ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სასიყვარულო სამკუთხედი, ეგზისტენციური კრიზისი და იმედგაცრუება

ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1966 წელს ეკრანებზე ვუდი ალენის სადებიუტო ფილმი, What’s up Tiger Lily გამოვიდა, რითიც კინოს ისტორიაში ალბათ ყველაზე უწყვეტ სარეჟისორო კარიერას ჩაეყარა საფუძველი. 50 წელი და დაახლოებით ამდენივე გადაღებული ფილმი -  რეკორდსმენი რეჟისორი დროს არასდროს კარგავს. მისი ფილმების პრემიერა ყოველწლიურად უკვე ისეთ ტრადიციად იქცა, თავისუფლად შეიძლება ახალი ეროვნული დღესასწაულიც კი დაწესდეს ამერიკაში. 

80 წლის ვუდი ალენი  ფორმაშია: მისი ახალი ნამუშევრის, café Society-ის საპრემიერო ჩვენება მაისში, კანის კინოფესტივალზე გაიმართა, კინოეკრანებზე კი სულ რამდენიმე დღეში გამოვა. ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. 21 ივლისიდან Café Society-ს კინოთეატრები რუსთაველი და ამირანი წარმოგვიდგენენ.

1930-იანი წლები, ჰოლივუდის და ნიუ-იორკის ოქროს ხანა, ჯაზისა და განგსტერების ეპოქა... ბრონქსში გაზრდილი ბობი დორფმან
(ჯესი აიზენბერგი) გადაწყვეტს, მოსაწყენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს და ჰოლივუდში წავიდეს ბედის საცდელად. მისი ბიძა, ფილი (სტივ ქარელი) იქ გავლენიანი კინოაგენტია და ჰპირდება, რომ რამე სამუშაოს გამოუნახავს. ახალი რეალობის და ცხოვრების რიტმის პარალელურად  ბობის მოულოდნელი სიყვარულიც დაატყდება თავს. მას ბიძამისის მდივანი, ახალგაზრდა და მომხიბვლელი ვონი (კრისტენ სტიუარტი) შეუყვარდება. როგორ განვითარდება ამბავი და დაიმკვიდრებს თუ არა თავს ბობი ლოს-ანჟელესის მზიან სანაპიროზე? 
სასიყვარულო სამკუთხედი, ეგზისტენციური კრიზისი, ჩახლართული ურთიერთობები და იმედგაცრუება - ვუდი ალენი ისევ ნაცნობ თემებს უტრიალებს და გმირებსაც ჩვეული სევდანარევი იუმორით აღწერს. 
ფილმის ოპერატორი ვიტორიო სტორაროა. მის ნამუშევართა რიცხვში შედის ისეთი კინოშედევრები, როგორებიცაა ბერტოლუჩის „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „კონფორმისტი“, კოპოლას „ აპოკალიფსი დღეს“ და სხვა. ფერებისა და შუქ-ჩრდილების ოსტატი ყველა ფილმში ტოვებს საკუთარ გამორჩეულ კვალს და  გამოსახულებას განსაკუთრებულ სიღრმეს და მომხიბვლელობას სძენს. „სტორაროს დახვეწილი, მუქ ტონებში გადაწყვეტილი ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის თითქოს ცალკე ამბავს ჰყვება.“ - წერს Variety ფილმზე. ოპრატორთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა ჯესი აიზენბერგის, კრისტენ სტიუარტისა და სტივ ქარელის სამსახიობო ოსტატობამაც. მთლიანობაში ფილმს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ის ბანალურობის გამო გააკრიტიკა და ალენს საკუთარი თავის გამეორებაში დასდო ბრალი, ზოგმაც მომხიბვლელ, მაგრამ ნოსტალგიურ ნამუშევრად მიიჩნია.
21 ივლისიდან ფილმი ერთი თვის განმავლობაში გავა კინოთეატრებში.

 

 

 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა