გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #გამოფენა

ეკა მუხაძის გამოფენა „ქართული, ჯადოსნური“



ეკა მუხაძის მულტიმედიური გამოფენა - „ქართული, ჯადოსნური“, რომელიც  გალერეა იარტში 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ექსპონატების სიმრავლით და შინაარსების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხატვრის ინდივიდუალური ხედვა და სახასიათო სტილი თავდაპირველად ნარატიულ სერიებში გამოიკვეთა, სადაც  ანიმაციური კადრირების მსგავსი სურათებიანი თხრობა დამაინტრიგებელ სიტუაციებს, ემოციურ თავგადასავლებს აღწერს. მაგალითად, ერთ-ერთი ადრეული სერია „ჩანახატები სასტუმროს თემაზე“ სახალისოდ და ზუსტი სახასიათო აქცენტებით აჩვენებს სასტუმროს ცხოვრებას, რომელიც ფერადოვანი ეპიზოდებით არის გადმოცემული. ემოციური თხრობა ჩანახატების სხვადასხვა სერიებში თუ კადრირებით არის განვითარებული, უფრო დიდი ფორმატის ფერწერულ, ან გრაფიკულ ნამუშევრებში ხშირად ერთიანდება მრავალფიგურიან, დატვირთულ კომპოზიციებში.

 „მე, გალაქტიკაში მოთამაშე ადამიანი“ ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, სადაც უამრავი რამ ხდება ერთად, თითქოს სხვადასხვა დროში რეალიზებული ცალკეული კონკრეტული ეპიზოდები ერთად იყრის თავს - პირადი ემოციები, შეხვედრები ადამიანებსა, თუ ბუნების სხვადასხვა გამოვლინებასთან, ცასთან, მცენარეებთან, პლანეტებთან, ერთდროულად არის წარმოდგენილი. ეკა მუხაძის ნამუშევრების სტრუქტურა ჰგავს ხელნაწერების მინიატურების თხრობის პრინციპს, სადაც უდიდესი ყურადღება ეთმობა დეტალებს და გულმოდგინე დაკვირვებას სულ ახალი აღმოჩენები მოსდევს. ფონი პირობითია და შევსებული მრავალი დეკორატიული მოტივით. ზოგჯერ ერთი შეხედვით ზღაპრის ილუსტრაციის ეფექტს მოჰყვება საკმაოდ მძაფრი ეგზისტენციალური განცდა პოეტურ სათაურთან ერთად - „ნუ შეეხები ჩემს წრეებს!“ - ისევ მრავალი დეტალით დატვირთულ ხალიჩისებრ ფონზე გამოკვეთილი პორტრეტი აქცენტირებული მზერით, უტრირებული თვალებით.

nakhati1

მზერა, გადიდებული თვალები არის განმსაზღვრელი ბევრ მრავალფიგურიან ნამუშევარში, ასევე, სილუეტები სხვადასხვა მოძრაობებში, -  ახლოდან, თუ დაშორებულ დისტანციაზე, სხვადასხვა რაკურსით. სილუეტების პლასტიკა ჰგავს ცეკვის მოძრაობებს, ჩნდება ასოციაციები ეგვიპტურ ხელოვნებასთან, სპარსულ მინიატურებთან. ერთ-ერთ ნამუშევართან დაკავშირებით, რომელიც დასათაურებულია როგორც „არარსებული სცენის არსებული დეკორაცია“, ავტორი ამბობს: -„ეს ზოგადად ჩემი თვალთახედვაა, - მუდამ  თან გვაქვს სამყარო უთვალავი ფერით, შესაძლებლობებით, თუმცა ვცხოვრობთ ამის საპირისპიროდ. თითქოს არ არის სამოქმედო დრო და ადგილი ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მოვლენებისთვის. დიონისე არეოპაგელის მიხედვით სწორედ უმოქმედობაა ბოროტება, მოქმედება კი სიკეთე. აღქმას მოჰყვება მოქმედების დრო, რაც მის სწორად შერჩევას გულისხმობს, ანუ სცენას. დანარჩენი კი დეტალებია, ზოგჯერ სცენის მიღმა დარჩენილი უადგილო, გამოუსადეგარი დეკორაციებივით.“

ექსპოზიცია „ქართული, ჯადოსნურის“ ერთ-ერთი აქცენტია მხატვრის „ავტოპორტრეტი ცალი თვალით“.

nakhati2

ეკა მუხაძის ნამუშევრებში ბევრი ავტოპორტრეტია, ზოგან ის პირობითია და რომელიმე ყოველდღიურ ისტორიაში მონაწილეობას გამოხატავს, იქნება ეს ბავშვებთან ურთიერთობა, ზღაპრების მოყოლა, თუ პეიზაჟების თვალიერება, ან გალაქტიკური თამაშების ილუსტრაცია. ფერწერული ავტოპორტრეტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული „ავტოპორტრეტი ცალი თვალით“, -  სიმბოლისტურ-სიურრეალისტური მხატვრობის ალუზიაა, ექსპრესიული პორტრეტი, რომელიც ეგზისტენციალურ ველს ეხება, ერთდროულად მოიცავს პერსონის ინდივიდუალურ მხარესაც და მის შემოქმედებით მიდგომებსაც: -„უამრავი ავტოპორტრეტი მაქვს დახატული. ჩემს თავს ხატვისას სრულიად უცხოდ აღვიქვამ. ამ დროს გაუცხოებას განვიცდი საკუთარ თავთან და ალბათ, ეს იდუმალებაც აქედან მოდის. ავტოპორტრეტი ცალი თვალით სრულიად ბუნებრივად გამოვიდა, ვაპირებდი დასრულებას და მეორე თვალის მიხატვას, რამდენჯერმე და მერე წავშალე. ნამუშევარმა თვითონ „აირჩია ეს ვერსია და მეც აღარ შევეწინააღმდეგე,“- ამბობს მხატვარი.

გალერეა იარტის სახასიათო სივრცეში, რომელიც ძველი თბილისის მოდერნისტული ინტერიერის სპეციფიკურ განწყობას ინარჩუნებს,  ორგანულ ნაწილად იქცა ჭერის პროექცია ეკა მუხაძის საავტორო პროექტის გამოსახულებით.

nakhati3

ეს არის ინკრუსტირებული ჭერის დიზაინი, შთაგონებული აღმოსავლური მოტივებითა და   ეკა მუხაძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონკრეტული სახლის მოტივებით. მას თავის დროზე  ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდა უკვე ავარიული ნაგებობის ე.წ. „ალმასის სასახლის“ გადარჩენისთვის. ეს შთამბეჭდავი სახლი თავისი აღმოსავლური მოტივებითა და ისტორიული ძეგლისთვის დამახასიათებელი იდუმალებით იქცა შთაგონების წყაროდ, სადაც ლეგენდები, ეგზოტიკური თემები, ქართული კალიგრაფია, ისტორიული მინიატურებით შთაგონებული გამოსახულებები დაუკავშირდა. თანამედროვე ცხოვრებას, მხატვრის ყოველდღიურობას. ზემოთ აღნიშნული ჭერის დიზაინიც ძველი მოხატულობის მოტივებზე შექმნილი თავისუფალი ინტერპრეტაციაა, რომელიც ასაწყობ მობილურ კონსტრუქციას წარმოადგენს და მისი  ერთ-ერთი რეალიზებული ვერსია თბილისის ერთი ცნობილი რესტორნის ინტერიერის დომინანტური ნაწილია. გამოფენაზე ეს პროექცია დიდწილად განსაზღვრავს მრავალფეროვანი ნამუშევრებით გამოწვეული ასოციაციებით სავსე ატმოსფეროს.

ეკა მუხაძის მხატვრული შემოქმედება - ფერწერა, გრაფიკა, ავეჯის დიზაინი, სცენოგრაფიული ჩანახატები ერთ დიდ დღიურს ჰგავს. მიმდინარე ცხოვრების დოკუმენტაცია ჩანახატების, პოეტური ჩანართების, მედიტაციური პაუზების უსასრულო რიგად არის წარმოდგენილი და ყოველდღიური რუტინის გაფერადებისკენ სწრაფვას გულისხმობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მოძრავი ტიხრების - შირმების მოხატულობა. ერთ-ერთი მათგანი ვეფხისტყაოსნის მოტივებზეა და ნესტან-დარეჯანის წერილის ფრაგმენტებით ქართული კალიგრაფიის საშუალებით გადმოცემულ საავტორო ხედვას აჩვენებს, რომლის ტექნიკურ მხარეს ავტორი ამგვარად აღწერს:  - „ნემსის წვერით ვტვიფრავ ქართულ ასოებს და ვქმნი რელიეფს სპეციალურად გამზადებული სათანადო კონსისტენციის მქონე საღებავით. ეს ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ ამის კეთება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

nakhati4

მხატვრის მხრიდან ეს ერთგვარი მიძღვნაა, ქართული კალიგრაფიისადმი გამოთქმული ოდა  - თითოეული ასო იუველირულად ნაძერწი ტექნიკით არის შესრულებული და ხელნაწერების, მინიატურების სტილის ასოციაციებით ისტორიულ ღირებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე დაფიქრებისკენ განაწყობს დამთვალიერებელს.

გამოფენის სათაური - „ქართული, ჯადოსნური“ ამგვარი ასოციაციების საფუძველზე გაჩნდა და როგორც მხატვარი ამბობს, ის ხშირად ფიქრობს ეროვნულ იდენტობაზე, სიტყვა „ქართულის“ შინაარსებზე, მასში არსებული კოდების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საუკეთესო განცდები ამ ცნებასთან არის დაკავშირებული, იქნება ეს ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილება თუ ისტორიულ ძეგლებთან შეხებისას გაჩენილი ემოციები. ეკა მუხაძის შირმების სერია მრავალფეროვანია და სხვადასხვა ეგზემპლარი ცალკეული კოლექციების გამორჩეული ექსპონატია. პირველივე ვერსიამ მოიპოვა პოპულარობა და დღეისთვის ყველა ცნობს „ეკა მუხაძის შირმას“.

nakhati5

მის დეკორატიულ ნამუშევრებს ნამდვილად აქვთ საავტორო ნიშანი -  უამრავი დეტალის, ორნამენტის, ფერის, ნარატიული ჩანართების გაერთიანება ავტორის ემოციური ჩართულობით ხდება, რაც საგრძნობია მის ყველა კომპოზიციაში, ყოველ უმნიშვნელო დეტალში. ეს ემოციური სიჭარბე განსაზღვრავს უსასრულო რაოდენობის სხვადასხვა ფორმატის ნამუშევრის ერთიანობას, მხატვრის სახასიათო ხედვას. როგორც მხატვარი განმარტავს -  „ვიპოვე ზღაპრული სახელი, რომელიც გამოხატავს აღტაცებას, განცვიფრებას -  ,ქართული, ჯადოსნური’! აქ ,ქართული‘ მხოლოდ ეროვნულს არ უკავშირდება, ის რაღაც აღმატებულს გამოხატავს და ეს ჩემი დამოკიდებულებაა ზოგადად ქართულის მიმართ, რაც ამოუხსნელია, თუმცა, დაფიქრებისას მნიშვნელობა შეიძლება დავინახოთ.“

ცალკეული ნამუშევრისათვის სახასიათო დეტალების სიმრავლე და დეკორატიული ეფექტი განსაზღვრავს ექსპოზიციის ხასიათსაც - გამოფენაზე თავმოყრილია ეკა მუხაძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, დეკორატიული პანოები, ფერადოვანი სანათები, მოხატული და ავეჯის დიზაინის ორიგინალური ვერსიები, პოეტური ფრაგმენტები, ვიდეო პროექციები. ექსპოზიციას აერთიანებს ზოგადი განწყობა, რომელიც ეფემერულ, ერთგვარად ჯადოსნურ გამოცდილებებს აღვიძებს, რაც შეიძლება ისეთ განცდას უკავშირდებოდეს, როგორიც არის საზიარო, ყველასთვის ახლობელი ასოციაცია მშობლიურზე, ისტორიულზე, ქვეყნისთვის სახასიათოზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა