გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის" #1

"გენიალური წიგნები მოკლედ ზარმაცებისთვის" მინი-პროექტია, რომლის  სტუმრები იმ ემოციებს და იდეებს გვიზიარებენ, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას გაუჩნდათ.ავტორებისა და ნაწარმოებების  რიგითობა, რა თქმა უნდა, პირობითია.

 რუბრიკის მასპინძელი გიორგი ჭეიშვილია, პირველი ავტორი - ლევან ბერძენიშვილი.

#1 ფიოდორ დოსტოევსკი — „ძმები კარამაზოვები“

წიგნი, რომელშიც ოთხი ძმა ერთმანეთს ეჯიბრება, თუ ვინ უფრო უკეთ მოკლავს მამას, თუმცა არაცერთი არაა დარწმუნებული, რომ ამის გამკეთებელია. 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მკითხველს არაფრით არ სურს დაიჯერეს, რომ ოთხიდან, ერთი მაინც არ არის წმინდანი. არადა, „ძმები კარამაზოვები“ სინამდვილეში დაწერილია იმაზე, რომ ოთხიდან, სამი „პატარა“ დამნაშავეა, ყველაზე მეტი დანაშაული კი იმ კაცის კისერზეა, რომელიც ყველაზე სუფთა და წმინდა  ჩანს. ეს წიგნი დიდ ცოდვილზეა, კაცზე, რომელიც მეფის მოკვლას განიზრახავს და ესვრის... თუმცა, ეს ყველაფერი იმ მეორე წიგნში უნდა ყოფილიყო, რომელიც არ დაწერილა.

„ძმები კარამაზოვები“ კვადრატული ფესვია იმ წიგნიდან, რომლის დაწერაც ვეღარ მოასწრო დოსტოევსკიმ. ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, რომლის წაკითხვის შემდეგაც „მამის“ მოკვლის სურვილი გიჩნდება, მაგრამ ამ ამბავს მაშინ ხვდები, როცა „მამა“ აღარ არის.

#2 უილიამ შექსპირი — „ჰამლეტი“

როცა ადამიანმა მიიჩნია, ყველაფერი ვიციო, ღმერთმა დასაჯა —ოიდიპოსი მყავს მხედველობაში.

და აი,  დადგა დრო, როდესაც ადამიანმა არაფერი იცის. მამის აჩრდილი ჰამლეტს  ეუბნება, მომკლეს, ყურში საწამლავი ჩამასხესო. ჰამლეტს არ სჯერა, უნდა შეამოწმოს. დადგა სპექტაკლი, შეამოწმა, მიხვდა - შურისძიება აუცილებელია, მაგრამ შურს ვერ იძიებს. შურისძიება — შეუძლებელია, ეს ევრიპიდეს მემკვიდრეობაა.

თავისი მერყეობით, იმით, რომ ყველაფერში ბოლომდე სურს გარკვევა, რადგან არ უნდა ვინმე უდანაშაულოდ დასაჯოს — ყველას იმსხვერპლებს: დამნაშავეს, უდანაშაულოს, საკუთარ თავსაც...

ჰამლეტი თანამედროვე, ახალი დროის ადამიანია. ეს ჩვენ ვართ. ეს ჩვენი ცხოვრებაა. არ არსებობს თანამედროვე ადამიანის უკეთესი პარადიგმა, ვიდრე ჰამლეტია. არ არსებობს უფრო დიდი თანამედროვე ადამიანური თვისება, ვიდრე მერყეობაა.

და ჩვენ, ამ ორ სამყაროს შორის ვართ გამოკეტილნი: მერყევი არ ხარ და ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი — იმწუთას ოიდიპოსი "დაგემართება"; მერყევი ხარ და ოდნავ მაინც დააყოვნებ მოქმედებას - გილდესტერნი და სხვები დაგეტაკებიან და იძულებულს გაგხდიან, ყველა დახოცო და თავადაც მოკვდე.

ერთმა ქართველმა პოეტმა იხუმრა, თუ სერიოზულად თქვა „შექსპირს ფარდა, შექსპირს უარიო“, Io Protesto! მე წინააღმდეგი ვარ! ჰამლეტი ყველა და ყველაფერია, სინამდვილეში მე ჰამლეტი ვარ!

დღეს ადამიანი ერთდროულად ოიდიპოსიცაა და ჰამლეტიც, ესაა მისი საიდუმლო, ეს ორი ადამიანი მუდმივად კამათობს ჩვენში.

#3 ლევ ტოლსტოი —„ომი და მშვიდობა“

„ომი და მშვიდობა“ მსოფლიოში ყველაზე უცნაური წიგნია, უცნაური იმიტომ, რომ მგონი ერთადერთი ნაწარმოებია, სადაც ყველა პერსონაჟი, აი, ყველაზე ცუდი პერსონაჟიც კი დადებითია, რაც წარმოუდგენელი ამბავია.

წიგნი დაწერილია არისტოტელეს პოეტიკის საწინააღმდეგოდ; საერთოდაც, ამ ნაწარმოებში ლიტერატურის თეორიაა დანგრეული. ტოლსტოი „დამანგრეველია“ და ანგრევს იმით, რომ შემოჰყავს პერსონაჟი — ანდრეი ბოლკონსკი, კაცი, რომელიც ყველაფრით გამორჩეულია: სილამაზე, ხალხის სიყვარული, ვაჟკაცობა, ცოდნა, ერთხელ სიკვდილი, მეორედ სიკვდილი, პატიება, გაგება — წარმოუდგენელი პერსონაჟია; აი ასეთი კაცი მოკლა ტოლსტოიმ და ეს ეპატია.

„ომი და მშვიდობა“ წიგნი-გამოცანაა, როგორ მოხდა, რომ ამხელა წიგნი წავიკითხეთ და როგორ ვაპატიეთ, რომ ბოლკონსკი მოგვიკლა!

#4 შოთა რუსთაველი — „ვეფხისტყაოსანი“

ნებისმიერ ადამიანში „ვეფხისტყაოსანი“ ყოველთვის ორმაგ გრძნობას იწვევს, ჩემში განსაკუთრებით.

პირველი, ესაა აღფრთოვანება, მოწიწება, მუხლზე დაცემა და გაბრაზება, გაბრაზება საკუთარ ხალხზე, თუ როგორ დავივიწყეთ ასეთი კაცის ბიოგრაფია და რომ არაფერი ვიცით მასზე. რატომ არ ვაპატიეთ? რა არ ვაპატიეთ? რატომ არ გვაქვს მისი საფლავი? რატომ არ შემიძლია ერთი ყვავილი სადმე დავდო, ცარიელი საფლავი მაინც რატომ არ გავუკეთეთ?!

მეორე მხრივ, ეს არის პარადიგმა იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო. არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაიბადები, არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ რა წიგნებია დაწერილი ამ სამყაროში - ჩვენ გვაქვს ჩვენი მთავარი წიგნი, რომელიც გეუბნება: მიატოვე ყველაფერი და უშველე მოყვასს და თუკი ამას ყოველდღე არ აკეთებ, მაშინ ადამიანი არა ხარ.

„ვეფხისტყაოსანი“ ისტორიიდან გვაკონტროლებს, რომ გავიქცეთ და სიკეთე ჩავიდინოთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მედგარი წინააღმდეგობა გავუწიოთ, ხშირად გვერევა და ქმნის იმ განცდას, რომ რაღაც ვალდებულებები კიდევ დაგვრჩა.

არცერთ წიგნს არა აქვს ისეთი გავლენა ქართველებზე, როგორც „ვეფხისტყაოსანს“, ამიტომ, ეს არის ნაწარმოები არა მხოლოდ სიყვარულსა და მეგობრობაზე, არამედ ვალდებულებებზე, რომლებიც გვაკისრია.

რაც შოთას დავაკელით, მეგობრებს მაინც უნდა გავუკეთოთ ის, რაც მან დაგვაკისრა და გვითხრა, რომ ცხოვრება ესაა — „სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“. რუსთაველი ამას გვავალდებულებს, გინდა თუ არა, საქართველოში ადამიანს მისჯილი გაქვს, იყო ავთანდილი.

 #5 ფრანც კაფკა — „გარდასახვა“

კაფკას ეს ნაწარმოები — „გარდასახვა“, ანუ „მეტამორფოზა“, ძალიან ძველი წიგნის — ოვდიუსის „მეტამორფოზების“ გამოძახილია. როგორც ათენამ დასაჯა არაქნე იმით, რომ ობობას დაამსგავსა, ზუსტად ასე, უპატიოსნესი კაცი — გრეგორ ზამზა ცხოვრებამ მწერად გადააქცია.

ამ დროს კი ირკვევა, რომ თურმე ადამიანი იქამდეა ადამიანი, სანამ შეუძლია ემსახუროს სხვებს. გრეგორ ზამზა უპატიოსნესი ბიჭი იყო, რომელიც დედას, მამას, დას ემსახურებოდა. ის იყო ერთადერთი ოჯახში, ვინც მუშაობდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა, ვინც მთელ ოჯახზე ზრუნავდა. ამ პერიოდში დედაც, მამაც და დაც პატივს სცემდნენ, მაგრამ, როგორც კი მწერად იქცა, ანუ იმ არსებად, რაც იყო მათ თვალში... ეს ხომ მეტაფორაა — კაცი მწერია, რომელიც ჩვენთვის შრომობს, თორემ ისე ვინ ფეხებია, ვის რაში აინტერესებს?!

აი ასეთი შეხედულება ადამიანზე სინამდვილედ იქცა, მეტაფორა გაცოცხლდა და ზამზა იქცა მწერად, რომელიც მომენტალურად შეიძულა დედამ, მამამ და საბოლოო ჯამში იმ დამაც კი, რომელიც თითქოს ბოლომდე ემსახურა.

გრეგორის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი გვამი სახლიდან მოაცილეს, ოჯახმა ამოისუნთქა და რაც მთავარია, ახალი ცხოვრება დაიწყო. მამამ სამსახური იშოვა, თურმე გრეგორი სულაც არ ყოფილა ასე აუცილებელი.

ესაა საშინელი წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ყოველ დღე, როდესაც იღვიძებ, კარგად უნდა დაიხედო, ხელები და ფეხები ადგილზე გაქვს თუ იქ ახალი სახსრები გაჩნდა — ჩვენც ხომ გრეგორი ზამზები ვართ!

არ ვიცი, კაფკა ამას გვასწავლის თუ არა, მაგრამ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვნოს ძალა, რომ დააფასოს თავისი თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვები მას მწერად გადააქცევენ.

#6 ალბერ კამიუ — „უცხო“

„უცხო“ არის წიგნი, რომელშიც კაცი მოკლეს იმის გამო, რომ იგი არ გვგავდა ჩვენ. პრინციპში, წიგნი სხვანაირადაა დაწერილი და ძალიან კარგადაა ნათქვამი, რომ მერსომ ჩაიდინა დანაშაული, კაცმა რომ თქვას, გადააჭარბა მოგერიების საზღვრებს და არაბს ოთხჯერ ესროლა. ალბათ ჰაერში უნდა ესროლა, არ უნდა მოეკლა, მაგრამ მოკლა იმიტომ, რომ იყო მზე და სიცხე, თუმცა მთავარი ეს არ არის.

მთავარია ის, რომ მერსო აღმოჩნდა დამნაშავე იმაში, თუ რა კაცი იყო. პროცესზე იმას კი არ არკვევდნენ, იყო თუ არა დამნაშავე, არამედ იმას, თუ რას წარმოადგენდა მორალურად. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ მერსოს სასჯელი არაბის მკვლელობის გამო მიესაჯა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, მერსოს სასჯელი მიესაჯა იმის გამო, რომ დედის კუბოს არ გადახადა და მიცვალებულს არ დახედა.

მიუხედავად ამისა, ამ წიგნის მთავარი აზრი ის არის, რომ სიკვდილის წინ მერსო ბედნიერია. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ფილოსოფიურ ნაშრომს— „სიზიფოსის მითი“ და ვერ მიხვდებით, თუ რატომაა ტანჯული (ჩვენი წარმოდგენით) სიზიფოსი ბედნიერი, სანამ მერსოიან რომანს არ წავიკითხავთ.

მერსო ბედნიერი კაცია. ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც დარწმუნდება, რომ ხვალ 100%-ით მოკვდება, დღეს ბედნიერი იქნება.

„უცხო“ მთავარი ფრანგული წიგნია. კამიუ კაცობრიობის სინდისის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა. მან თქვა:„ცა ცარიელია, მაგრამ ადამიანში ზნეობა მაინც არის“; ამიტომაც, თავი გაანებეთ მერსოს, თავი გაანებეთ უცხოს, გაუგეთ სხვა ადამიანს, თუ გინდათ, რომ ადამიანი იყოთ.

#7 მიხაილ ბულგაკოვი — „ოსტატი და მარგარიტა“

შესანიშნავი წიგნი იმაზე, რომ 30-იან წლებში სტალინზე უფრო საინტერესო ვიღაც არსებობდა, ვინც სტალინს, ბერიას და მის სამყაროს ისე „აურია“, რომ დიდ სატანასთან შედარებით ესენი პატარა პაიკებად გამოჩნდნენ.

წიგნი — ქება და დიდება სატანას, რომელიც, როგორც ფაუსტთანაა ნათქვამი, მუდმივად ცუდი რამეების კეთებას ცდილობს, სიკეთე კი გამოსდის.  შესანიშნავი წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ცბიერი, კუდიანი ქალები, რომლებიც დაფრინავენ, წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა გიყვარდეს პილატე, რომელმაც გაგწირა.

რა საცოდაობაა, რომ აღარ არსებობს 30-იანი წლების მოსკოვი, რომელიც, საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, საშინელება იქნებოდა, მაგრამ წიგნების დასაწერად ალბათ ყველაზე საინტერესო ადგილია.

ეს არის წიგნი, საიდანაც უნდა გამოიტანო თუნდაც ერთი გვარი — ლიხოდეევი. თუკი სტიოპა ლიხოდეევის ამბავი გაიგე, თუკი მიხვდი, რა დღე დაადგება მასიალტაში ანუ უცხო ქალაქში, მაშინ იმასაც გაიგებ, თუ სად ვცხოვრობდით ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირს მოვესწარით.

#8 თომას მანი — „ჯადოსნური მთა“

„ჯადოსნური მთა“ ცბიერი ნაწარმოებია, რადგანაც ნათქვამია, რომ ეს არის წიგნი დაწერილი ერთ უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანზე.

შემდეგ ირკვევა, რომ ამ უბრალო ადამიანმა, რატომღაც, იმ ეპოქაში, როდესაც არავინ არაფერი იცოდა, იცოდა არა მარტო მშობლიური ენა — გერმანული, არამედ ინგლისურიც — კითხულობდა ტექნიკური შინაარსის წიგნებს ამ ენაზე; მერე აღმოჩნდა, რომ იცის ფრანგული, შესანიშნავად უსწავლია მთელი სამყაროს ისტორია; თურმე აღქმის უნარიც აქვს, რომ სეტემბრინისგანაც ისწავლოს, ნაფტასგანაც ისწავლოს, კროკოვსკისგანაც ისწავლოს... ეს ყველაფერი კი მოხდა იმისთვის, რომ ბოლოს, პირველ მსოფლიო ომში აღმოჩენილიყო და როგორც საზარბაზნე ხორცი, ისე მომკვდარიყო, თითქოს არაფერი იცოდა.

ეს არის ტრაგედია იმის თაობაზე, რომ ამოდენა სამყარო მუშაობს ადამიანის „წარმოქმნასა“ და აღზრდაზე მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლოს გამოიყენოს, როგორც ასანთის ღერი. ამ თვალსაზრისით, საშინელი წიგნია.

#9 უილიამ ფოლკნერი — „ხმაური და მძვინვარება“

ავტორი ამბობს, რომ მას კარგად ესმის შექსპირის „მაკბეტის“, რომელმაც თქვა, რომ ცხოვრება არაფერია, თუ არა იდიოტის მიერ მოთხრობილი ამბავი, რომელიც სავსეა ხმაურითა და მძვინვარებით, მაგრამ შინაარსის გარეშე. ფოლკნერმა ამ მეტაფორის გაცოცხლება განიზრახა — აიღო და რომანი იდიოტის მოყოლილი ამბებით დაიწყო, რომელიც, პირველივე გვერდებიდან, ჩვენ გვაგდებს იდიოტურ მდგომარეობაში—ვერაფრით ვხვდებით, როდის ხდება მოქმედება, რადგან საბრალო ბენჯის აზროვნებაში მთავარია ადგილი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დროს.

ეს წიგნი, ოთხი ერთმანეთისგან დაშორებული თარიღის ირგვლივ რომ დარბის, საშინელ დღეში გვაგდებს — ჯერ უფროსი ძმა კვენტინი არ გვყავს გამოტირებული, როდესაც მისი დისშვილი კვენტინი უნდა დავიტიროთ და მამა ჯეისონი ჯერ არ დაგვივიწყებია, როდესაც შვილი ჯეისონი გვსპობს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სპეციალურადაა გაკეთებული და ამ რომანში დაბორიალობენ პერსონაჟები სხვა რომანებიდანაც, რაც ასე ძალიან უყვარს ფოლკნერს. საბოლოო ჯამში კი ერთ რამეს ვხვდებით —ამდენ გაფუჭებულ ხალხში, წესიერი მხოლოდ ერთი საბრალო ფერადკანიანი ქალი — დილსია, თუნდაც მხოლოდ დილსის გამო ღირდა ამ წიგნის წაკითხვა.

„ხმაური და მძვინვარება“ ფანტასტიკური წიგნია, რომლის უკანაც ზიგმუნდ ფროიდის პორტრეტი მოჩანს. ფროიდი არ წამიკითხავსო, — ამტკიცებდა ავტორი, თუმცა... აქ ჩანს დოსტოევსკიც თავისი ძმებით, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავთ სამხრეთულ შტატს თავისი ზნეობით. ეს ის ზნეობაა, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში აბსოლუტურად წაშლილია იანკების, ანუ ჩრდილოეთის შტატების წარმომადგენელთა სახეებით.

#10 გაბრიელ გარსია მარკესი — „მარტოობის ასი წელიწადი“

როდესაც ამ წიგნს ვიხსენებ, რა გასაკვირია, რომ ყოველთვის მისი დასაწყისი მაგონდება—„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად“.

ეს ამბები მაკონდოში ხდებოდა.

მაკონდო წვიმის ქალაქია.

რომანი ერთი გაუთავებელი ისტორიაა, გაუთავებელი წვალება, მაგრამ ამავე დროს გაუთავებელი ცნობისმოყვარეობა, გაუთავებელი სამყარო, რომელშიც ძალიან გვინდა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იყოს: ცხელი შოკოლადის დალევის შემდეგ მელკიადესი ფრინდებოდეს, სასურველი ქალის აკრძალულობის მიუხედავად, ცოდვა გეპატიებოდეს. ასე იცხოვრებს ერთი, მეორე, მესამე თაობა...

ეს საქართველოს ისტორიაცაა; ამ წიგნს ყოველთვის ვკითხულობ, როგორც ჩვენს უსასრულო ისტორიას; მეუფლება ზუსტად ის გრძნობა, რომელზეც თვის დროზე კამიუ საუბრობდა „სიზიფოსის მითში“, რომ ბოლოს და ბოლოს აურელიანო ბედნიერია! ეს უბედურება ბედნიერებაა, წვალება ბედნიერებაა, სიცოცხლე წვალებაა, გაუთავებელი წვალებაა, ერთ ადგილას ტრიალია, ცხოვრება — მაკონდოა, ცხოვრება წვიმაა.

ამ ავტორმა ბევრი კარგი წიგნი დაწერა, მაგრამ, რა თქმა უნდა, „მარტოობის ას წელიწადს“ ვერცერთი ვერ გადაახტება. ეს სწორედ ის წიგნია, რომლისთვისაც სამხრეთ ამერიკა არსებობს, იმიტომ, რომ ყველანაირი ბორხესები ევროპელები არიან.

გადახედე ლევან გიგინეიშვილის გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის" #2

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა