ფილმები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნდა ნახოთ
„ზამა“
რეჟისორი: ლუკრეცია მარტელი
ლუკრეცია მარტელი ახალი არგენტინული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელია. ის მუდმივი ექსპერიმენტებით, თვითყოფადი სტილითა და კინემატოგრაფიული ხელწერით გამოირჩევა. პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „ჭაობი“ ლუკრეცია ექსპერიმენტირებს ფორმასთან, ქმნის მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილის სინთეზს. ფილმში „ქალი თავის გარეშე“ ლუკრეცია მუშაობს უახლესი კინომეტყველების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტთან, ფსიქიკურ სხეულთან, რითაც აღწევს მუდმივ სამაყურებლო დაძაბულობას. ფილმით „ზამა“ ლუკრეცია მარტელი კიდევ უფრო შორს მიდის. ერთი მხრივ, ის ქმნის კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელ, კოსტიუმირებულ, ფერადოვან, მუსიკალურად ჟღერად, პირობით სამყაროს, მეორე მხრივ, კი ამ სამყაროს უთავსებს არახაზოვან მონტაჟსა და ობიექტური კამერას. ეს სრულიად უნიკალურ ატმოსფეროს ბადებს, ამძაფრებს თანამონაწილეობის ხარისხსა და ეკრანულ მაგნიტიზმს.
10 წელი ტაილადში
რეჟისორები: აპიჩატპონგ ვერისეტაკული, ადიტია ასარატი, ვისიტ სასანატიენგი, ჩულაიარნონ სირიფოლი
აპიჩატპონგ ვერისეტაკული იმ უიშვიათესი კინემატოგრაფისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც სრულიად განყენებული და ფსიქოდელიური თხრობის მანერა გააჩნიათ. მისი ფილმების „საუკუნე და სინდრომები“, „ბიძია ბუმი“, თუ „მშვენიერების სასაფლაო“ ყურებისას ჩნდება განცდა, რომ სიუჟეტის თხრობა ფერხდება, კადრში დროის ქრონოლოგია ირღვევა, ფართოვდება. იქმნება ილუზია, რომ თითქოს მაყურებელი დროის ონლაინ რეჟიმში, პირდაპირი გზით ეხება ეკრანზე აღბეჭდილ ფიგურებსა და მათ ეგზისტენციას. ფოტოგრაფიული გამოსახულებისა და მისი ჰიპნოტური რითმის საშუალებით ვერისეტაკული გადმოსცემს მისთვის საყვარელი თემების, მეხსიერებისა და რეალობის ურთიერთობის პრობლემას. მის ფილმებში ერთმანეთს მუდმივად ანაცვლებენ სიზმრები, წარსულის, აწმყოსა, თუ მომავლის შეგრძნებებსა და განზომილებებს, შედეგად კი ვერისეტაკული გვიხატავს ამ განზომელებების მიჯნაზე მყოფი, სასოწარკვეთილი ადამიანების ხატებს...
„ჩვენი დრო“
რეჟისორი: კარლოს რეიგადასი
შემთხვევითი არ არის, რომ თანამედოვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კინემატოგრაფისტი, მექსიკელი კინორეჟისორი კარლოს რეიგადასი თავს კარლ თეოდორ დრეიერის, ანდრეი ტარკოვსკისა და რობერ ბრესონის მოსწავლედ აცხადებს. მისი ხელწერა თამამად შეიძლება ჩაითვალოს „ტრანსცედენტული სტილის“ გაგრძელებად 21-ე საუკუნის კინემატოგრაფში. ფილმები „იაპონია“, „ბრძოლა ზეცაში“, „უსიტყვო სინათლე“, „წყვდიადის შემდეგ სინათლეა“ აგებულია სუბიექტივიზმისა და ობიექტივიზმის თავისებურ სინთეზზე. ის ერთდროულად ახერხეხებს მიუახლოვდეს პრესონაჟს იმდენად ახლოს, რომ გრძნობდე მის სუნთქვას, განცდებს, უყურებდე სამყაროს პერსონაჟის თვალით და ამავდროულად შეინარჩუნო დისტანცია, როგორც ვუიარისტი უთვალთვალებდე მას და ამით განიცდიდე სიამოვნებას. კარლოს რეიგადასი თავის შემოქმედებაში მუდმივად ფოკუსირდება ოჯახზე და მარტოსული ადამიანების მიკრო კოსმოსზე, მათი ურთიერთობების ლპობასა და ემოციურ კრიზისზე. მისი ფილმების ყურებისას თითქოსდა შეუმჩნევლად ვეფლობით კაცობირობის მეხსიერებაში. ეკრანზე თვალს ვადევნებთ გაცოცხლებულ არქეტიპებს და ვგრძნობ რაღაც უხილავ, ტრანსცენდეტულ ძალას, მის მუდმივ სიახლოვესა და თანამონაწილეობას...
„ფავორიტი“
რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი
ახალი ბერძნული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენელმა, იორგოს ლანთიმოსმა კანის კინოფესტივალზე მაყურებლს სკანდალური ფილმებით „ეშვი“, „ლობსტერი“ და „წმინდა ირმის მკვლელობა“ დაამახსოვრა თავი. ლანთიმოსი ნამდვილი ექსპერიმენტატორია, ის შემოქმედებით მასალის, ფორმისა და სტილისადმი არასტანდარტული მიდგომით გამოირჩევა. ლანთიმოსი იმ უიშვიათესი ავტორთაგანია, რომელიც თავის ფილმებში არა რეალობის მიბაძვითა და აღბეჭდვით არის დაკავებული, არამედ პერსონალური, სრულიად უნიკალური და პირობითი სამყაროს შექმნით, რომელიც არავის და არაფერს არ ჰგავს. ის ყოველთვის ეხება პერსონაჟების ბნელ, შესაბამისად შემოქმედებისთვის ცოცხალ პატერნებს, მათ არაკონვენციურ მდგომარეობებს. ლანთიმოსის ფილმების ყურებისას მაყურებელი ვარდება უცნაურ, ფსიქოემოციურ განზომილებაში, სადაც ირონიითა და შარჟით, სევდითა და ნოსტალგიით მოწოდებულია ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების ინფლაცია და მისი ზნეობრივ მორალური დეგრადაცია...