გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერთი ჩვეულებრივი ამბავი

7 დღე. 22-28 მაისი. #16. 1992

ქვეყანაში, სადაც ძალადობა და სისასტიკე ყოველდღიურობად იქცა

ერთი ჩვეულებრივი ამბავი

შორენა ლებანიძე

 

ოს მებრძოლთა შეიარაღებულმა ჯგუფმა „კოლორადომ“, გროზნოდან თბილისში მომავალი ქართველები დააკავა და მათ გამოსასყიდლად საკმაოდ სოლიდური თანხა მოითხოვა.

ქართველები ოსურ სოფელ ფრისში აიყვანეს და გია (მეტსახელად გამათა) ტუაევს ჩააბარეს.

მეორე დღეს, ცხინვალიდან თბილისში, გელა ლანჩავას სახელზე, წერილი მოვიდა.

ტყვეები დახმარებას ითხოვდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა...

მას შემდეგ ორი თვე გავიდა. გამათას ტყვეებიდან ერთი გაუშვეს, მეორე გაიქცა, მესამე – ნესტან (ყავლაშვილი) გაბუნია, 27 აპრილს, გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

· ნესტან (ყავლაშვილი) გაბუნია. 25 წლის. დაამთავრა თბილისის მეორე ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, სამედიცინო ტექნიკუმი. მუშაობდა პოლიკლინიკაში, ექთნად. 1991 წელს ჩაირიცხა გროზნოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მოგვიანებით, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში აპირებდა გადმოსვლას. მარტის დასაწყისში, დედამ – ემა გაბუნიამ, ახლობლის, რეზო ფირცხალაიშვილის მანქანით, რამდენიმე დღით შინ წამოიყვანა.

გროზნოდან 3 მარტს დილის 11 საათზე გამოვიდნენ და გეზი ვლადიკავკაზისკენ აიღეს. დაბა ნაზრანთან გზა აებნათ, ცხინვალისკენ გადაუხვიეს და ქალაქ ალაგირში მოხვდნენ. კითხვა-კითხვით გაიარეს რამდენიმე კილომეტრი და პატარა გვირაბს მიუახლოვდნენ. გვირაბთან სატვირთო მანქანები შენიშნეს, რეზო მძღოლებს გამოელაპარაკა. ერთ-ერთი მათგანი გორელი ოსი აღმოჩნდა, ჩერმენ ჯიოევი. ჯიოევმა მეგზურობა შესთავაზა, დაარწმუნა, ყაზბეგის გზა გადაკეტილია, კეხეზე გადაგიყვანთ და დღის ბოლომდე გორში იქნებითო. გაჰყვნენ, გაიარეს კვაისა, როკის უღელტეხილი. ამასობაში დაბინდდა. აცივდა, თოვლი წამოვიდა. საბურავები სრიალებდა. ოსურ სოფელთან უნომრო ნივა წამოეწიათ. მეტი „უსაფრთხოებისთვის“ ქალები ნივაში გადასხეს.

საღამოს გორის ნაცვლად ცხინვალში ამოჰყვეს თავი. სამივე დაატყვევეს, ფრისში აიყვანეს და გამათას სახლის სარდაფში ჩაკეტეს.

პირველი მოლაპარაკება დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შედგა. მანამდე გორის მილიციის უფროსი – ემზარ საბანაძე და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელი – ნუგზარ ჟღენტი, ჩოჩიევს დაუკავშირდნენ. ჩოჩიევმა პირობა მისცა, ყველაფერს ვიღონებთ და პასუხს ორ დღეში გაცნობებთო, მაგრამ დათქმული ვადა ისე გავიდა, გამათას ტყვეების შესახებ არაფერი სმენიათ.

მალხაზ გაბუნია (ემა გაბუნიას ძმა): „თვითონვე მოგვაწვდინეს ხმა. აჩაბეთელი გოდერძი ბაბუცაძის ხელით წერილი გამოგვიგზავნეს და თამარაშენში დაგვიბარეს. თამარაშენში ცხინვალსა და ოსურ სოფლებზე გვერდის ავლით, ერედვიდან გადავედით. სახელდახელოდ გაკვალულ გზას ციცაბო ფერდობზე ავყევით.

თოვლი და ტალახი ერთმანეთში იყო აზელილი. ძლივს მივდიოდით. ქართველ მებრძოლებს ქალები და ბავშვები გადაჰყავდათ, სურსათი გადაჰქონდათ. ბავშვებს ტომრებზე ეძინათ. კაცები წამდაუწუმ წმენდნენ და ამოწმებდნენ იარაღს. გზას ერთ მხარეს ტყე ეკრა. აქედან ყოველ წუთს ელოდნენ ოსების თავდასხმას. ტყე განსაკუთრებით გაზაფხულზე ყოფილა საშიში, როცა ხეები შეიფოთლება და ჩასაფრებული ოსების შემჩნევა ჭირს. ისინი უმეტესად გამთენიისას ესხმიან თავს მძინარე ლტოლვილებს, იტაცებენ, რამდენსაც მოახერხებენ, ვისაც მოიხელთებენ. მერე კლავენ და მიცვალებულებში ცვლიან, ან გამოსასყიდს ითხოვენ.

წვალებით ჩავაღწიეთ თამარაშენში და ოს-ქართველ მისას, მეტსახელად „ციგანს“, შევხვდით. „ციგანმა“ ქართველების ზონაში შეგვიყვანა. შუაში ნეიტრალური ზონა იყო. 10-15 მეტრი სიგანის, გადაღმა – ოსების. ჩვენკენ ბეტეერი იდგა, იმათკენ – ბეტონის ბოძები. დიდხანს ვიცადეთ. ბოლოს სროლის ხმა მოისმა და ისინიც გამოჩნდნენ. თეთრი „ფიატი“, გაზ-24 მარკის მანქანა და სასწრაფო დახმარების მუქი ფერის „უაზი“ თავიანთ ზონაში შემოაბრუნეს და გაჩერდნენ, „ფიატიდან“ ორი დაბალი კაცი გადმოვიდა. ერთს მწვანე ქურთუკი ეცვა, მონღოლური, ყვითელი სახე ჰქონდა. მეორე მწითური იყო, წვერმოშვებული. ნელა მოდიოდნენ. ხელები მოემუშტათ. მანქანის გაღებული კარიდან ჩვენკენ დამიზნებული ტყვიამფრქვევი მოჩანდა. ქართველები დაძაბული იდგნენ. ჯიბეში „ლიმონკები“ ედოთ, ყოველი შემთხვევისათვის. ოსები ორიოდე ნაბიჟჯზე შეჩერდნენ და მაშინვე საქმეზე გადავიდნენ. დაიწყო ვაჭრობა, ნამდვილი ვაჭრობა. ჯერ 50 ავტომატი მოითხოვეს, მერე – 40, ბოლოს – 35. შევძრწუნდით. რეზო ფირცხალაიშვილის მეუღლემ, ლოლა სვანიძემ სთხოვა: „Переведите на деньги, переведите на деньги!“ გადაიანგარიშეს და... სამმილიონ-ნახევარი გამოვიდა. შვიდი დღის ვადა მოგვცეს და წავიდნენ“.

მალხაზ გაბუნიამ, მისმა მეუღლემ – ეთერ გალოგრემ, ლოლა სვანიძემ, ყველაფერი სცადეს, ყველა გზა მონახეს, ყველა ინსტანცია მოიარეს. 250 ათასი მანეთი შეაგროვეს და ბანკში ანგარიშის გახსნა ითხოვეს. უარი არ უთქვამთ, მაგრამ არც თანხმობა განუცხადებიათ. ზოგიერთმა შეიცხადა კიდეც: „როგორ, ამხელა თანხა ოსებს იმისათვის მივცეთ, რომ მერე იარაღი შეიძინონ და ჩვენი მებრძოლები ამოჟუჟონ?.. მოიცადეთ და სულ მალე ყველაფერი რიგზე იქნებაო“. მაგრამ დრო გადიოდა და საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანდა.

და აი, ერთხელაც, მალხაზ გაბუნიას ბინაში, სატელეფონო ზარი გაისმა. ემა რეკავდა თბილისიდან.

ემა გაბუნია: „მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით გამომიშვეს, რომ ორ დღეში გამოსასყიდს მივიტანდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფულს ვიშოვიდი. ქვეყანას მოვივლიდი, რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი და აუცილებლად ვიშოვიდი“.

ვერ იშოვა. 250 ათასი კი ოსებმა იცოტავეს. შემდეგ თითქოს დათანხმდნენ და შეხვედრა ერედვში, პირველი აპრილისთვის დათქვეს. სამწუხაროდ, მოლაპარაკების დაწყებამდე, ქართველების მხრიდან ვიღაცამ ისროლა. სროლას აყალ-მაყალი და ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ერედველები გამწარდნენ. გაბუნიებს და მათ თანმხლებთ შეუთვალეს, ახლავე გუდა-ნაბადი აიკარით და აქედან გადაიკარგეთო. რაღას იზამდნენ, წავიდნენ. შეხვედრა ჩაიშალა.

იმავე ღამეს, დაახლოებით 12 საათზე, ნესტანი წაიყვანეს. სად, არავინ იცის. რეზო მარტო დარჩა, ნაგვემი, ნაწამები, ოთხჯერ კედელთან მიყენებული, სასიკვდილოდ გამეტებული. ცემდნენ ყოველ დღე, ყოველ წუთს. ცემდნენ კონდახით, ჩექმებით, თავში, სახეში, ყურთან უცლიდნენ ავტომატის ჯერს. გაჰყავდათ მოსაკლავად. მერე გადაიფიქრებდნენ და ისევ სარდაფში ამწყვდევდნენ.

ერთხელ უცნობი ოსები მოვიდნენ. ეტყობოდათ, სხვა ბანდის წევრები იყვნენ. რეზოს თავი მოითხოვეს, ყელი უნდა გამოვჭრათო და ჩვენს მიცვალებულში გადავცვალოთო. გამათამ არ დაანება. ატყდა სროლა. მოსულები ჩახოცეს...

გავიდა დრო. გარეგნულად თითქოს არაფერი შეცვლილა. ისევ ურტყამდნენ, ისევ უპირებდნენ ოსების საფლავზე დაკვლას, ისევ აყენებდნენ კედელთან, რომ ავტომატის ჯერით სხეულის კონტურები შემოეხაზათ. „თავისუფალ დროს“ რეზო ხატავდა (ეს მისი პროფესიაა), თან კონდახებზე ინიციალებსა და პატარ-პატარა ფიგურებს ტვიფრავდა. ოსები ამბობდნენ, მაგას ფოტოგრაფის თვალი აქვს, არსად გავუშვათ, ყველას ამოგვიცნობსო... ასე გაიბა კონტაქტი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად. რეზომაც ისარგებლა და ერთ-ერთი ზედამხედველის დახმარებით გამოიპარა.

ეთერ გალოგრე: „რომ ვნახე, ვერ ვიცანი. რა ვუწოდო მის მდგომარეობას, არ ვიცი. ეს, ალბათ, ძლიერი ტრავმის შედეგად გამოწვეული ფიზიოლოგიური აფექტი, ხანმოკლე შეურაცხადობა იყო. თავჩაქინდრული იჯდა. ხან განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ხანაც გამუდმებით დუმდა. ერთხელ ფიქრებში ჩაიძირა. უნებურად აღმომხდა: „რატომ?“ იფეთქა. მივხვდი: სიტუაცია, რომელშიც რეზო აღმოჩნდა, სრულიად გამორიცხავდა სიტყვას „რატომ“. შეკითხვა უადგილო, ალოგიკური იყო და იგი არ უნდა დასმულიყო“.

ამასობაში ნესტანისაგან მესამე, უკანასკნელი წერილიც მოვიდა. კიდევ ერთხელ ჩავიდნენ გორში, დაუკავშირდნენ სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ თავმჯდომარეს, ადგილობრივ მებრძოლს – ალიკა ქურთაულს, რომელმაც ორი ოსი ქალი დააკავა და „კოლორადოს“ წევრებს ტყვეების გაცვლაზე შეუთანხმდა. ნესტანი ერთ კვირაში გამოიხსნეს, მაგრამ მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

27 აპრილს, საღამოს 7 საათზე, გონებადაკარგული, გორის საავადმყოფოში მოიყვანეს. დაუსვეს დიაგნოზი: ფილტვების ანთება, მწვავე სეფსისი, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ განუვითარდა. ამას დაემატა შიმშილობა. ნესტანი თითქმის ორი კვირის მანძილზე არც საჭმელ-სასმელს ეკარებოდა, არც წამალს. ორგანიზმი გამოიფიტა, ყოველგვარი იმუნიტეტი დაკარგა. დაეცა ტემპერატურა, წნევა, დაეწყო სისხლდენა და საავადმყოფოში მოყვანიდან ორიოდე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

დედამ ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. მამა ერთხელაც არ გამოჩენილა.

– მე არაფერი ვიცოდი და, საერთოდ, ნესტანი ჩემი შვილი არ ყოფილა, – მოკლედ მოჭრა შოთა ყავლაშვილმა და ყურმილი დაკიდა.

– არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ანდა, რა უნდა გვექნა, ერთი ტყვის გულისთვის ცხინვალში შევჭრილიყავით და ოსებისთვის ომი გამოგვეცხადებინა? – გაიკვირვა რომან გვენცაძემ.

– ნესტანი... ჰო, ჯერ, იცით, არაფერი გარკვეულა. პასუხი არ მიგვიღია... აა, გარდაიცვალა?.. ნესტანი, ნესტანი... არ მახსოვს. არაფერი ვიცი. აწამეს? არ მიკვირს. იქ უარესები ხდება, – თავი გადაიქნია ჯაბა იოსელიანმა.

– მოლაპარაკებაში მთავრობა მონაწილეობდა, ამიტომაც ჩვენ არ ჩავრეულვართ, – აგვიხსნეს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრებმა.

3 მარტს ცხინვალში მომხდარი ამბის შესწავლა ბ-ნმა ედუარდ შევარდნაძემ ბ-ნ ვახტანგ გოგუაძეს დაავალა. ბ-ნი ვახტანგი ბ-ნ რომან გვენცაძეს დაუკავშირდა. ბ-ნმა რომანმა ორჯერ დარეკა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან...

ახლა დამნაშავეს ეძებენ, მაგრამ ვინ არის იგი? მხოლოდ გამომძალველი, ტრაგედიის უშუალო მონაწილე, თუ თვითონ სიტუაცია, რომელმაც ნესტან (ყავლაშვილი) გაბუნიას გატაცების, შეურაცხყოფისა და წამებით სიკვდილის ამბავი სამაჩაბლოს ყოველდღიურობის ერთ, ლამის ჩვეულებრივ მაგალითად, პატარა შტრიხად აქცია? თუმცა, ისიც ხომ უდავოა, რომ ნესტანი მხოლოდ ძალადობის კი არა, განუკითხაობის, განურჩევლობისა და ადამიანური გულგრილობის მსხვერპლი გახდა.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა