ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფარიხან სოფიევა და პირველი რესპუბლიკა

ეს არის ინდიგოს სამნაწილიანი პოდკასტის პირველი ეპიზოდი, რომელსაც „სოფიევა და პირველი რესპუბლიკა“ დავარქვით

თ: ყარაჯალარში მსოფლიოში პირველი არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატის, ფარიხან, იგივე ფარი ხანუმ სოფიევას საფლავის სანახავად მივდივართ.  მასზე მწირი მონაცემები არსებობს. თუმცა, ვიცით, რომ ის ყარაჯალარში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. 1918 წელს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მშობლიურ რეგიონში კონკურენტები დაამარცხა და ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი გახდა.

„ე: ძაან ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, კაცივით იყო, სიტყვის ადამიანი იყო, თან ინიციატივებით გამოდიდა, მხარდაჭერით სარგებლობდა, ბევრ კარგს აკეთებდა“

სოფიევას პოლიტიკაში ჩართვა მნიშვნელოვანი პრეცენდენტია. განსაკუთრებით მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მსოფლიოსთვის, როდესაც ქალის არჩევნებში მონაწილეობა, მითუმეტეს მუსლიმი ქალისა, თითქმის წარმოუდგენელია. ის, რომ ასეთი მაგალითი არსებობდა საქართველოში - პირველი რესპუბლიკის თავისებურებებზე მეტყველებს.

თ: საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე სასაუბროდ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ მივდივარ, სადაც პირველი რესპუბლიკის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ვხვდები.

ირაკლი იმ რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც 1918 წელს, რუსეთისაგან  გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - ქვეყანას დაუდგა.

ი: „საზოგადოებამ საქართველოსი, მისმა წარმომადგენლებმა, საკმაოდ დიდი თამასა დადეს, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ რესპუბლიკას, ეს დიდი პრეტენზიაა, როცა წინ არ გაქვს არანაირი ინსტიტუციური გამოცდილება, სტრუქტურების მშენებლობის, ნულიდან იწყებ მოდერნიზაციას.“

თ: პირველი რესპუბლიკა იმითაა საინტერესო, რომ მისი დამფუძნებლები ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებენ.  ეს არის პროგრესული, დემოკრატიული სისტემა, სადაც სახელმწიფო ქვემოდან ზემოთ შენდება, სადაც თვითმმართველი თემი არის მთავარი ორგანო, სადაც გადამწყვეტი ქვეყნის მოქალაქეების: სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სრულფასოვანი წარმომადგენლობითობაა - როგორც თვითმმართველობებში, ასევე ცენტრალურ მთავრობაში. 

ი: „სისტემისთვის, არჩევნებისთვის და ხელისუფლებისთვის არანაირი გაგება არ არსებობდა, რომ ეთნიკურობას აქვს რაიმე მნიშვნელობა. და ვინმეს რაიმე უპირატესობა შეიძლება ქონდეს. მოქალაქე არის მოქალაქე.  რომ მაქსიმალურად ყველამ თავი უნდა იგრძნოს ერთობის ნაწილად, სადაც სრულფასოვნად არის დაცული ყველას ინტერესები“

თ: ასეთი მიდგომა აისახა როგორც თვითმმართველობების, ასევე ცენტრალურ დონეზეც. მაგალითად, დამფუძნებელი კრების არჩევნებზე, ყველაზე გავლენიანმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც ხმების უმრავლესობა მიიღო, სია ისე დააკომპლექტა, რომ დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში მოხვდა იმ დროს საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნების წარმომადგენელი.

რაც მთავარია, ეს პროცესი არის ბუნებრივი. მათ, ვინც აცხადებს პრეტენზიას, რომ საუბრობს რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის სახელით, ზურგს უნდა უმაგრებდეს შესაბამისი მადელეგირებელი მასა მოსახლეობისა, რომელიც მათი სახელით საუბრის უფლებას აძლევს.

ელნურ ალისოი - ალი ჰაიდარ კარაევის ისტორიას იხსენებს. კარაიევი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი იყო, მაგრამ მალე თავისი ნებით გადადგა.

ე: „თვითონ თქვა, რომ მე რადგან სახელმწიფო ენა არ ვიცი, ჩემი ფუნქციონირება არ იქნება სრულყოფილი, მე ვერ გამოვხატავ ჩემი თემის ინტერესებს, ვერ გავაკეთებ საქმესო.. და გადადგა“.

თ: საინტერესოა ისიც - პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ან თუნდაც მანამდე, რამდენად არსებობს მოქალაქეობრიობის განცდა და რამდენად ინტეგრირებულად გრძნობენ თავს ეთნიკური უმცირესობები.

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე,  ქვეყანაში სხვადასხვა ნაციონალისტური ძალები აქტიურდებიან. და როდესაც იწყება თვითმმართველობების სისტემის შენება - გამოდიან ინიციატივით,  თვითმმართველი ერთეულები  ნაციონალურ კონფიგურაციას მოარგონ. მაგალითად, იწყება საუბარი იმაზე, რომ ბორჩალო თბილისის გუბერნიას გამოეყოს. მაგრამ, ეს ინიციატივა ბორჩალოს მუსლიმი თემის პროტესტს იწვევს.

ირაკლი: „მე ბევრი პეტიცია მინახავს არქივში, სადაც წერენ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ თემთან არაფერი გვაკავშირებს, ჩვენ თბილისის გუბერნიასთან ვართ მიბმული და ახლა თქვენ აქ რომ საზღვარი გაავლოთ, წარმოუდგენელიაო“.

თ: მკვლევარი და ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანი თვლის, რომ პირველ რესპუბლიკაზე და იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად მყარი იყო საფუძველი ეროვნული ინტეგრაციისთვის - რომანტიზების გარეშეა მნიშვნელოვანი.

დ: „საუბარი იმაზე, რომ პირველ რესპუბლიკაში ყველაფერი იყო კარგად და იდეალურად, და ერთი-ორი ადამიანის წარმომადგენლობა ნიშნავდა ინტეგრაციას და ეს ასე გაგრძელდებოდა,  არ არის სწორი.. ისტორიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს..“

თ: მკვლევარისთვის საინტერესოა როგორ ხედავდა პოლიტიკური ელიტა სახელმწიფოს მომავალს,  მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა  და დისკურსის მრავალფეროვნება - როდესაც თითოეული პარტია საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად ცდილობს სოციალური პოლიტიკის თუ კანონმდებლობის მორგებას. მაგრამ თვლის, რომ 3 წელი არ არის საკმარისი დრო იმისათვის,  რომ ითქვას, რამდენად იმუშავებდა ეს დემოკრატიული იდენტობა მომავალში, რომ არა გასაბჭოება.

თ: ყარაჯალარაში თბილისიდან 20 წუთში ჩავედით. ფარი ხანუმის სასაფლაოც მალე ვიპოვეთ. 

თ: სოფიევების, იგივე სუფიების საგვარეულო სასაფლაო გზასთან ახლოსაა და ადვილი მისადგომია.

ე: „აქ არის ფარი ხანუმის საფლავი, არ ქონდათ შემოღობილი, მაგრამ რომ გაიგეს, რომ ეს არის პირველი მუსლიმი ქალი დემოკრატიულად არჩეული, მოაწესრიგეს და საფლავის ქვა დადეს აქ“


თ: საფლავის ქვაზე ფარი ხანუმის სურათია. ეს მისი ერთადერთი შემორჩენილი ფოტოა. „1918 წელს საქართველოში, თბილისის მაზრის თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი“ - ვკითხულობ შავი მარმარილოს ქვაზე.

ე: „ფარიხანუმის არსებობამ დაანგრია სტერეოტიპი, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები არიან არაცივილური, გაუნათლებელი, რომ არ მონაწილეობდნენ და არ მონაწილეობენ პოლიტიკაში.“

ელნური მიყვება როგორ ააშენა ფარი ხანუმმა მატარებლების სადგური ყარაჯალარში, ასევე, ადგილობრივი ობლებისთვის სკოლა, სადაც მათ ბაზისური განათლების მიღება შეეძლოთ.

გასაბჭოების შემდეგ დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი მიივიწყეს. მის ძმებს რეპრესიები შეეხოთ. ფარი ხანუმი კი 67 წლის ასაკში - გულის შეტევით გარდაიცვალა - როცა შეიტყო რომ მისი ძმისშვილი გადაასახლეს.

პირველმა რესპუბლიკამ სულ 3 წელი იარსება. გასაბჭოებამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

ავტორი: თიკო ნაჭყებია
ვიდეო: ელენე ასათიანი

ფოტო:

დიმიტრი ერმაკოვი. ბორჩალოელი ქალები.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 

ფარი ხანუმ სოფიევა
© საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია