ფესტივალი ერთ ეკრანზე - რას სთავაზობს ბათუმი კინომოყვარულებს?
ბათუმის „აპოლო“ დღეს საქართველოში ყველაზე ძველი მოქმედი კინოთეატრია. არტ-ნუვოს სტილში აგებული შენობის ისტორია 1911 წლიდან იწყება და იმ დროიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი. საბჭოთა პერიოდში „აპოლოსთან“ ერთად ბათუმში კიდევ ათამდე მუნიციპალური კინოთეატრი და კინოკლუბი მუშაობდა. თუმცა, 1990-იან წლებში ყველა მათგანი უფუნქციოდ დარჩა და დაზიანდა.
კინოჩვენებები შეწყდა „აპოლოშიც“. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის რესტავრაცია და მისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნება მხოლოდ 2011 წელს, კინოთეატრის 100 წლის იუბილეზე მოხერხდა.
დღეს „აპოლო“ ერთადერთი კინოთეატრია ბათუმში. ასსამოც ადგილიანი დარბაზი ეკრანით, ხმის სისტემითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოლფილებს. თუმცა, 155 ათასიანი ქალაქისთვის ეს საკმარისი მაინც არ არის. მით უმეტეს, როცა ეს ქალაქი უკვე მე-14 წელია საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომლის ჩატარებაც ერთი ეკრანის პირობებში მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
მაშინ, როცა ბათუმის კინოფესტივალს, მისი მდებარეობის, სეზონისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ნამდვილად აქვს პოტენციალი, შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცეს, მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ პერსპექტივას ძალიან ბუნდოვანს და არარეალურს ხდის. კინოთეატრში დღეში მხოლოდ ხუთი ან ექვსი სეანსის გაშვება ესწრება. შესაბამისად, პარალელური ჩვენებებისა და ფილმების გამეორების საშუალება არ არის.
ერთადერთი დამატებითი სივრცე, სადაც გვიან საღამოს ფილმის ნახვას შეძლებთ, ევროპის მოედანზე სპეციალურად ფესტივალისთვის დამონტაჟებული ეკრანია. განმეორებითი ჩვენებებისთვის და პარალელური სექციებისთვის ეს ადგილი არ არის ცუდი, მაგრამ ღამით მხოლოდ ორი ფილმის გაშვებაა შესაძლებელი. თანაც, ბათუმის არასატაბილური ამინდის გათვალისწინებით სეანსის ჩაშლის ალბათობაც დიდია.
ფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ ახალი სივრცეების მოძიებაზე მუდმივად ფიქრობენ, მაგრამ ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ერთ-ერთ ალტერნატივად სამომავლოდ თოჯინების თეატრის დარბაზი განიხილება, სადაც ახლახანს დამოტაჟდა ეკრანი. თუმცა, აქ ყველაფერი თეატრის სტანდარტებზეა მორგებული და მოხერხდება თუ არა მისი ფესტივალისთვის ადაპტირება, ჯერ უცნობია.
ერთი კინოდარბაზის არსებობა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფესტივალის მიღმაც ქმნის შეზღუდვებს. „აპოლო“ თბილისის კინოთეატრების ქსელს ეკუთვნის და დისტრიბუცია, გახმოვანება თუ სხვა ტექნიკური დეტალები სწორედ ერთიანი სისტემით რეგულირდება.
„ვინაიდან ერთდროულად რამდენიმე ფილმის გაშვება არ გამოდის, არჩევანიც და დროც უფრო შეზღუდული გვაქვს. მაგალითად, თუ თბილისში ფილმი 1 ან 2 თვე დგება ეკრანზე, ჩვენთან 1 ან მაქსიმუმ 2 კვირა გადის ხოლმე. მხოლოდ საბავშვო ფილმებს ვტოვებთ ცოტა დიდხანს, რადგან შედარებით იშვიათად გამოდის და ინტერესიც დიდია“. - ამბობს „აპოლოს“ მენეჯერი, ლევან ხუჯაძე.
ალტერნატიული სივრცის არარსებობის გამო აქ იშვიათად ნახავთ საფესტივალო ფილმებსაც. მაგალითად, თბილისისგან განსხვავებით „ აპოლოში“ ვერ მოხვდა ჯიმ ჯარმუშის „მკვდრები არ კვდებიან“, ჯუნ ჰო ბონგის „პარაზიტი“, ჰიროკადუ კორეედას „წვრილმანი მძარცველები“და ა.შ. თუმცა, გადიოდა ტარანტინოს და ალმოდოვარის ბოლო ნამუშევრები.
„ვცდილობთ, შედარებით მეინსტრიმული საავტორო ფილმები მაინც არ გამოვტოვოთ. მაგრამ ძირითადად მაინც გვიწევს ისეთი ფილმები დავაყენოთ, კინოთეტარს რომ შეინახავს.“- აღნიშნავს ლევან ხუჯაძე. მისი თქმით, კინოში მოსიარულე მაყურებელების, განსაკუთრებით ახალგაზრდების რიცხვი ბოლო წლებში სულ უფრო მატულობს და შესაბამისად, მოთხოვნაც მრავალფეროვანი ხდება. ერთკვირიანი სეანსები და შეზღუდული არჩევანი კი კინოთეატრს საშუალებას არ აძლევს, ყველა სეგმენტი მოიცვას და მაყურებელს ალტერნატივა შესთავაზოს.