დაბრუნება სოხუმში - "ენიკი-ბენიკი" ლადო ფოჩხუას ახალი წიგნი
ლადო ფოჩხუას “ენიკი-ბენიკი” ძალიან საჩემო წიგნი გამოდგა და შესაძლოა, სათქვენოც გამოდგეს, თუ ფიქრი ასოციაციურად გიყვართ. თუ მოგწონთ, როცა ფასადზე ადამიანი გახსენდებათ, ქუჩაში ჩავლილ უცნობზე - ლექსი, სადღაც მოსმენილ მუსიკაზე კიდევ ის სახლი, რომელიც ბავშვობის მერე აღარ გინახავთ. ამ წიგნის კითხვისას ძალიან ცხადად ვხედავ, როგორი სისწრაფით შეიძლება აღდგეს რამდენიმე ათწლეულის წინ მიტოვებული ქალაქი და აღდგეს მხოლოდ წარმოსახვაში; როგორ უცებ შეიძლება სიცოცხლით გაჯერდეს ყველაფერი - ქუჩებიც და სანაპიროც, მაღაზიებიც და სკოლებიც, წიგნის თაროებიც და ადამიანებიც - თავიდან.
ლადო ფოჩხუას ქალაქი უკვე ბევრი წელია იმ დრამებით, იმ ხმებით და იმ იმედებით აღარ ცხოვრობს, როგორც ეს ავტორს დაამახსოვრდა. იგივე ადამიანები იქ აღარ არიან. ქუჩებს სახელი შეცვლილი აქვს. ურბანული მითები, ჩვევები და ჭორებიც სხვაა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ლადოსთვის სოხუმის მთავარ გამზირს ყოველთვის ერქმევა მშვიდობის გამზირი. კარგად ნაგები, სტალინური სახლის სახურავზე ყოველთვის იციმციმებს ნეონის ლოზუნგი “გიყვარდეთ წიგნი - ცოდნის წყარო”. დედა ყოველთვის ჩამოხსნის ცისფერი კედლიდან ბროშივით მიკრულ მორიელს, ბაბუა კიდევ ბევრჯერ ჩააგდებს ზღვაში პისტოლეტს, ლადო კიდევ ბევრჯერ ჩამოჯდება კაფე “ელბრუსის” გარეთ, შემოდგომის წვიმაში ლიმონიანი ჩაის დასალევად.
რა შეუძლია მოგონებებით სავსე ადამიანს - მაინც რამდენს აღადგენს მეხსიერება?ანდა რატომ ეძებს ტვინი ფრაგმენტებს წარსულიდან, რატომ ეპოტინება იმას, რასაც წესით მნიშვნელობა დაკარგული აქვს? და როცა წერ ქალაქზე, რომელშიც ვეღარასდროს დაბრუნდები, რას ცდილობ ამით - უხსნი სიყვარულს, რესტავრაციას უტარებ საკუთარ გამოცდილებას, თუ ამ ყველაფრის ფორმაში მოგქცევა გჭირდება მოგონებებთან გასამკლავებლად?
ჩემთვის “ენიკი-ბენიკი” ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი მეხსიერებაში სიარულის გამოა. მე ავტორს ამ გზაზე გავყევი და ამიტომაც გამიტაცა. მაინტერესებდა ისიც, სოხუმის მოგონებებზე რა ახსენდებოდა - რომელი ლექსი, პიესა თუ ნახატი, რადგან “ენიკი-ბენიკი” ამ კავშირების ძიებითაც მნიშვნელოვანია. ამ ტექსტში თავს იყრის ის ნაწყვეტები ლიტერატურიდან, რაც ემიგრაციაში გადახვეწას, დაკარგვის ტკივილს, მოგონებების ვერმონელებას ასახავს. ამ ტექსტების გახსენება თვითონ ავტორსაც სჭირდება. სურს, რომ თავისი პერსონალური მოგონებები ფართო კონტექსტში ჩასვას, თვითონაც გააცნობიეროს და ჩვენც აგვიხსნას, რომ გაქცევა საკუთარი სახლიდან და მერე ოცნება დაკარგულ სახლზე მარადიული არქეტიპია და როგორც ადამიანური მდგომარეობა საუკუნეებს, კულტურებს, გეოგრაფიულ ადგილებს მოიცავს. ეს ასოციაციები სხვადასხვა ტექსტთან ავტორისთვის, შესაძლოა, გადარჩენაცაა - რაღაცები საკუთარი წარსულიდან ბოლომდე არ თქვას, და თავი შეაფაროს სხვების გამოცდილებას. და ეს შინაგანი დიალოგიცაა იმ ძველ და ახალ ავტორებთან, რომელთაც მიტოვების და მიტოვებულისგან ვერგანთავისუფლების მდგომარეობა აღუწერიათ.
“ენიკი-ბენიკი” ელეგიაა - თვითონ ლადო ჟანრს ასე განსაზღვრავს. ელეგია კი ამაზე მეტ პოლიტიზებას, ამაზე მეტ მილიტარიზმსა თუ პატრიოტიზმს, რაც ტექსტში ძალიან ფრაგმენტულად და შეიძლება მხოლოდ მინიშნებებით გვხვდება, ვერ აიტანს. რეალური პოლიტიკური მოღვაწე, რეალური გვარით, მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, სხვა არავინ ჩნდება. საერთოდ რა მიაჩნია ავტორს თავისი წიგნის მთავარ თემად - სად მთავრდება სუბიექტური თხრობა და როგორ სწვდება თემებს, რომელთა განზოგადებაც შეიძლება? წიგნი ისეა დაწერილი (სრულიად გააზრებულად), სამსჯელოდ და ავტორთან სასაუბროდ ბევრი თემა ღიად რჩება.
“ენიკი ბენიკის” მთავარი ლეიტმოტივი გზაა, რომელსაც ამ ავტობიოგრაფიული ნაწარმოების ლირიკული გმირი მშობლიური სოხუმიდან უცნობ თბილისამდე გადის, ხან ფეხით, ხან ზღვით, ხანაც - მატარებლით. ესაა გზა ომიდან სიუცხოვეში. და გზა, რომელიც გაჯერებულია მოგონებებით წარსულსა და სოხუმზე - ქალაქზე, რომელიც ატლანტიდასავით ჩაეშვა ზღვაში და თან ჩაიყოლა ბავშვობის და ოჯახის წევრების სახეები”, - წერს თვითონ ლადო.
“ენიკი-ბენიკი” სადებიუტო ნაწარმოებია. ავტორი ამბობს, რომ “ენიკი-ბენიკის” გაგრძელებაც მოჰყვება.