გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

2017: ქართული ესტრადა მარტივ მამრავლებად დაიშალა

აი, რა დარჩა 2017 წელს ქართული პოპ-სცენიდან:

  1. სხვადასხვა სასიმღერო კონკურსები   სადაც ნიჭიერი და საშუალოდ ნიჭიერი შემსრულებლები ქავერების შესრულებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. საახალწლოდ ზოგს ბინას აძლევენ, ზოგს მანქანას. სატელევიზიო სანახაობა ალბათ კარგი გამოდის, რეიტინგიც მაღალი აქვს ხოლმე, მაგრამ მუსიკალურ სცენას ეგ დიდად არაფერში ადგია. აბა, ბოლო, ვთქვათ ათი წლის გამარჯვებულების და ნახევარფინალისტების დაწერილ ან შესრულებულ რომელ სიმღერას გაიხსენებ? რას აზიარებენ ფეისბუკზე? რომელია ჩართული მარკეტებში და ბარებში? არც ერთი!
  2. ქართული მუსიკის რადიოტალღების სიმღერები, რომლებსაც უმეტესი ჩვენგანი ტაქსებსა და სამარშრუტოებში ვისმენთ. აი, დიჯეის რომ თხოვნით ურეკავენ  კახა წვიმიტიძის „ლამაზი წვიმა“ გაუშვი ან მარიკა გორგოძის „მონატრებაო“. ეგ რა ბანდაა მე ვერ ვხვდები და ვინძლო არც თქვენ იცოდეთ  ან მომღერალი ვინაა, ან მსმენელმა საიდან იცის, ან რატომ მოეწონა... ამ სიმღერების უმეტესობას ხუთი წუთის მერე კი არა, სიმღერის დასრულებამდეც ვერ გაიხსენებ. შეიძლება არსებობს პარალელური საქართველო, სადაც ვიღაცეებს ეგ მუსიკა მართლა მოწონთ, მაგრამ, აი ძალიან ეჭვი მეპარება. არ მჯერა, რომ რომელიმე ეგ მომღერალი ასკაციან დარბაზსაც გაავსებდეს.
  3. მერაბ სეფაშვილი „ხინკლის სახლის“ რეზიდენტია. განა ტეხავს  ერთხელ მანდ მეც ვიყავი, ბლომად ხალხი იყო, ერთობოდნენ, სელფებს იღებდნენ... მაგრამ მაინც  ქართულ ესტრადას მერაბზე უფრო ღვაწლმოსილი და პატივსაცემი, არა მგონია, ვინმე ყავდეს და ის თუ „ხინკლის სახლის“ რეზიდენტია, სხვებისთვის რაღა დარჩა? „შაურმის სამყარო“?

წელს „სარკის“ ვარსკვლავებისგან და „პროფილის“ ტრადიციული სტუმრებისგან არაფერი ისმოდა. სამაგიეროდ, წინა პლანზე გამოვიდნენ და „სარკის“ გარეკნებსა და ყვითელი შოუების სავარძლებში მოთავსდნენ ახალი ჯურის სთარები  „ფეისბუკზე“ ვირუსულად გავცრელებული სიმღერების შემსრულებლები. პაატა თედიაშვილის „სიყვარულის არმია“, მარკუს მეტრეველის „საიდან მოდის ბავშვი“ და ეგეთები ზოგს გულწრფელად მოსწონს, ზოგს  ირონიულად, ზოგს კი  პოსტირონიულად. თუმცა, ყველ აზიარებს.

არა მგონია, რომ ამ ნახვებით რომელიმემ გრძელვადიან წარმატებას მიაღწიოს. როგორც წესი, მსგავსი ვიდეოები მაშინ „ვირუსდება“, როდესაც ავტორი ამას სულ არ ცდილობს. „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“ თავისით იყო სასაცილო, მისი გაგრძელება  „მუსიკალური გველი“ კი ნაძალადევი და სპეციალურად ინტერნეტზე გათვლილი ჩანდა.

ამ ვიდეოების ჭეშმარიტი სიცოცხლე კი კლიპის სიკვდილის შემდეგ იწყება. ეს კლიპები მარტივ მამრავლებად იშლება, ნაწევრდება და შემდეგ „ქუბებში“, ოთხპანელიან კომიქსებში ან სხვა სახის მიმებში აგრძელებს ცხოვრებას.

(სტატიის ამ ნაწილში, პრინციპში  საჭიროა ამ თემის გაშლა და უფრო კულტუროლოგიური და ფილოსოფიური ასპექტების გამოყოფა  პოსტთანამედროვე ყოფის და ყოფიერების აღწერა. მე ეგ არ შემიძლია, ამიტომ რამდენიმე ჭკვიანურ სიტყვას დავწერ და ხორცი თქვენ შეასხით. რეკონტექსტუალიზაცია. დესაკრალიზაცია. დეტექსტუალიზაცია. მოზაიკური კულტურა. პოსტსტრუქტურალიზმი. სიმულაკრა. თავს დავდებ ტერმინების უმეტესობა რელევანტურია.)

* * *

„პანდას“ კლიპს „ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა“ ორმილიონნახევრამდე ნახვა აქვს „იუთუბზე“. სიმღერა არცაა -  ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაზებია, რომელსაც ქუჩაში ან ფეისბუკზე შეიძლებოდა გადაწყდომოდი („ევროპაშია, მაგრად არის… ხელი აქვს, აუფ!“ „ნიკას თუ მისცა, მეც მომცემს -კაცო.“ „არადა, გარეთ გავათავე“).

კლიპი თავიდანვე აშკარად ინტერნეტისთვის, მიმ-კულტურისთვის შეიქმნა და ამ მხრივ კარგადაც იმუშავია. მაგრამ, თურმე ასეც ხდება ხოლმე  სალაღობოდ და „სამიმაოდ“ გამზადებული სიმღერა მოულოდნელად გულწრფელად ხვდება მსმენელს ყურში. ირონიული ფრაზები ბევრისთვის სრულიადა არაირონიულად გულშიჩამწვდომი აღმოჩნდა.

* * *

არის ასეთი ბორჯომის გარეუბანი  მცოდნეებისთვის „ფაფა“, გოიმებისთვის  „ახალი უბანი“. ძირითადად საყვარელი საკუთარი სახლებია, თუმცა, უბნის ბოლოს, საიდანაც უკვე ტყე იწყება, რამდენიმე უგვანი კორპუსიც დგას  რვა თუ ცხრასართულიანი.  ერთერთ ასეთ კორპუსს, სუმთლად ტყესთან მდგომს, უზარმაზარი ასოებით ვიღაცამ მიაწერა  „პარიადკაში მოდით, თქვენი დედას შევეცი!“.

სახლზე მიჯღაბნილი „პანდას“ კლიპიდან ამოღებული ეს ფრაზა,  დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად მოქმედებს. დღისით ჩაუვლი და ან ჩაგეღიმება და ან იფიქრებ  რამის თქმა თუ გინდა შენი მიაწერე, სხვისი ფრაზების გამეორებას რა აზრი აქვსო. თუმცა, საღამოს, როდესაც მზე თითქმის ჩასულია და ბაცი რუხი ცის ფონზე კურორტისთვის უადგილოდ პირქუში შენობა შავ მართკუთხედად გამოიჭრება, თავში უფრო სხვა აზრები მოგდის. ვინ უნდა მოვიდეს პარიადკაში? მე? ალბათ. მაგრამ მარტო მე არა. რა უნდა ამ წალკოტში ცოის სიმღერიდან გადმოსულ უგვან კორპუსს? ბორჯომი უნდა მოვიდეს პარიადკაში. საქართველო უნდა მოვიდეს პარიადკაში!

"I'm out of order? You're out of order! This whole country is out of order!

* * *

ტრაილერი ხოარ გვეყიდა? ან საშაურმე ხოარ გაგვეხსნა?

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა