გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფიზიკალისტის ბიბლია

1.

შენ, შეჩემა, შეჩერების გეშინია,
თორემ თავსაც მოიკლავდი.
შეჩერების უგუნურ შიშს
რა დავარქვათ?
ალბათ  სტაზისო
ან სტაგნო ფობია.
იქნებ თვითონ მოგაგნო,
ეგებ შუბლზეც გაზისო,
არ ჩაკეტო, ნალი
არ მიარტყა ზედ კარს.
თავს აყუჩებს კეტონალი,
სიცოცხლისთვის სხვა მაქვს.
სიკვდილზე უკეთესს ვერაფერს გისურვებ,
მოკვდიზე უკეთესს ვერაფერს გირჩევ,
ვიდრე ახალგაზრდა ხარ,
თორემ მერე დაბერდები,
ეგეც დაგეზარება.
თუმცა თუ სწავლაა 
ბარემ სიბერემდეო,
რემდეო, რემდეო, რემდეო.
როგორც ვერ გაძღებიან
ფულით ქორვაჭრები,
ფანტაზიას გამოგჭამს პოლიტკორექტულობა.

 

2.

იტყოდნენ ხოლმე,
მწარეა, როგორც ქინაქინაო,
ასეთი იყო წამალი,
იგი, ცხელების
და გემო ციების.
ძველ კედელზე ახალია შპალერი,
შენი შერჩეულია,
შენი ხელით აცაბაცა გაკრულს
ამშვენებს ემოციები.
რომელსაც ერქვა ტაროსი
და ახლანდელი ამინდი
დღედაღამ მიმოქცევითი
გემოა ამ სამყაროსი.
თავისუფლება არის ქვიარი,
თავისუფლება იმას ჰქვია, რომ
ვინ რას შეიხვედრებს,
კამათლად თვითონ ყაროს ის.
მოირგებს ხოლმე ტყეც, უსიერი,
ბაღ-ვენახობის მყისიერ იერს.
ვიცით, ტურისტი თუ რის თითია,
ან მოიკაკვოს,
ან მიწამდე არ ასცდება დამოკლება
და მის თავზე, მასპინძელო, იყავი
მოსაწყვეტად ალესილი
მახვილი დამოკლესი.
შენ შენი თავის
ხარ ნატვრისთვალი
და სიკვდილის ხელისგულზე
დაგოგმანებ
თვითონაც ნატურისტალივით.

 

3.

ეს არის-მეთქი რაღაც, მაგრამ რა?
აი, თურმე რა ყოფილა
ჰომეროსის ილიადა!
ესაა კონტრაქტი, თანაც სანიმუშო, ხელშეკრულებაა
ჩიტირეკია მატერიკელებსა
და ბრძენ კუნძულელებს შორის,
ხეპრე მთიელებსა და მეტიჩარა ვაკელებს შორის,
ბრინჯაოს შემქმნელ სპილენძსა და კალას შორის,
მასპინძელსა და სტუმარს შორის,
წინაპრების შემხედვარე შთამომავლებს შორის,
ღვინოსა და თასს შორის,
ცეცხლსა და სამწვადეს შორის,
ზღვასა და ხმელეთს შორის,
წვიმასა და ქარს შორის,
დღესა და ღამეს შორის,
ქალებს შორის, კაცებს შორის, ქალებსა და კაცებს შორის,
ცოლსა და ქმარს შორის, მშობელსა და შვილს შორის,
დებს შორის, ძმებს შორის,
და-ძმას შორის, სეხნიებს შორის,
უფროსებსა და უმცროსებს შორის,
წინამძღოლებსა და მათ ადევნებულებს შორის,
ადამიანებს შორის, ღმერთებს შორის,
ადამიანებსა და ღმერთებს შორის,
მეტად და ნაკლებად გულადებს შორის,
მეგობრებს შორის, მტრებს შორის,
გვარებს შორის, ტომებს შორის, ხალხებს შორის,
ქალაქებს შორის, სოფლებს შორის, ქალაქსა და სოფელს შორის,
მდიდარსა და ღარიბს შორის,
ოფლიანსა და დაბანილს შორის,
ექიმსა და პაციენტს შორის,
ადამიანსა და ცხოველს შორის,
ცოცხლებსა და მკვდრებს შორის, რადგან მკვდრები მოითხოვენ
საკურთხის გადახდას, საფლავის გამართვას, სისხლის აღებას და გახსენებას,
ხოლო ცოცხლები ივალებენ ყველაფერ ამას.
პოეტს ევალება ხელშეკრულების შედგენა
ანუ კონტრაქტის დაწვრილებით შეთხზვა.
მაგრამ პოეტის მიერ შეთხზულის
ყურით მოსმენა ანდა თვალით წაკითხვა,
არა ლექსად და ყასიდად, არამედ მასზე გულით დათანხმებას
და სხარტად ხელმოწერას უნდა ნიშნავდეს.
ხედავ, როგორ შემოგიტყუე, თურმე რა გიქნია?!
უკანდასახევი გზა მოჭრილია.
პოეტი აქილევსია,
რომელსაც არ ბოჭავს ევრიკაფობია
და, რომლის გემებსაც მკითხველი ჰექტორის ცეცხლი მაინც მისწვდა
და ყველა მათგანი დაიწვა ნაპირზე.
პოეზიის თხზვა კი ხელშეკრულების განახლებაა.


4.

არ ათქმევინა უარი, არ აუარა;
არც აუქცია გვერდი, არ აუარა;
აუარება აურია,
არ ივიწყებდა არც ერთს და
არ ათქმევინა გულდაწყვეტილს 
„აქ კი ნუ მტოვებ, აუ, არა!“.
ასე ექცევა პოეტი სიტყვებს,
როგორც ექცევა სიკვდილი ხალხს.
 კი, ვწერ ხოლმე;
რატომ ვწერ?
ბარემ ბრმის მერე რაღა დარჩა დაუწერელი,
რა  დასაწერი?
ვწერ, რომ კითხვაში გავიწაფო;
შენ მეუბნები, ნუ აგვიანებ, ნუ იტკეპნებიო
და ნუ აჯანჯლებ, მითხარი დროზე,
რამე გარკვევით მითხარი ამ გაურკვეველ დროზე!
რას იზამ, მოკრძალებულიც კი,
თარგმანი ჩრდილია, თარგმნილზე დაცემული.
და რასაც დაწერ, მოისროლე შუბივით
მკითხველის მანძილზე,
იქნებ მისწვდეს და დაესოს,
გამსჭვალოს შუბლით კეფამდე,
როგორც გონების ბლიცკრიგი,
როგორც შეთხზული ლურსმანი 
სასცენოდ წიგნში მოგონილ იესოს.
ასე თუ გადარჩები, თორემ
შუბად ნასროლი ბუმერანგად დაგიბრუნდება.
მკითხველი პოეტს ამისთვის უნდა,
რომ გადაუდგეს მის ნახელავს და შეაჩეროს,
გაინაწილოს მაინც,
შუბოსანს რომ არ მოუტრიალდეს.
 კიდევ რა დამრჩა?
ჰო, დრო, დრო.
ერთ რამეს გეტყვი,
დრო თვითონ არაფერია.
არის სივრცე და არის გონება.
ერთნი ამბობენ,
გონებამ სივრცესთან ხელშეკრულება დადო
და გააფორმა კონტრაქტი,
რომელსაც ჩვენში დრო ეწოდება, ხანი ან ჟამი.
მეორენი კი იმას ამბობენ,
რომ არა თვითონ ხელშეკრულებას
ჰქვია დრო,
არამედ მასში რომ ერთი მუხლია,
რომელიც ხელშეკრულების
დარღვევისთვის ითვალისწინებს
სასჯელ ჯარიმას,
აი, სწორედ ის ჯარიმა არის დრო.
და რადგან დროში,
მხოლოდ დროში ხვდებიან ერთმანეთს
ჩვენი გონება და მთელი სივრცე,
რომელშიც საეჭვოდ მერყევ ღუზებად
ჩაშვებული გვაქვს ჩვენი სხეულები,
არავინ იცის,
თუ რომელია დამნაშავე,
რომელი ისჯება დროით,
სივრცე თუ ადამიანი;
თუ, იქნებ, ორივე ერთად?
იყოს ჯარიმა, იყოს ბეგარა, ემბარგო.
ამბად ივარგოს და!

 

5.

დავები დავებით
და შევრჩი შეკამათებას.
თემად ავიღებ მე თამადობას.
პირმოკალული თუ არ შეიმჩნევს
ცეცხლივით სიტყვებს,
ვიდრე გამოსცდებიან
ისინი სასას
ჩრდილებისასას.
თუმცა ნათქვამ-ნაწერი
თვითონ სიტყვები იკვრება ჩრდილად,
რომელიც ეცემა
წმინდად გამჭვირვალე უხილავ ენას,
რომელზეც მხოლოდ ისინი მოჩანს,
როგორც მაგიდის ზურგზე 
საქეიფო ჭიქა-საინები.
თვალი ჭამს და ყური სვამსო,
და ზოგჯერ, ეგებ, კიდეც გაიგებოდეს.
რა სხვა, რის სხვა,
იგივეა რისხვა!
შმაგ მაგელანის სრუტეში
ცივია ტალღა, ტაროსი.
ვიღაცამ მდევრების დევნა
და მჯობნის ჯობნა აიკვიატა.
გემბანიდან გარიყულ აბა,
ადამიანებს
წვავს ყინულის ტოროსი.
არ მეძებო, დაგირიგდე,
ვარ ჩრდილების ყულაბა.
ვიღაც დათვია, ვიღაც ბელია,
ნებისმიერი ვინმე და რამე
მით უკეთესია,
რაც უფრო ადვილი
მოსაშორებელია.
სიცოცხლეს გაუმარჯოს,
საუკეთესოს!

 

6.

და მე თუ მითქვამს
„რამე დამითმე“,
მოგჩვენებია,
სხვებში გერევი უცხო გერივით.
მოკლედ ნათქვამი „ვარ“
რასაც ამბობს და აყალიბებს,
თვითონვე აკეთებს იმას,
და ის უდავოდ უეჭველია,
თუნდაც მის გარდა
მთელი ქვეყანა
იყოს სარბიელი ყალბების,
ხოლო რბილად დაბრეცილი სივრცე
მკვდარი დროის
ომბალოსფერ ნეშომპალად იწვეს
ნატიფ უფსკრულებს შორის.
ყოველთვის სიმართლეს ამბობს
„ვარ“,
და ყველგან ტყუის
„არ ვარ“.
სადაც ზღურბლია ძევსის,
გავსხიპე ტოტი თქმის,
აწვდილ ხელში ძევს ის,
რომ ხიფათი დავაფეთო თითქმის.

 

7.

რომ იივნისა,
ვინ იივლისა?
ნაკაწრებზე მოხტუნავე
ნემსი ივლის ღერძამდე
ფირფიტაზე ვინილის.
დროს ასლოკინებს,
ლოკოკინას,
დასასრულის პირისპირ
სპირალურ ლოგინში.
ვინ გამოდევნის,
დრო თუ მარყუჟებში
შეიყუჟება.
აქ კი ქარის მატულობს
ძალა ქარიზმატული
და უცნაურ ქვეყანაში
რაინდადაც აკურთხეს
ცისარტყელას მოშიში
ჩლიფინა მუტელი,
თუმცა რაინდობას
გაჩუმ-გარინდების
ნიჭი ისე სჭირდება,
როგორც სიმები – ჩონგურს
ან ბადმინტონის ჩოგანს.

 

8.

თავს გავიმეტებ სამეეზოვედ,
ვითომ ვიყო მათიანი,
სიბნელეს რომ ცოცხით მკიდნენ,
აქანდაზით ლეწავდნენ,
თვითონ კი იყვნენ
ნამდვილ ღამეში
ჩამბალი ბოღლიწო,
ვიყო იმ იეზიდების.
საგვიანო შუქის
იშმუშნება ქიშმიში,
თავს კი მიეზიდები.
შეურჩიე დრო თუ არ, დრო თუ არ,
ვერ გადაჭრი ქუჩას,
ვერ მიაღწევ ტროტუარს.
ბურთი და მოედანი
მაინც ამათ დარჩებათ,
ტრივიალურ ველურებს.
თუ მეკითხები:
„მაინც რატომ ხარ გაკვირვებული,
ასეთი აქ რა ნახე?“
გპასუხობ, რომ წავაწყდი
ზაფხულის ფიროსმანს,
თოვლიც გავუკვალე კრანახებს!

 

9.

შეხვედრის ამბავს მოგიყვება მეტი ორი ან.
და ცალი მაცნე, ქუსლიდან ქოშივით
რომ მოისროლა ცამ, მეტეორია.
ბნელი ვარსკვლავის ხელზე
მოანგარიშე ხარ აბაკუსი,
რაოდენობას თუ არ მიენდე,
არ დაგიცავს შენ ბაკანი აბა, კუსი.
სივრცის ჭრილობიდან
დრო გამოდენილი
ჰეფესტოსის ნაოსტატარმა
ფარმა გალოკა.
შორიდან მოვლა როცა მოგბეზრდება,
იპოვი მრჩეველს, არ დაიზარებს
და მოკლე გზებსაც მიგასწავლის,
გამოგადგება იგი უებარ
ფარმაკოლოგად.
იგი დამიგებს  რომელმაც ვიცი,
სულ რომ არ მაქო  ლოგინს.
მისგანაც დაწუნებული
მაინც უზადოდ მეც გავზავდები.
მანამდე კი აქ ჩამოვყრი,
რომ არ ქრება, ქვებს,
გადავითვლი, გამოვაკლებ, შევკრებ.

 

10.

როგორ და საიდან აიტან,
გაგიძნელდება ამის ატანა,
რომ შემოკლებით
ან დავიწყების უვიცობით
ან მოფერებით გადაერქვა
შოთა შაითანს.
არაბულითა ენითა
კი შაითანი ჰქვია სატანას.
შაითან რუსთველი 
ამ მეტსახელ-თახალუსით იცნობდნენ
ობოლ მელექსეს,
რომელიც ტომით, ვგონებ, რომ იყო ქურთი,
ურთიერთობით და წარმოშობით რუსთავიდან,
მოიეზიდო თანაც.
მელექსეობის გარდა
იგი მშვილდოსნად მსახურობდა.
ხოლო მშვილდოსანს უნდა რქმეოდა ქამანდარი,
რადგან ქამანი მომცრო მშვილდს ერქვა
(ნახსენებია აბდულმესიანში).
ამიტომ თუ იტყოდა
დასაწყისში გრძელი ლექსის:
„მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ქამანდარი“.
ვიცი, ძნელია ქართველისთვის იმის ატანა,
ქრისტიანების ახალი აღთქმის,
ებრაელების ძველი აღთქმის და
მუსლიმებისაც ყურანის
სამაგიერო ქართული წიგნის
კალმით დამწერი
რომ აწყვეტილი
შოთა-შაითან-სატანაა,
მშვილდოსანი ჯარისკაცი
რუსთავიდან,
ქურთი თანაც,
თუნდაც მხოლოდ ნახევრად.
რას ან იზამ,
ნიზამი განჯელის მამა
და შაითან რუსთველის მამა
თუ მაზლები იყვნენ,
თვითონ კი იგი
იყო გადაკარგულიც,
წასული სადმე საიდან?

 

11.

ფიზიკალისტის ბიბლია

ნელთბილი სურგუჩის ბურთი ერთობა,
დაგორავს ჭაბუკი ვარსკვლავის გარშემო
და მას მოელის საოცარი ურთიერთობა.
როცა შორეული და გოლიათი ერთი ვარსკვლავი
სიბერისაგან აფეთქდება,
მისი აფეთქების სფერული ტალღა
ელვის უსწრაფესად გაფართოვდება,
მისწვდება უშორეს კუთხე-კუნჭულებს,
გზად შეეხლება სურგუჩის ბურთს და
იქ აღმოჩნდება,
რომ ტალღას ქაფით მოაქვს ბეჭედი,
რომლის უნებლიე ანაბეჭდი რჩება ბურთის დამყოლ ზურგზე,
როგორც ნოყიერ ნიადაგში ჩაგდებული ჯანსაღი თესლი.
სურგუჩის ბურთი ბრუნვას განაგრძობს, გაგრილდება
და შემოინახავს იღბლიან ანაბეჭდს,
სარბიელს მისცემს,
მისცემს ასპარეზს მას თავის თავთან საასპარეზოდ.
ხანი გამოხდება და აღმოჩნდება,
რომ დედამიწა
სიკვდილ-სიცოცხლით დალუქულია.
თუმცა, მანამდე, იმ აფეთქებული
გოლიათი ვარსკვლავის შიდა ეზო
ჩაიქცევა თავის თავში
და ჩაბნელდება უკუნეთამდე,
რომელშიც გაქრება დრო და სივრცე.
მაგრამ სადაც წყდება დროც და სივრცეც,
სწორედ იქ იწყება გრძნობა, გრძნეული,
რომელსაც, ადრე თუ გვიან,
უნებური სირთულით დაიმსახურებს
ანაბეჭდის შთამომავალი:
აქ აქაური არსების სხეული
და იქ იქაური გრძნობა
ერთმანეთით აღიჭურვება.
ხდება ზოგი ჩვენგანი
ორივეგან ვეგანი.

 

12.

გზას ვიკაფავდი, როგორც ალყიდან,
კი, მაზატეკიც ვყოფილვარ,
მძიმე მემჩატა მაჩეტე.

შუშის პირს ბლანდავს ღამის პეპელა.
თუ ეჩვენება თავისუფლება,
ამიტაცია იმიტაცია.

 

13.

და საიქიოს
ანტენებია,
რომ სააქაოს
გამეტებით ეტენებიან.
მათ შორის ჩვენსას ახლავს თაობას
უსათუოდ ოცთითაობა.
რადგან ბაძავს კი,
თურმე, ხარი ხარს,
აფრას დაიჭერს ხარიხა.
ქარი ზღვებს მოაკრამიტებს,
დრომ იარლიყი მოაკრა მითებს.
კი ნუ შეიცხადებ, რომ სტიკერებით,
არა უმეტეს, შეჩვევის მოდგმავ, აქ იკერები;
რომ მთელი საქმე დაბმის ამბავია
და ამ ამბავმა, გაგეგონება,
დაახარისხა ართანაც
კის და დიახთან
არას, არა ხარის
ჯერ ისევ ხართან,
სხვაც, ხარის ხართან
დასაბმელად ათასნაირი
თოკ-ბაწარი, თუმცა კანაფის
ან ლექსების თხზვა ცალკეც გადადო.

 

14.

ზღვა საზღვარს ნიშნავს
ვისთვის, ვისთვის?
მისთვის, მისთვის,
ვისიც სახლი და ხმელეთი
ყოველმხრივ ზღვითაა შემორაგული.
თუ ზღვაა საზღვარი შენთვის,
კუნძულელი ყოფილხარ
წარმომავლობით მაინც.
თუ კუნძულიდან გამოგაძევა
ზღვით მოცურებულმა უცხოტომელმა,
რომლის სახელი აღარც კი გახსოვს,
ასეთ დამდაღველ უიღბლობას
სხვას ვის მიაწერ, რას დააბრალებ
თუ არა ზღვას და ისევ ზღვას.
ზღვა მისთვის ნიშნავს
სიქაგამძვრალის
გადახვეწას
სამშობლოდან
ცხრამთასიქეთში;
ზღვა ნიშნავს საზღვარს 
რომელმაც უმუხთლა, უმტრო 
ვინმე ლტოლვილი კუნძულელისთვის!
და აღმოჩნდება, რომ სარდინია არის არიან-ქართლი.

 

15.

ისტორიაში შორეული წინაპრების ძებნა
იგივეა, რაც იქნებოდა გამოუცდელი ზღვაოსნისთვის
ზღვებში გაფანტული კუნძულების დევნა,
მით უმეტეს, თუ მათი კვალი, იმ წინაპრების,
მართლა ზღვებშია საძიებელი
ნამდვილ კუნძულებზე,
და ისტორიის ტერიტორია
მეტაფორის რუკას ემთხვევა.
აქ ართულებენ, საქართველოში
ყველაფერს, თორემ...
ამ ქვეყანაში მოიძებნება ორი სოფელი, ორი ნორიო,
და უცნაური ამ სახელის წარმოშობა უცნობია, გაუგებარი,
სავარაუდოდ ძველთაძველია,
როგორც ტოპონიმებს სჩვევია.
იქ კი, იმ კუნძულზე, ხმელთაშუაზღვის
სარდინიაზე დგას ქვით ნაგები ნურაგები,
ბრინჯაოს ხანიდან შემორჩენილი
უცნაური კოშკები.
მათ ეწოდება ნურაგები
და მათთან მტკნარ წყალს
თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ.
გაგახსენდება ალბათ უჩემოდ,
რომ „უმოწყალო“ დღემდე უღმერთოს
ნიშნავს ქართულში.
ვარაუდობენ, რომ ამ სახელ ნურაგეში
უნდა ერიოს „ნურ“,
სავარაუდოდ, ქვის აღმნიშვნელი სიტყვა
მათი წინაპრების დაკარგულ ენაზე.
ზღვის ზღვრად დასახვა
და ზღვის ღალატის შიში,
თანაც ზიზღნარევი,
უნდა მეტყველებდეს ჯერ ზღვით შემოსაზღვრული,
შემდეგ კი ზღვის ყაჩაღების მიერ წართმეული
სამშობლოს ხსოვნაზე,
რომელიც აქამდე მოუტანია,
ვინ იცის, ბრინჯაოს ხანის ლტოლვილ სარდინიელს
და ორგან ქვასავით დაუგდია,
სულ მცირე, ორი „ნორიო“.
ქვით ნაგები ნორაგების კვალიც გარშემო მოსაძებნია.
თითქმის იქვე, ხმელთაშუა ზღვაში,
ესპანეთის კუნძულია  მალიორკა,
და იქაური ზღაპრები იწყება ასეთი სიტყვებით:
„Aixo era yno era 
ეს იყო და არ იყო“,
ქართული ხალხური ზღაპრების
შესავალიც ხომ ასეთივეა:
„იყო და არა იყო რა“?
ჩანს, კუნძულებიდან იძულებით
მოსულების სულები
ამ ქვეყანაში დღემდე მძიმედ ბორგავენ.
ან სადღა წავიდოდნენ?
ირგვლივ, ხომ ხედავ, ღალატის ზღვაა,
აღარც არსებობს, ისე შორსაა მატერიკი.
მშობლიური კუნძულების სამაგიეროდ,
არ შეგვარჩინა ისტორიამ მეტი რაკი,
ჩვენ ჩადგმული გვაქვს ქეიფის სუფრა,
რომელსაც მთელი სამყაროსაკენ
ზურგშექცეული ვუზივარ თქვენ შორის,
მეც, მოხუცი, არხეინი ხეიბარი.
სუფრის ნავი გაცურდება გოგმანით,
იალქნიან ტალღას მოგაგონებდეს.
მოგეხსენება, მეტაფორას ორი ხელი აქვს,
ორი მნიშვნელობა 
გადატანითი და პირდაპირი.
როცა ტაშს უკრავს მეტაფორა ამ ორი ხელით
და იმ ტაშის ხმა
ჩვენს ყურსაც აღწევს,
ისტორია ქუხსო, ვამბობთ.

 

16.

ძალა ნახეო ნახელავების,
ხელი რა მოსატანია
ტანიანად თავის.
დედა უფალი,
დედოფალა,
წყალქალბატონი
ბაღს ურწყავს
გრძნეულ მედეას,
მშრალსა და ტენიანს.
ის კი მსხვერპლად
მამაკაცებს შორის
უახლოესს სწირავს.
მსხვერპლს ანაწევრებს
და ნაწილ-ნაწილ ისე მიართმევს,
ზღვაში მდევარს ვითომ ლუკმად უგდებდეს,
ან რომ კვებავდეს ხმელეთის
ოთხივე, გვალვიან,
კუთხეს.
ხანი გამოხდა მოგვიანობის,
მოგვიანებით
მედეას ნაქონი
ქალის კაბა გადაიცვა
ქრისტიანობამ
და ღვინით მთვრალებს
შემოეპარა,
და შემპარავად
სატრაბახო
მასაც ეს ჰქონდა:
უძვირფასესი ძე კაცისა
მსხვერპლად გავიღე,
ისიც ხელ-ფეხში დაჭრილი,
და კვირა დილით
ვხრავ მე მის ხორცს და
ვსვლეპო სისხლს;
ჰქვია კი ამას
ასე უმანკოდ  ევქარისტია,
მადლიერება, მხოლოდ რომელიც
მოეთხოვება ქრისტიანს;
ასე ყველაფერი
იქნებაო ისევ ძველებურად.
ეს კი ჯადოსნური სიტყვაა, მაგრამ რაღა იქნება,
მედეას ბაღებიდან თუ მიიმალა
ზოგი სოკო და მცენარე.
მათ შორის იყო
ერთი, ჰაომა,
მისმა ძალამ კი
კაცი ღმერთებთან მაომა.

 

17.

მკრთალსახიანი, წითურთმიანიც
დაგნი ჰელანის წევს ავი გვამი,
როგორც იკაროსი  ფსკერზე.
მეტი დარდი კი არა აქვს,
და თბილისმაც
სულ გლოვის დადგა ვიგვამი.
დაგმე დაგმობით ან ამრეზილმა,
გინდაც უკმიე ცმუკვით გუნდრუკი,
რა შეიცვლება, თუ ისტორია
ავადმყოფობის ანამნეზია.
ძილში ნანახ-ნაცხოვრები
ხომ სიზმარი სიზმარია,
გაღვიძებულის ცხადიც სიზმარია,
ოღონდ გუნდურია კი.
მთელი ჩვენი ბავშვობა
ამ ჯგუფური, უფრო დამჯგუფებელი,
სიზმრის დასწავლამ,
მასში გაწაფვამ და წვრთნამ წაიღო,
რომ ძვალ-რბილში გაგვჯდომოდა.
ორი სიზმრიდან გამოფხიზლების
ერთი გზა ვიცი,
რომელსაც დაგნი გაუყენეს,
ნებით კი არ დაადგა.
დროის ალმა კი დაფერფლოს,
გვამიც არ დაიტოვება,
სალმად სიტყვა მიუგორე.
გაურკვევლობის ლაბირინთში
აღარც კუნძულელი ევროპელი ხარ,
არც რიკტაფელას მოთამაშე მატერიკელი
და აზიელი ვინმე უიგური.
მწვერვალებიან მთებთან ცხოვრებას
კუნძულებიდან წამოსულები ამჯობინებენ,
ხოლო მთაგრეხილ ქედს თავს ის აფარებს,
მშობლიური დიდი მდინარის
ცაში ანარეკლს ვინც დაეძებდა
და აქ მიაგნო.

 

18.

ღამე ქედმაღლობს,
ეტლებით ტროას უტევს.
მეც მადევს ტვირთად,
მახასიათებს მეც ქედმაღლობა,
ხეიბრის ჰუბრისი,
რისიც უბირი მოწმეა,
მე აქ რომელიც მემაგიდება,
და ჩემმა ხელმაც ზედ რომ მიაქრო,
ის ვარსკვლავები იფანტებიან ღამის გიდებად.
იქ კოსმოსია,
მას უამრავი ეტლი ეპატია,
აქ შეთხზულია, ამასობაში,
ტელეპათია.
რა დასტურდება, თუკი გაირკვა,
რომ რომელიმე
ჩვენგანი მაინც
ტელეპათია?
ზანტ ფანტაზიას კი ფიზიკამ
როდის და სად არ აჯობა?
სადარაჯო ბარემ ბათილი
შეიქნება ყველა სიცოცხლის
და არც თავპატიჟს აღარ დაიდებს
ის – ბოლო  შთამომავალი.
და რომელიმე ჰეზბულა
არც გასამტყუნი იქნება,
თუ აქ გასხლული სიცოცხლე
იქ იკრიფება გრძნობად,
ბადაგიც
დუღს და გადმოდუღს.

 

19.

შენ რომ სახლი ყოფილიყავი,
გექნებოდა შიდა ეზო  პატიო,
და დრო მოვიდა,
ბნელი სინათლით
ეს გაავსე, გათელე პატიო.
შენ რომ ქალაქი ყოფილიყავი,
ქუჩებს არ მოაკლდებოდა
ალვა და ჭადარი კი.
სუფრად გქონოდა
ჭადრაკის დაფა, დაუცურებელი,
მის გასაწყობად ვინ დაიზარებდა დაფაცურებას,
ჭიქებად ჩამოიდგმებოდა
არაერთი გამჭვირვალე, მთელი პატი.
ვიდრე იყავი გონსა და გრძნობაზე,
სულ მთლად სულერთია,
სავარძელში დაბრძანდებოდი
თუ მოსვრილი ეგდე ლაფით,
ხარ ეგ ხორაგი,
ეგ ტელეპათი.
და ამ წუთასაც, ყური დაუგდე,
შენი ფიქრები გეუბნებიან,
გიდასტურებენ, თუ გაქვს სიფათიო,
ხარო ხაროდან ტელეპათიო.

 

20.

სახელი-ახელი-ხელი.
მის შესახებ თუ რამეა უდავო,
უდავოა მხოლოდ ის, რომ,
რომ ვთქვა ძველებურად,
ძველთაგანვე ჩვენია დარგი,
ვიყოთ ჩვენივე თავის
შორიდან მგრძნობელი
ავტოტელეპათნი,
როგორც გეტყოდა გაზაფხული:
„რაც გინდა გერქვას,
შენი დარგული,
ქერქქვეშ დაგებულით,
ხე დავანაყრე,
ავტოტე, ლაფნით!“

 

21.

ის არის
მსხვერპლი,
ვისი ძვლებიც
უნდა დაიმსხვრეს,
სისხლი კი შეიხვრიპოს.
სწორედ ამგვარ მსხვერპლს
ცოცხლებივით ითხოვენ ხოლმე
რამე იდეა, სამშობლო და რელიგია,
მკვდარი წინაპარი,
დაუბადებელი მემკვიდრე,
წარსული და მომავალი.
ყველა ამათგანი
კაცს თავისნაირი
ჰგონია კაციჭამია.
რაც მას ჰგონია,
აგონია
არის მისი.
სადაც არაა მსმენელი,
არაფერიც
არ ისმის იქ.

 

22.

ხაროს ვარსკვლავში და ამ მიწაზე,
გონიერო ორგანიზმო, ორგან იზმორები,
რომ აიფეთქო შენი საზღვრები, იყო ზამბარა.
მიწა მოგძახის  „ხე იმან დარგოს, მე ვინც დამბარა!“
ხაროს ვარსკვლავი, ბნელი ვარსკვლავი, შენი ვარსკვლავი,
სამყაროს ბეჭზე დაგდებული ყურიც შენ ხარ და ფონენდოსკოპიც,
სად გაგონილა, თავის ხნულს რომ უყურებდეს
ჭვავი ეჭვის თვალით, ან
რა პატიჟი უნდა, ზღართანმოდენილის
კეფას რომ ენდოს კოპი.
ვინ დაიჯერებს, რომ ფარა მწყემსებს აუმხედრდა,
საძოვრიდან ბინის კართან მოდენილი.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა