ფრაგმენტები ჩემი ბლოკნოტიდან
თხუთმეტი წლის ვარ. სკოლიდან სახლში ვბრუნდები და ჩემს ხმამაღალ, შემაშინებელ ფიქრებთან ერთად ოთახში ვიკეტები. ყურებში მარტო ჩემი კლასელის ხმა ჩამესმის: „შენ ცისფერი ხარ“? - რა სისულელეა?! - ვიმეორებ ჩემთვის. სიტყვებს ათასგვარ ინტონაციას ვარგებ, მაგრამ ვერ ვმშვიდდები.
კომპიუტერს ვრთავ. თითქოს თავისით იკრიფება გუგლის ძიების ველში სიტყვები: Famous gay people in history. მაგიდაზე პრიალა ლურჯყდიან ბლოკნოტს ვპოულობ, მახსოვს, დედაჩემს რომელიღაც ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელმა რომ აჩუქა, პირველ გვერდებზე გერმანული წამლების ჭრელი რეკლამით. ვშლი და ეკრანიდან ბლოკნოტში ჩემთვის ცნობილი სახელების გადმოწერას ვიწყებ: ოსკარ უაილდი, ემილი დიკინსონი, არტურ რემბო, რედკლიფ ჰოლი… ნელა ვხაზავ ასოებს და ვგრძნობ, როგორ ქრება სიმარტოვისა და უსუსურობის შეგრძნება. მერე წერილებს ვეძებ. წუთში ვპოულობ პირად მიმოწერებს. ბლოკნოტის მომდევნო გვერდებზე, ცნობილი სახელებისა და გვარების შემდეგ, მათი სასიყვარულო წერილებიც ჩნდება.
თითქოს გამომძიებელი ვარ, რომელიც სამხილებს აგროვებს - მათი სიყვარულის მშვენიერების დასამტკიცებლად.
წლები გადის და ახლაც, როცა მოვიწყენ, საწერი მაგიდის უჯრიდან ამოვაძვრენ ბლოკნოტს, გადავშლი და ჯერ სახელებს ჩავუყვები, მერე კი – წერილებს.
აქ ბლოკნოტიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მომყავს.
არტურ რემბო
პოლ ვერლენს
ლონდონი, 5 ივლისი, 1873
შენ შეგიძლია, თავისუფალი იყო მხოლოდ ჩემთან და, რადგან ვფიცავ, დღეიდან უფრო კეთილი ვიქნები; რადგან ვერ ვიტან, საკუთარ როლს ამ ყველაფერში; რადგან ახლა ყველაფერს ცხადად აღვიქვამ და რადგან გაღმერთებ, თუ მაინც არ გსურს, დაბრუნდე ან მე – შემოგიერთდე, დანაშაულს ჩადიხარ და ინანებ მის მძიმე ტვირთს, რომელიც დაგაკარგვინებს თავისუფლებას და აქამდე გამოუცდელი სევდა შეგიპყრობს. იფიქრე იმაზე, ვინ იყავი ჩვენს შეხვედრამდე.
[...] მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ სიტყვას: დაბრუნდი. შენთან ყოფნა მინდა, მიყვარხარ. თუ გამიგონებ, დაამტკიცებ შენს სიმამაცესა და გულწრფელობას.
თუ არადა, მებრალები. მაგრამ მიყვარხარ, გეხვევი და იცოდე, ჩვენ კიდევ ვნახავთ ერთმანეთს.
რემბო.
ემილი დიკინსონი სუზის
ოთხშაბათი დილა
თებერვალი 1852
[...] მწუხარე დილაა, სუზი – ქარი უბერავს და წვიმს; “ყველას ცხოვრებაში უნდა გაწვიმდეს”,[1] მაგრამ ვერ ვიაზრებ, რომელი უფრო ძლიერია, წვიმა ჩემში თუ გარეთ – ო, სუზი, მოვკალათდებოდი შენს თბილ გულთან ახლოს და ვეღარასდროს გავიგონებდი ქარის მონაბერს ან ქუხილს ცაში. არის მანდ ჩემთვის ადგილი თუ ვიხეტიალო უსახლკარომ და მარტომ?
ოსკარ უაილდი ალფრედ „ბოუსი“ დუგლასს
1893 იანვარი“ჩემო ბიჭო,
შენი სონეტი ძალიან ლამაზია და გასაოცარია, რომ შენი წითელი, ვარდის ფურცლების ტუჩები არამხოლოდ ამბორის, არამედ მუსიკისა და სიმღერის სიგიჟისთვისაცაა შექმნილი. შენი მოხდენილი, მოოქროვილი სული ვნებასა და პოეზიას შორის დადის. ვიცი, რომ ჰიაკინთი, რომელიც აპოლონს ასე გამალებით უყვარდა, შენ იყავი ბერძენთა დროში“.
ფრედერიკ შოპენი ტიტუს ვოიჩიეხოვსკის
27 მარტი, 1830.
როგორც ყოველთვის, შენს წერილებს თან დავატარებ. რამხელა სიხარული იქნება, შენი წერილი გავხსნა და თავი დავარწმუნო, რომ გიყვარვარ; ან სულაც ვუცქირო მის ხელნაწერს, ვინც შემიძლია მხოლოდ მიყვარდეს.
რედკლიფ ჰოლი ევგენია სულინას
24 ოქტომბერი, 1934.
[...] ძვირფასო, იცი როგორ ველოდები ინგლისში შენს სტუმრობას? იცი რას ნიშნავს ეს ჩემთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სამყარო, მეტიც, ჩემი სხეული სულ, სულ შენი იქნება ისევე, როგორც შენი სხეული – სულ, სულ ჩემი, საყვარელო. ჩვენ ორნი ვიწყვებით ძალიან ახლოს, ერთმანეთის მკლავებში, და მაინც ვეცდებით, ერთმანეთი სულ უფრო ახლოს მივიზიდოთ; და მე ვაკოცებ შენს ტუჩებს, შენს თვალებს, მკერდს – მთელ შენს სხეულს ვეამბორები – და შენც მაკოცებ ისევ ბევრჯერ, როგორც მაშინ, როცა პარიზში ვიყავით [...].
შენი ჯონი.[2]
მარგარეტ მიდი რუთ ბენედიქტს
აგვისტო, 1925
რუთ, აქამდე არასდროს არ მიგრძვნია თავი ასე მიწიერად – და აქამდე არასდროს გამიაზრებია რა ძალას მაძლევს შენი სიყვარული. შენ დამარწმუნე იმაში, რამაც ჩემს არსებობას აზრი შესძინა. ეს საოცარი ნიჭია, საყვარელო.
შენი სახის ყოველი მოგონება, შენი ხმის ტემბრის გახსენება ის სიხარულია, რამაც შემდეგი თვეები უნდა მაცოცხლოს.
ალენ გინზბერგი პიტერ ორლოვსკის
15 თებერვალი, 1958
აქ შეშლილ პოეტებთან და სამყაროს შთანთქმელებთან ერთად დავეხეტები და მოუთმენლად ველოდებოდი კეთილ სიტყვებს სამოთხიდან, რომლებიც შენ მომწერე და რომლებიც ისეთი ცოცხალია, როგორც ზაფხულის სიო.
“როცა შენზე ვფიქრობ, ძვირფასო მეგობარო/ ყველა დანაკარგი მთელდება და ტანჯვა სრულდება”
უწყვეტად ვიმეორებდი ფიქრებში – ეს შექსპირის სონეტის დასასრულია – ალბათ ისიც ძალიან ბედნიერი იყო სიყვარულში. აქამდე ამაზე არ მიფიქრია… მალე მომწერე, პატარავ, მე კი დიდ ლექს მოგიძღვნი; თითქოს ღმერთი ხარ, და შენს წინაშე ვლოცულობ.
სიყვარულით, ალენი.
ტექსტი: ჰიაკინთი
ილუსტრაციები: ანანო ტაბაღუა
შენიშვნები
[1] ამონარიდი ჰენრი ლოგფელოუს ლექსიდანაა “The Rainy Day”.
[2] ჯონი რედკლიფ ჰოლის ფსევდონიმი იყო, რომელსაც მწერალი პირად მიმოწერებშიც იყენებდა.