გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დარიჩინი

დარიჩინი

"და ვითარცა კინამო... მივფინე სულნელება" 
ფრაზა ძველი აღთქმის იგავიდან

თავმოწონებას არ დავიწყებ, პირდაპირ ვაღიარებ – რა თქმა უნდა, ჯერ სახელი დარიჩინი ვიცოდი და შემდეგ გავიგე, რომ არსებობდა ასეთი სახელიც – კინამო. ლექსიკონებში წერია. ერთგან კი ასეც ახასიათებენ:

კინამო არს ყვავილი სუნნელი, ეგვიპტეს მოვა; მძინარს კაცსა რა პირსა დაადვა, გულის პასუხს წარმოიტყვის. რა ცხელთა რაშიმე შთადვა, ანუ აბანოთა შეიტანო, გააგრილებს.

მძინარე კაცზე არ მიცდია, არც აბანოში, მაგრამ ვიცი, რომ თქვენც იცით – ამ ყავისფერ გრაგნილს ყავაში ან შავ ჩაიში თუ ჩაალბობთ, წამსვე იმედით აღივსებით, ადამიანებზეც მოგიბრუნდებათ გული და თუ რამ სინდისის ქენჯნა გაწუხებთ, მოგეხსნებათ – საკუთარ თავს ხელახლა შეიყვარებთ.

საერთოდ არ ვამეტებ. დარიჩინის მძაფრ სურნელებას, რომელშიც სველი მიწის ტონიც იგრძნობა, ახლად მოდუღებული შოკოლადისაც და სიტკბოსიც, მართლა შეუძლია ეს განცდები გააცოცხლოს ადამიანში. ცხადია, წამიერად, ანდა წუთიერად, მაგრამ ხომ მოაქვს? ამიტომ ზოგჯერ წერილობით აღწერას და ხოტბასაც იმსახურებს, როგორც, მაგალითად, ახლა ვაკეთებთ, რათა ერთად გავიხსენოთ, რომ: ადამიანები სუპერგმირებად კი ვიქეცით, მაგრამ ზებუნებრივ ძალებს, ჩვენ გარდა, ზოგჯერ ისეთი უმნიშვნელო ბუნებრივი მოვლენებიც ფლობენ, როგორიც – ხის ქერქია.

დარიჩინი სწორედ ხე და მისი ქერქია. რუსულად – ყავისფერ ხეს ეძახიან, ინგლისურად – cinnamon-ს, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნულიდან მოდის, ასეთივე ფორმითაა ლათინურში და ძველი ფრანგულის გარკვეულ ფორმებშიც. რაც მთავარია, ჰგავს იმავე შინაარსის სიტყვას ივრითზეც. ადვილი და სახალისო გამოცანა შეგვრჩა ხელთ, არა? როგორც ჩანს, სხვა გზა აღარ გვქონდა ქართველებს: თუ ივრითიდან არა, ბერძნულიდან; თუ ბერძნულიდან არა – ფრანგულიდან მაინც დამკვიდრდებოდა ჩვენს ენაში სიტყვა „კინამო“ (=cinnamon). აბა, დარიჩინი?

დარიჩინის ხე – დაფნისებრთა ოჯახის ხე ან ბუჩქია, რომლის ქერქისგანაც ამზადებენ დარიჩინს. მარადმწვანე მცენარეა, აქვს ტყავისებრი ფოთლები…

– ეს უკვე დიდი საბჭოთა ენციკლოპედია გვანათლებს, მაგრამ პასუხი კითხვაზე – ქართულში საიდან შემოვიდა კინამოსთან კონურენციის შემდეგ, არ გვაქვს. მცირეხნიანი ძებნა და პასუხის ერთი ვერსიაც ჩნდება: ბენგალურად დარიჩინს Daruchini ჰქვია, ინდურადაც მსგავსი სიტყვაა… ჰოდა, რას გაუგებ ურთიერთობებს, განსაკუთრებით, უხსოვარ დროს დაწყებულ ურთიერთობებს და გეოგრაფიულ მარშრუტებს, რომელთა შედეგებიც, გავლენებიც ენებში, ჩვევებსა და კერძებში რჩება და სულ ცოტა ჩხირკედელაობა, მტვრის ოდნავი გადაფერთხვაა საჭირო, რომ ეს კერძები, სიტყვები და ჩვევები ინსტრუმენტად გამოიყენო – წარსულში მოგზაურობისთვის.

ადრე კარგი ღუმელი მქონდა და ფაფუკი კექსებით ცნობილ დედაჩემთან ვცადე გაჯიბრება მასზე უკეთესი კექსის გამოცხობაში. ცხადია, დარიჩინი მოვიშველიე. უცხოელი მეგობარი შემესწრო, როცა ცომში თითის წვერებით ვყრიდი სურნელოვან ფხვნილს. მითხრა – ეგ ნამდვილი დარიჩინი არ არის, ეგ კასიაა – ყველაზე კომერციული სახეობა, ყველაზე მასობრივად წარმოებული. ცეილონის დარიჩინი უნდა ნახო, უფრო ღია ფერისაა, უფრო მძაფრი, უფრო ნაღდი.

ასე რომ, შესასწავლს რა დალევს. და მეც დარიჩინის საშუალებით ისტორიული ფაზლის აწყობას ვაგრძელებ. ამჯერად ვმუშაობ კითხვაზე – ჩვენში რომელი დარიჩინი შემოვიდა თავის დროზე – იყო მათ შორის „ნამდვილი დარიჩინი“? მარტო ის ვიცი, ჩვენშიც და სხვაგანაც ამ სუნელს მცენარეულ მედიცინაშიც რომ იყენებდნენ, კულინარიაშიც და ცალკე – კონდიტერიაშიც.

შესვენების დროა. რეცეპტების კითხვა გონებას ძალიან ამშვიდებს. თუმცა, თემას არ ვშორდები და, დარიჩინის ხათრით, 1935 წელს ქართლში ჩაწერილ რეცეპტს ვკითხულობ. თქვენც ამას გიტოვებთ, კვლევის შემდეგი ეტაპის დასრულებამდე:

 

საცივის გაკეთება

ორნაირად ვაკეთებდით. პირველნაირად ქათამი იყო თუ წვრილფეხს შევწვავდით, შემდეგ შევაზავებდით ნიგოზს, ხახვს ბლომად, კვერცხს მარილითა, ძმარს, პილპილს, დაფნის ფოთოლს, დარიჩინითა, მიხაკითა. შემზადებულ ინდაურს დავჭრიდით საქვაბეში და ჩავაწყობდით, შემდეგ შეზავებულ ნიგოზს ზედ დავასხავდით, გაცივდებოდა და როგორც უნდა, ისე ისიამოვნებდნენ.

(წყარო: corpora.co)

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა