კაი ძირის მეზობლები | ნუკრი ჯავახიშვილი, ქსუისი
01.12.2020 | 7 წუთიანი საკითხავინუკრი ჯავახიშვილი, 41 წლის, ქსუისიდან. დღეს ცხოვრობს ხურვალეთში.
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
მეხუთე, ან მეექვსე-მეშვიდე კლასელი ვიყავი, ეს პირველი ომები რო დაიწყო.
არაფორმალებიც დადიოდნენ ქსუისში, პლიუს ჩვენთან თიანეთის ბატალიონიც იდგა, ბოლოსკენ. პიკეტის შტაბივით ქონდათ გახსნილი.
ყველაზე ცუდად ის მახსენდება, ყოველ ღამე მეზობელ სოფელში რო უნდა წავსულიყავი დასაძინებლად.
მითუმეტეს ზამთარში. ღამე იყო სროლები, თორე რო გითხრა, რო ვინმე თავს დაგვსხმია, არა. ისეთ ადგილას ვცხოვრობდით, რომ უბრალოდ, გზა გვყოფდა ოსური სოფლებიდან. აი, ეს სავალი გზა მარტო. ღამე ხან ისინი ისროდნენ, ხან ჩვენები, და უკვე იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. სროლა მაინც რო არ გაგვეგო ხოლმე ბავშვებს. და მახსენდება კიდევ ის, რაც ჩემი თვალით ვნახე. ბირჟაზე რო ვიდექი და ჩვენმა არაფორმალებმა სოფლის მაცხოვრებელი ოსი კაცები რო ჩამოიყვანეს. ზედ, შუა ბირჟაზე დახოცეს სუყველა. დღისით, მზისით. მამაჩემისტოლა კაცები.
ხალხმა იარაღი დაიჭირა ხელში. მაშინ მოუნდა ყველას ყაჩაღობა და მაგარი ბიჭობა. თუ, რავი, რაში ეთვლებოდათ ის ოსის გამწარება იყო, თუ მაგათი სახლების დაწვა. ეხლა, განა, ოსები გვინდობდნენ?! ჩვენები რო ესე აკეთებდნენ, ისინიც აკეთებდნენ მერე. და, დაჟე ამ ომზედაც ლაპარაკობენ ჩვენში, აი, რაც გავუკეთეთ, მოგვეწია და ათჯერ იმაზე უარესი გაგვიკეთესო. ათჯერ იმაზე უარესი.
აი, კაი ძირის მეზობლები მყავდა ოსები. კაცი მასწავლებელი იყო. ჩვენ სოფელში ასწავლიდა. ჩვენი ვარაკები ერთმანეთს უყურებდნენ. ქალი ჰყავდა ლომსაძე, ისიც ჩვენი სკოლის მასწავლებელი. ხოდა, დაიწყო არეულობა. წავიდა ეს კაცი. რა ექნა, დასდევდნენ ოსებს და წავიდა ცოლით, მაგრამ ცხინვალიდან მაინც გადმოდიოდა ხოლმე. აქცევდა სახლს ყურადღებას. ჩვენ გვქონდა მაგის სახლი ჩაბარებული. მთელი ოჯახი კბილებით იცავდა, რო არავის დაეწვა, არავის არაფერი არ იმასექნა. მამაჩემი ყველას აფრთხილებდა, არ დაგინახოთ ამ სახლს მოუკიდოთ ცეცხლი. პატარა ბავშვები მყავს, არ მინდა კიდე მაგათ ამ ცეცხლს უყურონო. ინახა ვითომ ასე, ინახა, მაგრამ მაინც არ შეგვარჩინეს. რამდენიმე წლის შემდეგ, ისეთი დრო მოუძებნეს მამაჩემი სახლში რო არ იყო. ზამთარი იდგა. მამაჩემს ვაშლი ჰქონდა თბილისში გასაყიდად წაღებული. მაშინ მოვიდნენ. მაინც დაწვეს.
ეგეთი განუკითხაობა იყო. მერე ოსებმა მოგვიკლეს მეზობელი, თოლიაშვილი რონალდი. გზაზე დაიჭირეს და ისე აწამეს. მერე ცარიელა კუბო დაგვამარხინეს. რო გავიგეთ უკვე აღარ იყო ცოცხალი, რა გვექნა, პანაშვიდი ხო უნდა გადაგვეხადა. დავმარხეთ და მეორე დღისით მოგვცეს გვამი. რო გვეწვალა, ის კუბო ამოგვეთხარა და ახლიდან დაგვემარხა. მე მაგ დროს ვიყავი ცამეტის.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპტზე მუშაობდა ნატა მაჩალაძე
რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია
ფოტო: მარიკა ეჯიბია