დროზე მონადირე - გურამ წიბახაშვილი
სალომე კიკალეიშვილი
თუ 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე ბათუმში აღმოჩნდებით, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, და აი რატომ:
„ტყუილი ქვეყანა იშლებოდა.გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო. როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა. მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მაგას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამეები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ეგრე დავარქვით – „ზამთარი გადასატანია”.
1994 წელს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილ გამოფენაში „ზამთარი გადასატანია“ მონაწილეობდა სხვადასხვა თაობის ყველა ის მხატვარი და არტისტი, რომლებიც იმ პერიოდის ნეორეალისტურ თუ მცირედ სიურეალისტურ, ანდა, უფრო ობიექტურად რომ ვთქვათ, ღრმად პესიმისტურ რეალობაში ხელოვნებას ქმნიდა: ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, კოკა რამიშვილი, გურამ წიბახაშვილი, ნიკა მაჩაიძე, მაია სუმბაძე.
ამ კითხვას პასუხი ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა ზუსტად 25 წლის შემდეგ გასცა, როდესაც თიბისის ბანკის მხარდაჭერით, გამომცემლობა „ინდიგოსთან“ ერთად 1980-90-იანი წლების ამსახველი ფოტომატიანე, წიგნი "ზამთარი გადატანილია" გამოსცა და "ბარნოვის ხელოვნების სახლში", ამავე სახელწოდების გამოფენა გამართა.
არტისტები, მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მომღერლები, გამვლელები, კონცერტები, მიტინგები, მოდის ჩვენებები, სახლებში გამართული წვეულებები, არტ პერფორმანსები, ტყვიებით დახვრეტილი რუსთაველის გამზირის სახლები და თეთრი „ვოლგები“ - გურამ წიბახაშვილის არქივში მთელი მაშინდელი ყოფის აღდგენა შეიძლება. გურამი იაფფასიან ფირზე იღებდა, რომელსაც, როგორც წესი, “კინოშნიკებისგან” ყიდულობდა და შემდეგ ნაწილებად ჭრიდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ გამოფენაზე გამოტანილი ფოტოების დიდი ნაწილი თითქოს უხარისხო, გაცვეთილია. სიმკვეთრე და კონტარსტულობა აკლია. ზუსტად ისეთია, როგორც მთელი 90-იანები თავისი ესთეტიკითა და არსით.
“ზამთარი გადატანილია” არც ნოსტალგიაა და არც სევდა. ეს ვიზუალური მახსოვრობით მოყოლილი ამბებია, რომელთაც დროში დისტანცირებულმა და შესაბამისად, ემოციებისგან დაცლილმა, თვალი უნდა გაუსწორო და შენთვის ასე ნაცნობი დეტალები ხელახლა, ახლებურად წაიკითხო. არა აქვს მნიშვნელობა რომელს უყურებ, მანქანის საბურავით მოთამაშე ნახევრად შიშველ ბავშვებს, ირაკლი ჩარკვიანის ეპატაჟურ პორტრეტებს, გადასაღებ მოედანზე კამერის უკან მდგარ ოთარ იოსელიანს, არტპერფორმანსის დროს მიწისქვეშა გადასასვლელში რობოტებივით გაშეშებულ ოლეგ ტიმჩენკოსა და ნიკო ცეცხლაძეს, თუ „ცისფერი მთების“ გმირივით, ცაში მომზირალ ედუარდ შევარდნაძეს - წიბახას მუმიფიცირებულმა დრომ მთელი ეპოქა ჩაიტია.
ფოტოებთან ერთად წიგნში ტექსტი ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს ხან ფოტოების ისტორიებია და ხან ესეები, რომელთაც მკითხველს ანა კორძაია-სამადაშვილი უყვება. ანაზე კარგი მთხრობელი, ცოტა თუ მოიძებნება. მისი ტექსტები ცალკე, პარალელური ნარატივია, რომელიც იმ პერიოდის დაუჯერებელ თავგადასავლებს, მხოლოდ ანასთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ენით აღწერს.
რატომ დავიწყე ბათუმით? ზუსტად მაშინ, როდესაც ზაფხულის ცხელ დღეებში ზღვას მიაშურებთ, დასასვენებელად, ზღვაში გასაგრილებლად ანდა ჯაზფესტივალზე დასასწრებად და ძველი ბათუმის ნესტშეპარულ, წვრილ ქუჩებში ბოდიალს გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, თიბისი გალერეას ეწვიოთ და წიბახას ერთ წიგნში ჩატეული ცხოვრება დაათვალიეროთ. გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”-ს მაღაზიაში კი წიგნის ყიდვაც შეგიძლიათ.
გამოფენა “ზამთარი გადატანილია” ბათუმის თიბისი გალერეაში (ზუბალაშვილის N 37) 20 ივლისს 19:00-ზე გაიხსნება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. თუ შეძლებთ და გამოფენის გახსნაზე მიხვალთ, მაშინ ნახავთ თიბისისა და სტუდია "Film Asylum“-ის შექმნილ დოკუმენტურ ფილმსაც, რომელშიც 1990-იანი წლების ისტორიებს, წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები თავად მოგიყვებიან.
ფოტო: გურამ წიბახაშვილი