გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დეჰუმანიზაციის ინსტრუმენტი | დათო ლობჟანიძე

ფეისბუკის დეაქტივაციის დროს სოციალური ქსელი ამ გადაწყვეტილების მიზეზს გვეკითხება და იქვე, მიზეზების ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს. მათ შორისაა უსაფრთხოების, პრივატულობის, უსარგებლობის და სხვა საკითხები. მაგრამ ვფიქრობ, ამ სიას ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი აკლია - ფეისბუკიდან წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს დეჰუმანიზაციაც, რასაც მომხმარებელი ამ ქსელის  ჭარბად გამოყენებისას განიცდის.  

იმის ასახსნელად, თუ რას ვგულისხმობ, ოდნავ შორიდან -  ჰოლოკოსტიდან დავიწყებ. თანამედროვეობის გამორჩეული სოციოლოგი, ზიგმუნტ ბაუმანი 1989 წელს გამოცემულ ნაშრომში „ჰოლოკოსტი და მორალური რელატივიზმი“ წერს,  რომ მხოლოდ „ნაცისტების ბოროტი ბუნებით“, ან თუნდაც ანტისემიტიზმით ჰოლოკოსტის ახსნა არასერიოზულია. ჯონ საბინი და მერი სილვერი თავიანთ ნაშრომში არაორგანიზებულ აგრესიაზე წერენ:

„გერმანიამ დაახლოებით ექვსი მილიონი ებრაელი გაანადგურა. თუ დავუშვებთ, რომ კლავდა დღეში დაახლოებით ასს, ამ საქმისთვის მაინც დასჭირდებოდა დაახლოებით ორასი წელი. ძალადობა, რომელსაც ბრბო ავლენს, ემყარება თავისებურ ფსიქოლოგიურ მოცემულობას, რომელიც ფუნდამენტშივე არასწორია - ის ეფუძნება აგრესიას. ხალხი შეიძლება შეიტყუო და ჩააგდო მრისხანების მდგომარეობაში, მაგრამ ორასი წლით ვერ დატოვებ იქ”.

მაშ, რა იყო ის წინაპირობა, რამაც ჰოლოკოსტი შესაძლებელი გახადა? 

ბაუმანი დაახლოებით ამგვარ რამეს ამბობს: ნაცისტები ჰოლოკოსტს მიიჩნევდნენ არა საკუთარი ბოროტებით აღძრულ ვნებად, არამედ როგორც რაიხის მშენებლობის ერთ-ერთ ამოცანას, როგორც ინჟინრულ პროექტს, დაცლილს ემოციისგან. 

ამ ამოცანაში თავდაპირველად ებრაელების გადასახლება იგულისხმებოდა და ერის ანიჰილაციის პროექტად ის მხოლოდ მოგვიანებით გადაიზარდა (აქაც ბოროტების ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცისტებმა ანიჰილაცია უფრო მარტივ გამოსავლად მიიჩნიეს). საქმეში უპრეცედენტოდ დიდი ბიუროკრატიული აპარატი ჩაერთო, ამ აპარატის საქმიანობაში კი, ათასობით ადამიანს კონკრეტული როლის შესრულება დაეკისრა. მსგავსი ფრაგმენტაცია თითოეულ მათგანს დანაშაულზე პასუხისმგებლობის განცდისაგან ათავისუფლებდა. 

ბაუმანის მიხედვით, გაზის კამერების გამოგონებამ „მკვლელის როლი დაიყვანა სანიტარული ოფიცრის როლამდე. მას მხოლოდ სახურავის ხვრელიდან „სადეზინფექციო ქიმიკატების“ შენობაში ჩაყრა ევალებოდა, შიგნით შესვლა კი მისთვის "რეკომენდებული არ იყო“. 

ამრიგად, ბაუმანი უზარმაზარ ბიუროკრატიულ აპარატზე საუბრობს, სადაც არა მხოლოდ ფუნქციების გადანაწილებას ვხედავთ, არამედ ცივ დისტანციასაც მსხვერპლს და დამნაშავეს შორის. 

ეს მანძილი, ბაუმანის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბოროტების აქტის ჩადენისას. გაზის კამერის გამოგონებამდე, ნაცისტები მსხვერპლის მოსაკლავად ტრადიციული დაცხრილვის მეთოდს იყენებდნენ. ბაუმანი ამბობს, რომ ეს ძალიან არაეფექტური მეთოდი იყო - ჯარისკაცებს ბრძანების შესრულება უჭირდათ -  ეძნელებოდათ, იმ მცირე დისტანციაზე, რაც სამიზნე ადამიანამდე აშორებდათ,  სასხლეტზე დაეჭირათ თითი.  ბაუმანი ისტორიკოს რაულ ჰილბერგს ციტირებს:

„უნდა გვახსოვდეს, რომ [გენოციდის] მონაწილეთა უმრავლესობა არ ესროდა ტყვიას ებრაელ ბავშვებს და გაზის ოთახებში არ უშვებდა მათ... ბიუროკრატთა უმეტესობა ადგენდა მემორანდუმებს, პროექტებს, საუბრობდა ტელეფონზე და მონაწილეობდა კონფერენციებში. მათ მთელი ხალხის განადგურება სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას შეეძლოთ“. 

ასეთი მასობრივი დანაშაულების ჩადენა, ბაუმანის აზრით, მხოლოდ მოდერნულობის, ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში გახდა შესაძლებელი. რაც უფრო განვითარებულია ტექნოლოგია, მით უფრო მეტია დეჰუმანიზაციის რისკი და მისი შესაძლო მასშტაბი. 

ერთ-ერთი ასეთი რისკის შემცველი ტექნოლოგიის ავატარი, ვფიქრობ ფეისბუკია. მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკი ქართულ ინტერნეტ სივრცეში დომინირებს და მასში ადამიანები დღეებს ატარებენ, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად ქსელი პირისპირ ურთიერთობის ძალიან სუსტი იმიტაციაა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში; უარესში კი, ურთიერთშეურაცხყოფების პოლიგონი ხდება - ტოქსიკური სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ნორმატიული ლექსიკის სიმწირეში და ემპათიის ნაკლებობაში ეჯიბრებიან. 

რა ხდება მაშინ, როდესაც რეალურ გარემოში ჩვენთვის მიუღებელი აზრი გვესმის? ვჩუმდებით, თუ ვეკამათებით? ორივე შემთხვევაში, ემპათია ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ წინ დგას ის, ვისაც არ გვინდა ვაწყენინოთ, რადგან მის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. 

ბაუმანი ამბობს: „პასუხისმგებლობა, მორალური ქცევის ეს საშენი მასალა, სხვასთან სიახლოვით ჩნდება. სიახლოვე გულისხმობს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა კი სიახლოვეა“. 

ბაუმანის აზრით, პასუხისმგებლობის სიმძაფრეს, რომელსაც აქტორი განიცდის აქტის ჩადენის შემდეგ, განსაზღვრავს ის, თუ რა მანძილი აშორებს მას სამიზნისგან. მეტიც, ეს ორი სიდიდე ურთიერთპროპორციულია, ასკვნის ის. სოციოლოგიის ეს თეორია მყარდება სტენლი მილგრამის ექსპერიმენტით, რომელშიც ჩანს, როგორ ემორჩილება ადამიანი მისთვის ავტორიტეტული ფიგურის მითითებას - მიაყენოს ფიზიკური ტკივილი სხვას.  მილგრამის ექსპერიმენტში ისიც ჩანს, რომ რაც უფრო შორ დისტანციაზე დგას ექსპერიმენტის სუბიექტი ელექტროშოკზე შეერთებული ადამიანისგან, მით უფრო ეადვილება ღილაკზე თითის დაჭერა.

ნულების და ერთიანების ბინარული სამყარო - ანუ ის, რითაც შედგება ფეისბუკის ალგორითმი, ფიზიკური დისტანციის მატრიცას გვიქმნის. ამ მატრიცაში კი ფეისბუკის მომხმარებლები ვარჩევთ მხოლოდ ავატარს, ხოლო მის მიღმა რომ ადამიანია, ამის აღქმა გვიჭირს. ამგვარად, სოციალურ ქსელში ადამიანურ კომუნიკაციას განვიხილავთ მეტწილად, როგორც სიმულაციას და ნაკლებად, როგორც ურთიერთობას. 

“ადამიანისთვის ევოლუციის პროცესი უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე ვითარდება მისი აღქმის უნარი - გაიგოს, რა ხდება. დღეს უკვე ვეღარ ვიტყვით დარწმუნებით, რომ გვესმის, როგორ მუშაობს ჩვენი სოციალური ინსტიტუტები, ბიუროკრატიული სისტემები, ანდა ტექნოლოგიები“ ცხადია, ამ სიტყვებით, რომელსაც ბაუმანი კვლავ  ისტორიკოსს ჰილბერგისგან სესხულობს, ის სხვა შემთხვევაზე საუბრობს, მაგრამ მე აქტუალურად მეჩვენება დღესაც - ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, როცა დიქტატორის ფუნქციას ამჯერად ალგორითმი ასრულებს. 

აქ კონკრეტული მომხმარებლის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ემორჩილება ის ალგორითმის წესებს. მოდით, გავიხსენოთ, რას აფასებს ფეისბუკი, ან სხვა სოციალური ქსელი ყველაზე ძვირად? ყველაზე მეტად „ინგეიჯმენთი“ ფასობს, სხვადასხვა მომხმარებლების კონკრეტულ პოსტში ჩართულობა, რასაც თავის მხრივ, უმეტესად, სწორედ კონფლიქტი განაპირობებს. ამგვარ დისკუსიებში ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ. იქ არ აქვს მნიშვნელობა არგუმენტებს. ყველა მონაწილეს აზრი წინასწარ განსაზღვრული აქვს და მას არაფერი შეცვლის. ეს სივრცე მოედანია, რომელიც მუდამ ღიაა სანახაობის მოყვარულებისათვის.  

დააკვირდით მომხმარებლებს, ვისაც ყველაზე მეტი „ფოლოუერი“ ჰყავთ. ზოგჯერ დამსახურებულ „ცნობადობასაც“ ვხედავთ, მაგრამ ხშირად, ეს ფეისბუქ პროფილებია, რომლებიც მხოლოდ მათი კონტროვერსიულობის გამოა საინტერესო. მათი პოპულარობა და „ინგეიჯმენთი” უმეტესწილად კონფლიქტური დისკუსიებითაა ნაშენი  და იმისთვის, რომ აქტუალური დარჩეს, ვალდებულია, კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციაში, წინააღმდეგობაში, მეტ წამიერ სკანდალში მიიღოს მონაწილეობა. რთულია, წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი სცენარით ურთიერთობა ქსელის მიღმაც შეიძლება განვითარდეს. საინტერესოა, დავფიქრდეთ იმაზეც,  თუ როგორ უყურებს ასეთი მომხმარებელი  მისსავე „ფოლოუერს?“  აღიქვამს საერთოდ ადამიანად, თუ მხოლოდ თავშესაქცევ ობიექტად მიიჩნევს?  

„დეჰუმანიზაცია იწყება მაშინ, როდესაც დისტანციის წყალობით, ბიუროკრატიული ოპერაციის სამიზნე ობიექტები, მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებად იქცევიან “, - ამბობს ბაუმანი. და რა ვართ ჩვენ, მომხმარებლები, თუ არა ერთეულები და ჰუმანურობისგან დაცლილი საგნები - ფეისბუკის მონეტიზირებად საოცრებათა სამყაროში?
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა