ფილმები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნდა ნახოთ
წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, პროგრამაც სადღესასწაულო აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ის კინო, რომელიც მიყვარს, აქამდე უფრო ფართოდ არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი ფესტივალზე.
სამწუხაროდ, წელს კინოფესტივალს ვერ ვესწრები, მაგრამ შემოგთავაზებთ იმ ფილმების სიას, რომელთა ნახვაც უკვე მოვახერხე.
სახლში ვიყავი, მაგრამ… (I Was at Home, But...) – გერმანია, 2019
რეჟისორი: ანგელა შანელეკი
გერმანელი რეჟისორის, ანგელა შანელეკის ეს ფილმი გასული წლის ბერლინის კინოფესტივალზე ჩემი ფავორიტი იყო. ფილმი ფორმითა და ესთეტიკით თითქოს ჰანეკეს ადრეულ ნამუშევრებს ჰგავს, თავად სათაური კი აუცილებლად გაგახსენებთ ოზუს ფილმს – „I was born but”.
სკოლაში ჰამლეტის წარმოდგენისთვის მზადებით დაღლილი 13 წლის ბიჭი ერთკვირიანი გაუჩნარების შემდეგ სახლში ბრუნდება, რაც ოჯახის წევრების ფსიქიკურ აშლილობას კიდევ უფრო ამწვავებს. შანელეკი მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, მაგრამ ძალიან მკვეთრი ხერხებით აღწერს ოჯახურ დრამას და ერთი შეხედვით სამაგალითო დედის, მაგრამ გაბრაზებული, დეპრესიული და ნევროტიკი ქალის ფსიქიკურ მდგომარეობას.
მშვიდობით, ჩემო ბიჭო! (So Long, My Son) – ჩინეთი, 2019
რეჟისორი: Wang Xiaoshuai
ფილმში მოქმედება 70-იანი წლების ჩინეთში ვითარდება, იმ დროს, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი შვილის ყოლის პოლიტიკა ამოქმედდა. ამ პოლიტიკის მსხვერპლი ხდება წყვილი, რომელიც ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩუმ და უღიმღამო ცხოვრებას ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში აგრძელებს. ეს ოჯახური საგა სავსეა ტრაგედიით, ტკივილით, ღალატით და შერიგებით. ის, ასევე, ნათელი ილუსტრაციაა იმდროინდელი ჩინეთის სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის და მისი თანმდევი შედეგების.
ჩუმი სინათლე (Silent Light) – 2007
რეჟისორი: კარლოს რეიგადასი
იმ შემთხვევაში, თუ რეიგადასის ყველა ფილმის ნახვას ვერ მოახერხებთ, აუცილებლად ნახეთ „ჩუმი სინათლე“, ფორმით და შინაარსით სრულყოფილი და მედიტაციური რიტმის მქონე ნამუშევარი.
სადღაც მექსიკაში, ჰოლანდიურ მენონიტურ კომუნაში მრავალშვილიან ფერმერ იანსა და მარიანს შორის აკრძალული სიყვარული ვითარდება. ეს სიყვარულის სამკუთხედი აგონიის, ცრემლების და დიდი ტკივილის მიზეზი ხდება, მაგრამ მასში არაფერია ვულგარული. უფრო მეტიც, ეს არის ტკივილის ყველაზე მშვენიერი გამოვლინება, რაც კი შეგიძლიათ ნახოთ.
ვიტალინა ვარელა (Vitalina Varela) – Portugal/Cayman Islands, 2019
რეჟისორი: პედრუ კოშტა
ეს პორტუგალიელი რეჟისორი თავის ფილმებში საზღვრებს დოკუმენტურ და მხატვრულ კინოს შორის სრულიად შლის. ვერავინ ახერხებს მეხსიერების და გლოვის კვლევას ისე ღრმად და ზედმიწევნით, როგორც პედრუ კოშტა.
მის ბოლო ფილმში რეჟისორი თავის გმირებს ხუთი წლის შედეგ უბრუნდება. ისინი უკიდურესად ღარიბი ემიგრანტები არიან კეიპ ვარდედან და ლისაბონის გარეუბანში ცხოვრობენ. ვიტალინა ვარელა (მაყურებელს ის კოშტას წინა ფილმიდან Horse Money-დან ახსოვს), რომელიც თვითმფრინავის ბილეთს 25 წელზე მეტია ელოდება, ლისაბონში მისი ქრმის დასაფლავებიდან სამი დღის შემდეგ ჩადის.
„ღორი“ – საქართველო, 2019
რეჟისორი: გიგა ლიკლიკაძე
გიგა ლიკლიკაძის „ღორი“ სრულიად აბსურდული გატაცების ამბავს გვიყვება. ფილმი, რომელიც თავიდანვე ძალადობის სცენებით იწყება, მაყურებელში უსიამოვნო დაძაბულობას აჩენს. თუმცა, მალევე ნათელი ხდება, რომ ერთ ბედქვეშ მყოფ გამტაცებელებს და გატაცებულს არაფერი აქვთ გასაყოფი. მათი საერთო ჭერქვეშ ცხოვრება ერთგვარ მხიარულებას იძენს.
ცხოვრება იმედების და ოცნებების გარეშე, მდგომარეობის გამოუვალობა, სიბრაზე და სიღარიბე – ფილმი იმ რეალობაზე ჰყვება, რომელშიც ყველა ჩვენგანს უწევს ცხოვრება.