გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გაკვეთილები დროზე

ჩემი განრიგის მესამე გვერდზე ვარ.

გუშინ 14 კილომეტრი გავიარე, გუშინწინ 12, დღეს 9. ეს კილომეტრები თითქოს სახლიდან გამოვლილ მანძილს ემატება და უფრო და უფრო მაშორებს სახლს.

გუშინ მქონდა იაპონური, ფსიქოთერაპია და ბალეტის გაკვეთილი.

არ ვიცოდი: იაპონურში ზმნას მხოლოდ ორი დრო აქვს: წარსული და არა - წარსული. ქართულად შეიძლება სხვანაირადაა, ინგლისურად past და  non - past.

არც მომავალი, არც აწმყო, არა - წარსული. რაც ხდება და რაც მოხდება არა - წარსულია. ის რაც ჯერ არ მომხდარა, ის რაც ჯერ არ ყოფილა. დრო, რომელიც არ არის ან არ იქნება, დრო, რომელიც არა - იყო. ჯერ არ იყო. როგორ შეიძლება დროის ამაზე უფრო სევდიანად აღწერა - არა წარსული. არა მგონია რომ რომელიმე სხვა გრამატიკას დროის ესე ზუსტად აღწერა შეეძლოს.

გაკვეთილის მერე გზას გავუყევი და თაიმ სქვერზე აღმოვჩნდი. დროზე ამდენი ფიქრის შემდეგ თაიმ სქვერის ატანა ძნელი აღმოჩნდა. ადგილის, რომელიც ყველაზე უკეთ აღწერს ჩვენს დროს. ეკრანები და მაღაზიები, რეკლამა და უფრო მეტი რეკლამა. არა - მომავლის სამყარო. თუ უ - მომავლის. საოცრად აუტანელი.

ბალეტიდან უკან რომ ვბრუნდებოდი,  აღმოვაჩინე რომ ღამე მეტროს უამრავი სინამდვილე აქვს. თუ შეძლებ და თუ დააკვირდები, ერთი აწმყოს პარალელურად, ბევრი აწმყო შეიძლება არსებობდეს. ვაგონში შევედი, დავჯექი. მოხუცი შავკანიანი რაღაცას ყვიროდა და ხელებს სკამს ურტყავდა. ჭაღარა წვერი ქონდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა, ალბათ უსახლკარო იყო. ცოტა ხანი ვუყურებდი. უცბად მივხვდი, რომ სკამს კი არ ურტყამდა ხელებს, უკრავდა და კი არ ყვიროდა, მღეროდა. ეს ხმაური, შერეული ლიანდაგების ხმასთან, აუტანელი და მჭახე ხმაური, საუკეთესო გახმოვანება იყო ვაგონის კედელზე გამოკრული რეკლამისთვის: “How to help the homeless this winter”.

მერე, ერთ-ერთ გაჩერებაზე, თავიდან ბოლომდე ყვითლებში ჩაცმული ქალი შემოვიდა, დიდი ფარფლებიანი ქუდით, ვაგონი თითქმის ცარიელი იყო. ნელი ნაბიჯით, ღიმილით, ბოლომდე გაიარა სკამებს შორის ადგილი და სულ ბოლოში დადგა.

ნიუ იორკს, ალბათ როგორც ყველა სხვა ქალაქს, უთვალავი სინამდვილე აქვს. თუმცა აქ ეს სინამდვილეები, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ერთდროულად, ერთ ადგილას და ერთ დროში ხდება. ყურს თუ დაუგდებ, ეს მრავალი სინამდვილე, ქალაქის ხმაშიც ისმის, ერთმანეთში არეულ უთვალავ ხმაში. ამ ხმაურს ვერც ვერსად ვერ ემალები და ბოლოს ისე ეჩვევი, გგონია რომ საყვარელ მუსიკას უსმენ.

მერე, მეტროდან ამოსული, როცა მეგონა რომ როგორც იქნა გავიგე ნიუ იორკის ქუჩების, ქალაქის დაგეგმარების ლოგიკა და თითქოს მივხვდი, საიდან იწყება და სად მთავრდება უსასრულო ქუჩები, დავიკარგე. ტელეფონი დამიჯდა და ვერც ყოვლისმცოდნე რუკა ვერ დამეხმარებოდა. კარგა ხანი ვეძებდი რომელიმე ნაცნობ ადგილს, სახლამდე გაბმულ ძაფს. კითხვითაც არავის არ ვკითხე სად ვიყავი. მარტივი ამოცანა იყო, რომელიც ჩემით უნდა ამომეხსნა. ჰოდა, ცოტა ხანში ვიპოვე. ძაფი გრამერსის ბაღი გახდა. ბაღი, რომელიც ჩაკეტილია და გასაღები მხოლოდ მის გარშემო ბინადრებს აქვთ. ეს ბაღი, შეუღწეველი და მიუწვდომელი სიჩუმის ნაგლეჯია ამ უბანში.

სახლამდე რომ მივედი, მივხვდი, რომ მეტროდან ამოსვლის მერე, დიდი ხანი წრეებს ვურტყავდი ჩემს ბლოკს. ხან ერთი და იგივე ადგილზე დავდიოდი, ხან კი სულ სხვა მიმართულებით. ესე დავიკარგე, როცა მეგონა რომ აღარ დავიკარგებოდი. როცა მეგონა, რომ ეს ქალაქი ჩემ ხელის გულად ქცეულიყო, სადაც ყველა ხაზი ვიცი - დროის, ბედისწერის, სიყვარულის.

გუშინ ეს ყველაზე კარგად ნასწავლი გაკვეთილი იყო. ესე ქრება ხელიდან გასაღები. გასაღები, რომელიც თურმე არც გქონია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა