ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გამარჯვებული ისტერიკა | ლაშა ბუღაძე

იმედია, თბილისის მერის არჩევნები ნელ-ნელა მაინც დაემსგავსება კლასიკურ ქართულ არჩევნებს, თორემ რაღაც მეტისმეტად დუნედ მიდის ყველაფერი...

კი დაეტყო ამ ბოლო დროს გარკვეული გამოცოცხლების ნიშნები – ერთ-ერთი (უფრო სწორად, ერთადერთი) უპარტიო კანდიდატი, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად უშლის ნერვებს ხელისუფლებას და ასე თუ ისე რაღაცნაირად გამოხატავს კიდეც მის მიმართ ამ ნერვებისშლას – მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მაინც არაა ის გზა, რა გზაც ძალაუფლების (და ამომრჩევლის გულების) მოსაპოვებლად უნდა გაიაროს კანდიდატმა...

რა ვქნათ, არ გვიყვარს არც საზოგადოებას და არც ხელისუფლებას (რომელიც რაც უნდა ცხვირი ვიბზუოთ, ყოველთვის ჩვენი პირმშოა) არც მოსაწყენად კულტურული და ადამიანური პოლიტიკური პროცესი და არც მოსაწყენად კულტურული და ადამიანური არჩევნები...

ყოველ შემთხვევაში, ხმას არასდროს მივცემთ ისეთ კანდიდატს, ვინც კულტურულად და ადამიანურად წარმართავს პოლიტიკურ თუ საარჩევნო პროცესს...

ასე სადაა, კულტურულად და ადამიანურად, ანუ წყნარად და მშვიდად ატარო წინასაარჩევნო კამპანია და კულტურულად და ადამიანურად, ანუ წყნარად და მშვიდადვე მიიღო ძალაუფლება?!

ბოდიში, ვერ მოგართმევთ სიმშვიდეს...

ჩვენ გლადიატორი გვჭირდება!

თითქმის უნდა მოკვდე, რომ, სულ ცოტა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მაინც მოგიაზრებდეთ (მერობაზე აღარაფერს ვამბობ), და თუკი მართლა მოკვდები კიდეც, კიდევ უკეთესი – ვიტყვით, რომ მეტი რაღა ექნა, კაცი შეაკვდა ამ ამბავს... ქალი შეაკვდაო, არ ვიტყვით, რაიმე სხვა ფორმულირებას მოვიფიქრებთ ამ შემთხვევაში – უფრო არაერთგვაროვანს, ან ქალზეც იმავეს ვიტყვით, კაცი შეაკვდაო...     

რა ვქნათ, გვიყვარს „სიცოცხლისთვის შეუთავსებელ რისკზე“ წამსვლელი კანდიდატები...

მოგვწონს, როცა ვხედავთ, რომ ადამიანს წესების გარეშე ებრძვიან – როცა „პირად ცხოვრებაში ეჭრებიან“, როცა აშანტაჟებენ, როცა ფარულად უღებენ და უსმენენ, როცა ცემენ და ტყეპენ, როცა მეგობრებს ან ნათესავებს უჭერენ, როცა ათასნაირ წინააღმდეგობას უქმნიან და ათასნაირ წარმოუდგენელ საზიზღრობას უთხზავენ... და როცა – რაც მთავარია – ამ ყველაფრის შემყურეებს ხმამაღლა ან ხმადაბლა შეგვეძლება ამის თქმა: ჰო, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემი კანდიდატი (ჩემი ხათრით) აუცილებლად შეაკვდება მოქმედი ხელისუფლების უსამართლობას...

რადგან ბრძოლის ასეთ მეთოდებს შეგვაჩვიეს ჩვენმა ტრადიციულმა გამარჯვებულებმა...

წინა ყოველთვის ისე ჩაგრავდა მომდევნოს, რომ გამარჯვების მიღწევა მხოლოდ „სიცოცხლისთვის შეუთავსებელ“ რისკზე წასვლით იყო შესაძლებელი!

თუკი არ გახსოვთ, გაიხსენეთ ჩვენი გმირები...

მოგვწონს თუ არა რომელიმე, მათ სწორედ სხვებისთვის შეუძლებელი თავგანწირულობით მოიპოვეს ძალაუფლება.

პირველი პრეზიდენტი იყო და კი იცით, რა გზაც გაიარა...         

მეორე პრეზიდენტს ოთხჯერ კლავდნენ საქართველოს შემადგენლობაში შემავალ თუ არშესულ ტერიტორიებზე...

მესამე პრეზიდენტი ტყვიაგაუმტარი ჯავშანჟილეტით შეუვარდა პარლამენტში თავის წინამორბედს და ლამისაა ყველაფერი დაკარგა, ვიდრე იმ ცნობილ ჩაის დალევდა...

მილიარდერი ექს-ექს პრემიერ-მინისტრი იყო და ისიც რაღაცნაირ რისკზე წავიდა – ყოველ შემთხვევაში, თვითონ ხომ ფიქრობდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ძალაუფლების მოპოვება...

თქვენ საერთოდ იცით, რას ნიშნავს, როცა მილიარდერი ჯავშანჟილეტის გარეშე გადის ქუჩაში არჩევნების წინ? თქვენ იცით, რას ფიქრობს ამ დროს მულტიმილიარდერი? მე არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით კი ვხვდები...

ხომ არ გგონიათ, რომ ის მართლა ანსამბლ „ქართული ხმების“ ყოფილი წევრების იმედად იყო?

მერობის და პრეზიდენტობის გაცამტვერებულ თუ აღმდგარ კანდიდატებს აღარც ვიხსენებ...

ერთმა კინაღამ პრეზიდენტობას გამოკრა ხელი... და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას „არაადამიანურად ექცეოდა“ ხელისუფლება, თვითონ კი „სრულიად უკულტურო იყო“, მაგრამ ჩვენ მოგვწონდა, რადგან მიტინგებზე ყვირილის დროს ძარღვები ეჭიმებოდა კისერზე...       

ასე რომ, თუკი რაღაცის მიღწევა გნებავთ, უნდა დაგვანახოთ, რომ სიცოცხლეს დათმობთ... თანამდებობისთვის.

რადგან ჩვენთან არააქტუალურია სიმშვიდე. ეს არც ხელისუფლებას უყვარს და არც ჩვენ.

ჩვენ გვიყვარს ისტერიკა.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა