დუმილი და კაკაფონია | როგორ ვიხსენებთ 9 აპრილს?
09.04.2021 | 6 წუთიანი საკითხავი9 აპრილის მემორიალები, სიმბოლოები, არტეფაქტები ისტორიის ფრაგმენტებს ინახავს. და რა რჩება მათ მიღმა? 9 აპრილის მემორიალიზაციაზე ვესაუბრებით ისტორიკოს დავით ჯიშკარიანს.
ინდიგო: ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე უახლეს ისტორიაში - მათ შორის წინააღმდეგობრივი შინაარსით, იდეებით 9 აპრილია. 32 წლის წინ, ამ დღეს საბჭოთა ჯარების ნაწილებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია სასანგრე ნიჩბების, ცეცხლსასროლი იარაღის და მომწამლავი გაზის გამოყენებით დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ოთხასზე მეტი დაშავდა.
ორი წლის შემდეგ, 9 აპრილს, უკვე საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როგორ ვიხსენებთ ამ დღეს 2021 წელს?
დ. ჯ.: პირველ რიგში ესაა ადგილი, სადაც ყველაფერი მოხდა და სადაც ახლა ხელების ფორმის მემორიალი დგას, რომელიც ერის ერთობას სიმბოლიზებს. მონუმენტი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიდგა და ჩემი აზრით, იმის სადემონსტრაციოდაც, რომ ვარდების რევოლუციაც ისეთივე ერთიანობის აქტი იყო, როგორც 9 აპრილი.
ამ ადგილს რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, მაგრამ ძველი ფილები მაინც შენარჩუნებულია. ბოლო რეკონსტრუქციის დროს, ოპოზიციური პარტიის წევრები, ქალაქის მერს, მკაცრად აფრთხილებდნენ, ხელი არ ეხლოთ „9 აპრილის სისხლით შეღებილი ქვებისათვის“. მემორიალიზებულია ის ქვაც, რომელზეც ადამიანები წლებია ანთებენ სანთლებს - ეს ქვა საკრალურ ადგილად, წმინდა ხატებად იქცა.
ამ დღის მემორიალიზაციაა 9 აპრილის ბაღიც, სადაც მსხვერპლთა სახელობითი ხეებია დარგული. იმავე ბაღში დგას ანატოლი სობჩაკის ძეგლიც. სობჩაკი ხელმძღვანელობდა საგამოძიებო კომისიას და ის იყო, ვინც უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების, 9 აპრილის ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა. ამავე დროს, ანატოლი სობჩაკი ვლადიმერ პუტინის მასწავლებლად და მენტორად ითვლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ძეგლიც ამ მემორიალის ნაწილია თბილისში. სობჩაკის ძეგლიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დადგეს იმის დასტურად, რომ საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ ადამიანები, ვისაც ესმოდა ქართველი ხალხის ტკივილის.
9 აპრილი მემორიალებს შეხვდებით სხვა ქალაქებშიც. თუმცა, ჩემთვის 9 აპრილის ყველაზე მნიშვნელოვანი მემორიალიზაციაა შავყდიანი წიგნი, თეთრი წარწერით - “9 აპრილი”. მეხსიერების პოლიტიკამ ეს წმინდა დღედ აქცია და შავარშიანი წიგნიც ერთგვარი ბიბლიაა, რომელსაც ოჯახებში ინახავენ, ანუ 9 აპრილი ყველასთანაა.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეხსიერების პოლიტიკას ქმნიან არა მსხვერპლების ოჯახები, არამედ პოლიტიკოსები. ამიტომ ეს დღე კარგავს ისტორიულ მნიშვნელობას - ჩვენ ხან გვესმის, რომ 9 აპრილს დაღუპულები დემოკრატიაზე ოცნებობდნენ, თუ ომია, მაშინ თითქოს გამარჯვებაზე ოცნებობდნენ. მსხვერპლებით მანიპულაცია უწყვეტად მიმდინარეობს, უკვე 32 წელია.
ინდიგო: რა იკარგება ამ მანიპულაციების შედეგად და ფერხდება თუ არა გააზრების პროცესი 9 აპრილის საკრალიზებით?
დ.ჯ.: იკარგება ისტორია - ის, რაც 9 აპრილს უძღოდა წინ, მიზეზი, რისთვისაც შეიკრიბა ხალხი თბილისში. თითქოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის, მაგრამ რეალურად თბილისის აქცია იყო, გიორგი მაისურაძის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, სოლიდარობის აქტი აფხაზეთში მიმდინარე ლიხნის მოვლენებზე, სადაც გაიფიცნენ ეთნიკურად ქართველი სტუდენტები, ლიხნის წერილის საპასუხოდ. რამდენიმე დღეში დაიკარგა აფხაზეთის საკითხი, გაიზარდა ნაციონალურ მოთხოვნებამდე და პირველი, ეს იყო დამოუკიდებლობა.
რასაკვირველია, დამოუკიდებლობა და სხვა იდეები, ეროვნულ მოძრაობაში, როგორც მათ შემდგომ ეწოდათ, არსებობდა, მაგრამ ასე საჯაროდ და ასეთი რიხით, აპრილის აქციებზე პირველად გამოვიდა.
დოკუმენტებშიც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ცეკას ძალიან უჭირს სიტუაციის მართვა, განსაკუთრებით - თბილისში. ახალგაზრდობა არ ემორჩილება, შრომითი კოლექტივები სამსახურში არ გადიან და დგანან მიტინგებზე. ცეკას პირველი მდივანი მოუწოდებს იდეოლოგიის დარგში მის მოადგილეს, რომ გააძლიეროს იდეოლოგიური მუშაობა. თუმცა, ესაა იდეოლოგია, რომელიც წლების განმავლობაში უბრალო შირმაა - აღარავინ დადის იდეოლოგიურ ყრილობებზე, ხალხი სიახლის მოლოდინშია. ეს სიახლე კი აღმოჩნდა ქუჩის დემონსტრაციები, ამან რა შედეგები მოიტანა, ეს სხვა თემაა, მაგრამ იმ მომენტში ასეთია განწყობა, ძალიან ეგზალტირებულია საზოგადოება.
საერთოდ, საკრალური დღეების ისტორიულ პერსპექტივაში გააზრება რთულია. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია დაღუპულები და მათი ოჯახის წევრები. ისინი პოლიტიკოსების ხელში, გაუთავებელი მანიპულაციის მსხვერპლებად იქცევიან. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ეს ადამიანები და ეს ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ, რა მოუტანა ამ დღემ საზოგადოებას, როგორ განსაზღვრა განვითარების ვექტორები - მისი ისტორიულად გააზრება და შეფასება შევძლოთ.
კომპარტიის წევრებიც, ვინც აპრილის დემონსტრაციებს მკაცრად აკრიტიკებდნენ და არ მოსწონდათ ახალგაზრდები რომ შიმშილობდნენ, უეცრად თავად მსხვერპლის მანტიით იმოსებიან და ამბობენ: „რა უნდა ვუთხრათ შვილებს, როგორ ჩავხედოთ თვალებში?!“. თავიდან კი სულაც არ უთანაგრძნობდნენ ამ აქციებს. მთელი ერი იყო ერთიანი - ესეც მითია. ვის გულისხმობენ მთელ ერში? მხოლოდ ეთნიკური ქართველებს, თუ მათ, ვისაც ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი? რადგან თბილისს გარეთ ადამიანებმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგეს, რა მოხდა. ფაქტია, რომ ხალხი 9 აპრილის შემდეგ გაერთიანდა - რეალურად მსხვერპლის, ტრაგედიის გარშემო მოხდა საზოგადოების კონსოლიდაცია.
ინდიგო: ამიტომ გაჩნდა ტაბუები და ჰაერში დაეკიდა კითხვები, დარჩა საკითხები, რომელთა დასმაც დღემდე უხერხული და მიუღებელია?
დ.ჯ.: კი, ბატონო. და კლასიკური მაგალითია იური მეჩითოვის ინტერვიუ, რომელშიც თქვა, რომ ქალები ძირითადად ჭყლეტაში დაიღუპნენ. შეიძლება ყველაფერში არ დაეთანხმო, მაგრამ ამ ინტერვიუს საზოგადოების მხრიდან უმოწყალო კრიტიკა მოჰყვა, თითქოს ჭყლეტა ძალადობის აქტი არ იყოს. რა თქმა უნდა, არის ბევრი შეკითხვა და მათ შორის: შეიძლებოდა თუ არა თავიდან ამ ტრაგედიის თავიდან აცილება?
პოლიტბიუროს სხდომების სტენოგრამულ ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ კომპარტია საერთოდ ვერ იაზრებს, რა ხდება. ვერ გრძნობენ ცვლილებებს, ვერც საქართველოში და ვერც მთელ კავშირში. ქართული პოლიტელიტა ათწლეულებია, შეჩვეულია დირექტიულ ცხოვრებას, და ისევ დირექტივების მოლოდინშია. ამ დროს, ხალხი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში იფიცება, ყარაბაღში ლამისაა ომი დაიწყოს. ამ გლობალურ ცვლილებებს ჯუმბერ პატიაშვილი, როგორც პოლიტიკოსი ვერ გრძნობს. ისიც ტყუილია, რომ ქართველ კომუნისტებს სისხლი უნდოდათ, ნამდვილად არ უნდოდათ, სიტუაციის გამწვავება არ აწყობდათ. ამას ადასტურებს ჯუმბერ პატიაშვილის გადადგომაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ის პასუხისმგებლობას იღებს, ჩვენ დღესაც არ ვართ განებივრებული პოლიტიკოსებისგან ასეთი ქცევით. თუმცა, ცხადია, ეს ნაბიჯი მას არ ათავისუფლებს მისი პასუხისმგებლობისაგან.
9 აპრილის შემდეგ იქმნება ახალი ნაციონალიზმი, რომლის მსგავსიც არ არსებობს იქამდე - ჩნდება ეთნონაციონალიზმი, ყველა ეთნიკურ ჯგუფში.
ინდიგო: მეხსიერების მკვლევარი და სოციოლოგი, ვერედ ვინიცკი–სეროუსი წერს, რომ მემორიალიზაცია ხდება დუმილითაც და პირიქით, დავიწყება ხდება მაშინ, როდესაც გაუთავებლად იმეორებ - რიტუალებს, ლოზუნგებს, რომლებიც სინამდვილეში დაცლილია შინაარსისგან. ასეთ გამეორებას ხმაურს, კაკაფონიას უწოდებს ვინიცკი, სადაც იკარგება მთავარი - შინაარსი და ისტორია, რომელიც არასდროსაა სწორხაზოვანი და ერთშრიანი.
დ.ჯ.: რა თქმა უნდა, ამ დროს ისიც ფაქტია, რომ 9 აპრილის შემდეგ მოსულმა პოლიტელიტებმა, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, დაიწყეს სამოქალაქო ომი. ეს არ იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების დახმარებით მოსული ხელისუფლება. ასევე, მათმა პოლიტიკურმა პროგრამებმა გამოიწვია ეკონომიკური კრიზისები. ამასაც ვერ დავმალავთ. 9 აპრილზე საუბრისას მხოლოდ მსხვერპლთა მანტიის შემოსვით მისი გააზრება შეუძლებელია. როდესაც კრიტიკულ კითხვას სვამ, შენ რუსი აგენტი და პოზნერის ძმაკაცი ხარ. ეს ყველაფერი კი გიბიძგებს, დუმილი განაგრძო. მაგრამ დუმილიც მეხსიერებაა. როდესაც არ ლაპარაკობ, ამ დროს ინახავ და ახალ მეხსიერებას უკეთებ კონსტრუირებას.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა დაწერა, 9 აპრილს უდანაშაულო ხალხი არ დაგვიხოცავსო, როგორც ჩანს, თვითონაც დარბევაში მონაწილეობდა. ბევრი აქეთ გვეჩხუბებოდა და წინააღმდეგობას გვიწევდაო. წავიკითხე და ვიფიქრე, ამ ახალი მითის შექმნას როგორ ბედავენ-მეთქი. გავიდა წლები და დათო ტურაშვილმა, მერე კიდევ რამდენიმემ გაიხსენა, რომ იყო წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებიც. რუსის ჯართან, შიშველი ხელებით წინაღმდეგობა რა მოსატანია, მაგრამ ასეთი ფაქტებიც იყო და ეს, რასაკვირველია არ გამორიცხავს, არც ამცირებს ამ ძალადობას და მის მასშტაბს. ეს არც იმ ფაქტს ცვლის, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია იყო - იყო. სწორედ მშვიდობიანი დემონსტრანტები იყვნენ, თუმცა ასევე იყვნენ, შეიძლება, სულ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ფიზიკური წინააღმდეგობაც გასწია. ამ დეტალების იგნორირება ჩვენს სტიგმატიზაციას აძლიერებს და, რაც მთავარია, ავიწროვებს, ცვლის სურათს, რაც რაციონალურ გააზრებას ნამდვილად უშლის ხელს. 4 მოგონება 9 აპრილზე
ისიც გვახსოვს, როგორ უყურებდა ხალხი სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე არჩეულ დელეგატებს, იგივე თამაზ გამყრელიძეს, ვინც ბრწყინვალე რუსულით წარმოთქვა თავისი, ძალიან პრინციპული სიტყვა და დარბაზში ბრახაბრუხის ფონზე თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ამ კაკაფონიაში ასევე ჩაკარგულია.
ფოტო: ჯემალ კასრაძე (ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი)
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ