pandrogeny-ს კონცეფციას უკავშირდება.
[l] ჰარი ედუარდ ნილსონი (Nilsson) ‒ ამერიკელი მომღერალი და ავტორი, ოვერდაბინგის პიონერი
[m] The Creation ‒ 1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული როკჯგუფი. ითვლება, რომ მათი შესრულების სტილი იყო უნიკალური ნაზავი პოპის, როკის, ფსიქოდელიისა და ავანგარდის.
[n] როგორია გრძნობდე იმას, რასაც გრძნობ - ბრიტანული ბენდის the Creation-ის ცნობილი სიმღერის ქავერი
[o] გეძებ შენ
[p] "Alienist – ფსიქიატრი ჩემს თავში, ჩემს ტვინში". Alienist ‒ ფსიქიატრის, ფსიქოლოგის აღმნიშვნელი, ხმარებიდან ამოღებული ტერმინი. იშვიათად ისევ იხმარება სასაუბრო ენაში და აღნიშნავს ექიმს, რომელიც სასამართლოს წინ ადგენს, შერაცხადია თუ არა განსასჯელი.
ფოტო: ხატია ფსუტური