
გულისტკივილი მაქვს, უსამართლოდ დასაჯეს | ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმე
ხუთწლიანი პატიმრობა საქართველოს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებისა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლისთვის – ეს გაზაფხულის აქციების მონაწილის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასჯელია.
დაკავებისას ფრიდონი 19 წლის იყო, 20-ის ციხეში გახდა.
„დარეკონ საკრებულოში, სკოლაში… არაფერი ჩაუდენია, სუფთა წარსული აქვს. ასე როგორ შეიძლება ამ ბავშვის ციხეში გაშვება“, – წყენაც, გაბრაზებაც, სასოწარკვეთაც – ყველაფერი ერთად ისმის ფრიდონის მამის, ლევან ბუბუტეიშვილის ხმაში. მას ტელეფონით ვესაუბრებით. ფრიდონის მშობლები გურიაში ცხოვრობენ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
თბილისის აქციებზე რომ დადიოდა ფრიდონი, ოჯახმა არ იცოდა. დედამ ერთხელ ტელევიზორში მოჰკრა თვალი: „უი, ფრიდონი ჩანს აგერ ტელევიზორში-მეთქი“, – წამოვიძახე.
9 მაისს კი ფრიდონის დაკავება შეატყობინეს მის თბილისში მყოფ, ერთი წლით უმცროს ძმას, ტატოს: „პოლიციიდან მომაკითხეს სამსახურში, შენი ძმა დავაკავეთ და წამოდი, სახლი უნდა გავჩხრიკოთო“. ძმები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მუშაობდნენ და ფინანსურად ეხმარებოდნენ გურიაში მცხოვრებ მშობლებსაც.
ტატომ შეიტყო, რომ მის ძმას დანაშაულის ჩადენას 1 მაისს ედავებოდნენ – იმ დღეს, როცა პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღეს რუსულად შერაცხული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, გარეთ კი მასობრივი აქცია მიმდინარეობდა.
გაზაფხულის საპროტესტო გამოსვლები აპრილიდან დაიწყო. პოლიცია უკვე არბევდა დემონსტრანტებს. 30 აპრილის ღამესაც საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით სასტიკად გაუსწორდნენ. იმ ღამის დარბევამ ბევრი ადამიანი გააბრაზა. ამის გამოძახილი იყო სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ შექმნა და აქციაში ჩასართავად ხალხის რაიონებიდან ჩამოსვლის მყისიერად ორგანიზება.
პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი აქცია დილიდანვე დაიწყო. ფრიდონ ბუბუტეიშვილი ამ აქციაზე იყო. საქმეში მტკიცებულებად ჩართულ ვიდეოკადრებში ჩანს ჭიშკარზე ასული ფრიდონი, რომელიც ხელით აწვალებს ჭიშკრის ორნამენტს. ორნამენტი დაზიანდა. ამის გამო ფრიდონს 187-ე მუხლის პირველი ნაწილი წაუყენეს – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზარალი, რომელიც ჭიშკრის დაზიანებამ გამოიწვია, მოგვიანებით, 500 ლარად შეფასდა. ეს ბრალდება ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფრიდონს ასევე ედავებიან ქვის სროლას, რომელმაც მეხანძრე-მაშველი დააზიანა. თუმცა, საქმეში ამის დამადასტურებელი მასალა არ დევს. არ არის უწყვეტი კადრი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ ფრიდონის ხელით ნასროლი ქვა ხვდება მეხანძრე-მაშველს. პროკურატურის მტკიცებით კი სწორედ ასე მოხდა – ფრიდონ ბუბუტეიშვილს ჰქონდა ასეთი განზრახვა, ისროლა ქვა და დააზიანა მეხანძრე-მაშველი – ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც 353-ე პრიმა მუხლი ესადაგება – თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე, სასჯელით – ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელიც რამდენიმე პროცესზე იცავდა ფრიდონს, ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით მეხანძრე-მაშველს რაიმე ხარისხის დაზიანება არ მიუღია:
„რომ გავყვეთ ბრალდების ვერსიას და დავუშვათ, რომ ეს ქვა ნამდვილად ფრიდონმა ისროლა, მაშველმა კი დაინახა მისკენ [ფრიდონისგან] წასული ქვა, რომელიც შემდეგ მოხვდა და მხარი დაულურჯა, მაინც იმდენად მცირე სილურჯეზეა საუბარი, დაზიანების ხარისხს (მძიმეს თუ ნაკლებად მძიმეს) ვერც კი შევუსაბამებთ. ამიტომ [ფრიდონის] სასჯელი ძალიან არაპროპორციული, უსამართლო და არაჰუმანურია“.
ადვოკატი სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობდა, თუმცა, რამდენიმე თვეში სიტუაცია უცნაურად შეიცვალა, რამაც ლაშა ტყეშელაძეს ფრიდონ ბუბუტეიშვილის დაცვაზე ხელი ააღებინა: 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ფრიდონმა ისეთი რამ თქვა, რაც არა თუ არ შეუთანხმებია ადვოკატთან, არც ერთ წინა შეხვედრაზე მისთვის არ გაუმხელია.
ფრიდონმა განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი დაკვეთით გააკეთა“: „გიორგი ვაშაძემ მითხრა, ისროლე ქვა და თუ რამეა, მე გაგიყვანო. ახლა კი არ გავყავარ“.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძისთვის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა. მან აცილება მოითხოვა და საქმეს ჩამოშორდა. მისი აცილება, სავარაუდოდ, ფრიდონსაც უნდოდა. მისი განცხადებიდან ისე აღიქმებოდა, რომ გათავისუფლების მოლოდინი ჰქონდა, ლაშა ტყეშელაძემ კი მოლოდინი ვერ გაუმართლა. ამის შემდეგ, მოსამართლის განჩინებით, ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
პარტიაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამბობენ, რომ არც პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე და არც მათი რომელიმე წევრი, ფრიდონ ბუბუტეიშვილს არ იცნობენ, შეხება მასთან არასდროს ჰქონიათ.
„ეს არ არის უბრალოდ უარყოფა, ეს არის ფაქტი მიუხედავად იმისა, რა განცხადებაც გააკეთა ფრიდონმა, ჩვენ ვწუხვართ, რომ ის დღეს რეჟიმის ტყვეობაშია და მისი სიტყვები ვერ მიიჩნევა თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ სიტყვებად. სამწუხაროა, როცა ადამიანს აიძულებენ, სიცრუე თქვას პოლიტიკურად მოტივირებული დაკვეთით“, – ამბობს პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
კითხვაზე, რატომ ახსენა ფრიდონმა მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე, გვპასუხობენ:
„ჩვენ მას არ ვიცნობთ. ამიტომ ძნელია, ზუსტად ვთქვათ, რამ აიძულა ასეთი განცხადების გაკეთება. მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებას, რომლითაც ავტორიტარული სისტემა ცდილობს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური ლიდერის დისკრედიტაციას“.
ფრიდონის დაკავების შესახებ დედამ, ლალი ბითაიშვილმა უმცროსი შვილისგან შეიტყო. სასამართლო პროცესზე თვითონ თბილისში სულ ერთხელ ჩამოვიდა, ვერ გაუძლო შვილის ამ მდგომარეობაში ცქერას და მერე აღარ დადიოდა:
„ვარ ასე, ხან ვიცინი, ხან ვტირი. რეკავს ფრიდონი ხანდახან, ორ დღეში ერთხელ, კარგად ვარო, მიჭირსო, მაგრამ…ტანსაცმელს ვუგზავნი, ფულსაც, ხან 30 ლარს ჩავურიცხავ. სოციალურს ვიღებთ, ხუთი თუმანი იყო ფრიდონის სახელზე და მოგვიხსნეს, რაც დააპატიმრეს. რა გინდოდა, რატომ წახვედი, რატომ ქენი-მეთქი და რა ვიცი, ასე მოხდაო“.
ფრიდონს სამი ძმა ჰყავს. ორი უფროსი ძმა დაოჯახებული არიან. დედა ამბობს, რომ სკოლა დაამთავრა თუ არა, ფრიდონმა მუშაობა მაშინვე დაიწყო. ჯერ ბათუმში წავიდა და ხან რესტორანში მუშაობდა, ხან – თონეში. მერე, 2023 წლის დეკემბრიდან თბილისში გადავიდა. იქაც ყველგან მუშაობდა, სადაც რამეს ნახავდა. ბოლოს ერთ-ერთ რესტორანში იყო, – გვიამბობს ფრიდონის დედა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილს განაჩენი ზამთრის აქციების კულმინაციურ პერიოდში – 2025 წლის 20 იანვარს გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ძმის მთავარი მომკითხავი თბილისში ახლაც უმცროსი ძმა ტატოა. კაზინო „ევოლუშენში“ მუშაობს და როგორც კი დროს ნახავს, ფრიდონის ნახვას ცდილობს, ან ტელეფონით საუბრობენ:
„განიცდის, არაფრის გამო ზის ციხეში, ხუთი წელი ცოტა ხომ არაა“.
მამა ფიქრობს, რომ ფრიდონის ციხეში გამოკეტვა მძიმე სასჯელია:
„გულისტკივილი მაქვს, უსამართლოდ დასაჯეს. უნდა გაიკითხონ, როგორი ბავშვი იყო, სოფელში, სკოლაში და იქნებ, გაითვალისწინონ. ქურდობა არ ჩაუდენია და კაცი არ მოუკლავს. მოუხდა ეგ, რა ვქნათ. თუკი, რამე არსებობს, კი უნდა მისცენ შეღავათი. ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ოჯახი გვაქვს ჩოხატაურში, გაიკითხეთ, თუ გინდათ – ოთხი შვილი გავზარდე“, – ამბობს ფრიდონის მამა და არ კარგავს იმედს, რომ რამე შეიცვლება და მისი შვილი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს.
თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც ფრიდონის სახაზინო ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ პირველი ინსტანციის განაჩენის გასასაჩივრებლად 7 აპრილს მიმართა, არაფერი შეცვალა – მოსამართლემ ფრიდონის განაჩენიცა და სასჯელის ვადაც უცვლელი დატოვა. დალი ბარბაქაძეს ახლა ერთი თვე აქვს იმისათვის, რომ მომდევნო ინსტანციას, უზენაეს სასამართლოს მიმართოს. ფრიდონის ოჯახს სისტემისა და პროცესის იერარქიულობის ამ სირთულის აღქმაც უჭირს. რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ შესაძლებლობაზე, თვითონ მიჰყოლოდნენ საქმეს. ამიტომ ადვოკატი ამბობს, რომ თუ ოჯახი ოდესმე მოისურვებს და თუ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე მიაღწევს, ჯერ მას საქართველოში უნდა ჰქონდეს ყველა ინსტანცია გავლილი. ამიტომ აპირებს, მაინც მიმართოს უზენაესსაც.
„დარეკონ საკრებულოში, სკოლაში… არაფერი ჩაუდენია, სუფთა წარსული აქვს. ასე როგორ შეიძლება ამ ბავშვის ციხეში გაშვება“.