ელექტრონული მუსიკის მოკრძალებული ნაბიჯები საქართველოში
თბილისში, იაკობ ნიკოლაძის 4 ნომერში მუსიკის მოყვარულები გეტყვიან, რომ აქაა მათი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი თბილისში - ვინილების მაღაზია Small Moves-ი აგურის კედლებით, სპეციფიკური, ბნელი განათებით და ელექტრონული მუსიკის დიდი არჩევანით, ძველი, მეორადი ფირფიტებით. აქვე მუშაობს ბარიც, ჩემს მასპინძელს, იკა ბერძენიშვილსაც იქ ვხვდები. ვინილ შოპი ალექს უშერენკოსთან ერთად მან შარშან გახსნა.
იკა და ალექსი ქართულ ელექტორნულ სცენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეები არიან. ნიუ იორკში მუშაობის შემდეგ დაახლოებით წელიწადზე მეტია, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. თუ ნიუ იორკში უამრავი ვინილ შოფია სადაც ათასობით ფირფიტა იყიდება, თბილისში, ჯერ ჯერობით, ვინილების მხოლოდ 2 მაღაზიაა. ერთი ფაბრიკაში, Vodkast Records და მეორე ახალი - Small Moves. თუმცა Small Moves-ის დამფუძნებლებს მიაჩნიათ რომ ეს 2 მაღაზია საკმარისი არ არის.
„18 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წავედი. იქ ხშირად დავდიოდი რექორდ-სთორებში. 6 წელიწადს ვცხოვრობდი ნიუ იორკში და ვუკრავდი. სულ მინდოდა, ფირფიტების მაღაზიაში მემუშავა“, - ამბობს იკა.
ეს სურვილი აიხდინა მას მერე, რაც თბილისში გადმოვიდა და ნახა, რომ ვინილების გამოწერა ძვირი ჯდებოდა. ალექსთან ერთად გადაწყვიტა მეორადი ვინილების მაღაზია გაეკეთებინა და ფირფიტები თვითონ ჩამოეტანა. ამ დროისთვის მაღაზია Small Moves-ში 1500 ზე მეტი ვინილია, მარაგი რამდენიმე თვის წინ ბერლინიდანაც შეავსეს.
მაღაზიაში შიდა მუსიკალური სესიები ყოველ შაბათს აქვთ. ჩემი სტუმრობის დროს, მაგალითად, ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი Generali Minerali უკრავდა. დიჯეის პულტი, ძველი, მეორადი ვინილების თაროებითაა გარშემორტყმული. მის წინ კი მსმენელები დგანან ლუდის ქილებით ხელში და ელექტრონული მუსიკის ხმას ჰყვებიან.
„გვინდა, გავმართოთ ხოლმე საუბრები მუსიკაზე, შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვისაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს“, - მიყვება იკა ბერძენიშვილი.
მაღაზიის მთავარი მყიდველები დიჯეები არიან, თუმცა არამხოლოდ. მუსიკალური ასორტიმენტი ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვისაა განსაზღვრული. ელექტრონული მუსიკა ჭარბობს, მაგრამ აქვთ ჰიპ-ჰოპი, არის ჯაზიც.
“ვმუშაობთ, რომ ეს მაღაზია არამარტო დიჯეებისთვის, არამედ კოლექტორებისთვისაც იყოს“, - ამბობს იკა.
ჩემთვის როგორც მუსიკის მოყვარულისთვის, ძალიან საინტერესეო პროცესია იმის ყურება, თუ როგორ ვითარდება თბილისში ელექტრონული მუსიკა და მისი თანმხლები კულტურა. თავად მუსიკოსებისთვისაც ხომ ცალკე რიტუალია, რეკორდ-შოპში სასურველ ფირფიტის ძიების პროცესი, რომელსაც მათ ენაზე digging ჰქვია.