
ფრაგმენტები ქართული ბიზნესის ისტორიიდან
04.12.2018წარსულში ქექვა მოზაიკური თავსატეხის ბრმად აწყობას ჰგავს – არასდროს იცი, საბოლოოდ რა შედეგს მიიღებ. ასე თამბაქოს ისტორიის ცალკეული ნაწილების ძებნის და ერთმანეთთან მორგების პროცესში, პანოებად დალაგდა სპილენძის, ქვანახშირის, მარგანეცის მრეწველობა, სამშენებლო მასალის წარმოება, ტყავის დამუშავება, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის სამკერვალოები, მინის, საპნის, სანთლის და ზეთსახდელი ქარხნები, საფეიქრო მრეწველობა, ხე-ტყე და სამშენებლო მასალები, ნავთობის ექსპორტი და ეტლების წარმოება, მაკარონის ქარხანა თბილისში, ხილის საშრობი და ფორტეპიანოების ორკაციანი საწარმო. გამოტოვებული ადგილიც ბევრია, თუმცა ამ თავსატეხის ცალკე ნაწილებად დალაგებულ ამბებში, ისე როგორც კარის ჭუჭრუტანაში, იმდროინდელი ქვეყნის ყოველდღიურობის დანახვაც შეიძლება.

ძმებ ამირაგოვების კანფეტების და შოკოლადის ფაბრიკის პავილიონი
ტალღა 1906
ძმათა ამირაგოვების კანფეტების ფაბრიკა
29 ივლისს გაიფიცნენ ძმათა ამირაგოვების კანფეტის ფაბრიკაში მომუშავე ბავშვები და წაუყენეს შემდეგი მოთხოვნები:
1. მოისპოს ნარდი მუშაობა და დაწესდეს დღიური ამ სახით; ა) ყველა ძველ მომუშავეს (კანფეტის შემხვევებს) დაენიშნოს დღეში ექვსი შაური. ასევე უნდა მოექცნენ იმ ახლათ მიღებულ მუშებსაც, რომლებსაც სხვაგან უმუშავნიათ ამ ხელობაში. ბ) გამოუცდელ ახალ მუშებს პირველ სამ თვეს დაენიშნოს დღეში 20 კაპ., ხოლო სამი თვის შემდეგ 30 კ. გ) თითოეულ მუშას ჰქონდეს ცალკე განსაზღვრული საქმე და სხვა არა ეკითხებოდეს რა.
2. შემოღებული იქნას 8 საათის სამუშაო დღე.
3. წასვლის დროს გაჩხრეკა მოისპოს.
4. დილით ჩაი და ორი ნატეხი შაქარი.
5. ზრდილობიანი მოპყრობა.
6. გაფიცვისთვის არავინ იქნას დასჯილი, ხოლო თუ ვინმე დაითხოვონ, მიეცეს სამი თვის ჯამაგირი.
გაფიცვა ერთ დღეს გაგრძელდა და მუშა ბავშვების მოთხოვნები სრულიად დააკმაყოფილეს.

ადელხანოვის ტყავის ქარხნის პავილიონის ინტერიერი
ლამპარი 1906
ტოლეს ზეთისა და საპნის ქარხანა
18 აპრილს აქციონერთა საზოგადოების (ტაეროლ–ალიხანოვ–ტოლე) ზეთისა და საპნის ქარხნის მუშებმა, რიცხვით 150 კაცმა ქარხნის ადმინისტრაციას მოთხოვნილება წარუდგინეს. ისინი თხოულობდნენ მუშაობა დილის ექვს საათზე დაწყებულიყო ნაცვლათ შვიდის ნახევრისა, ე. ი. ნახევარი საათით ადრე და გათავბულიყო ნაშუადღევის 3½ საათზე ნაცვლათ 4 საათისა. როგორც ხედავთ, მოთხოვნილება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობა ნახევარი საათით ადრე დაეწყოთ და ადრე წასულიყვნენ შინ. აქ ადგილი არა აქვს სამუშაო დღის შემოკლებას და უეჭველი ვინც წაიკითხავს, იფიქრებს: ნუთუ ამ უბრალო მოთხოვნილებაზედაც მუშებს ბრძოლა სჭირიათო. წარმოიდგინეთ მკითხველო აღების კაპრიზისათვის ესეც დიდი საბუთია. ქარხნის დირექტორმა, ტოლემ, აღუთქვა მუშებს, მაცალეთ, ინსპექტორს წერილს ვწერ და ვაცნობებ, რომ 25 აპრილიდან 6 საათზე დაიწყება მუშაობაო. ეს ქაღალდი ერთი მუშისათვის უჩვენებია. წერილში სწერია თურმე, რომ ქარხანაში 25 მარტიდან მუშაობა დილის 6 საათზე იწყებაო. ეს ერთგვარი ხრიკი იყო დირექტორისა, მაგრამ არც ეს წერილი გაეგზავნა დანიშნულებისამებრ.
19 აპრილს მუშებმა თავისი ნებით იწყეს მუშაობა დილის 6 საათზე. 3½ თავი დაანებეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბატონი დირექტორი ბრაზმა აიტანა. მეორე დღეს 6 საათზე მუშებს ქარხნის კარები დაკეტილი დახვდათ. შესრულდა 6½ ს. კარები მაინც არ გააღეს. ბატონი დირექტორი შიგნიდან ეკითხებოდა გინდათ თუ არა მუშაობაო. მუშები რა თქმა უნდა თანხმობას აცხადებდნენ. კარები მაინც არ იღებოდა. როგორც შემდეგში გამოირკვა, დირექტორს ჰგონებია მუშები ძალით შემოამტვრევენ კარებს და საბუთი მექნება პოლიციას დავუძახო შურის საძიებლათო. ეს ხერხი გაუგეს მუშებმა და ძალა არ უხმარიათ. დირექტორმა კარებში ყარაული ჩააყენა და ბრძანა არავინ შეეშვათ. ამ ხერხითაც ალბათ სხვა რამეს მოელოდა გამოცდილი ადმინისტრატორი, მაგრამ მოსტყუვდნენ. როცა მუშებმა მოისმინეს ყარაულების პასუხი, არ გიშვებენ სამუშაოთო, – უკან გამობრუნდნენ. რამდენათ ბავშვურია ბ-ნი დირექტორის კაპრიზი, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. 20 აპრილიდან მუშაობა შეწყვეტილია. ასეთი უბრალო მიზეზებით, განგებ ხელოვნურათ იწვევენ ხოლმე გაფიცვას თავ გასული ადმინისტრატორები.

ტოლეს ზეთის, საპნის და სანთლის ქარხნის ნაწარმი
ივერია 1892
(ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ)
ბ-ნმა ადელხანოვმა დიდი ყურადღება მიაქცია თავის ტყავის საკეთებელ ქარხანაში მომუშავეთ. მუშებს ყოველ დღე ეძლევათ უსასყიდლოდ ცხელი წვენი და ხორცი და აგრეთვე ჩაი და ადუღებული წყალი. ამას გარდა ადელხანოვმა ქარხანაშივე გამართა საკუთარი ფურნე. ქარხანაშივე ყოველ დღე დეზინფექციას ახდენენ. თუ ვინცობაა ავად გახდა ვინმე, წამლებს უსასყიდლოთ მისცემენ. ქარხანაში მიწვეულია მკურნალი კარაპეტიანცი და ფერშალი. სასურველია, რომ სხვა ქარხნების პატრონებმაც მიჰბაძონ ბ-ნ ადელხანოვს და მუშა ხალხი უყურადღებოდ არ დასტოვონ განსაცდელის დროს.
ჩვენი აზრი 1909
ნავთის მწარმოებელი მანთაშევი „კავ.“ სიტყვით ბაქოს თავის ნავთის სავაჭრო ფირმების მიყიდვას აპირებს თურმე „ნობელისა და ამხანაგობისათვის“.
ივერია 1895
ბორჩალოს მაზრაში, სადაც საქონლის მოშენებას ბევრი გარემოება უწყობს ხელს, ყველის კეთებასაც დიდი ხეირი მოაქვს. მართლაც მკვიდრნი ძლიერ ეტანებიან ყველის კეთებას, რომელიც უმეტესად ადგილობრივ იხმარება და კიდეც ბლომად იყიდება. მაგრამ ყველის კეთების საქმე ბორჩალოს მკვიდრთ ძალიან ცუდად აქვთ დაყენებული. მათი ყველი დაბალი ხარისხისაა, უგემური და ამიტომ ფუთი 1½ მანეთზე ზევით აღარ იყიდება, მაშინ როდესაც ქარხნებში (ბორჩალოს მაზრაშივე) გაკეთებული ყველი ისყიდება ფუთი 12 მანეთად!.. მთავრობამ მოიწადინა ყველის კეთების გაუმჯობესება, რომ ამით მკვიდრთა ეკონომიური მდგომარეობა ცოტათი მაინც წაეწია წინ და ამ განზრახვის მისაღწევად აი რა გზას დაადგა:
თუ არ ვცდებით მესამოცე წლებში, ბორჩალოს მაზრაში ყველის კეთება-მრეწველობა დაისწყო ვინმე კუჩენბახმა, ადგილობრივს (კავკასიის) მთავრობას აზრად მოუვიდა – დავეხმაროთ ამ მწარმოებელს, გავუკეთოთ კარგი ქარხანა და როდესაც საქმე გაკეთდება, მკვიდრთათვის სამაგალითო გახდება, ისწავლიან როგორ უნდა გაუმჯობესება ყველის კეთების საქმესა, წაბაძავენ კუჩენბახსაო და სხვა. მართლაც მთავრობამ კუჩენბახს საკვირველად დაუწყო მფარველობა. მისცა ფულად 30 ათასზედ მეტი ფული, გამოუწერა რამდენჯერმე თავისის ხარჯით საგანგებო კარგის ჯიშის საქონელი საზღვარ-გარეთიდგან, შვეიცარიიდან გამოუწერა მცოდნე ყველის კეთებისა, იმის მამულამდე გაუკეთა მშვენიერი გზა-ტკეცილი და სხვა ამგვარი. სულ რომ ვიანგარიშოთ ხაზინის მსხვერპლი, დიდ-ძალი თანხა გამოვა. ეს მსხვერპლი მთავრობამ დასდო იმ იმედით, რომ მკვიდრნი საგანგებო და სამაგალითო ქარხანაში შეისწავლიან და ყველის კეთებას გაიუმჯობესებენო. გავიდა 30-35 წელიწადი, კუჩენბახის ფერმა გადიდა, მისმა ქარხანამ მშვენივრად მოაწყო საქმე. კუჩენბახის ქარხნის ყველმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი, კუჩენბახს ბარონობაც უბოძეს, კუჩენბახი გამდიდრდა, მაგრამ მკვიდრთ აქედან არაფერი არ მოსცხებია! მათ მიერ ნაკეთები ყველი ისეთისავე დაბალი ხარისხისა არის, როგორც წინად. ისევ მანეთ ნახევრად იყიდება ფუთი. თურმე ბატონი კუჩენბახი ყოველს ღონისძიებას ხმარობდა, რომ მკვიდრთ არაფერი შეეძინათ მის ქარხანაში. თუ ვისმე მიიღებდა მუშათ, აძლევდა მხოლოდ ერთ ნაწილს მუშაობისას (მაგ. აწველინებდა ძროხას) და მუშისთვის ყველის კეთების დანარჩენი ოპერაციები სიბნელით იყო მოცული. ისედაც არავის უჩვენებდა ქარხანას, არავის უხსნიდა და სხვა. ასე რომ აუარებელი ფული გადაჰყარეს ბარონ კუჩენბახის გამდიდრებისთვის. ხალხისთვის კი გროში არავის გადუდვია.

საქართველოში წარმოებული შვეიცარიული ყველი
ცნობის ფურცელი 1897
თავ. ი. აბაშიძის და ამხ-ის შუშა.მინის ქარხანა ბორჯომში. ჩვენს გაზეთში მოხსენებული იყო, რომ ეს ქარხანა მალე დაიწყებს წარმოებას-თქო – ახლა შეგვიძლია ვაცნობოთ მკითხველებს, რომ ერთს თვეზედ მეტია, რაც ქარხანა გაიხსნა და დიდი მუშაობა არის შიგ.
ერთს მილიონზე მეტი ბოთლი და სხვა და სხვა ჭურჭელი დაუკვეთეს თვით ბორჯომის მამულის მმართველობამ ბორჯომის წყლისთვის, საუფლისწულო მამულის მართველობამ კახეთის ღვინისთვის და თითქმის ყველა არყის და ლუდის დიდმა მოვაჭრებმა. ამ ქარხნის ნაწარმოები უფრო იაფად ისყიდება და კარგი მასალისაც არის, ვინემ მოტანილი სხვა ადგილებიდგან და ამიტომაც ასე მალე გაუჩნდა ამდენი მსყიდველი და კლიენტი. ქარხნის ნაწარმოებისათვის თვით თბილისში დაარსდა დიდი საწყობი, ვაგზლის ახლოს, ალიხანოვის რკინის ქარხნის გვერდით.
ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ ამ ამბავს, რადგან არ ვართ დაჩვეული და განებივრებული ქართველებში შევხვდეთ ხშირათ ისეთ პირებს, რომელთაც შეეძლოთ ამგვარი დიდი ვაჭრული საქმის დამთავრება.
ფოტო: თბილისის საიუბილეო გამოფენა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმი/დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია