ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძალადობის ენაზე | ეკა ქევანიშვილი

თავიდან, საერთოდ ვერაფერს ხვდები, საერთოდ. თან, პატარა ხარ და ამაზე ბევრი არაფერი გსმენია. მაგრამ როდესაც ერთ დღეს ეს ხდება და უსიამოვნო შეგრძნება ჯერ მუცელს გატკიებს, მერე კი, შეიძლება, გულისრევაც დაგეწყოს, ეჭვი გხრავს, რომ მთლად ნორმალურად არ მოგექცნენ.

ეს ხდება – ნიშნავს, გეხებიან. ეს ხდება – ნიშნავს, იმაზე დიდხანს გიყურებენ, ვიდრე სხვები. ეს ხდება – ნიშნავს, ისეთ რამეს გეუბნებიან, რომ ვერ ხვდები, ხუმრობად უნდა მიიღო და გაატარო და ასე გადარჩე, თუ, ყვირილი ატეხო, მაგრამ აქ თვითცენზურა გერთვება – გოიმი არ ვეგონო, ფიქრობ.

თან, აბსოლუტურად მარტო ხარ. რაც უფრო პატარა ხარ, მით უფრო მარტო ხარ. ვის ეტყვი? მეგობარს? ვაითუ, ენა მიიტან-მოიტანოს. მასწავლებელს? ის – მშობელს ეტყვის. შეიძლება სამასწავლებლოშიც მოაღოს პირი. დედას? რა გარანტია გაქვს, რომ გაგიგებს? და დუმდები დიდი ხნით. გაურკვეველი დროით. აუტანელი მოთმენით იტენები, თუმცა ყოველთვის იცი, რომ სხეულში ფეთქებადი ბომბი გიდევს, რომლის წიკწიკიც არასოდეს მოგცემს მოსვენებას.

„ალბათ, ასე ხდება“, – თავს იმშვიდებ და საკუთარ თავს მოელაპარაკები, რომ კარგად გადაყლაპო, დიდ ლუკმად ჩაიტენო. იმიტომ, რომ რა დასამალია, მხოლოდ ის ჯაჯგური, მიწაზე დაგდება ან კედელზე აკვრა გგონია ძალადობა, რისთვისაც ფილმებში მოგიკრავს თვალი. მაგაზეც, როგორ იყო? მგონი, მშობლებმა აგაფარეს თვალებზე ხელი, მაგრამ თემას ტაბუ ედო – არავის არაფერი აუხსნია. უზრდელობაა, გითხრეს და მორჩა.

აქ კი, რა მოხდა ისეთი, არც ხელები გადაუგრეხიათ, არც დაუშინებიხარ რამით, მხოლოდ გიყურებდა და გიყურებდა. დაუსრულებლად გიყურებდა. მერე, ვითომ შემთხვევით, ინტერესდებოდა, რა ფაქტურის იყო შენი კაბა და ვითომ მუხლზე ხელი უხვდებოდა. მერე კანის გენეტიკურ წარმომავლობასა და თმიანობის დოზებზე ლაპარაკობდა და ვითომ ხელი უხვდებოდა, მერე გწერდა და გწერდა და გწერდა. და შლიდი და შლიდი და შლიდი. ან „შემთხვევით“ იმ დროს მოდიოდა, როცა შინ უფროსები არ იყვნენ. ბევრი ასეთი „შემთხვევით“ მოხდა. შენ კი დუმდი. იქნებ, ჩემი ბრალია. კაბას იგრძელებდი. იქნებ, ჩემი ბრალია, აიგნორებდი. იქნებ, მაინც ჩემი ბრალია! თავი ლამის უწმინდური გეგონა. თავს იდანაშაულებდი იმაში, რაშიც ნამდვილი დამნაშავეები და ნამდვილი მოძალადეები მონაწილეობდნენ და ამით ბედნიერდებოდნენ.

და როდესაც ერთხელ მამამ თქვა, ბარემ ფლირტი აკრძალონო. და როდესაც სხვა მამამაც იგივე თქვა. და მერე იგივე ძმამ გაიმეორა და ქმარმა და ასი ათასმა კაცმა ერთხმად გაიმეორა და იქირქილა ამაზე, მივხვდი, მოვა დღე, როცა ჩვენ გავბედავთ და ძალიან ღიად ავლაპარაკებდით ძალადობის „ენაზე“.

მე ავლაპარაკდები ამ ენაზე, იმიტომ, რომ მინდა, ჩემგან განსხვავებით, ეს ენა ჩემს შვილს დღესვე კარგად ესმოდეს. 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა