გენდერი – სოციალური სქესი
13.06.2016უკვე თექვსმეტი წელია, რაც ქალთა და გენდერულ საკითხებზე ვმუშაობ და კარგახანია მივხვდი, რომ თუ ქალებისთვის და, ზოგადად – საზოგადოებისთვის, სასიკეთო ცვლილება მინდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქალები მივლენ იქ, სადაც სახელმწიფოს მართვაში გადაწყვეტილებას იღებენ. სხვაგვარად გამოსავალს ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი ახირება არაა – მსოფლიო პრაქტიკაა.
რა შეიძლება შეცვალოს გენდერულმა თანასწორობამ ადამიანების ცხოვრებაში? რატომ სვამთ ასე დაჟინებით კვოტის მექანიზმის შემოღების საკითხს?
კლასიკური გაგებით, „კვოტა“ სხვადასხვა ტიპის უმცირესობების ჯგუფებისათვის გამოიყენება, მაგალითად, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისათვის, რათა ისინი ჩაებან იმ საკითხების შესახებ სახელმწიფო დონის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მათ ეხებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საკითხი არამხოლოდ მათი საკითხია. ამიტომ პარადოქსია, რომ დღეს კვოტის შემოღება გვჭირდება იმ „ჯგუფისთვის“, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ თითქმის ხელუხლებელი, ჯერ კიდევ აუთვისებელი რესურსი, მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში? ვგულისხმობ ქალებს, რომლებიც ქვეყანას განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანენ!
მით უფრო, რომ ეს არ ეწინააღმდეგება დღევანდელ სოციალურ სურათს, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფოს წყობასა და მმართველობის სისტემაზე. არჩევანი არსებობს: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობი კვოტა ან საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს, ან პარტიები უნდა იყვნენ ისე განვითარებული, რომ შიდაპარტიული კვოტა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია.
თუმცა, რას იტყვით საზოგადოებრივ დამოკიდებულებაზე? მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, ალბათ, სწორედ ესაა.
საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა გადამწყვეტია, რადგან დღეს გენდერული თანასწორობის ცნება არასწორად ესმით. ვისთვის რადიკალური ფემინიზმის სინონიმია და ვისთვის – საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოგონილი მორიგი ქალური „ხუშტური“. თუმცა ორივე შემთხვევა უცოდინრობისგანაა, ვიწრო ხედვაა.
გენდერული თანასწორობის მიმართ საფუძველშივე გაჩენილ უარყოფით დამოკიდებულებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს – ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესებში „მამაკაცური ძალაუფლების“ დაკარგვად უფრო განიხილავენ, ვიდრე კონკურენტული მმართველობის გარემოს შექმნად.
ამ დამოკიდებულების შეცვლა ცხადია უკვე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა საზოგადოების განწყობის შეცვლა, ცნობიერების ამაღლება ხანგრძლივი პროცესია და ამდენი დრო უბრალოდ არ არის. ამიტომ თანასწორობის მისაღწევად სხვადასხვა ტიპის დამხმარე ღონისძიებების გატარება, პროცესის სტიმულირებაა საჭირო, ერთგვარი კანონიერი იძულება. სწორედ ასეთი დამატებითი სტიმულია გენდერული კვოტების შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაუსრულებელი უშედეგო პროცესი იქნება, რეგრესულიც კი, რადგან დემოკრატიული განვითარება გენდერულ თანასწორობას პირდაპირ გულისხმობს და ქართული სუფრის არეალში ლომის ლეკვების შესახებ აფორიზმით შორს ვერ წავალთ.
უშუალოდ უკავშირდება თუ არა ამ საკითხს კვლევა, რომელზეც ამჟამად მუშაობთ?
ჩემი კვლევა მოიცავს ევროინტეგრაციის გზაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს მიღწევებს, ასევე ევროპის და, კერძოდ, ვიშეგრადის ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოცდილების ანალიზს, რომლის გაზიარება რაციონალური გადაწყვეტილება იქნება – ღია კარი არ უნდა ვამტვრიოთ. ვფიქრობ, დასკვნაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება კვოტის აუცილებლობა, რაც უნდა მიუღებელი იყოს საზოგადოების ნაწილისათვის.
________________________________________________
სტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში:
„გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების(V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“.
პროექტის ვებ–გვერდი: www.fwevisegrad.ge
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ www.visegradfund.org
პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაცია: „მეწარმე ქალთა ფონდი“