ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძველი თბილისური კულტურა "რიგის" თანამედროვე ინტერიერში

ძველ თბილისში დუქნების არსებობა მთელ რიგ რიტუალთან იყო დაკავშირებული. ეს არ გახლდათ მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ბანალური თავშეყრის ადგილი. დუქნები, კერძების დაგემოვნების გარდა, ქართული კულტურის მოტივების აღმოსაჩენადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი იყო, სადაც თავად ფიროსმანიც კი მუშაობდა. მისი ნახატების გარკვეული ნაწილიც სწორედ დუქნებშია აღმოჩენილი. ქართული გასტრონომიის განვითარება ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მოტივებით, კომპანია „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ მთავარი ამოცანაა. „ჯი-ემ-თი ჯგუფისა“ და კვების საკონსულტაციო სააგენტო Gastronaut -ის ერთობლივი კონცეპტუალური ბრენდინგის შედეგი დედაქლაქში უკვე გვაქვს სახაბაზო „პური გულიანის“ სახით, თუმცა ამჯერად ამ კოლაბორაციის მორიგ პროექტზე  გიამბობთ, რომელმაც ზაარბუკენის მოედანზევე ქალაქური გემოებისა და ძველი ბაზრის შთაგონებით მორიგი სივრცე, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ შესთავაზა დედაქალაქელებსა და მის სტუმრებს.

რიგის ინტერიერის თვალშისაცემი დეტალები: ძველი თბილისური ბაზრების ინსპირაციებით შექმნილი დუქნის (პურის, ყველის, ღვინის...) რიგები, აგურისფერი კერამიკის ბოძები, მაგიდების განლაგება, დარაბები... შესვლისთანავე მიგანიშნებთ, რომ მისმა ავტორებმა, თბილისური კულტურის ნაწილები ინტერიერში გადაიტანეს. ძველი დუქნების იდეამ ფიროსმანის თემაც ამოატივტივა, რომელიც უკვე ბრენდინგში გადაიტანეს და ფიროსმანის „მზარეული“ კომიქსების სახით  როგორც შენობის ფასადზე, ასევე მის ინტერიერშიც რეპროდუქციებში გააცოცხლეს.

ლალი პაპაშვილი (კვების საკონსულტაციო სააგენტო Gastronaut-ის კრეატიული დირექტორი): კომპანია „ჯი-ემ-თი ჯგუფისა“ და Gastonaut ის  რიგით მეორე კოლაბორაციის შედეგია „რიგი“. ამ პროექტში ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო, რომ გაგვეცოხლებინა დუქნის თემა, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და ჩვენამდე დამახინჯებულად იყო მოსული. როდესაც მივიღეთ ამ პროექტის დავალება „ჯი-ემ-თი ჯგუფისგან“,  Gastronaut-ში გაგრძელდა ბრენდინგზე ფიქრი: რა უნდა დაგვერქმია? როგორ მოგვეხდინა ბრენდის იდენტობა? დუქნების თემა რომ მოვიძიეთ წავედით ისტორიული კუთხით, თუმცა მთავარი გზავნილი იყო, ახალი თაობის დუქნის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა არქაული და დატვირთული ავეჯით. მენიუშიც ჩანს ეს ხაზი, რადგან თანამედროვე კერძებიცაა შესული. დიზაინერს უნდა წარმოედგინა მისი ხედვით დანახული დუქანი  21-ე საუკუნეში. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ დღეისთვის ტრენდულ პროდუქტს, როცა ამ სივრცეში ხვდები, უკვე ხარ ისტორიაში.“

ესმა ხეცურიანი (დიზაინერი): „ყოველთვის ვიმეორებ იმას, თუ რამდენად სრულყოფილი და ჩამოყალიბებული მოდის ხოლმე დავალება Gastronaut-იდან  ჩემთან. ამჯერად, „რიგის“ ფილოსოფია იყო ის, რომ თუკი არ იქნებოდა საბჭოთა დრო, როგორ განვითარდებოდა დღეს, 21- ე საუკუნეში დუქნის მიმართულება. თუკი  არსებობდა: ღვინის რიგი, რკინის რიგი, ბამბის რიგი და ა.შ ჩვენს რიგს მოჰყვა უკვე თავისი ისტორია. პირველად, რაც თვალშისაცემი იყო ამ სივრცეში, გახლდათ უზარმაზარი კოლონები შუა დარბაზში, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა მათი შეფუთვა, რომ გაემართლებინა თავისი დანიშნულება. გადაწყდა, რომ თიხის კერამიკების რიგი გაგვეკეთებინა, როგორც სხვადასხვა სანოვაგის შესანახი სათავსოს სიმბოლო. ვიზუალურად აღიქმება გასაყიდათ გამოტანილი კერმიკული ნაკეთობების რიგი, თუმცა სინამდვილეში ჩვენ შევფუთეთ ამით კოლონა. გვინდოდა ინტერიერშიც ყოფილიყო რიგის გზა და დაგვეყო კონკრეტულ ზონებად, გაკეთდა პურის, ღვინის, ყველის, საყასბო და ა.შ. რიგები. გზაზე კი გაკეთდა წარწერა მინიშნებები ფილებით, რადგან ბაზრის დახლებიც მოგეხსენებათ  შეფუთული იყო ფილებით.“

ინტერიერში აქტიურდ შემოტანილი რკინის ნაკეთობები, ან ბამბის ქსოვილისგან შეკერილი ჭაღები, წარმოდგენილია, როგორც რკინისა და ბამბის რიგების სიმბოლო. თითქმის ყველა დეტალი ინტერიერში ხელნაკეთია და ესკიზებისგან შექმნილი. იატაკი და ბაზრის დახლებიც კი ძველი, დაშლილი სახლებისგანაა გაკეთებული, რაც კიდევ უფრო მეტ ინეტრაქციულობას მატებს ამ სივრცეს. თუკი ახლებურად წარმოჩენილი ძველთბილისური რიგების ხილვა გსურთ,  მაშინ „რიგს“ უნდა ესტუმროთ, სადაც ჭიშკრის  თაღში შესვლისთანავე სტუმრების მომლოდინე ნიკალას „მზარეულიც“ შემოგვხდებათ და საინტერესო გემოსა და გასტრონომიის აღმოსაჩენად მეგზურობასაც გაგიწევთ.


____________________________________
ავტორი:  მაია ცეცაძე
ფოტო: გიორგი მამასახლისი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა