ცხადია
1.
კი არ მოვიჩრდილე,
მაღლა გავშალე
ხელი, მოხატული შავი ქურუმით,
და მზემ ჩაიცვა შავი ჟილეტი.
და ჩემებური, მძიმედ სიარულით
ყველა ნაბიჯი ფეხქვეშ გაიჟლიტა.
მოგებას, ცხადია, არ ჰყოფნის ქულები.
სხვადასხვანაირ განმარტებას სად არ შეხვდები.
ეგენი პეკინის ქუჩაზეც
კი მიიგნება.
ან ტრაბახობენ ბედის ბახალები,
ანდა უშვერად იგინებიან.
და რაც არ უნდა შეთხზას,
სინამდვილეში კაცმა არ იცის,
რამ წააქცია, რამ აღაზევა.
შენ შედი, კარგად აირჩიო, ისე გაისინჯე,
მომავალს სად არ იყიდი,
რიგში ამდენი დგას მაღაზია.
2.
იქ როდის მოხვდა?
ეგ იქ არ იყო,
ვალი არ ჰქონდა,
ეგ იქ არ იყო ყმა ნისიების.
კი, სამკურნალოდ უებარია,
რომ დაუბერავს,
ქარი ყოყმანის იების.
მეტროს ჩასასვლელთან
ყიდიან ყვავილებს
და ტროტუარის გასწვრივ, გზადაგზა.
ჩამოიარე, შეგხვდება,
დროს ჩამოართვი ხელი
და ორჭოფული თვალით აკრიფე
მისი იისფერი ჭორფლი.
რიცხვი შეინახე, როგორც მითითება.
წარსული და მომავალი
ორი მრუდე სარკეა,
ერთმანეთის პირდაპირი,
და მათ შორის აწმყოს ხერხავს
დაბრუნების ბირდაბირი.
3.
როცა აყალბებ, ახალ ბებუთებს ლესავ,
და ბებუთები ხელში ანცობენ.
ეგეთია ლექსის ჯიში,
ვერსად გადაასახლებ,
მისი თარგმანი აუცილებლად
გაყალბების ინსტრუმენტია.
სადმე გავივლი და შევამოწმებ,
ნაკლებია ცაზე მიწა
ან თუ მეტია.
შესაბამისად, მიწას ვეძახი,
მოვუხმობ ფეხით
ან ვერეკები, ვაფრთხობ.
მაშინ მაშინებდა
ორთქლმავლის სასტვენი
სასტიკი კივილით ანაზდად
მუშტაედის ბაღთან.
მუშთაიდის ბაღში
ორთქლმავალი ახლაც დრტვინავს.
მე კი დავდივარ, სულის მაგივრად
სიგარეტის ბოლი მიდგას.
სულდგმული არ ვარ,
ვარ ბოლმავალი.
სხვანაირი ბოლით იქაც
აფრთხობენ და იზიდავენ,
სადაც ბუდობს პოლიტიკა.
რომ არ მოაკლდეს
და სულ გავებით გაივსოს,
იგი გავა და სხვა მოვა
ტურფასა სანაგავოსა.
4.
მიაყურადე, არჩევნებია,
ტურად მეორე.
რათა შენ ათაშანგიან
პოლიტიკის ლაჯებს
შეეპკურო მეათასე თესლად,
კი არ გეტყვიან –
რომელი ჯიშის
ღორები გაძღებიან,
რა გენაღვლება?
რომ არა პოეტი,
რომ არ აპო ჰაერი
და არც წყალი ნაყო,
სხვა არავინ გეტყვის,
რაც ზოგჯერ კიდეც
თითქმის ითქმის,
ოღონდ პარაბოლებით,
მაგრამ არა ბოლომდე,
გადაკვრით და ნართაულად ანუ.
მთელი ჩვენი ცხოვრება
დასასრულთან დაბრუნებას გულისხმობს.
დაბრუნების ძალა კი
თანაც ირჩევს,
სად და როდის.
ეგეც შენ თავისუფლება,
თუ მას ხელში ჩაიგდებ,
როგორც ყაისნაღს,
როგორც ძალაყინს.
5.
თუ ცამ ჩამოდე დაღმართიან
მოედანზე ნიკაპი უშნოდ
და თავს დამესხი წვიმის ღერებით,
წინასწარმეტყველ მეხსიერებას
მეც დავიხურავ კაპიუშონად.
სხვა დროს კი დამაქვს
აქლემის კუზით
წარსულ-მომავლის მარაგი,
რადაც არ უნდა დამიჯდეს
გადაკეცილი ორადაც.
ნაკეცი თვითონ გახლავარ
და სხვა ასეთებს ვცნობ ტროტუარზე.
დადიან ძველი გაზეთები,
როგორც ლაქები,
რა დაეტყობათ, მიდი, დაზეთე,
ახლები უფრო
სიფრიფანა ფლაერებს ჰგვანან.
ან ანდე მათ ანდამატივით
გაორმაგება მნიშვნელობის,
თანაც მაგნიტს რომ ჰქვია, მიმზიდველს,
და თანაც – ალმასს, მტკიცეს;
ან მათ აცალე ან,
შენ ცა არ იყო, ჩამოიქეცი.
6.
რომ მათი გეჯა გეჯავრებოდეს,
პოლიტიკას კივილივით მორთავენ
და გეჯასაც საქორწინოდ მორთავენ,
ვინც მიასწრებს, იმისია.
ისე ჩქარობს ორივე, აგვიანებს ორთავე.
ორი კულტის ორი კოლტი
მესამესთან გარბის.
მიემხრობა ეკლესია
მას, რომელიც მასავით
ავი, ხარბი და ქლესაა.
7.
აბრა ვარ, აბა რა,
უბრალო აბრევიატურით.
ვიყავი, ვიქნები ბითური,
რა არ ამრევია,
სიბნელეს გაიკვლევს კიდურის ფათური.
ხელი ახლას ახელი,
ამოიცანი ინიციალები.
წარსული და მომავალი
სრული გვარია და სახელი.
მანდ ჯერ მეორე მიწერია,
მერე – პირველი,
მათ შორის ლექსად მწერია.
8.
მოახლოებით
მოთანდათანდა.
რომ შუაში ჩაგვიდგეს,
მოდის დისტანცია.
მალე ეთქმება, ლანდიც გასდისო,
უკვე ლანდების დერეფანი
ისე ტანთხელი და ტანანცია.
სიკვდილის დილის
ამ ათინათებით
იგი დაიხუნძლა
და მან ათი ამანათი
შესახვედრად
წამი მოგვცა,
როგორც რომელიმე
პინცეტის ორ წვერს.
კი, ცარიელს აკვირდება
უიმედოდ მოგვი ცას.
9.
დრო თუ თამამი კვესია,
ხრჩოლავს ადგილის გაუბედავი აბედი.
თუმცა ისევ მიცდიდა გაღვიძების ჩიხი,
სულმა წუხილით წუხელაც წამძლია ძილზე.
გააჩაღე და ხანძარი ხან დაძარი ხოლმე.
ხელოვნების ნაწარმოები არის შეხვედრის ადგილი,
რომელიც მრავალ გონებას
ისე აახლოებს,
როგორც მოედანი – შენაკად ქუჩებს და,
თვალსა და ხელს შუა,
მათი საერთო სათავე ხდება.
ასე თავდაყირა დამდგარი
წიგნი ხდება ხოლმე წმინდა
და რელიგიის ყდაში
ხალხს ჩასვამს, როგორც ტომს.
და გამოქვაბულის მხატვრობაც
თანდათან ხროვიდან გამოადნობს ტომს.
დრო იყო, ხატვა ვცადე,
ახლა სულ ვწერ, ვწერ, ვწერ.
10.
გასაროზგია ზურგი ავგაროზის
და მთელი დასტა
მას ამინდივით ცვალებადი
დისტანციის მოუტანია.
კარგად აჭერი, არიე,
არიან ირგვლივ.
დაარიგე კარტი და
ითამაშეთ ერთი ფურთი ქალი.
პლედი ბალახზე დაიფინეთ,
მიწა ცივია,
ან მაგიდასთან მაინც დასხედით.
თავი მომავლისგან შორს დაიჭირე,
შიშსაც წაუღია მომავალი.
წარსულს თავიდან დაარიგებ,
დაარიგებთ ხოლმე
და ერთმანეთსაც გაუცვლით.
11.
რეკლამა აქლემივით იფურთხება:
ფული გირაოს გარეშე!
იგულისხმება:
გაიარე და გაშრი, გიშერო!
ქართულად ნაწერს
ქარავანს არავინ ადარებს,
თუმცა მხედრული
ჰქვია ქვიანზე მიმავალს.
12.
ბარემ, ბარემ, ბარემ,
ბარემ არემარე
მოაგალავნე,
დაბარე ბარემ,
ზღუდეს ღრმა თხრილი შემოავლე,
მიაგდე წყალი,
ბარემ ბრმები დაიბარე
სათოფურებად
და ქონგურებად კენგურუები.
ან გადაიფიქრე
და გადააბარე ბარემ არემარე,
ვისაც არ მობეზრებია
მომავლის აწმყოდ დახურდავება.
მოიშორე თავიდან და მთელი ვალი
გადამთიელი წარსულის
გაისტუმრე ერთბაშად,
ვიდრე გახურდა დავები.
ბარემ, ბარემ, ბარემ.
13.
თუ ავტორია,
ლექსიც ორია.
ერთია განდევნა
და ექსორია.
ეპატიჟება
სტუმრებს მეორე,
ოღონდ გიჟებად.
ადამიანები, მენდე,
შუაში მანდ არიან,
როგორც გუაშის მანდარინები.
რასაც მე მოედო,
მას გავუწოდე
სახელად მეოდი,
რომელიც არემარეა
და მოდის მესკენ
და მიდის მესგან,
ზოგჯერ ჰგავს კიდეც ნაომარ დამასკოს,
მაგრამ მწყობრია,
ამბად რომ ივარგოს,
თუმცა მსმენელსაც გააჩნია.
ამბავს რომ ხმამაღლა მოჰყვები,
შენც უკან ავტორად და გმირად მოჰყვები,
როგორც აბლაბუდაც რომ ქსოვდეს ობობას.
მე, დარჩენილი უმეოდოდ
უიმედოა,
თუ გაგდებული იყოს იქიდან,
ან იქ ჩაკეტილს ჰგავდეს ტუსაღებს.
თუ არც ერთი ხარ და არც მეორე,
ბრბოს დროს უსაღებ.
თუ ავტორია,
ლექსიც ორია.
14.
მას მომავალი ჰგონია კვალი,
რომელსაც მიჰყვება მძივივით აცმულს.
შემგროვებელი და მონადირე
მომავალს ფეხმარდ დემონს ადარებს.
მიწათმოქმედიც მიჰყვება სახნისს
და მისდევს გუთანს,
მომავალს ისიც უკვე გავლებულ
კვალს უთანაბრებს.
მერე ქალაქში გადასახლდება
და იატაკად თვალწინ დაგებულ მომავალში
ქარია ბეც და ქირაც, რომელსაც იხდის,
და ჯერჯერობით სჯერა იჯარის ჯურის.
ხან მომავალი სუფრა და დახლია,
ზედ დასახარჯად ოღონდ გაშლილი.
წარსულის ტალღა კი
წინ მიგვერეკება – ქაფს,
რომელიც უტალღოდ
ნაპირზე სულს ღაფავს,
როგორც იდალგო.
15.
ჩემი სახე ჩემი ექოა,
სხვისი თვალისთვის გასაგონი.
სარკე რას მომცემს,
ექოს ექოთი აქოთებული,
და ვიტრინები ითრიმლება
ქუჩის ქუსლებით,
ბევრი არც მაგათ მოეკითხება.
ასე გამომრჩა, რომ მოარული,
კავკასიური სიფათისთვის
ისაა ცხვირი, რიცხვი რაცაა
გონებიანი მესთვის
მთელი თავისი რაოდენობის.
გამოგიტყდები,
რაოდენობის შესაბამისად,
რიცხვი, ცხვირივით კეხიანი,
ურცხვის ერთი მაქვს.
ხოლო ეს სახე, რომელსაც იცნობ,
უფრო ციფრია – ერთიანი,
რიცხვი კი მე ვარ – ერთი,
ერთი კი მაგის!
16.
ცხადია, ცდება, ვინც მიულოცავს ევოლუციას,
რამეს სიკვდილის მიგნების გარდა.
მას ავითარებს, ხვეწს და ართულებს
იგი მეშვეობით ათასი ჯურის
არსებისა და ორგანიზმის.
სადაც მოკვდავი იბადება და სადაც კვდება,
მკაფიოდ მისი
ხმა ორგან ისმის.
ბილიკებს ბლოკავს მაგისტრალი,
ბილიკი ჭრილობას ილოკავს,
ვის რაში სჭირდება
ფერდობზე მიმოხრა და მაგის ტრიალი.
17.
რადგან არ წყდება ოკუპაცია,
წამოცდენილი ქაფიც ფიცია.
და ნათქვამია – ვიდრე
ერთამდე ითვლი ამ ტერიტორიას,
მანამდე მტერი შენი ორია –
გადამთიელი და შინაური.
დამპყრობელია მომავალი
და მოღალატე არის წარსული,
ერთად გართმევენ შერყეულ აწმყოს.
ის დროა, გადაიხვეწო
და გაეცალო ყოველგვარ დროს.
მაგრამ სად წახვალ, სად იპოვი
კარს, რომ არ გაგცეს,
კიბეს, რომელიც არ გაგყიდის,
სადარბაზოები სად არ ბოზობენ?
18.
მე ვბრუნდები იქ,
სადაც პირველად მივდივარ.
შენც ასე უცნაურად იქცევი
და ნებისმიერი იგიც
იმავე აბდაუბდაში ატარებს ცხოვრებას,
თუმცა არაფერი იცის ამაზე,
როგორც არ იცოდი, ალბათ, არც შენ,
ვიდრე ამ ლექსის კითხვას დაიწყებდი,
და მაინცდამაინც კარგად
არც თვითონ მეცოდინება,
ვიდრე არ დამთავრდება ეს წერა-კეთება.
გზის გავლით, რომელიც
აქამდე არასოდეს გაგვივლია,
იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვართ,
მაინც ვბრუნდებით
დასასრულის შემწე რაკეტებად,
როგორც ბრუნდება ხელში
რეზინზე გამობმული ჭრელი და მსუბუქი ბურთი,
რომელსაც მუშტაიდში ყიდდა ბოშა ქალი.
რაც ნიშნავს, რომ შიგადაშიგ მაინც
მას ყიდულობდნენ ბავშვები,
ფინიშის მუშახელი.
19.
აჟიტირებულ გაზეთს ჰგავდა დილიდან ცა სულ
და გულმოსული პოეტი ბრაზობს,
როცა ხედავს ვინმე სულწასულს:
კავკასიელი რომ აგიტანა მოუსვენრობამ
მომთაბარისა არ იყოს, ვინმე ნომადის,
ყირაზე დადგე, იხტუნაო,
რას ააჩქარებ, რას შეცვლი,
ლიფტი რომ ადის.
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენი სამყარო
გახლავთ ფიტული ლიფტი,
და ნუ გგონიათ, რომ ის მამიდა დავარია
და გაგიტაცებთ აქედან
და აგარიდებთ სხვენს, უსათუოს,
და ავარიას.
ის შეეხება, გულთან მიტანით
რასაც შეიხებს,
და რა აზრი აქვს, დაემოწაფოს,
პოეტი აჰყვეს შეიხებს.
მხედარი არ ხარ,
ასე თუ ისე უნდა ადროვო,
ყველა დათქმული სართული
და იარუსი რომ აიაროს.
20.
ხელფარნიანი საფეხურებთან
რომ დამინახა,
მუქმა ღამემ ჩაბუქნა კიბის ბაქანზე.
რადგან სიბნელე
ღამის სისხლია,
კაციჭამია კარმა
ჯერ გასაღები
კბილად მოირგო
და მოყირჭებულ ლუკმას,
ყელი გაისველა,
მიაყოლა სიბნელის ყლუპი.
21.
ფეხებზე დავიკიდე ნაბიჯი
და ქუჩის ქეჩოს დავადექი აქვე ქვეითად.
გატრუნული ვიტრინები გვაყოლებენ თვალს,
ისეთი ძუნწი ვინ იქნება, მკრთალი ლუკმა არ გადაუგდოს.
22.
ორფეოსია გრძნობა და ორფა.
თან მოქლონივით მიგაკრავს
სამყაროს ქვესკნელ გულზე,
თან დაკუნთული მკლავია,
რომელიც ხელს გკრავს,
რომ ვერასოდეს გადმოსცდე საზღვარს
და ზედ დარჩენილს
წონასწორობის დაკარგვის გამო
ერთხელაც გარეთ, მოუსავლეთში გადაბიჯების
შიშმა ჩაგაშხამოს
შეთხზული ამბებით თავის მოტყუება.
ჭრელი ამბები მართლა ჭოკია,
რომელიც იმ ბოლო
საბელ-საზღვარზე
თავის შემაგრებას ჯერ გახერხებინებს,
და შიგადაშიგ
შიშის ტკივილსაც უყუჩებს ვინმეს.
ჩემი თუ არ გჯერა,
წადი, გაქუსლე საითაც გინდა და შეამოწმე,
სადაც ფეხს დადგამ, იმავეს ნახავ.
საზღვარი ყველგან მიმოხაზულია,
სახით მეანდროსი.
აქილევსს მუხლით თან დააქვს თავისი ქუსლი,
და ამ უმთავრეს, უმ გრძნობას
პოეტის უხეში ხელით
დაერქმეოდა „ჰოროსფობია",
შიში ჰორიზონტის,
რომელიც, სულერთია, ფეხქვეშ ძგერს.
23.
აგვისტოებში ასფალტის ტაფას ასდის არმური,
ახლა ნოემბრის კიდობანია.
ხარ მორადგანე,
დრო და ადგილი –
ერთი თვალის ორი ქუთუთო –
გითვალისწინებს
თუნდაც ასეთი ათვალწუნებით.
რა მაწანწალა მოწონება ასაწონია?
მაგრამ სადაც დაიკვეხნოთ,
იქ თქვენ აღარ გათქმევინოთ
ძველი ლიანდაგები.
თვალი შენზეც დაიხუჭება,
ჭიქაზე ორთქლივით გაქრები.
24.
და გავლენ გალავნიდან,
კონგრუენტული ქონგურების მეანდროსი
ირგვლივ აღარ იქნება.
არანაკლები,
ტოლი ან მეტი ორნამენტია
გზად მოსაძებნი.
იყოს ხორკლიანი,
მაინც ნაბიჯით გაიქლიბება.
მოსიარულე ნაბიჯებით გზები ფიქრობენ,
იქრობენ აზრის წყურვილს,
ერთიც ვნახოთ და იქნებ როგორმე გამოვადექით.
თავისუფლების
თაფლი, ფიჭაში დალექილი,
დალუქულია გრძნობების ცვილით.
აღარ გიცავს გამორჩენის ქონგურები,
ამიტომ მე კი ნუ მეანგარები.
25.
წარსული, სულ ახალთახალიც კი,
მაინც შორიდან გახსენდება.
ხოლო მომავალს უშუალოდ იხსენებ ახლოდან.
წარსულის ფრაგმენტებს
იოლად უცვლი ადგილს გახსენებისას.
კარტის დასტა გიჭირავს და ხელის ერთი მოსმით ჭრი, ურევ.
მომავალიც ისეთივე დასტაა,
ოღონდ რომლის არევა და აჭრა შენს ხელთ არაა,
არამედ რიგრიგობით და თითო-თითო
უნდა გადმოატრიალო დასტიდან კარტი.
წარსულში მიედ-მოედე რამდენიც გინდა,
მომავალს ასე ვერ მოექცევი,
არამედ მასში ნაბიჯ-ნაბიჯ ივლი.
ასეთია წარსულის გახსენების წესი
და ასეთია მომავლის გახსენების წესი.
მომავალს რადგან უშუალოდ იხსენებ
ახლოდან და, თანაც,
თანდათანობით,
ამიტომ არის აწმყო
მომავლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი,
განსაკუთრებით გამოკვეთილი
და თვალებთან იმდენად ახლოს მოტანილი,
რომ მის ზურგს უკან რაც კი რამეა,
ან თუ რამეა, არ მოჩანს.
და რადგან არ მოჩანს, ამიტომ გგონია,
რომ არ ხდება, არადა ხდება.
მომავალი ტანსაცმელია, რომელიც გაცვია,
მომავალი ფეხსაცმელია, რომელიც გაცვია,
მომავალი ქუდია, რომელიც გხურავს.
წარსული დაბრუნების ერთი ნაწილია,
რომელიც უკვე შორსაა
და იცი, გახსოვს,
რომ გახსოვს.
მომავალი დაბრუნების მეორე ნაწილია,
რომელიც ჯერ ახლოა
და არ იცი, არ გახსოვს,
რომ გახსოვს,
არამედ თანდათან გახსენდება, რომ გახსოვს.
ამას დროის ეფექტი შეიძლება ეწოდოს,
მსგავსად დოპლერის ეფექტის, რომლის ძალით
მანქანის საყვირს მოახლოებისას ხმა უწვრილდება,
დაშორებისას კი უბოხდება,
და მხოლოდ მაშინ, როცა ჩაგივლის,
ხმა ისეთი გესმის, როგორსაც ის გამოსცემს
და ვერ გაარჩევ, გიახლოვდება თუ გშორდება.
აწმყოც ამას ჰგავს,
შიშველ ხმას. ჯერ არ ჩაიცვა.
26.
პერპენდიკულარული
ანუ ორთოგონალური
ანუ შვეული ერთმანეთისადმი
არის მომავალი და წარსული.
წარსული ჰორიზონტია,
წარსული ჰორიზონტალურად ძევს.
მისდამი შვეული
და ორთოგონალური
მომავალი ჰგავს სწორ გზას,
რომელიც ჰორიზონტისკენ მიდის
და მას უერთდება, ოღონდ ჩვენ ზურგსუკან,
რადგან წარსული არის ჰორიზონტი,
რომელიც ჩვენ ზურგსუკან არის,
უფრო ზუსტად,
ის ჩვენი ბეჭების გასწვრივ ძევს
ზედ ჩვენს კისრებსა და მხრებზე.
ამიტომ წარსულის დასანახად, გასახსენებლად
გვერდზე გახედვა კმარა
და სულ არაა საჭირო უკან შებრუნება, შეტრიალება.
ზურგსუკან არაფერია.
მხოლოდ აქეთ-იქით,
ბეჭებისა და მხრების გასწვრივაა გაშლილი
ჩვენი წარსული
და ზურგსუკან მდებარე
მას მხოლოდ პირობითად
ან ნაწილობრივ შეიძლება ეწოდოს.
ხოლო მომავალი შუბლზე გვაზის,
როგორც რქა – მარტორქას.
იქ, სადაც მომავლის გზა უერთდება
წარსულის ჰორიზონტს,
იქ, სადაც მომავლის ისარი პირისპირ ხვდება
ბრტყელ სამიზნედ დადებულ წარსულს,
იქ, სადაც წარსულად
მომავლის გარდატეხა ხდება,
იქ ჩნდება „მაშინ",
რომელსაც ორი მხარე აქვს,
აქვს თავისი ორი მხარი –
წვრილმანი დრო
და მეწვრილმანე გონება.
სახიფათოა მიხვედრა,
რადგან მიხვედრა დაჯერებას ნიშნავს.
გონება – ნებას,
ტანი ტანს იტანს,
შენი დასაწყისი
ჩემი საზღვარია.
27.
აწმყო-ნამგალი მკის და
ცნობიერების დაბრეცილ ველზე
გრძნობა-შეგრძნება ძნებად იდგმება
და მისაგნები საგნები
აქ თავს იყრიან,
ყველა მათგანი ნახელავია.
ნახე, ლავიან ვულკანის ფერდს ჰგავს
შენი თვალწინეთი,
თუმცა გრილია მისი სიმხურვალე
და მისი ჩუმია გრიალი.
დრომ ასე გაწაფა,
დრომ, რომელსაც დრო
თავზე საყრელი ჰქონდა
და უთვალავი არსების თავი
სიზმრების დაზგად ედგა,
სიზმრებისა და მერე ღვიძილის,
როცა სიზმრები ვეღარ შეიკავა
სიცოცხლისაგან ისედაც
გასავათებული არსების ძილმა
და ამოიფრქვა ისინი ცხადად,
რომელშიც ერთმანეთს
შევხვდებით ხოლმე,
დასაშორებლად, ცხადია.