გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სინდისის პატიმრები დავით ხომერიკი

„გამოიდარებს მალე!“ | დავით ხომერიკის საქმე

ბრალდებული დავით ხომერიკი ორ ბადრაგს შემოჰყავს.

„დათო გვიყვარხარ“, – ისმის დარბაზში. ყველა ფეხზე დგას. ვიდრე ბრალდებული მისთვის განკუთვნილ შემინულ ჯიხურში სანახევროდ ჩაიმალება, ახლობლები ცდილობენ, მისი კარგად შეთვალიერება მოასწრონ.

ოჯახის წევრები წინა რიგში სხდებიან. დავითი იღიმის. დედა ტირის, მიუხედავად იმისა, რომ შვილის ყოველი პროცესის წინ დედიკა მაისურაძე საკუთარ თავს ჰპირდება, რომ გული არ აუჩუყდება. დავითის და, 19 წლის მარიამი, დედას მხარზე ხვევს ხელს და აღარც უშვებს – მთელი პროცესის განმავლობაში ასე სხედან.

„ახლა კიდევ უკეთ ვარ. თავიდან, პირველი სამი თვე, გაუჩერებლად ვტიროდი, ცრემლი თავისით მომდიოდა“, – გვეუბნება დედიკა პროცესის მერე.

დავით ხომერიკი თბილისში, საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულ დემონსტრანტებს შორის მძიმე ბრალით გამოირჩევა – მას პროკურატურა აფეთქების მომზადებას ედავება. ხომერიკი ერთადერთია 50-ზე მეტ დაკავებულს შორის, რომელსაც ამ მუხლით ასამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას მოიცავს.

სისხლის სამართლის საქმე

დავით ხომერიკი, ძმასთან, ზუკა ხომერიკთან ერთად, 2024 წლის 2 დეკემბერს, თბილისში, თამარაშვილის გამზირზე დააკავეს. დაახლოებით დილის ცხრის ნახევარი იყო. პოლიციის მტკიცებით, ძმები გზას კეტავდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

2 დეკემბერი ის დილაა, როცა პოლიციამ და სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაშლილ და მაინც ჯიუტად შეკრებილ დემონსტრანტებს რუსთაველის მეტროსკენ, მერე ჭავჭავაძის გამზირიდან თითქმის თამარაშვილის გამზირამდე სდია გამთენიას. ზუკა ხომერიკი იხსენებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც წყლის ჭავლითა და გაზის კაფსულებით შლიდნენ შეკრებილებს, სცემდნენ და აკავებდნენ ადამიანებს, გვიანობამდე დარჩნენ და სახლში წასვლა მხოლოდ დილაადრიან დააპირეს, როცა უკვე მეტრო გაიხსნა.

ეს ერთადერთი იყო, რაც ძმებს უნდოდათ, მაგრამ ზუსტად იმ დროს პოლიციამ მეტროსადგურ „რუსთაველშიც“ დაიწყო დემონსტრანტების დაკავება. დათო და ზუკა, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, გზას ვერის ქუჩებისკენ აუყვნენ. ყველა მხრიდან პოლიცია მისდევდათ. ასე, ზედა ქუჩებით, ვაკის პარკთან აღმოჩნდნენ.

„ძალიან დაღლილები ვიყავით და გაზონთან ჩამოვსხედით. იქაც ბევრი პოლიციელი მოგროვდა, თვითონვე გადაკეტეს გზა, ისე ჩადგნენ, მანქანებსაც არ ატარებდნენ. მერე უცებ გამოვარდნენ, გაფრთხილების გარეშე და ჩვენი დაკავება დაიწყეს“, – მიყვება ზუკა.

ამ არეულობაში ძმებმა ერთმანეთი დაკარგეს. ვიდრე დაკავებულ ზუკას პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, ამბობს, წინ და უკან დამატარებდნენ, არ იცოდნენ, სად ჩავესვიო. გაიგო, როგორ გადმოსცეს რაციაში, ჩანთიანი ბიჭი დავაკავეთო. ზუკას ახსოვდა, რომ დათო ზურგჩანთით იყო, ამიტომ პირველი მასზე გაიფიქრა. ასეც აღმოჩნდა. დაკავებული ძმები ერთმანეთს წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდნენ.

დავითის და ზუკას წინააღმდეგ, თავდაპირველად, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო. არაფერია ისეთი, მალე გამოუშვებენო, – უთხრა დედიკა მაისურაძეს გამომძიებელმა, რომელმაც ტელეფონზე დაურეკა, თქვენი შვილები დავაკავეთო.

ზუკა მართლაც ერთ დღეში გამოუშვეს. დათოს წინააღმდეგ კი ახალი საქმე დაიწყეს, სისხლის სამართლის კოდექსით – ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, მის ჩანთაში მოლოტოვის კოქტეილი ვიპოვეთო.

საქმის პროკურორი, ვაჟა თოდუა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დავითს ჩანთაში სამი ბოთლი მოლოტოვის კოქტეილი ჰქონდა. ერთ-ერთ პროცესზე, ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას, ის დემონსტრაციულად იღებდა და აჩვენებდა მოსამართლეს იმ ნივთებს, რაც, მისი თქმით, დათოს ჩანთაში იყო. აირწინაღი, საყვირი, ბინოკლი, საფულე, ბალაკლავა, კეპი, აბები, ხელთათმანი და ბოთლები რაღაც სითხით – ეს არის ნივთიერი მტკიცებულებები დავითის საქმეში.

ამ ბოთლების არსებობას დათოს ჩანთაში დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩხრეკის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. ბრალს არც დავითი აღიარებს. შოთა თუთბერიძე, ბრალდებულის ადვოკატი გვიხსნის, რა ხდის საეჭვოს ამ ბოთლების დავითის ჩანთაში არსებობას.

დავითის ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმე პოლიციელმა, გიორგი ჯიქიამ (რომელმაც ხომერიკი დააკავა თამარაშვილზე), სასამართლოში თქვა, რომ ბოთლები პირველად პოლიციის შენობაში ნახა (ანუ, გამოდის რომ მანამდე, როცა დავითი დააკავა და გაჩხრიკა თამარაშვილის გამზირზე, ბოთლები მის ჩანთაში არ უნახავს). უკვე შემდეგ შედგენილ დავითის ადმინისტრაციული დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში კი საპირისპიროს ამბობს. მასში წერს, რომ დაკავებულს თან ჰქონდა აკრძალული ნივთიერებები. ეს ჩანაწერი ოქმში ბოლოშია მიწერილი – გვიან მიწერილს, უფრო მიჯღაბნილს ჰგავს. შოთა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ეს მინაწერი ოქმში გვიან შეიტანეს და, შესაბამისად, ამ მოწმის ჩვენებები მოლოტოვის კოქტეილის შემცველი ბოთლების შესახებ ურთიერთსაპირისპირო გამოდის.

სწორედ ამიტომ ითხოვა ადვოკატმა, დავით ხომერიკის სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთოთ მოწმე პოლიციელის, გიორგი ჯიქიას ადმინისტრაციული დაკითხვის ხმოვანი დისკი. თუმცა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შოთა ამბობს, რომ ამ დაკითხვის ოქმის დართვით, ადვილად დადგინდებოდა, რომ გიორგი ჯიქიამ ორი ურთიერთსაპირისპირო ჩვენება მისცა, შესაბამისად, საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გაბათილდებოდა.

„ეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კარგად იცის“.

ხომერიკის საქმეში სხვა პრობლემებიცაა. მაგალითად, ბრალდების სასარგებლოდ პროკურატურა ირწმუნება, რომ დაკავებულმა ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და ამით მოლოტოვის კოქტეილების დამზადება დაადასტურა. ადვოკატი კი გვიხსნის, რომ დავითს იმ ოქმზე ხელი ზეწოლით მოაწერინეს. პოლიციის განყოფილებაში დავითზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიური იძალადეს, დაემუქრნენ დაჭერით, გაუპატიურებით და ზუკაც დამუქრებით უხსენეს, რომელიც მაშინ დაკავებული იყო.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ დავითის საქმეში ყველა მტკიცებულება ყალბია; და რომ საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს ისიც, რომ დავითს საშიში ნივთიერების გადატანას კი არ ედავებიან, არამედ უფრო მძიმე დანაშაულს – აფეთქების მომზადებას. ერთ-ერთ პროცესზე, ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა კიდეც, რით ასაბუთებთ, რომ დავითი აფეთქებას ამზადებდაო? პროკურორმა – ეს ნივთები რომ ჰქონდა დავითს, აქედან უკვე ჩანს რომ აფეთქების მომზადება სურდაო. 

ვინ არის დავით ხომერიკი

დავით ხომერიკი მუსიკოსია, ის როკ ჯგუფ The sinners-ის ვოკალისტია. 2025 წლის 1-ელ იანვარს, ციხეში გახდა 26 წლის. დაკავებამდე გრძელი თმა ჰქონდა. ციხეში შეჭრეს.

დავითი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა, მამა დეკანოზია. ოჯახი ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ, კასპში, სოფელ მეფისქალაქში გადავიდნენ, მამა იქ ადგილობრივი ტაძრის წინამძღვარი იყო.

„დათუნა პატარაობიდანვე მღერის. გადავწყვიტე მუსიკალურზე შემეყვანა. მუსიკაშიც წარმატებები ჰქონდა, ბავშვთა ფესტივალებში მონაწილეობდა, ლაურეატი გახდა. კარგად სწავლობდა სკოლაშიც“, – გვიამბობს დედიკა.

ხომერიკების უმცროსი შვილი, მარიამი სასკოლო ასაკის რომ გახდა, დედიკამ ისევ თბილისში გადაწყვიტა დაბრუნება. მამა სოფელში დარჩა და ოჯახთან პერიოდულად ჩამოდის.

დედიკა ჰყვება, რომ დავითი ბავშვობიდანვე ძალიან დამოუკიდებელი იყო. 15 წლისამ ცხოვრება სრულიად დამოუკიდებლად დაიწყო: „გავიდა ქუჩაში და დაიწყო დაკვრა. ზუკა დრამერია, იდგნენ ძმები, ქუდი ედოთ და უკრავდნენ. ასე აგროვებდნენ ფულს“.

ფორტეპიანოს შემდეგ, დავითმა კლასიკური გიტარის შესწავლა სცადა. პარალელურად, გრაფიკული დიზაინის სწავლაც დაიწყო. იმ დროს უკვე ქირით ცხოვრობდა. ფინანსური პრობლემების გამო, ქირაც და სწავლაც ვერ შეძლო და სწავლა მიატოვა. დაკავებამდე ორი კვირით ადრე, დავითმა მეგობრებთან ერთად, თბილისში, სიონის გვერდზე, ბარი გახსნა.

„ფეხზე დადგომას ცდილობდა, თავის გადარჩენას“, – ჰყვება დედა.

დავითი საკანში აქციების დროს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად არის. ახლა მათთან ირაკლი მიმინოშვილიც გადაიყვანეს.

„მარხულობს, ლოცულობს, ვარჯიშობს, ანდრო ჭიჭინაძეს ჭადრაკი ასწავლა“, – ამბობს დედიკა.

ბავშვობაში დავითი სოფლის ეკლესიის მგალობელი და სტიქაროსანი იყო.

 „...კითხვა მიჩნდება, თუ ღმერთი ჩვენს მხარეს არის, მაშინ ვინ გამოდის ჩვენს წინააღმდეგ?“ – თქვა დავითმა 5 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე.

დავითი ციხიდან ხშირად გზავნის საჯარო წერილებს.

 „კანონის აღსრულებაზე და უზენაესობაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს, თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს. როგორც ჩანს, კანონები მარტო ჩვენთვის მოქმედებს და არა იმ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების შეფებსა და წარმომადგენლებზე, რომელთაც, ალბათ, დღესაც არხეინად და უდარდელად სძინავთ თავიანთ სახლებში და თავი ხელშეუხებლები და კანონმორჩილები ჰგონიათ“, – წერს იგი ერთ-ერთ წერილში.

დავით ხომერიკის საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. ჩვენი გაზეთის დაბეჭდვამდე ერთ-ერთი ბოლო პროცესი 16 მაისს იყო. ამ დღეს ერთი მოწმე დაჰკითხეს და პროცესი მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა.

გამოიდარებს მალე! – მიაძახა სასამართლო დარბაზის კარში გაუჩინარებულ ძმას მარიამმა. 

დავითის წერილები დედას

„როგორ ხარ, დეე? შენი წერილი მივიღე … ახლა, ყოველთვის, როცა ვკითხულობ, თითოეული სიტყვა მაძლიერებს.

... ჯანმრთელობას მიხედეო რომ მეუბნები, მეც ანალოგიური მინდა შენგან, ვცდილობ, როგორც შემიძლია, ისე აგისრულო ეგ თხოვნა. ახლა ცოტა ცივა დილაობით და აივანზე გაყინვას არ ვაპირებ, ამიტომ ცოტა გამოიდაროს და მერე ავალ ხოლმე ბიჭებთან ერთად. ერთი ფანჯარა სულ გამოღებული გვაქვს ხოლმე და ასე თუ ისე ჰაერი მაინც შემოდის, ოთახში გამწოვიც არის და ცენტრალური გათბობა, აქ უფრო ვუვლი თავს, ვიდრე – გარეთ.

ყველაფერი კარგად არის, როცა მინდა, ვდგები, როცა მინდა ვწვები. ხან სიწყნარეა, ხანაც მხიარულება. დილა ყავით და შოკოლადით იწყება, მაცივარიც სულ გამოტენილი გვაქვს ხოლმე საჭმელებით. ყველანი ერთად ვართ და ერთად ვცხოვრობთ და დროც ასე უფრო მალე გადის. 

დეე, გთხოვ… ჩემზე დარდით გულს ნუ გადაიღლი, მიყვარხარ ძალიან. ჩვენ ყველანი, შენი შვილები, შენი მგლის ლეკვები ვართ. ყველაფერი კარგად იქნება და ერთ დღესაც გამოიდარებს. 

დათო სიმონია, 2025 წლის 15 მაისი:

დედიკას სამი შვილი ჰყავს. სამივესთან ერთდროულად ყოფნა მხოლოდ სასამართლოს უჰაერო ოთახში უხერხდება … მაშინ, როცა მის ერთ-ერთ შვილს, დავით ხომერიკს ასამართლებენ. სხდომაზე მარიამი დედას ისე ეხვევა, თითქოს ეშინია, არ ჩამოიშალოს. ზუკა უფროს ძმას ჟესტებით ესაუბრება. შეიძლება ბავშვობაშიც თამაშობდნენ ასე, მაგრამ დიდი ხანია მათი ცხოვრება თამაშს აღარ ჰგავს. მინის ვოლიერში გამომწყვდეული დავითი 163-ე დღეს ატარებს ტყვეობაში და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რომელიღაც ტაძარში ხომერიკების მამა ღმერთს სამართალს ემუდარება. ის დეკანოზია.

დავითს მოლოტოვის კოქტეილის მომზადებას ედავებიან. პოლიციამ ჩხრეკა არ გადაიღო. ჩხრეკის ოქმზე ხელი ცემით, გაუპატიურებისა და ძმაზე ძალადობის მუქარით მოაწერინეს… დედიკას, დავითის, ზუკას, მარიამისა და რომელიღაც ტაძარში სამართლისთვის მლოცველი დეკანოზის ირგვლივ კი დარდი ველური სუროსავით იტოტება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა