გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მიტინგი

დამოუკიდებლობაზე დამოკიდებულება | დავით ჯიშკარიანი

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სუვერენიტეტი გამოაცხადა და მაშინვე გახდა დამოუკიდებლობის ფოლკლორულ წარმოდგენაზე დამოკიდებული.  პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ელიტებმა ეს დღე ცეკვა თამაშისა და კულინარიულ წარმოდგენებამდე დაიყვანეს. ყველაფერი იმგვარად შეიფუთა, თითქოს საზოგადოების უპირველესი და პირველადი მოთხოვნილება ამგვარი ზერელე დამოუკიდებლობა უნდა ყოფილიყო.  ყოფით, სოციალურ, ყოველდღიურ პრობლემებზე საუბარი და მსჯელობა, თავდაპირველად სირცხვილად, მოგვიანებით კი დანაშაულად აქციეს. 

დამოუკიდებლობის ფარსი იქამდე მივიდა, რომ გლეხმა მოწეული ვაშლის, მსხლის და ატმის გაყიდვისას უნდა გაითვალისწინოს ნაციონალური ინტერესები, კანონი ოკუპაციის შესახებ, გაიხსენოს სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლი გმირები და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია. დამოუკიდებლობის დაცვა ჩვეულებრივ ადამიანების ვალდებულებად, ხოლო მცირე ნაწილისათვის ტკბობად იქცა. ამ უკანასკნელი კატეგორიისათვის ვაჭრობა, ფულის შოვნა, დროს ტარება ყველგან და ყველასთან შეიძლება. მათ ფულს სუნი არ ასდის, ის დამოუკიდებლობის რიტორიკის ფარისევლური წყლითაა ნაპკურები, ხოლო ვაშლის გამყიდველი გლეხის ფულს კი, ოკუპაციის სუნი აქვს.

დამოუკიდებლობით ტკბობა და სარგებლობა ერთეულთა ხვედრი,  ხოლო დანარჩენებისთვის - მძიმე ყოველდღიურობა. ის არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი და რომანტიკული, არც გმირული და არც მოწამებრივი, როგორც მასობრივ დემონსტრაციებზე, გულწრფელად მოსიარულე  ახალგაზრდებს წარმოედგინათ XX საუკუნის 80-იან წლებში. 

დამოუკიდებლობის გამოცხადებას ყოველდღიური ცხოვრების, ეკონომიკის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უნდა მოეტანა, მაგრამ ჩავარდნილ პოლიტიკაზე მსჯელობის ნაცვლად, პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ჯგუფებმა, ამაზე ლაპარაკი და კრიტიკული აზროვნება ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდამოუკიდებლობისეულ და პრორუსულ აქტად შერაცხეს. თუმცა შეკითხვა, ხომ ნამდვილად  ლეგიტიმურია?

პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათი მარგინალიზაცია  შეძლეს, ვისაც სოციალური საკითხები აინტერესებდათ და პოლიტიკური დღის წესრიგის აგებასაც სწორედ მათზე ითხოვდნენ.   რთული წარმოსადგენია დამოუკიდებლობით ამაყობდე და არ გაწუხებდეს, რომ ადამიანები გადაქანცვამდე შრომობენ, ჯანმრთელობა უზიანდებათ, სახლში მხოლოდ პური მიაქვთ და ეს ნორმალურად მიგაჩნდეს.  მაშინ რატომ ვაკრიტიკებთ შრომა-გასწორებით კოლონიებს სსრკ-ში? რატომ არ მოგვწონს საბჭოთა სინამდვილეში არსებული ელიტური მაღაზიები, სადაც სპეცნებართვა იყო საჭმლის საყიდლად საჭირო?

დამოუკიდებლობის შემდეგ ის სხვები, „დიდები და გავლენიანები, მიდგა-მოდგა ხალხი“ ყველაფერს ეპატრონებიან და შენ ქაღალდზე დაწერილი კანონების მორჩილებისკენ მოგიწოდებენ. მათთვის სამართლიანობა, საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნებაა, ხოლო დანარჩენების  სამართავად, კანონები არსებობს. ღარიბების მოვალეობები და  მცირე ჯგუფის პრივილეგიები პირდაპირპროპორციულად მზარდია. პოლიტიკური ელიტების დღის წესრიგი და ჩვეულებრივი ადამიანების მოთხოვნები სრულიად აცდენილია ერთმანეთს.

წარმოუდგენელია გწამდეს დამოუკიდებლობის და არ გაწუხებდეს ის, რომ განათლების სისტემა,  ჰუმანური ადამიანის ნაცვლად,  ვირთაგვაჭამიების წარმოებას უწყობდეს ხელს. ამას კი საზოგადოებრივი ცხოვრება, თანამედროვე გამოწვევები და კონკურენცია ერქვას. შეგვიძლია კასრშიც ვიცხოვროთ და მას დამოუკიდებელი საქართველო დავარქვათ. იქ უფრო მაგარი, დაუნდობელი, ვოლკი ხალხი გაიზრდება, უფრო ძლიერები და უფრო გამძლეები. ისეთები, ყველაფერს რომ ერგებიან და ყველაფრიდან ხეირს ადნობენ.

საქართველოს 30 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში  პოლიტიკური ელიტები  მათდამი მუდმივ ლოიალობას, ჩვეულებრივი ადამიანების მთელ ბიოგრაფიებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ფინანსურ თუ სოციალურ პრივილეგიებს ითხოვენ. სანაცვლოდ მოქალაქეებს სანახაობას და შიგადაშიგ, მხოლოდ პურს სთავაზობენ. მათ სწამთ, რომ ეს პრივილეგიები მათ იმიტომ ეკუთვნით, უბრალოდ გაქაჩეს, სხვებმა ვერ. ამიტომ გასაკვირი არა, რომ პოლიტიკური ჯგუფების დისკუსია არა საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე, არსებულ პრობლემებზე საუბარს ეთმობა, არამედ მახინაციებს როგორ ჩაიგდოს მცირე ჯგუფმა დიდი ძალაუფლება. მერე ისინი ყველაფერს დაალაგებენ, მოაგვარებენ და კონცერტებს გამართავენ. 

ან კი, რაში გვჭირდება დამოუკიდებელ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ყველაზე პრიმიტიულ პრობლემებსაც ვერ ართმევს თავს? იქნებ სხვამ უმალ მოგვიგვაროს ეს პრობლემები? რატომ არ შეიძლება ეს შეკითხვა დავსვათ, რატომ არაა ეს სამართლიანი? ევროპაში ამაზე დიდი ხანია საუბრობენ, ჩვენთან არა. დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველომ საბჭოთა კავშირის დროინდელი ტრადიცია გააგრძელა, რომ პოლიტიკა რელიგიაა, იქ კამათი არ შეიძლება, არც სხვა აზრის დაფიქსირება, შენ ის უნდა გწამდეს და ამ რელიგიის მიმართ უსიტყვო მორჩილებას ითხოვდე.

დამოუკიდებლობის მხოლოდ იმ მიზეზით გამართლება, რომ რუსეთი დაგვიპყრობს პრიმიტივიზმია. ეს იმას გულისხმობს, რომ შენთვის მნიშვნელობა დამპყრობლის ეროვნულ კუთვნილებას აქვს და არა თავად დაპყრობას, როგორც აქტს.  ქვეყანაში, სადაც  მდიდრებს ყველაფერი აქვთ: ფული, მიწა, კაპიტალი, პოლიტიკასთან წვდომა, ხოლო  სხვებს არაფერი, არ შეიძლება მათთვის დამოუკიდებლობა ერთნაირად ღირებული და მისაღები იყოს. ეს პარადიგმა ქვეყანას ფიტავს და რესურსს აცლის, ცარიელ-ტარიელს ტოვებს.

დამოუკიდებლობის შემდეგ ბიუროკრატებმა - სახელმწიფო ინსტიტუტების, ინტელიგენციამ - სოციალური კაპიტალის, ხოლო ბიზნესმა - ფინანსების, ბუნებრივი რესურსების და ფაბრიკა ქარხნების მონოპოლიზაცია მოახდინეს. რიგით მოქალაქეებს არც არაფერი დარჩათ. ამიტომ, ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. ევროპაში სამუშაოდ წამსვლელთა რიგები მარტივად ივსება, რადგან მათმა დამოუკიდებელმა ქვეყანამ მათთვის არაფერი გააკეთა. 

დამოუკიდებლობა არ გვჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ  ქართველობამ, როგორც ეთნოსმა იარსებოს. ქართველობა არსებობდა მაშინაც, როდესაც საქართველო ირანსა და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობდა და მაშინაც, როდესაც რუსეთის იმპერიაში ორ გუბერნიას მოიცავდა. დამოუკიდებლობა ამ ყველაფერზე მეტია და სხვა ეთნოსების თანაბარ ყოფნას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებში - ეს კი გამოწვევაა, რომელსაც პოლიტიკური პროექტი, ხედვა სჭირდება და არა დღესასწაულებზე ფლოვის და ვაზის ფოთოლში ტოლმის ჭამა.

დამოუკიდებლობა იმასაც გულისხმობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს საკუთარი პრობლემები თავად მოაგვარო.

სსრკ-ს პერიოდში, როდესაც სერიოზული პრობლემები იყო პარტიაში, აფხაზეთში, ან სამხრეთ ოსეთში, მოსკოვიდან ემისარი გვეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში. სამეფო კარზე არსებული კონფლიქტების დროს კი, დიდი ყაენი, ირანის შაჰი, ან ოსმალეთის ფაშა. ეს იმგვარად გაგვიჯდა სოციალურ ცხოვრებაში, რომ ერთმანეთთან საუბრის ძალა არ შეგვრჩა და ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად მუდმივად სხვას მივმართავთ. პოლიტიკური ელიტები ლეგიტიმაციას არა საკუთარ ხალხში, არამედ სხვაგან ეძებენ. ეს რა დამოუკიდებლობაა?

აქ კიდევ ერთი რამაა გასამიჯნი - რომ მოსაგვარებლად მივმართავთ და არა დარეგულირებაში დასახმარებლად. ძალიან გვინდა სხვამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მერე თუ არ გამართლდა, მთელი პასუხისმგებლობა იმ სხვას „შეეტენოს“. ჩვენთან, ხომ ელიტები  ყოველთვის მართლები არიან, ხალხი კი მარად გაუნათლებელი.

დამოუკიდებლობის დღე იქნებ ამ პრობლემებზე ფიქრის, მოქმედებისა და ანალიზის დღე იყოს. მხოლოდ რიტორიკით და ფსევდო პატრიოტიზმით, დამოუკიდებლობა ფიქციად ვაქციეთ და შინაარსისგან დავცალეთ. არადა დამოუკიდებლობის აქტის მიღების მერე, პატარა ქვეყანას მისი თვითმყოფადი ადგილი უნდა ეპოვა მსოფლიოში. აქ მცხოვრები ადამიანები კი ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ. მავანთათვის დამოუკიდებლობა, რამდენიმე ათასიან ფურშეტთან და სხვებთან ყელყელაობის დღესასწაული,  ხოლო უმრავლესობისათვის დაუფასებელი, მუხლჩაუხრელი, დაუსრულებელი პრობლემებისათვის ბრძოლის მორიგი დღეა. 

გავაგრძელოთ მარტივი ტრადიცია - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.

რა იქნება მერე? აი, ესაა საფიქრალი! 


ფოტო: ჯემალ კასრაძე
წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა