ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩვენც გვინდა, გვეცვას Fendi, Versace, Prada

მოდელები:  მაგდა ბატიაშვილი, ნიკა არაკელოვი, დათუნა თურქია

თურმე პირველ მეორადებს, რომელიც არახალი ტანსაცმელია, და რომელსაც გრამატიკულად სწორად მეორეულს ეძახიან ფილოლოგები, თავიდან „მოდი მქექე“ რქმევია. იქ გხვდებოდა ნახმარი ტანსაცმლის გორა, რომელიც უნდა გექექა. თუ გაგიმართლებდა, შენი ზომისას იპოვიდი რამეს.

ჰუმანიტარული დახმარებით მოსული ფუთები და მეშოკები პანდორას ყუთივით იყო, რა ამოვიდოდა იქიდან, წინასწარ არავინ იცოდა. გვეცვა კომბოსტოებივით. ციოდა. დღესაც მივდივართ და ტანსაცმლის გორებში ვიქექებით. თან მოდაშია დიდი ზომის ტანსაცმელი, ამიტომ, არც კი ვიზომავთ, ისე ვყიდულობთ. სქესიც გამქრალია – პერანგს, რომელიც 50 თეთრი ღირს და რომელიც მოგვწონს, არავინ უსინჯავს ღილებს: მარჯვნივ აქვს თუ – მარცხნივ.

მეორადის ქალებმა უკვე კარგად იციან, რომ ბერლინში ადიდასები და ნაიკებია მოდაში და ყველაზე თვალსაჩინო ადგილას კიდებენ, კი იციან, რომ თვითონ არასდროს შეუხამებენ სპორტულ შარვალს ნაქსოვ ჯემპრს, არც შვილებს ურჩევენ ასე, მაგრამ ვიღაცები ასე აკეთებენ, რას გაუგებ ახალგაზრდებს. ონლაინ მეორადებს უკვე ვინტაჟი ჰქვია. სახლშიც მოგიტანენ, მიწოდების საფასური „თბილისის ცენტრის მასშტაბით“ – 3 ლარი.

ბოლო ხმაზე ვყვირით, რომ ლარად ვიყიდეთ პრადა.

ოტ კუტური – მაღალი მოდა უკვე მეორადების დახლებზეა. ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს. სასოწარკვეთილი Burberry, ალბათ, ისევ მოიგონებს გზებს, რომ კიდევ გააქროს ოცდაათი მილიონის ან უფრო მაღალი ღირებულების ტანსაცმელი მაღაზიებიდან. როგორც ეს 2018 წელს გააკეთა და მთელი პროდუქცია, რაც საკიდებზე დარჩა, დაწვა. ბარბერის კომერციული სტრატეგებისთვის დაუშვებელია, როდესმე, რომელიმე სეზონზე დავარდეს ბრენდის ფასი. მათ ჯერ არ იციან, რომ ამიერიდან ყოველთვის წააგებენ ამ ომს.

ტანსაცმლის რაოდენობა მსოფლიოში წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება. სწრაფი მოდაა ტანსაცმლის ჭარბი წარმოების მთავარი პრობლემა, ამტკიცებს ელენ მაკართურის ფონდი. ბოლო 15 წლის განმავლობაში ტანსაცმლის წარმოება მსოფლიოში ზუსტად ორჯერ გაიზარდა. თანაც, მხოლოდ ტანსაცმლის 1 პროცენტი გადამუშავდება.

თუმცა, „მაღალ საზოგადოებებში“ მეორადი ტანსაცმლის ყიდვა მაინც ეგზოტიკური სიღარიბის ფეტიში მგონია.

ამ დროს, მეორადების, სიღარიბის ესთეტიკა მაღალ მოდად იქცა.

სე ლა ვი.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა