
დარქნეტი, ჰაკტივიზმი და შედევრები, რომელთა ავტორებიც ხელოვნების აზრზე არ არიან
04.11.2016"ვშიშობ, მომავალში ბევრი გამოიყენებს ამ სილოგიზმს:
ტურინგს სწამს, რომ მანქანა აზროვნებს,
ტურინგი ბევრს იტყუება,
მაშასადამე მანქანა არ აზროვნებს",
თუმცა, ამავე წინსვლამ, ტექნოლოგიების მოულოდნელი სისწრაფით განვითარებამ, ხელოვნების სფერო ახალი და საინტერესო გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენი საუკუნის პირველი დეკადის მერე, მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ აუცილებელი იყო, ფეხი აეწყო თანამედროვე ტექნიკური ეპოქისთვის და ამ მარათონში შეიქმნა უამრავი ფილოსოფიური ნაშრომი კიბერსამყაროზე, გაჩნდა მოწყობილობები და სოფტები არტის შესაქმნელად; გაჩნდა დიდი მიმდინარეობები, როგორებიცაა კიბერარტი, ნიუმედია და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ახალი IT პარადიგმა მალე მოერგო კაპიტალურ გარემოს – მასპროდუქცია, ფენომენი, რომელიც უორჰოლმა კარგად დაიჭირა 1960-იანი წლების რეალობაში, იქცა უფრო დიდ, სისტემურ მონსტრად: ახლა რეკლამა (ხშირ შემთხვევაში, რეჟიმი) გვასწავლის, რა გვინდა, როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვკვდეთ კემპბელის სუპის ქილაში.
Facebook, Twitter, Google-ის საძიებო სისტემა, ეს ყველაფერი გვთავაზობს მოწესრიგებულ მასპროდუქციას, რომელიც პოლიტიკური, ბიზნესის და საბანკო სისტემებისგან მიღებულ ინფორმაციას გვტენის.
ამ სივრცეში რეალური ამბოხის ადგილი არ არის, ძირითადი ინტერნეტსივრცე, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, კაპიტალიზმის სუბკულტურაა მხოლოდ.
აზარტული თამაშების ლეგალიზება, კლუბები, მსუბუქი ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ. – ეს ყველაფერი მთავრობის მხრიდან laissez faire მიდგომის მაგალითებია, რაც ქმნის (მხოლოდ უმნიშვნელო) თავისუფლების განცდას, მაგრამ ხალხისთვის ესეც საკმარისია. ამიტომაც კიბერსივრცე სავსეა ონლაინკაზინოებით, პორნოსაიტებით და სოციალური ქსელებით, სადაც შეგიძლიათ სისტემა ლანძღოთ და თქვენი აზრის გამოხატვისთვის მოწონებაც დაიმსახუროთ, თუმცა ამით ვერაფერს შეცვლით – თქვენი პროტესტის მასშტაბი წინასწარვე შეზღუდულია.
სწორედ ამ ფონზე გაჩნდნენ ინტერნეტში არტისტები, რომლებმაც თავად არ იციან, მათ საქმიანობას რამე საერთო თუ აქვს ხელოვნებასთან. ეს ადამიანები ქმნიან ანონიმურობის დაცვის მექანიზმებს, თავისუფალი ვაჭრობისთვის განკუთვნილ ონლაინსივრცეებს, პლატფორმებს, სადაც დედამიწის ეკოსისტემის გადარჩენაზე, ანდა სიცოცხლის მულტიპლანეტარულ მოვლენად გადაქცევაზე მუშაობენ.
ასეთი პროექტებით ეს არტისტები მთლიანად გარდაქმნიან ხელოვნების ახალ გაგებას. ხელოვნება უფრო ეფემერული, მეტაფიზიკური და პოლიმორფული წარმონაქმნი ხდება; უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული და მიზნისკენ მიმართული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. დღეს სწორედ ეს ხელოვნება უპირისპირდება თავისუფალ სივრცედ ჩაფიქრებულ ინტერნეტში საზღვრების დაწესების სურვილს.
მაგალითად, Tor ბრაუზერი გავიხსენოთ – ბრაუზერი, რომლის გამოყენება მომხმარებელს პირადი მონაცემების დაცვის საშუალებას აძლევს. თორ თავდაპირველად ამერიკული სამხედრო პროექტი იყო, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ბრაუზერის დაქაჩვა უფასოდ შეგიძლიათ. Tor ემყარება ე.წ. ხახვიროუტერის პრინციპს – ის რამდენიმე ფენად ახდენს გაგზავნილი მონაცემების და IP მისამართების შიფრაციას და ამიტომ გარე პირსაც უჭირს კომუნიკაციის გახსნა.
Tor, როგორც იდეა, ჩემთვის არტპროექტია. ის უტოპიური კიბერსივრცის დაბადების მთავარი პლატფორმაცაა. შეიძლება დღეს აღარ გვახსოვს, მაგრამ თავიდან ინტერნეტს სწორედ უტოპიური დატვირთვა ჰქონდა და შემდეგ მისი ეს კონცეპტი კომერციალიზაციამ მთლიანად დაამახინჯა.
ამ დიდ მასპროდუქციულ მონსტრთან დაპირისპირების იდეით შეიქმნა Silk Road-იც – თავისუფალი ვაჭრობისთვის განკუთვნილი საიტი, რომელზეც ანგარიშსწორება Bitcoin-ების საშუალებით ხდებოდა – ანუ, მყიდველ-გამყიდველის ანონიმურობის დაცვით. იდეის ავტორის ნამდვილი სახელია როს ულბრიხი, ფსევდონიმი კი – Dread Pirate Roberts (უილიამ გოლდმანის ფენტეზის ჟანრში დაწერილი ცნობილი რომანის მრისხანე და მამაცი პერსონაჟი). მას მოსწონდა ინდივიდუალიზმის, თავისუფალი ვაჭრობის და ავტონომიური მმართველობის იდეები და სჯეროდა, რომ Silk Road-ი დროთა განმავლობაში სწორედ კიბერუტოპიური წარმონაქმნის სახეს მიიღებდა – გახდებოდა რეკლამისგან და სისტემების კონტროლისგან თავისუფალი კუნძული ინტერნეტში. კუნძული ტყუილუბრალოდ არ ვახსენე, მეკობრის ფსევდონიმით ცნობილი ულბრიხის კონცეფცია ძალიან ჰგავდა პირველ უტოპიურ საზოგადოებას, რომელიც სწორედ მეკობრეებმა კუნძულ მადაგასკარზე შექმნეს.
თუმცა Silk Road-მა დროთა განმავლობაში სხვა სახე მიიღო – ის ნარკოდილერებისა და იარაღით მოვაჭრეების შავ ბაზრად იქცა, რის გამოც, ულბრიხს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მისი შექმნილი პლატფორმა, როგორც იდეა, ნამდვილად იმსახურებს მაგნუმ ოპუსის სტატუსს; ისევე, როგორც სატოში ნაკამოტოს (თავიდან ეს იყო ავტორის ავატარი) მიერ შექმნილი ვირტუალური ვალუტა Bitcoin-ი, რომლის ძირითადი პრინციპია გადასახადებისა და საკომისიოებისგან თავისუფალი ტრანზაქციის განხორციელება უშუალოდ მომხმარებლებს შორის მესამე მხარის გარეშე, ანონიმურობის სრული დაცვით. გამოდის, რომ Bitcoin-ი იდეური ბრძოლაა მონეტარული სისტემის წინააღმდეგ და ეს ვირტუოზული ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს ყველა იმ პოეტურ ელემენტს, რომლითაც განმსჭვალულია თანამედროვე ხელოვნება თავისი აგრესიული, მარგინალური თუ პროპაგანდისტული ელემენტებით.
ამ კიბერშედევრების ავტორები ძირითადად ანონიმურები რჩებიან. ისინი მოქმედებენ ჩუმად, ფსევდონიმს ამოფარებულები და ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათ არტს, ვიდრე – ავტორის როკსტარად ქცევა.
ანონიმურობა ბრძოლის იარაღიცაა კიბერარტისტებისთვის: თუ ხელოვანი საკუთარ ვინაობას ამხელს, ადვილად ხელმისაწვდომიც ხდება. ძალაუფლებას კი ეშინია ყველაფრის, რისი იდენტიფიკაციაც შეუძლებელია.
ამ უტოპიური პლატფორმების გარდა, არის ბრძოლის კიდევ ერთი ფენომენი – ჰაკტივიზმი, რომელიც „ლეგალურ ინტერნეტს“, როგორც სუბკულტურას, არ უპირისპირდება. პირიქით, ის ამ მასკულტურის მონაწილეა და დივერსიულ აქტებს სისტემაშივე აწყობს.
ამგვარ ხელოვან-ჰაკერთა შორის დღეს ყველაზე ცნობილი ევან როთია. მისი შემოქმედება სავსეა სატირით – მან გამოიგონა სოფტი, რომლის ინსტალაციის შემდეგაც თქვენი ბრაუზერი ვეღარ მოძებნის ჯასტინ ბიბერს. როთმა შეაღწია აეროპორტის რენტგენის აპარატებში, სადაც ტვირთს ამოწმებენ და მისი პირადი ბარგის გატარებისას ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: „ჩემს ჩანთაში ნუ ყოფთ ცხვირს“. აეროპორტის კონტროლს მოუხდა, ამოექექა ევანის ჩანთა და თავიდან გაეტარებინა რენტგენში, თუმცა შედეგი იგივე იყო, ჩანთაში კი რეალურად საეჭვო არც არაფერი იდო.
ეს არის ერთგვარი პაროდია სისტემაზე. ეს არის პანღურის ამორტყმა ხელოვანისგან, რაც სისტემას უფრო აბრაზებს, ვიდრე – ათასი აჯანყებული კაცის ყიჟინა.
დღეს ჩვენ გვერდით ცხოვრობს ასანჟიც, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე შეაღწია პენტაგონისა და ამერიკის თავდაცვის სისტემაში, ნასაში, მოტოროლაში, პანასონიკში, ქსეროქსსა და რამდენიმე ბანკში, მოგვიანებით კი გახდა „ვიკილიქსის“ ავტორი. ეს გამბედაობა, რა თქმა უნდა, ასანჟს ძვირად უჯდება.
დღეს ჩვენ გვერდით აგრეთვე ცხოვრობს ელონ მასკი, „ტესლა მოტორსის“ ავტორი, რომლის ელექტრონული ავტომობილების იდეა თავიდანვე იყო მიმართული დედამიწის ეკოსისტემის გადარჩენაზე.
არის ტესლას პროექტი არტი? თავად განსაჯეთ – თუ ეკოლოგიური პრობლემის გასაანალიზებლად შექმნილი ქუჩის ხელოვნება არის არტი, ეკოლოგიის პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი ტექნოლოგიური პროექტი რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ხელოვნებად?
მასკს აქვს უფრო დიდი პროექტიც ფანტასტიკის სფეროდან – SpaceX, რომელიც მარსის კოლონიზაციას ისახავს მიზნად. მისი მიზანია, შეამციროს კაცობრიობის გადაშენების რისკი და სიცოცხლე მულტიპლანეტარულ მოვლენად აქციოს. ამ პროექტში ჩადებული ინვესტიცია, იდეის წარმოუდგენელი ერთგულება და ენთუზიაზმი, უბრალოდ რომ ვთქვა, აღმაფრთოვანებს.
კიბერსივრცე გენიალური ადგილია თანამედროვე ხელოვანისთვის. საერთოდ აღარაა საჭირო პორტფოლიოს ატვირთვა ცნობილ არტპორტალებზე. დღეს ხელოვნება შეიძლება უკვე იყოს ფარული კოდი, რომელიც სისტემურ ალგორითმებში დაძვრება და ცდილობს თქვენამდე მოაღწიოს.
ავტორი: გაგუშ