ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

ფრანკფურტის ყველაზე სასურველი სტუმარი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორის იურგენ ბოსისა და წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მედეა მეტრეველის საუბარი

ლაიფციგი, 22 მარტი

იურგენ ბოსი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სხვადასხვა ქვეყანა ფოკუსში 1976 წლიდან ექცევა, 1980-იანი წლებიდან კი საპატიო სტუმრის სტატუსით ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყანა წარდგება. მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას გამორჩეულ განწყობას და სახასიათო ელფერს ანიჭებს. 2018 წლის ოქტომბერში საქართველო სწორედ ასეთი პროგრამით წარდგება ბაზრობაზე. მახსოვს, როგორ ვიწყებდით მოლაპარაკებებს 2010 წელს. მაშინ თარგმანის დაფინანსების პროგრამაც კი არ გქონდათ, რაც არსებითი ფაქტორია საპატიო სტუმრის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა 2014 წელს ხელშეკრულება გაფორმდა და ამასობაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გაკეთდა.

მედეა მეტრეველი: ეს მართლა ძალიან ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო, თუმცა მოლაპარაკებების ოფიციალური ნაწილი იმდენად საინტერესო შესაძლოა არ იყოს, რამდენადაც იმ ადამიანების ენთუზიაზმი და შრომა, რომლებიც ამ პროცესში ვმონაწილეობდით და ფაქტობრივად შეუძლებელი შევძელით. 2010 წელს პირველად გამოცხადდა ქართული ლიტერატურის თარგმანების ხელშეწყობის პროგრამა და მხოლოდ 2 განაცხადი მივიღეთ უცხოელი გამომცემლობებისგან. თუმცა ეს იყო იმის ნიშანი, რომ პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და უფრო მეტად გვეაქტიურა. უკანასკნელი წლების განმავლობაში უკვე 100-მდე განაცხადს ვიღებთ ყოველწლიურად. დაფინანსებულია 200-ზე მეტი ქართული წიგნის გამოცემა 25-ზე მეტ ენაზე.

იურგენ ბოსი: ეს შთამბეჭდავი წინსვლაა ქართული საგამომცემლო სექტორისთვის, ეკონომიკურადაც მოგებიანია და ლიტერატურის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვისაც. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 275 ათასზე მეტ პოტენციურ მკითხველს შეხვდებით, გექნებათ შანსი, გაიცნოთ 7100-ზე მეტი მონაწილე. რას განიხილავთ საქართველოს მთავარ მიზნად ბაზრობაზე?

მედეა მეტრეველი: ქართული ლიტერატურა დღეს არც ისე ცნობილია მსოფლიოში. ეს ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში მრავალი გარემოებით იყო განპირობებული. მას შემდეგ, რაც საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრად, მოგვეცა უნიკალური საშუალება, ქართული ლიტერატურა საზღვრებს მიღმა ვამოგზაუროთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი მწერლები თავიანთ მკითხველს არაერთ ქვეყანაში იპოვიან. საავტორო უფლებების გაყიდვების ზრდა, ქართული ლიტერატურის მთარგმნელების ქსელის გაფართოება, ქართული ლიტერატურული პროცესის გააქტიურება – ესაა ძირითადი სარგებელი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში უკვე მკაფიოდ ვხედავთ და რასაც კიდევ უფრო მეტად ველით 2018 წლისგან.

იურგენ ბოსი: საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს გერმანელ გამომცემლებთან თანამშრომლობის პროცესი, როგორია მათი შეფასებები და როგორ ამყარებთ ურთიერთობებს გერმანულენოვან პრესასთან?

მედეა მეტრეველი: ის შედეგი, რაც 2016-2017 წლებში გერმანულ ენაზე ქართული ლიტერატურის თარგმანის კუთხით გვაქვს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვისაც კი მოულოდნელი იყო. 2011-2015 წლების პერიოდთან შედარებით, ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ჩვენი მხრიდანაც საფუძველი ჩაეყარა. გერმანელ გამომცემლებთან აქტიური მოლაპარაკებები, ავტორების და მათი ნაწარმოებების შეთავაზების სწორი პოლიტიკა, ლიტერატურული თარგმანების სუბსიდიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის ზრდა, პირადი ურთიერთობები, გერმანელი გამომცემლების და ლიტერატურის კრიტიკოსების ვიზიტების ორგანიზება საქართველოში... – რთული ალგორითმია, თუმცა მაინც შევძელით მისი ამოხსნა. ინტერესი გაზრდილია და ამის დასტურია არა მხოლოდ გერმანიაში გამოცემული ქართული წიგნების რაოდენობა, არამედ ის გამოხმაურებები, რომლებიც ქართული ლიტერატურის შესახებ პრესაში ქვეყნდება. „ეს არის ქვეყანა, რომელსაც ვერცერთი პავილიონი ვერ დაიტევს”, – გერმანულ ჟურნალ-გაზეთებში მსგავსი შეფასებებიც ხშირად დაბეჭდილა, რაც იმ ვიზიტების შედეგია, რომლებსაც 2013 წლიდან მოყოლებული, გერმანელი ჟურნალისტებისა და კრიტიკოსებისთვის საქართველოში ვმართავთ. ერთია, წაიკითხო ქართული ლიტერატურული ნიმუში და მასზე რეცენზია ან წერილი დაწერო, ხოლო მეორეა, იცნობდე ქვეყანას, ადამიანებს, ავტორებს, რომელთა წიაღში იქმნება ესა თუ ის ტექსტი.

იურგენ ბოსი: საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოსულ ქვეყანას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ხვდება 2 ათას კვ.მ-ზე გადაჭიმული პავილიონი, თუმცა სტუმარი ქვეყნის პროგრამის განფენა სხვა დარბაზებშიც შეიძლება. მაგალითად, 2014 წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანა ფინეთი ბაზრობის თითოეულ დარბაზში წარმოადგენდა პროგრამის ნაწილს... 2015 წლის საპატიო სტუმარმა ინდონეზიამ კი თავისებურად, უფრო გასტრონომიულად გამოაცოცხლა ბაზრობა და ინდონეზიური კულინარიის წიგნები დღემდე პოპულარულია ჩვენთან. თქვენი 2018 წლისთვის დაგეგმილი საპრეზენტაციო პროგრამა, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით გაუჩენს მეტ შანსს საქართველოს?

მედეა მეტრეველი: 2018 წელს ქართული პროგრამის კონცეფციას ქართულ ანბანზე, მის უნიკალურობასა და განსხვავებულობაზე დავაფუძნებთ. შევეცდებით, საქართველოს შესახებ ძალიან საინტერესო ამბავი მოვყვეთ. ეს იქნება ამბავი, რომელშიც ქართული დამწერლობის 33 ასო-ნიშნით ვიმოგზაურებთ. სწორედ ქართულ ანბანზე იქმნებოდა და უწყვეტად ვითარდებოდა ქართული ლიტერატურა საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ ის არა მხოლოდ ქართული მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ტრადიციის ღერძია, არამედ – მომავალი განვითარების პოტენციალიც.

წარმატებული პრეზენტაცია ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაა, ინტერესს მთელი ჩვენი ქვეყნისადმი გაზრდის და არა მხოლოდ მისი ლიტერატურის მიმართ. 2018 წელს ფრანკფურტში ბევრ მნიშვნელოვან გამოფენას, მუსიკალურ დადგმას, თეატრალურ და კინორეტროსპექტივას გავმართავთ. ამ ყველაფერს ფონად გასდევს რწმენა, რომ ქართული ლიტერატურა ჩვენი იდენტობის მძლავრი მექანიზმია და თანამედროვე თავისუფალ სამყაროში ჩვენს დამოუკიდებელ თანაარსებობას სწორედ ის უზრუნველყოფს.

იურგენ ბოსი: პირადად რას ელოდებით 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისგან?

პირადად ჩემთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ახალი მეგობრების შეძენის საუკეთესო პლატფორმაა. ალბათ ეს არის მთავარი სიმდიდრე, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დამიგროვდა. ყველა მათგანი გვგულშემატკივრობს და მოუთმენლად ელოდება ჩვენს 2018 წლის პრეზენტაციას. ჩემი მიზანია, მსგავსი მოლოდინები გავამართლოთ.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა