გახევა/დარღვევა: ფარული პროცესი
130 წლის წინ დაარსებული აბრეშუმის მუზეუმის წლევანდელ არტისტერიუმში ჩართვამ ცალსახად შემოიტანა დისონანსი ამ ყოველწლიური ფესტივალის პროგნოზირებად დრამატურგიაში. მუზეუმის საგამოფენო თუ საკურატორო კონცეფციას ასე ერქვა: „გახევა/დარღვევა: ფარული პროცესი“ და ის მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ეს მუზეუმი თავის თავში, ასწლოვან ტრადიციებთან ერთად, თანამედროვე ხელოვნებასაც იტევს. არტისტერიუმზე წარმოდგენილი გამოფენა სწორედ ამ პროცესის შეჯამებას ცდილობდა. საერთოდ, აბრეშუმის მუზეუმის ხსენებაზე მყისიერად იქმნება შემდეგი ცნებობრივი რგოლების წარმოსახვითი ბადე: ინტერვენცია, თანადროული ხელოვნება, არტისტული თანამშრომლობა და მუზეუმის კოლექციით წარსულის ინტროსპექცია. რეწვა, დიზაინი და ხელოვნება მუდმივ ხაზად გასდევს მუზეუმში შესრულებულ პროექტებს. სწორედ ამ სამმა დისციპლინამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი აბრეშუმის მუზეუმის მაკეტის ხორცშესხმაში, თუმცა ამით არ მცირდება მუზეუმის, როგორც არტისტული ინტერპრეტაციების, მნიშვნელობა.
ექსპოზიცია თბილისის ისტორიის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში იყო მოწყობილი. დამთვალიერებლისთვის კი ის ჰგავდა იმპერსონალურ არტისტს, რომელსაც თავისი უწყვეტი მონოლოგი აქვს პუბლიკასთან. მუზეუმმა ზედმიწევნით ავთენტური გზით შეაჯამა განვლილი პროექტები, ასახა მუზეუმის მუზეუმში დაშრევების პროცესი და მისთვის ჩვეული სინთეზური აურა არტისტერიუმზეც მიმოფანტა.
არსებული მაკეტი, რომელიც ორგანული ხის მასალით იყო აგებული, საკმაოდ ეფექტურად ჩქმალავდა თეთრი კუბის ეფექტს. სახეზე იყო „გეტოს“ ანდა „ჯენტრიფიკაციის“ სიმულაცია და ისტორიულ მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების ისტერიის ფონზე, მასპინძელ სივრცეს კატეგორიულად ემიჯნებოდა. გარეგნული ეფექტის მიღმა ძალიან საინტერესო დრამატურგია ჰქონდა მაკეტს შიგნითაც, სადაც არტისტები, მუზეუმის ისტორია და თანამშრომლების ხედვები ერთი დიდი ორგანიზმის ფუნქციონირებას ხსნიდა.
„გახევა/დარღვევა“ შესაძლოა სპონტანური ან კიდევ ინტუიტიური ფიქრის შედეგს წარმოადგენდეს, თუმცა ის არღვევს ქართულ სახელოვნებო სივრცეში ფსევდოპროცესების შემოდინებას. არტისტერიუმის ფონზე მოთავსების შემდეგ ის ახდენს დემარკაციას პერსონალურ და იმპერსონალურ არტისტულ მონოლოგებსა თუ ტენდენციებზე დაფუძნებულ გამოსახვის ხერხებს შორის. გამოფენაში მოწვეული ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ხსნიდნენ ლოკალურ კონტექსტს (ისრაელი, ლიბანი, საბერძნეთი, ამერიკა) ანუ იმ კულტურულ გარემოს, სადაც თვითონ ჩამოყალიბდნენ არტისტებად; ხსნიდნენ ეროვნულ თუ ლოკალურ-კულტურულ კოდებს. არტისტების მეორე ფლანგი კი გვიამბობდა მუზეუმის ბიოკოლექციის, რეწვისა და ქსოვილის შესახებ.
„ფარული პროცესის“ ექსპოზიცია შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. პირველი ნაწილი უმთავრესად მოიცავს ნინო წითურიშვილის ციფრულ ფოტოებს სამუზეუმო ცხოვრების აარქივება-რევიტალიზაციის თემაზე, ასევე – მიხეილ ჩხიკვაძის ფოტონეგატივებს, რომლებიც 150-წლიან ამბროტიპზე მუშაობის მეთოდს ეხება. ფოტოგრაფია მუზეუმის ისტორიის კვლევაში ერთ-ერთი წამყვანი მედიაა, რითაც ფოტოგრაფები ცდილობენ კონსტანტინე ზანისის პრინციპებით იხელმძღვანელონ – წაშალონ მიჯნა დოკუმენტურ და მხატვრულ ფოტოგრაფიას შორის.
ტექსტილის, ქსოვილის წარმოების გაცოცხლება და რეწვის, როგორც ისტორიული გამოცდილების, დიალოგად ქცევა ვნახეთ პროექტში „ჟაკარდის ლაბორატორია“. ამ ლაბორატორიაში თანამედროვე არტისტების ნამუშევრები და ქართული ფერწერის ნიმუშები ჟაკარდულ ქსოვილზე პიქტორიალური გადამუშავებით გადადიოდა. წარსულთან დიალოგი, სტაგნაციის ანალიზი და მუზეუმის გამოცოცხლების მცდელობა – ასეთი იყო თემები, რაც აბრეშუმის მუზეუმის ექსპონატებში შეინიშნებოდა. ასევე იკითხებოდა მელანქოლიური განწყობაც, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მუზეუმის საცავში არსებული სხვადასხვა სამუშაო იარაღი და ბიოკოლექცია (გადაშენებული პეპლები, დაავადებული ჭიები) ინტერპრეტაციის გარეშე გამოიფინა. მსგავსი მეტაფორული არტეფაქტები, ანდა შეიძლება თვითონ მუზეუმის შენობაც კი, ზოგჯერ ბადებს განცდას, რომ ისტორიული ანაბეჭდის წინაშე თითქოს არტისტი ხანდახან უფუნქციოდ რჩება.
მოწვეული უცხოელი არტისტების თვალით დანახული აბრეშუმის მუზეუმიც ავთენტური ენით მეტყველებდა. ლიდია მეთიუსის საკურატორო ხედვა „გახევა/დარღვევა“ იან ბერვინის, აზიზ+კუჩერის, ელანა ჰერცოგის და ადონის ვოლანაკისის ნამუშევრებში გამოჩნდა.
იან ბერვინმა ნამუშევრით „აბრეშუმის პოეზია“ მუზეუმის პერსპექტივაში გააზრება სცადა, ამით კი ძალაუნებურად გაუსვა ხაზი მუზეუმის ულევი რესურსის მნიშვნელობას.
აზიზ+კუჩერის ჟაკარდული პანო ლიბანი-ისრაელის გეოპოლიტიკურ კოლაფსზეა. ნამუშევარში ხაზგასმულადაა ნაჩვენები ჟაკარდული ტექსტილის მეტოქეობა ფერწერასთან, მულტიმედია ხელოვნებასთან.
ელანა ჰერცოგის ხალიჩები და არქიტექტურა ფემინური დეკონსტრუქციის გზით წარმოაჩენდა სიღრმისეულ კვლევას ეთნოიდენტობების შესახებ. მასში საოცრად მკაფიოდ ჩანდა ისტორიისა და ღირებულებების გადააზრების მცდელობა.
ადონის ვოლანაკისის ნამუშევარიც, მულტიმედია ხელოვნების დარგების სინთეზით (პერფორმანსი, ვიდეოარტი, ინსტალაცია), მხატვრული იდეის რეტექნიზაცითი (დედა პლატის გადამუშავების პროცესით), ფემინისტური სახე-ხატის – საქორწილო კაბისა თუ პენელოპას ქალური არქეტიპით, პირდაპირ ეხმიანებოდა აწმყოსა და წარსულის დიალოგს, პრივატულ და სოციალურ შრეებს, კულტურული და ეთიკური კოდების აღრევას. თითქოს, არტისტი გვთავაზობდა ძველი ღირებულებების გადადნობასა და ყოფის ახალი მეცნიერების შექმნას, რასაც მეტაფორულად ამყარებდა საბოლოო შედეგი – დაქუცმაცებული კაბით შექმნილი ხალიჩა.
P.S. საინტერესოა, აბრეშუმის მუზეუმის მაკეტში მონაწილე არტისტთა ნამუშევრები არტისტერიუმის დარბაზში რომ განთავსებულიყო, გამოიწვევდა თუ არა იმავე შეგრძნებას? ერთადერთი პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ აბრეშუმის მუზეუმის იდეა, მასში წარმოდგენილი ნამუშევრები თუ მაკეტი ეფექტურად გაერთიანდა აბრეშუმის მუზეუმის იმპერსონალურ იდეასთან. ეს კი, პირველ რიგში, პირადი არტისტული მონოლოგებისა და ინდივიდუალური ზედაპირული შთაგონებებისგან გამიჯვნას ნიშნავს. ასეთი მიდგომის საპირწონე კი ხელოვნებაში ყოველთვის არის სიმართლის სპეციფიკის „შენარჩუნება და გაცემა“.