ფილმები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნდა ნახოთ
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაში მხოლოდ ხუთი ფილმის გამორჩევა ძალიან რთულია. ამიტომ, შევეცადე, სია იმ ფილმებისგან შემედგინა, რომლის ნახვაც უკვე მოვახერხე.
„ბალახი“
(კორეა, 2018) რეჟისორი: ჰონ სანსუ
ფილმი „ბალახი“ განსაკუთრებულად მინიმალისტური ნამუშევარია. მოქმედება კაფეში ხდება, კამერა კუთხეს თითქმის არ იცვლის და მხოლოდ ორი კადრი ენაცვლება ერთმანეთს.
ეს არის საუბრის ხელოვნების 66 წუთი სიყვარულზე, სიკვდილზე და ადამიანურ ბუნებაზე, რომელსაც კლასიკური მუსიკის ფონზე ვადევნებთ თვალს.
„პარიზული განათლება“
(საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი
ფილმში ფრანგი ინტელექტუალები დღე და ღამე ეწევიან, სექსი აქვთ, კაფეებში ან ერთმანეთის სახლებში სხედან და ხელოვნებასა და პოლიტიკაზე საუბრობენ. ასეთი ახალგაზრდები ბევრი გვინახავს გასული საუკუნის 60-70 წლების კინოში. მიუხედავად ამისა, „პარიზული განათლება“ სულაც არ არის ნოსტალგიური, პირიქით, ის საოცრად თანამედროვე და ამასთანავე, რეალისტური ფილმია.
ახალგაზრდების იმედების და იმედგაცრუებების გარდა, ფილმი ქალაქის ცხოვრებაზეც გვიყვება. ამ დროს მაყურებელი პარიზის ქუჩებში მოხეტიალე დაღლილ და გაბრაზებულ ახალგაზრდებთან ერთად ყველა პროცესის მონაწილე ხდება.
„დახლებს შორის“
(გერმანია/ავსტრია, 2018) რეჟისორი: ტომას შტუბერი
ფილმში მოქმედება გერმანიის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქის ჰიპერმარკეტში ვითარდება და თანამედროვე მუშათა კლასის ცხოვრებას აღწერს.
გერმანიის გაერთიანების შემდეგ შექმნილი რეალობა, რიგითი ადამიანების პრობლემები, გაუცხოვება, დაბნეულობა და იმედგაცრუება ფილმში დახლებს შორის განვითარებული სიყვარულის ისტორიის პარალელურადაა ნაჩვენები.
„დარტყმის ტალღები – ჩემი გონების დღიური“
(შვეიცარია, 2017) რეჟისორი: ურსულა მაიერი
ფილმი სულ 70 წუთს გრძელდება. ეს არის ამბავი ლიტერატურის მასწავლებელსა და მისი მოსწავლის ურთიერთობაზე, შთაგონებაზე, ლიტერატურის ძალაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე.
„ბედნიერი ლაზარე“
(იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018) რეჟისორი: ალიჩე რორვახერი
ფილმი წლევანდელ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა.
„ბედნიერი ლაზარე“ ჟანრების ჰიბრიდია: დროში მოგზაურობა, სოციალური დრამა, მაგიური რეალიზმი, რომელიც ამავდროულად, პოლიტიკური განაცხადია.
ფილმში ვხედავთ, რომ სოციალური და ეკონომიკური ექსპლოატაცია მუდმივია, მასზე გავლენას ვერც განსხვავებული გეოგრაფიული მოცემულობები და ვერც დროის სვლა ვერ ახდენს. ადამიანები ყველგან ამ რეალობის მსხვერპლი არიან. ბედნიერი ლაზარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ემოციური გამოცდილება იყო, რომელიც ეკრანიდან მიმიღია.