„დიზაინ ბაზარი“ – გუგა კოტეტიშვილი
თუ შეგიძლია, ისე დაალაგო ნივთები, რომ როკოკო, ამპირი და ჰაიტეკი ერთად კარგად გრძნობდნენ თავს, ესე იგი გამოგდის, კარგია. ეკლექტიკა მიყვარს, არაფერს ვერიდები. ბეტონი მოჩანს? ვტოვებ ბეტონს, არაფერს ვმალავ, უბრალოდ ზოგჯერ არ ვიმჩნევ.
დიზაინი ბავშვობიდან არსებობდა. ჯერ ნიკოლაძეში ვსწავლობდი, მერე აკადემიაში. არქიტექტურა მინდოდა, მაგრამ არ ჩავაბარე, საბჭოთა დრო იყო და მაინც არავინ აგაშენებინებდა იმას, რაც გინდოდა. გრაფიკით დავიწყე და ბოლოს ფერწერაზე გადავედი. კერამიკა ვისწავლე. ვკერავდი, ვქსოვდი... ამას იმიტომ ვყვები, რომ ყველაფერს ვედებოდი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ჩემი მუზა ჩემი პატარა და იყო. დაბადების დღეებზე ვჩუქნიდი რაღაცეებს, მე თვითონ ვაკეთებდი. პირველად, მახსოვს, აბაჟური ვაჩუქე. ჩიტების გალია ვიყიდე 5 მანეთად, ჩამოვაცვი ქალის შავი წინდები და ოქროსფრად შეღებილი მაქმანები გავუკეთე. ვიღაცეებმა რომ ნახეს, დაიწყეს – აუუ, მეც მინდა, გ